USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა
Date:  385

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც, გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

„საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წერეთლის გამზირის გავლით უკავშირდებიან სადგურის მოედანს; N323 და N395 სადგურის მოედნიდან მოძრაობას ფიროსმანის ქუჩით განაგრძობენ და უერთდებიან გიორგი ჩიტაიას ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით, ორივე მიმართულებით.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, N333, N362 და მიკროავტობუსები - N416, N436, N507 და N517, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობისას, შედიან რევაზ ურიდიას ქუჩაზე, საიდანაც გადაადგილდებიან ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ, ხუდადოვის ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევით, ისევ უკავშირდებიან დადიანის ქუჩას (ე.წ. გადასასვლელ ხიდთან) და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი მარშრუტებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way