USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
დაგნი იუელი - ედვარდ მუნკის მუზა, რომელიც თბილისში მოკლეს
Date:  3007

დაგნი იუელი (ნორვ. Dagny Juel), დაგნი-პშიბიშევსკა (Juel-Przybyszewska; დ. 8 ივნისი, 1867, კონგსვინგერი, ნორვეგია, — გ. 5 ივნისი, 1901, თბილისი) — ნორვეგიელი მწერალი და პიანისტი. ცნობილი იყო სილამაზით, ბოჰემური ცხოვრების სტილით და ახლო ურთიერთობით იმ დროის არაერთ ცნობილ ხელოვანთან, მათ შორის, მხატვარ ედვარდ მუნკთან და დრამატურგ ავგუსტ სტრინდბერგთან. 1893 წელს ცოლად გაჰყვა პოლონელ მწერალს და პოლონური მოდერნიზმის იდეოლოგს, სტანისლავ პშიბიშევსკის. იმ პერიოდში ცხოვრობდა ბერლინში და ქალაქის ავანგარდული არტისტული მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. 33 წლის ასაკში მოკლა მისმა პოლონელმა მეგობარმა, ვლადისლავ ემერიკმა თბილისში სტუმრობის დროს, სასტუმრო „გრანდ ოტელის“ ნომერში. მკვლელობის მოტივი და გარემოებები გაურკვეველია.

საუკუნეზე მეტია, საქართველოში მოგზაურობის დროს პოლონელები და ნორვეგიელები თბილისის, კუკიის ძველ სასაფლაოზე ერთი საფლავის  საძებნელად მიდიან - ედვარდ მუნკის ცნობილი „მადონას“ ნატურა, ნორვეგიელი მწერალი ქალი დაგნი იუელ-ფშიბიშევსკა მთავარ შესასვლელშია დაკრძალული. 

დაგნი იუელი (Dagny Juel) 1867 წელს ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამამისი ჰედმარკის მხარეში ცნობილი ექიმი იყო, დედა კი ოჯახური მეურნეობით და ოთხი ქალიშვილის აღზრდით იყო დაკავებული. ამბობენ, ისინი ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ გამვლელები თვალს ვერ წყვეტდნენო.

თავისუფლებისმოყვარე დაგნი იუელს მშობლიური კონგსვინგერი ზედმეტად პროვინციულ და მოსაწყენ ადგილად მიაჩნდა. თხუთმეტი წლის ასაკში ის გერმანიაში, ერფურტის კერძო პანსიონში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ბედის ირონიით, ეს ავტორიტარული საგანმანათლებლო დაწესებულება აღმოჩნდა, სადაც ნებართვის გარეშე ხმის ამოღებაც არ შეიძლებოდა. მკაცრი რეჟიმის მიუხედავად, ორი წლის შემდეგ დაგნი ნორვეგიაში როგორც დამოუკიდებელი და ექსტრავაგანტური ახალგაზრდა ქალი დაბრუნდა. ის თავისუფლად ლაპარაკობდა გერმანულ ენაზე, სიგარეტს ეწეოდა და ალკოჰოლს სვამდა.

მოუსვენარმა დაგნიმ სახლში რამდენიმე წელი გაძლო და შემდეგ, უმცროს დასთან ერთად, ოსლოში გაემგზავრა. ლამაზმა დებმა მუსიკა შეისწავლეს და ადგილობრივი ბოჰემის ნაწილად იქცნენ. მათ მალე მიიქციეს ახალგაზრდა მწერლების, მუსიკოსებისა და მხატვრების, მათ შორის, ცნობილი ედვარდ მუნკის ყურადღება. 1892 წელს მუნკმა დახატა პორტრეტი „ორი მოთამაშე და“.

იმავე წელს დაგნი ბერლინში, ფორტეპიანოზე დაკვრის ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა, სადაც მუნკი დახვდა. მან ლამაზი ნორვეგიელი ქალი მხატვრების საყვარელ კაფე „შავ გოჭში“ მიიყვანა, სადაც ჩრდილოეთ ევროპული მოდერნიზმის მრავალი წარმომადგენელი დადიოდა. კაფეს სტუმრებს, ხელოვნების სიყვარულის გარდა, ოკულტიზმით გატაცებაც აერთიანებდათ.

ლამაზი, სექსუალური და ბოჰემურად თავაშვებული დაგნი მამაკაცების ყურადღებას ადვილად იპყრობდა. ის ედვარდ მუნკის მუზა მრავალი წლის განმავლობაში იყო. სწორედ დაგნი გახდა იმ პერიოდში შექმნილი სურათების: „ეჭვიანობა“, „ვამპირი“, „კოცნა“ და, ასევე, ყველაზე ცნობილი ტილოს „მადონას“ ნატურა.

