ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც, გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
„საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წერეთლის გამზირის გავლით უკავშირდებიან სადგურის მოედანს; N323 და N395 სადგურის მოედნიდან მოძრაობას ფიროსმანის ქუჩით განაგრძობენ და უერთდებიან გიორგი ჩიტაიას ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით, ორივე მიმართულებით.
რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, N333, N362 და მიკროავტობუსები - N416, N436, N507 და N517, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობისას, შედიან რევაზ ურიდიას ქუჩაზე, საიდანაც გადაადგილდებიან ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ, ხუდადოვის ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევით, ისევ უკავშირდებიან დადიანის ქუჩას (ე.წ. გადასასვლელ ხიდთან) და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი მარშრუტებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.