USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Тбилиси
დაჰპირდა თუ არა დასავლეთი რუსეთს, რომ NATO აღმოსავლეთით გაფართოებას შეწყვეტდა?
дата:  666

ავტორი: ტატო კოკაია

“’ერთი ინჩით არ წავიწევთ აღმოსავლეთისკენ’, გვითხრეს 90-იანებში. მერე? მოგვატყუეს, უსირცხვილოდ გაგვაცურეს!“

ეს სიტყვები ვლადიმირ პუტინმა 2021 წლის 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე. რუსეთის პრეზიდენტი ჩიოდა, თითქოს 90-იან წლებში დასავლეთი რუსეთს დაჰპირდა, რომ NATO აღმოსავლეთით გაფართოებას შეწყვეტდა და მათი ჯარები რუსეთს მეტად აღარ მიუახლოვდებოდნენ.

რუსებისგან ეს გზავნილი ახალი არაა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც წესი, მაშინ ახსენდებათ, როცა NATO-ს წევრობის მსურველი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას ახორციელებენ და თავიანთი ქმედების გასამართლებლად სწორედ იმ არგუმენტს იშველიებენ, რომ დასავლეთმა რუსეთს ჯერ პირობა მისცა, მერე მოატყუა და ახლა რუსეთს ისღა დარჩენია, სამართლიანობა ძალის გამოყენებით აღადგინოს.

ასე იყო 2009 წელს, საქართველოში შემოჭრის შემდეგ. ასე იყო 2014 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისას და ასე იყო 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრისას.

საქმე იმაშია, რომ ციტატა, რომელსაც პუტინი იყენებს - „არცერთი ინჩი აღმოსავლეთით“, -სინამდვილეში მას მართლა არ გამოუგონია. ის აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს ბეიკერს ეკუთვნის, რომელიც მან 1990 წელს, სსრკ-ს მაშინდელ ლიდერთან, მიხაილ გორბაჩოვთან გამართული მოლაპარაკებისას წარმოთქვა.

რა გამოდის, პუტინი მართალია?

ეშმაკი დეტალებშია. ზემოთ დასმულ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ისტორიული ექსკურსი გვჭირდება იმის გასაგებად, თუ რა კონტექსტში თქვა ეს ფრაზა ჯეიმს ბეიკერმა.

ზამთარი, 1990

მოლაპარაკებები, რომლებიც ბეიკერსა და გორბაჩოვს შორის 1990 წლის თებერვალში გაიმართა, გერმანიის გაერთიანებას ეხებოდა.

რამდენიმე თვით ადრე, 1989 წლის 9 ნოემბერს, ბერლინის კედელი დაინგრა. აღმოსავლეთ გერმანიის დასავლეთისთვის მიერთებას წინ თითქმის აღარაფერი ედგა, მათ შორის საბჭოთა კავშირიც. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა მაინც რჩებოდა - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 380 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი იდგა.

საბჭოთა ჯარმა აღმოსავლეთ გერმანიაში 1953 წლის 17 ივნისის გამოსვლები ჩაახშო.

გაერთიანებული გერმანიის გარშემო ცენტრალური შეკითხვა ის იყო, თუ რა სტატუსი ექნებოდა გდრ-ის ტერიტორიას, რომელიც იქამდე ვარშავის პაქტის ნაწილი იყო, ახლა კი NATO-ს წევრ დასავლეთ გერმანიას უნდა შეერთებოდა. ბუნებრივია, სსრკ-ს არ სურდა, ჯარების გაყვანის შემდეგ NATO გაფართოებულიყო და დასავლური ჯარები მას მიახლოებოდნენ.

ამავდროულად, ძნელი წარმოსადგენი იყო, რანაირად შეიძლებოდა გერმანია კვლავაც ერთ ქვეყნად ისე გაერთიანებულიყო, რომ ნაწილი NATO-ში ყოფილიყო, ნაწილი კი - არა. რანაირად შეიძლებოდა, ერთ, სუვერენულ ქვეყნად ჩათვლილიყო ისეთი გერმანია, რომლის დიდი ნაწილი დაუცველი იქნებოდა?