მუნკის გარდა, დაგნიზე შვედი მწერალი ავგუსტ სტრინბერგიც იყო შეყვარებული.

დაგნის ხანმოკლე და ხანგრძლივი რომანების მთელ წყებას მიაწერენ. თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმიის მიუხედავად, ამ ლამაზ ქალს ერთადერთი კაცი - პოლონელი მოდერნისტი მწერალი, სტანისლავ ფშიბიშევსკი უყვარდა.

ფშიბიშევსკი მიმზიდველობით არ გამოირჩეოდა: ტანდაბალი, გამხდარი... იმდროინდელი ბერლინის ერთ-ერთმა გაზეთმა ხუმრობით გაქუცულ, წითურ კატასაც კი შეადარა. სამაგიეროდ, ქალბატონებს მისი ქარიზმა და შინაგანი ძალა იზიდავდათ და ვნებიანად უყვარდებოდათ. ამას ვერც დაგნი იუელი გადაურჩა.

1893 წლის აგვისტოში სტანისლავისა და დაგნის ქორწინებას იმანაც კი ვერ შეუშალა ხელი, რომ მწერალი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა სხვა ქალთან, მარტა ფიოდერთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა.

1896 წელს მიტოვებულმა მარტამ თავი მოიკლა. დედის გარდაცვალების შემდეგ ფშიბიშევსკის ორივე შვილი ბავშვთა სახლში მოხვდა.

ამ დროისთვის დაგნის მწერლისგან უკვე ვაჟი ზენონი და ქალიშვილი ივა ჰყავდა. ხუთი წლის განმავლობაში ისინი, ძირითადად, ბერლინში ცხოვრობდნენ, ზაფხულში კონგსვინგერში ისვენებდნენ და, ფინანსური სირთულეების მიუხედავად, თავს ბედნიერად გრძნობდნენ.

1898 წლის შემოდგომაზე სტანისლავი სამუშაოდ კრაკოვში მიიწვიეს. ის სათავეში ჩაუდგა ცნობილ ლიტერატურულ და მხატვრულ გამოცემას Life, სადაც პოლონელი და უცხოელი ავტორების საუკეთესო ნაწარმოებები ქვეყნდებოდა. მალე მეუღლეებს შორის პირველი სერიოზული პრობლემები დაიწყო. სავარაუდოდ, მამაკაცების ყურადღებით განებივრებული დაგნი ღირსეული ცოლის როლმა დაღალა და მოწყენილობისგან სასიყვარულო თავგადასავლებში ჩაერთო, რომლებიც ზოგჯერ ძალიან დრამატულად მთავრდებოდა. ჭორები დადიოდა, რომ სწორედ მის გამო მოიკლა თავი 25 წლის პოეტმა სტანისლავ ბჟოზოვსკიმ.

ცოლს არც ფშიბიშევსკი ჩამორჩა და ერთდროულად ორ ქალთან გააბა ურთიერთობა. ერთი უახლოესი მეგობრის, ცნობილი პოლონელი პოეტისა და პუბლიცისტის იან კასპროვიჩის მეუღლე იადვიგა გახლდათ, მეორე კი - ახალგაზრდა ლვოველი მხატვარი ანელა პაიონკუვნა. ამ უკანასკნელმა მწერალს ქალიშვილი გაუჩინა, რომელსაც მამის პატივსაცემად სტანისლავა დაარქვა. მამის მსგავსად სტანისლავა პშიბიშევსკაიაც მწერალი გახდა.

კავკასიელი ტყვე

დაგნი იუელი 1900 წელს, შვილებთან ერთად, ქმრის სახლიდან მშობლებთან, ნორვეგიაში გაემგზავრა. 1901 წლის გაზაფხულზე წყვილმა თითქოს ურთიერთობა მოაგვარა და ვარშავაში ერთად დასახლდა, მაგრამ პშიბიშევსკი იადვიგასთან რომანს აგრძელებდა.

ამ ჩახლართული ისტორიის ფინალური სცენა თბილისში დაიდგა, სადაც ყველასთვის მოულოდნელად, ნამდვილი ტრაგედია მოხდა.

ამ დროს დაგნის ახალგაზრდა თაყვანისმცემელი ჰყავდა - ვლადისლავ ემერიკი რუსულ-პოლონური წარმოშობის მდიდარი მრეწველის ვაჟი იყო. მამამისი ჭიათურაში მანგანუმის საბადოს ფლობდა. ემერიკს ქალი ჯერ კიდევ ბერლინში, კაფე „შავ გოჭში“ შეხვედრია.

