ყველამ ვისაც კი შინაური ცხოველი ყოლია იცის, რომ დროთა განმავლობაში ცხოველსა და პატრონს შორის ემოციური კავშირი მყარდება. რაში გამოიხატება ეს და გვესმის კი რას ფიქრობენ ჩვენზე ჩვენი კატები და ძაღლები?
ჩვენ ველაპარაკებით ძაღლს, ვბრაზობთ კატაზე, თუთიყუშს ვუყვებით ისეთ ამბებს, რის მოყოლასაც სხვებთან არც გავრისკავდით. ვიცით, რომ ეს საქციელი სრულიად მოკლებულია აზრს. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გვჯერა რომ ჩვენ აღსაზრდელებს ესმით ჩვენი და თანაგვიგრძნობენ. ან იქნებ დაგვცინიან?
რამდენად ესმით ჩვენი ცხოველებს? მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ისინი სიამოვნებას განიცდიან მოფერებისას, მაგრამ გააჩნიათ კი იუმორის გრძნობა? ესმით ხუმრობა და შეუძლიათ თვითონ იხუმრონ, ან გვითანაგრძნონ როცა ფეხზე რაღაც მძიმე დაგვეცემათ?
იცინიან ძაღლები. კატები და სხვა ცხოველები ისე როგორც ჩვენ?
რატომ ვიცინით?
სიცილი გადამდები და სოციალურია, პირველყოფილ ადამიანს სიცილის უნარი მეტყველების უნარზე ადრე განუვითარდა.
მიზეზები, რამაც ადამიანებს სიცილის უნარი განივითარა ჯერ კიდევ ამოცანაა. ყველა ადამიანი ჩვენს პლანეტაზე, მიუხედავად იმისა რა ენაზე ლაპარაკობს, იცინის. ჩვენ ამას დაუფიქრებლად, სპონტანურად ვაკეთებთ. სიცილი თითქოს სადღაც სიღრმიდან მოდის და ჩვენ მის შეჩერებას ვერ ვახერხებთ. სიცილი გადამდებია, ის სოციალურია და როგორც ჩანს პირველყოფილმა ადამიანმა ეს უნარი (თუ სასარგებლო ინსტინქტი?) ჯერ კიდევ ლაპარაკს დაწყებამდე შეიძინა. ითვლება რომ სიცილი - ადამიანების გამაერთიანებელი ერთგვარი ელემენტია. ამავე დროს სხვა თეორიაც არსებობს: თითქოს სიცილის ხმა საფრთხის მოახლოების ნიშანი იყო, მაგალითად ხმალკბილა ვეფხვის მოახლოების ნიშანი (აქ სასაცილოდ არავის ეცალა). მართალია ჩვენ ვერ ვხვდებით რატომ ვაკეთებთ ამას, ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ვაკეთებთ (ვიცინით). მაგრამ შეუძლიათ თუ არ შეუძლიათ ცხოველებს სიცილი?
მხიარული მაიმუნები
მაიმუნები - შიმპანზეები, გორილები, ორანგუტანები - ჩვენი უახლოესი ნათესავები არიან. ამიტომ გასაგებია რომ სიამოვნების გამომხატავი ხმები თამაშისა ან მოფერებისას ძალიან გავს ადამიანის სიცილს. უმეტეს შემთხვევაში ის თუხთუხს წააგებს, მაგრამ მაგალითად შიმპანზეს მიერ გამოცემული ბგერები უფრო გავს ადამიანის სიცილს, ვიდრე ორანგუტანისა.
ცნობილია შემთხვევა, როცა კოკომ (ცნობილი გორილა, რომელიც ჟესტების ენას იყენებდა) ზოოპარკის მომვლელს ფეხსაცმელების ზონრები გადაუბა და ჟესტით ანიშნებდა „აბა ცადე დამეწიე“. ეს შეიძლება ხუმრობის უნარად ჩაითვალოს.
მოლაპარაკე ყვავები
რა შეიძლება ვთქვათ ცხოველთა სამყაროს კიდევ ერთ შტოზე - ფრინველებზე?