სწორედ ამიტომ, დასავლეთსა და სსრკ-ს შორის შეთანხმება უნდა შემდგარიყო, რომლის საფუძველზეც საბჭოთა ჯარი გდრ-ის ტერიტორიას დატოვებდა და გერმანია გაერთიანებას შეძლებდა. სსრკ-მ დასავლეთს აღმოსავლეთ გერმანიიდან გასვლის პირობად კი ის წაუყენა, რომ NATO-ს ჯარი საბჭოთა კავშირს მეტად არ უნდა მიახლოებოდა.

ამ ფონზე, დასავლეთ გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანს-დიტრიხ გენშერმა, 1990 წლის 31 იანვარს ქალაქ ტუცინგში გამოსვლისას გამოთქვა ინიციატივა, რომ საბჭოთა ჯარის აღმოსავლეთ გერმანიიდან გასვლის სანაცვლოდ, NATO-ს იურისდიქცია გდრ-ის ტერიტორიაზე არ გავრცელდებოდა.

2 თებერვალს გენშერმა და ბეიკერმა ვაშინგტონში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. დასავლეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის და ბეიკერი „სრულად თანხმდებოდნენ იმის შესახებ, რომ NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების არეალის აღმოსავლეთით გაფართოების განზრახვა არ არსებობდა“.

ჰანს-დიტრიხ გენშერი, ჰელმუტ კოლი და ედუარდ შევარდნაძე.

პრობლემა კი იმაში იყო, რომ გენშერს ეს გამონათქვამი არათუ NATO-ს მოკავშირეებთან, არამედ დასავლეთ გერმანიის იმჟამინდელ კანცლერ ჰელმუტ კოლთანაც კი არ შეუთანხმებია - ისინი სხვადასხვა პარტიის წევრი კოალიციური პარტნიორები იყვნენ და იმ დროს არასახარბიელო ურთიერთობა ჰქონდათ.

თავის მხრივ, კოლეგებისაგან წინააღმდეგობა შეხვდა ჯეიმს ბეიკერსაც - მისი ქცევით უკმაყოფილო დარჩნენ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.

ამ ფონზე, სულ რამდენიმე დღეში, 9 თებერვალს, ჯეიმს ბეიკერი მოსკოვში იყო გორბაჩოვთან შესახვედრად. ბეიკერმა, რომელიც გენშერის ინიციატივის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, მოლაპარაკების მაგიდასთან ასეთი რამ თქვა:

„გერჩივნებათ იხილოთ გაერთიანებული გერმანია NATO-ს გარეთ, დამოუკიდებელი და ამერიკული ძალების გარეშე თუ გირჩევნიათ, გაერთიანებული გერმანია მიბმული იყოს NATO-ს, იმ გარანტიით, რომ NATO-ს იურისდიქცია მისი ამჟამინდელი პოზიციიდან ერთი ინჩითაც არ გადაინაცვლებს აღმოსავლეთით?“.

გორბაჩოვმა ბეიკერს მიუგო, რომ „NATO-ს ზონის“ გაფართოება სსრკ-სთვის მიუღებელი იყო. „ამაზე ვთანხმდებით“ - უპასუხა ბეიკერმა.

ჯეიმს ბეიკერი და მიხაილ გორბაჩოვი.

შემდგომში სწორედ ამ ფრაზას მოაბეს კუდი რუსებმა. მაგრამ მაინც - ნიშნავს თუ არა ეს, რომ აშშ-მ რუსეთს გარანტიები მისცა, რომელიც შემდეგ არად ჩააგდო?

არა. და ამას რამდენიმე ახსნა აქვს.

პირველი ისაა, რომ ბეიკერისა და გორბაჩოვის მოლაპარაკებები მხოლოდ გერმანიას ეხებოდა. იქ არავითარი საუბარი ყოფილა NATO-ს გაფართოებაზე აღმოსავლეთის ბლოკის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსის წევრები 90-იან და 2000-იან წლებში გახდნენ.

1990 წლის პოლიტიკურ კონტექსტში ამაზე საუბარი ვერც იქნებოდა. მაშინ სსრკ ჯერ ისევ არ იყო დაშლილი. მეტიც, იმ პერიოდში ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს, რომ საბჭოთა კავშირს თვეებიღა ეწერა.