ივნისის დასაწყისში ემერიკი მამის საქმეების მოსაგვარებლად თბილისში ჩასვლას გეგმავდა, სადაც ფშიბიშევსკების მთელი ოჯახიც მიიწვია. პირველები ვლადისლავი და დაგნი გაემგზავრნენ, ქალს თან ახლდა თავისი 6 წლის ვაჟი ზენონიც. სტანისლავი ცოლს დაჰპირდა, რომ თბილისში მოგვიანებით, ქალიშვილ ივასთან ერთად ჩავიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო.

თბილისში სასტუმრო „გრანდ ოტელში“ დაბინავდნენ (ამჟამად საცხოვრებელი სახლი, გიორგი ათონელის ქუჩა №29).

1901 წლის 5 ივნისს ემერიკმა დაგნი სასტუმროს ნომერში, პისტოლეტიდან გასროლით მოკლა და მეორე დღეს თავიც მოიკლა.

ემერიკმა დაგნი მოკლა და მეორე დღეს თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მკვლელმა 3 წერილი დატოვა. პირველ წერილში, რომელიც თავის თბილისელ მეგობარს დაუტოვა „გრანდ ოტელში“, ემერიკი დაგნის ზენონის მიხედვას და ბავშვის მამასთან დაკავშირებას ითხოვდა. მეორე წერილი დახურულ კონვერტში იდო. კონვერტზე ეწერა, რომ წერილი უნდა გადაეცათ ზენონისთვის, როცა 24 წლის გახდებოდა: „გაყენებ საშინელ, განუზომელ ბოროტებას. იქნებ ამან ცხოვრება დაგინგრიოს, მაგრამ... სხვანაირად არ შემეძლო...“ მესამე წერილი ემერიკმა დაგნის ქმარს დაუწერა: „მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. მან ყველაფერი იცოდა...“ მკვლელობის მოტივი დღემდე გაურკვეველია. არსებობს ეჭვი, რომ ემერიკმა დაგნი პშიბიშევსკისთან შეთანხმებით მოკლა. სხვა ვერსიით, ემერიკი ეჭვიანობის ნიადაგზე ან ფინანსური პრობლემების გამო ემოციურად არამდგრადი გამხდარიყო.

 

 

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, დღემდე საიდუმლოდ რჩება. დაგნი თბილისში 8 ივნისს, საკუთარი დაბადების დღეს დაკრძალეს. მას 34 წელი შეუსრულდებოდა.

დაგნი იუელი თბილისის რომაულ-კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს, 1999 წლის 20 მაისს კი კუკიის სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელთან, წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

ფშიბიშევსკების შვილები დაგნის ერთ-ერთმა დამ შვედეთში წაიყვანა.

დაგნი იუელის სიკვდილმა ჭორების ახალი ტალღა წარმოშვა.
ედვარდ მუნკი ერთ-ერთი იშვიათთაგანი აღმოჩნდა, ვინც გარდაცვლილი ქალის დაცვა იკისრა. ნორვეგიული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დაგნიზე, როგორც ნამდვილ მეგობარზე, კეთილ, წესიერ ადამიანზე და შემოქმედებით ადამიანზე ისაუბრა.

მუნკის მიერ ნახსენები შემოქმედებითი მხარე დიდხანს შეუფასებელი დარჩა. ბევრმა არ იცოდა, რომ დაგნი არა მხოლოდ ბრწყინვალედ უკრავდა ფორტეპიანოზე, არამედ ნიჭიერი პოეტი და მწერალიც იყო.

მან პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა: 4 პიესა, 5 მოთხრობა და 14 ლექსი. დაგნიმ ნორვეგიელ მხატვარ თეოდორე კიტელსენზე წიგნი დაწერა და თავისი ქმრისა და სხვა პოლონელი ავტორების ნამუშევრები ნორვეგიულ ენაზე თარგმნა.

პოლონეთსა და ნორვეგიაში დაგნი იუელის პიროვნებისადმი ნამდვილმა ინტერესმა მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გააღვიძა. გამოიცა ბიოგრაფიული წიგნები, დაიწერა სტატიები, გადაიღეს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები.
დაგნისა და ემერიკის საბედისწერო მოგზაურობა თბილისში რუსმა მწერალმა და სცენარისტმა იური ნაგიბინმა მოთხრობაში „სამი და კიდევ ერთი“ აღწერა.
2006 წელს ქართველმა მწერალმა, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატმა ქარუმიძემ ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი „დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი“/ „Dagny or a Love Feast“.

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way