ზოგიერთი ნიჭიერი იმიტატორი (მაგალითად კაკადუ) კარგად ბაძავს ადამიანის სიცილს. ზოგიერთი თუთიყუში სხვა ცხოველებსაც ბაძავს, ან ძაღლის პატრონივით უსტვენს და დაბნეული ძაღლი ვერ ხვდება ვერაფერს, სამაგიეროდ თუთიყუში ხალისობს. ყორნები და ამ ოჯახის სხვა წარმომადგენლები ხშირად სხვადასხვა ხერხს იტყენებენ საკვების მოსაპოვებლად, რაც მათ ინტელექტზე მიუთითებს. მაგრამ რაზე მეტყველებს ის შემთხვევები როცა ყორნები მტაცებლებს კუდზე ექაჩებიან? ითვლებოდა, რომ ფრინველები ამას მტაცევლის ყურადღების გასაფანტად და საკვების მოსპარად აკეთებდნენ. მაგრამ სულ უფრო მეტია შემთხვევა, როცა ყორნები ასე მაშინაც იქცევიან როცა საკვები საერთოდ არ არის. ისინი უბრალოდ ერთობიან?
შეიძლება ვივარაუდოდ რომ ზოგიერთ ფრინველს იუმორის გრძნობა გააჩნია და სიცილიც შეუძლიათ, უბრალოდ ჩვენ ჯერ ვერ ვისწავლეთ მათი სიცილის იდენტიფიცირება.
ცხოველური იუმორი
ზოგიერთ სხვა ცოცხალ არსებასაც შეუძლია სიცილი. მაგალითად ვირთხები, როცა კისრის არეში ფხანენ სიამოვნებისგან წრიპინებენ. დელფინები თამაშის დროს გარკვეულ ხმებს გამოსცემენ, იმის ნიშნად რომ მათ საქციელში აგრესია არ არის და ეს მხოლოდ თამაშია. სპილოებიც თამაშის დროს ხშირად გამოსცემენ გარკვეულ ხმებს. პრაქიკულად შეუძლებელია იმის მტკიცება, შეესაბამება თუ არა მათი ასეთი ქცევა ადამიანის სიცილს, ან უბრალოდ ბგერების ნაკრებია, რომელსაც ცხოველები ამა თუ იმ სიტუაციაში გამოსცემს.
შეიძლება სიამოვნებითაც გაიცინებდნენ....
დავუბრუნდეთ ჩვენ ძაღლებს და კატებს. შეუძლიათ ჩუმ-ჩუმად გაგვეხუმრონ ან გაიცინონ ჩვენ საქციელზე? არსებობს მტკიცებულება, რომ ძაღლებმა სიცილის მსგავსი უნარი გამოიმუშავეს. ეს ხმა მძიმე ქშენას წააგავს და ხმოვანი პარამეტრებით განსხვავდება მძიმე სუნთქვისაგან, რასაც სხეულის ტემპერატურის მართვისთვის იყენებენ. კატებმა ევოლუცია სხვა მიმართულებით განიცადეს, არ გაემჟღავნებინათ ემოციები ველურ ბუნებაში ცხოვრებისას (ძაღლებისგან განსხვავებით ადამიანმა კატა გაცილებით გვიან მოიშინაურა). კრუტუნი შეიძლება ნიშნავდეს რომ კატა ცხოვრებით კმაყოფილია, მაგრამ გარდა ამისა შეიძლება კიდევ ბევრ სხვა რამესაც ნიშნავდეს - სტრესსაც კი.
კატებს უყვართ ცელქობა და თამაში, მაგრამ ეს ყურადღების მიქცევის მცდელობა შეიძლება იყოს და არა იუმორის გრძნობის გამოხატვა. მეცნიერებას არ გააჩნია მტკიცებულებ, რომ კატებს სიცილი შეუძლიათ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ თქვენი კატა არ დაგცინით. მაგრამ თუ ოდესმე სიცილის უნარს შეიძენს - დარწმუნებული იყავით მის გამოყენებას არ დააყოვნებს.