დაშლილი არ ყოფილა ვარშავის პაქტიც. 1990 წლის დადგომისას აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური რეჟიმები იშლებოდა და ხელისუფლებაში ანტი-კომუნისტები მოდიოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ისინიც კი არ ფიქრობდნენ სერიოზულად NATO-ს წევრობაზე. მათ მიაჩნდათ, რომ ვარშავის პაქტი გადარჩებოდა და იმედი ჰქონდათ, რომ მეტად პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაიქმნებოდა.

გორბაჩოვი დარწმუნებული იყო, რომ სსრკ ვარშავის პაქტის ქვეყნებთან თანამშრომლობას გააგრძელებდა და შესაბამისად, იმჟამინდელი მოცემულობით, ამ ქვეყნების NATO-ში შესვლა არ განიხილებოდა. სიტუაციის ამოყირავებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდა.

აქედან გამომდინარე, ჯეიმს ბეიკერისა და მიხაილ გორბაჩოვის 1990 წლის თებერვლის მოლაპარაკებისას სსრკ-ს ლიდერს ვარშავის პაქტის ქვეყნებზე გარანტიის მიღება არც უცდია. საუბარი აღმოსავლეთ გერმანიას არ გასცდენია.

მეორე, რაც ადასტურებს, რომ რუსები უკონტექსტოდ მანიპულირებენ, 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შესახებ გაფორმებული საბოლოო შეთანხმებაა.

ის, რასაც ჯეიმს ბეიკერი თებერვლის მოლაპარაკებისას ამბობდა, ამერიკელების საბოლოო პოზიცია და შეთავაზება არ ყოფილა. აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მხოლოდ შეთანხმების სავარაუდო პირობებზე საუბრობდა და სსრკ-სთან გადაკვეთის წერტილების პოვნას ცდილობდა.

ამ დიალოგიდან მალევე, 24-25 თებერვალს, კემპ დევიდში ამერიკელ და დასავლეთ გერმანელ ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები ერთობლივ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ. აშშ-ს და დასავლეთ გერმანიას აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიისთვის „სპეციალური სამხედრო სტატუსი“ სურდათ, ეს კი შემდეგს ნიშნავდა - გაერთიანებული გერმანია NATO-ს წევრი იქნებოდა. NATO-ს იურისდიქცია გავრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე, თუმცა იქ NATO-ს ჯარი ფიზიკურად არ დადგებოდა.

ჰელმუტ კოლი და ჯორჯ ბუში უფროსი

28 თებერვალს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და მიხაილ გორბაჩოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბუშმა კრემლს დასავლეთის პოზიცია გააცნო - გაერთიანებული გერმანია NATO-ს წევრი უნდა ყოფილიყო, ამერიკული ჯარი ევროპაში იმდენ ხანს დარჩებოდა, რამდენიც ევროპელებს ენდომებოდათ, აღმოსავლეთ გერმანიას კი სპეციალური სტატუსი ექნებოდა.

ზაფხული და შემოდგომა

ამერიკელებმა და გერმანელებმა კარგად იცოდნენ, რა იყო იმ დროს სსრკ-ს მთავარი პრიორიტეტი და შესაბამისად, რა დასჭირდებოდა მათ თანხმობას - ფული. შეთანხმება ფორმალურად ზაფხულში შედგა, გორბაჩოვი NATO-ს შესახებ დასავლეთის პირობებს დათანხმდა, სანაცვლოდ კი საბჭოთა კავშირმა ფინანსური კომპენსაცია მიიღო.

შესაბამისად, „ორს პლუს ოთხის“ სახელით ცნობილ შეთანხმებაში, რომელიც 1990 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში გაფორმდა, მეხუთე მუხლში ჩაიწერა, რომ საბჭოთა ჯარის აღმოსავლეთ გერმანიიდან გასვლის შემდეგ იქ მხოლოდ გერმანულ ჯარი ჩადგებოდა, მათ შორის NATO-ს დანაყოფები. ბუნებრივია, გაერთიანებული გერმანია NATO-ს წევრად რჩებოდა და ალიანსის იურისდიქცია აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა.

გერმანიის გაერთიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. მოსკოვი, 1990 წლის 12 სექტემბერი.

ასე და ამგვარად, შეთანხმებაში არაფერი ყოფილა ნახსენები NATO-ს მომავალ გაფართოებაზე. რაც საბჭოთა კავშირმა გერმანიიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ მიიღო, იყო დასავლური ფული და არა დასავლეთის გარანტია მომავალ არგაფართოებაზე.

მოვლენათა ამგვარი ვერსია 2014 წლის ინტერვიუში თავად მიხაილ გორბაჩოვმაც დაადასტურა:

მიხაილ გორბაჩოვი: დღეს მეკითხებიან, რატომ არ დავაფიქსირეთ ხელშეკრულებაში, რომ NATO ერთი სანტიმეტრითაც არ წაიწევდა აღმოსავლეთით. ამასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: მაშინ არსებობდა NATO და ვარშავის პაქტი. რა უნდა დაგვეფიქსირებინა აქ ხელშეკრულებით? მაშინ ეს საკითხი საერთოდ არ იდგა.

ჟურნალისტი: ანუ მითია, რომ დასავლეთმა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით გიღალატათ?

მ.გ.: დიახ, სინამდვილეში ეს მითია.

ახალი წევრები

90-იანი წლების დასაწყისში გლობალური გეოპოლიტიკური კონტექსტი გადასხვაფერდა. სსრკ და ვარშავის პაქტი დაინგრა. დასავლეთში რუსეთის დემოკრატიზაციის და მასთან დაახლოების იმედი ჰქონდათ.

1994 წლის 28 სექტემბერს ბილ კლინტონი და ბორის ელცინი ვაშინგტონში ერთად სადილობდნენ. აშშ-ს პრეზიდენტმა რუს კოლეგას აცნობა, რომ NATO გაფართოვდებოდა, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერ თავადაც არ იცოდნენ. შემდეგ კი კლინტონმა დასძინა, რომ თუ რუსეთი დემოკრატიულ რეფორმებს გააგრძელებდა, შესაძლოა ერთ დღესაც NATO-ს წევრი გამხდარიყო.

წყარო:https://realpolitika.ge

мир
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“ (ავტორი - ტიმ სტენლი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი ასეთ ისტორიას ჰყვება: ერთხელ სტუდენტ ქალიშვილისთვის გასაუბრება ჩაუტარებია რომაელ კლასიკოსებზე და, როგორც ხდება ხოლმე, გოგონას ვერაფერი ვერ უთქვამს. ბევრს ეცადა პროფესორი - ხან აქედან მიუდგა, ხან იქიდან, ხან მიანიშნა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ლექტორი შეევედრა - „მითხარი, საერთოდ რაიმე თუ იცი რომაული სამყაროდან, არაფერმა არ დაგაინტერესა?“. პაუზა. სტუდენტი ფიქრობს და ბოლოს გახარებული ამბობს: „გლადიატორი“. ლექტორს იმედი მიეცა, იქნებ რაიმე ვრცლად იცის გლადიატორებზეო და ჰკითხა: „და რამ დაგაინტერესა „გლადიატორში“ - რომის პოლიტიკამ, კულტურამ, საზოგადოებამ?“. „რასელ ქროუმ“, - უპასუხა გოგონამ. ლექტორს უკანასკნელი იმედი გაუქრა...

გასულ კვირას ლონდონში, კინოთეატრ Imax-ში „გლადიატორი II“-ს ვუყურე. ვფიქრობ, მასში რასელ ქროუ რომ არ თამაშობს, ფილმისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა რიდლი სკოტმა თავის ქმნილებაში საკუთარი სათქმელი მაინც თქვა.

კრიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიქველი უფრო ნიჰილისტურია, ვიდრე ორიგინალი, რომელიც ეკრანზე 2000 წელს გამოვიდა. პირველ ფილმში ნათქვამი იყო, რომ მარკ ავრელიუსის - იმპერატორისა და ფილოსოფოსის - რომის იმპერიის გარდაქმნის იდეა იმედიანად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ვაჟის, იმპერატორ კომოდუსის მმართველობის დროს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მართალია, გენერალ მაქსიმუს დეციმუს მირიდის მსგავს კარგ ადამიანებს სიტუაციის გამოსწორება შეეძლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ამერიკა, როგორიც 2000 წლის 11 სექტემბრამდე [იგულისხმება მომხდარი ტერაქტების თარიღი] არსებობდა, შეიძლება იმდროინდელ რომად ჩავთვალოთ, როცა იმპერიის ხელისუფლების გეგმები „დიდი იმედების მომცემი“ იყო. ფილმში მარკ ავრელიუსის მმართველობიდან ორი ათეული წლის შემდეგ „გლადიატორი II“-ის სლოგანი გახდა „რომი უნდა დაეცეს“ - იმიტომ, რომ იმპერია შიგნიდან დალპა და გარდაქმნას საჭიროებდა. რომს მართავენ ტყუპი ძმები - იმპერატორები სეპტიმიუს გეტა და სეპტიმუს კარაკალა, ისინი გაუთავებლად ომობენ ბარბაროსებთან და რომის მოსახლეობას სპორტის სასტიკი სახეობით ართობენ, კონსულად კი მაიმუნს ნიშნავენ. იმპერატორების გარემოცვა, თანამედროვე გაგებით, ზელიბერალურია...

დღევანდელი ამერიკელი კონსერვატორები (ჩათვალე - რესპუბლიკელები) თვლიან, რომ ამერიკა ბოლო წლებში ლიბერალური რომის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს.

ნაციონალისტები მიუთითებენ, რომ ლიბერალურმა რომმა თავშესაფარი მისცა გოთებს (ბარბაროსებს), რომლებმაც საბოლოო ჯამში იმპერია გაძარცვეს და დაანგრიეს; ქრისტიანები რომაელ ლიბერალებს სექსუალურ თავაშვებულობაში ადანაშაულებენ, ხოლო მკაცრი ინდივიდუალისტები - საომარი სულის დაკარგვაში. „რომი დაეცა იმიტომ, რომ რომაელებმა რომაელების გაჩენა და აღზრდა შეწყვიტეს“, - თქვა ამას წინათ ილონ მასკმა ინტერვიუში. ტრადიციულად, მდიდრულ საზოგადოებაში უფრო ცოტა ბავშვი იბადება, რაც ამ საზოგადოების ელიტას აიძულებს სამუშაო ძალის იმპორტი განახორციელოს და დაქირავებულების იმედად იყოს. ამგვარ საზოგადოებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს კულტურული თვითმკვლელობის იდეას. ყველა დროის საზოგადოებებში ხდება ომები და ეპიდემიები, მაგრამ ძლიერებს ყველაფერს უძლებენ, სუსტები კი კრახს განიცდიან.

ამერიკას ერთი მუჭა არისტოკრატიული ოჯახები მართავენ. დონალდ ტრამპს, ისევე როგორც იულიუს კეისარს (ცეზარს), ხელისუფლებაში მოსვლა დიდწილად იმიტომაც სურდა, რომ თავისი ხელშეუხებლობა შეენარჩუნებინა და პატიმრობა თავიდან აეცილებინა. ერთი შეხედვით, თითქოსდა არაკეთილშობილური ქცევაა, მაგრამ ასე აკეთებდნენ ხალხები და პოლიტიკოსები ყველა დროში.

დონალდ ტრამპის ლოზუნგი - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ - ეხმიანება როგორც მარკ ავრელიუსისა და გენერალ მაქსიმუს დეციმუსის („გლადიატორი - I“) ოცნებას, ასევე მაქსიმუსის ვაჟის ლუციუსის („გლადიატორი II“) სურვილს - რომისათვის ძველი დიდების დაბრუნების შესახებ.

საბოლოო ჯამში, „გლადიატორი II“ არ იძლევა პასუხებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მასშია ნაჩვენები. მართალია, დაგმობილია კოლიზეუმის არენაზე მიმდინარე ბრძოლები, მაგრამ ახლო რაკურსით ვხედავთ გლადიატორების ყველა ტრამვას, შეტაკებაში მიღებულს. რიდლი სკოტი სიქველში კვლავ იმეორებს ინგლისურ-ამერიკულ რწმენას ღმერთივით პიროვნების მიმართ, მაგრამ ხალხის ცხოვრება ნაკლებად არის წარმოჩენილი. ფილმში არსად არავინ ლაპარაკობს მონების მდგომარეობაზე, დევნილ ებრაელებზე თუ ქრისტიანებზე, მთავარ გმირს ლუციუსს არ აქვს შედგენილი გეგმა რომში რესპუბლიკური მმართველობის აღსადგენად. ლუციუსი მხოლოდ დადებითი გმირის როლს ასრულებს, მას ხალხი მაინცდამაინც არ აინტერესებს - იმიტომ, რომ იგი იმპერატორის შთამომავალია.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/24/trump-america-rome-gladiator-lawfare-concubines/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати