მორწმუნე მრევლის ყურადღება კარგა ხანია მიიქცია ახალგაზრდა, 21 წლის ბერმა, რომელმაც ეკლესიური ცხოვრება ჯერ კიდევ ყრმამ - 7 წლის ასაკში დაიწყო. დღეს ის უკვე ბერული ცხოვრების 5 წელიწადს ითვლის. 21 წლის ახალგაზრდისთვის შავი ბერის ცხოვრება რთული და უჩვეულო უნდა იყოს. ასეთივე უჩვეულო და განსხვავებულია მისი ტაძრად მისვლის ამბავი. თავად ამ სირთულის დეტალებზე არაფერს საუბრობს, არც განსაკუთრებულ უნარზე და სულიერებაზე, თუმცა, მასზე საუბრობს ასობით მორწმუნე მრევლი, რომელიც ხვდება, გრძნობს და ხედავს, რომ ბერი ანგელოსი ღმერთისგან ბოძებული განსაკუთრებული სულიერი სმენის უნარით გამოირჩევა და სწორედ ამის გამო ისწრაფვის მისკენ.
უცნაური ისაა, რომ ბერი ანგელოსის მიმართ არამხოლოდ მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანები, არამედ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც მიილტვიან. მათი სარწმუნოება არ არის ჭეშმარიტი, თუმცა განსწავლული არიან თავიანთ რელიგიაში... სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების მოქცევა და მართლმადიდებელ ქრისტიანად მონათვლა ბერი ანგელოსის სახელს უკავშირდება. თავის ყველაზე დიდ მადლად და მიღწევად სწორედ 172 ადამიანის გაქრისტიანებას მიიჩნევს და არაფერს ამბობს დანარჩენ მადლზე, სასწაულებზე, ხილვებზე... თუმცა, ამბობს ასობით მრევლი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა სულიერი თუ ხორციელი კურნების ბერი ანგელოსისეული ძალა. როცა საუბრობს გაქრისტიანებულ ადამიანებზე, ხაზგასმით დასძენს, რომ ის მხოლოდ ნათლიაა, ხოლო ამ ადამიანების ნათლობა მღვდლების ხელით მოხდა, როგორც ეს ეკლესიური კანონებითაა დადგენილი.
ბერთან შეხვედრის და ინტერვიუს იდეის დაბადება
მამა ანგელოსთან გასაუბრება და მასთან ინტერვიუს ჩაწერაც საოცრად უცნაურად დაიბადა. მედიაში გავრცელებული უკვე ძალიან ცნობილი ისტორიით დავინტერესდი. ეს ისტორია სიმსივნით დაავადებულ სენაკელ ქალბატონს უკავშირდება, რომელიც მამა ანგელოსის ლოცვით მესამე სტადიის სიმსივნისგან სრულებით განიკურნა. მედიაში ბერი ანგელოსის ნომერიც იყო მითითებული, დავურეკე, ვესაუბრე, შეხვედრა ვთხოვე მადლისთვის, დალოცვისთვის... თუმცა, შეხვედრა ვერ შევძელი... როგორც ხდება ხოლმე, სხვადასხვა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით. მაშინ ინტერვიუს ჩაწერა არც მქონია გეგმაში. ჩემი ლტოლვაც სხვა მორწმუნეების მზგავსად იყო განპირობებული. წინა საღამოს გვიან ღამით მაცნობეს კონკრეტული მისამართი და დრო, თუ სად ჩატრდებოდა წმინდა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის საჯანმრთელო პარაკლისი, რომელსაც ბერი ანგელოსი ჩაატარებდა და მრევლს წმინდა ბერი გაბრიელის ნაქონ ანაფორას მოასხამდა. დილიდან დაგეგმილი წამებში ჩამეშალა პირადი მიზეზით. დავიწყე ფიქრი, როგორმე მცირეწლოვანი შვილების დასწრება მაინც მომეგვარებინა. თვეობით უნახავ სიყრმის მეგობარს დავურეკე, რომელიც, ასევე, ჩემი შვილის ნათლიაცაა. დრო ცოტა იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ხნის უნახავი მყავდა, უცებ უნდა მეთხოვა, თუ ეცალა, ჩემი შვილები წაეყვანა პარაკლისზე: „როგორ ხარ? დღეს რა გეგმები გაქვს?“ - ეს იყო პირველი კითხვა, რომლის პასუხადაც მივიღე: „არ ვიცი, დილიდან ავირიე... დაგეგმილი მქონდა აუცილებელ საქმეზე გასვლა, ახლა კი მეგობარმა დამირეკა და მაცნობა, თბილისში 3 საათზე მთავარანგელოსთა სახელობიას ტაძარში საჯანმრთელო პარაკლისი ტარდება და წავიდეთო. მე კი საით წავიდე აღარ ვიცი, დაწყებული სამუშაოს დასრულება მინდოდა...“ ეს იყო მინიშნება, რომელსაც ყოყმანი არ სჭირდებოდა, ზუსტად ამისთვის ვურეკავდი და ქუჩის სახელწოდების ხსენებამ ცხადყო, რომელ ტაძარზე და რომელ პარაკლისზე მესაუბრებოდა სიყრმის მეგობარი...“ჰოდა, აღარ იყოყმანო, წადი პარაკლისზე და ჩემი შვილებიც წაიყვანე, სწორედ ამისთვის გირეკავდი!“ - ეს იყო ერთადერთი წინადადება, რომელიც მოვასწარი დროის სიმცირის გამო. ჩემმა მეგობარმა ისე წაიყვანა ჩემი შვილები თავის პატარებთან ერთად, არაფერი იცოდა ბერი ანგელოსის შესახებ.
პირველი შეხვედრა – თითქოს გველოდებოდა…
შემდეგ კვირასაც იგივე განმეორდა. უცნაურად ემთხვეოდა, რომ მე ვერ შევძელი მეორედაც მისვლა. მესამედ კი დაგვიანებით, მაგრამ მივედით პარაკლისზე... იქ დამხვდა ღვთითშემოსილი, განსხავებული ხმის, საოცარი სიმშვიდის ბერი, რომელიც მზერით, საუბრით, მოძრაობით უხილავ კავშირს ამყარებდა თითოეულ იქ მდგომ ადამიანთან! ხალხი ძალზედ ბევრი იყო ტაძარშიც და ეზოშიც, ცხადია, შესვლა ვერ მოვახერხეთ...თითქოს გველოდებოდა, ასეთი შეგრძნება დამეუფლა.. პატარა ტაძარში სნეული თუ ჯანმრთელი ადამიანების ტევა არ იყო, წმინდა მამა გაბრიელის ანაფორას დიდი სიყვარულით ასხამდა მლოცველებს... ბოლოს ნება დაგვრთო, ვმთხვეოდით მრევლის მიერ ულამაზესი ყვავილებით შემკულ წმინდა მამა გაბრიელის სასწაულმოქმედ ხატს, რომელიც იქვე იყო ანალოღიაზე დაბრძანებული. „ეს ხატი სასწაულებრივად დაბუნდა საქართველოში. 16-მა ადამიანმა დაინახა, როგორ ხუჭავს თვალს, მე მხოლოდ ერთხელ დავინახე“, - ახსენა ბერმა. სიკეთის, სიყვარულის ქადაგება იყო იმ ტაძარში. მამა ანგელოსი საოცრად სხარტი და თბილი იუმორითაც გამოირჩევა.
ბერის სიჩუმე თავად საუბრობს...
მცირე ყოყმანის შემდეგ ვთხოვე ინტერვიუ. უარი არ უთქვამს... როგორც შესავალში ვახსენე, საკუთარ თავზე არ საუბრობს: „თვის ქება არ არის ბერის საქციელი,“ - მიპასუხა მან. თუმცა, ბერის სიჩუმე თავად საუბრობს... არც სასწაულები, არც ხილვები, არც მადლმოსილება არ არის მისთვის საუბრის საგანი.
- მამა ანგელოს, პარაკლისის დასასრულს წმინდა ბერი გაბრიელის ხატის საქართველოში სასწაულებრივად დაბრუნება ახსენეთ, როგორ მოხდა ეს?
- მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ყველგან თან დამაქვს წმინდა მამა გაბრიელის ეს ხატი. 8 ქვეყანაში ვიყავი. შვეიცარიაში ჩვეულებრივად შევიტანე. დაბრუნებისას აეროპორტის თანამშრომელმა უკან დამაბრუნა, ჩანთა გამახსნევინა და მითხრა, რომ ამ ხატს ვერ წავიღებდი. მე მისი ენა არ ვიცოდი და ვერ შევეწინააღმდეგე... საქართველოში რომ დავბრუნდი, ხატი ჩემს სახლში დამხვდა...
- სენაკელი ონკოპაციენტის ისტორიამ ბევრ სნეულ ადამიანს იმედი ჩაუსახა. კურნების არაერთ შემთხვებაზე საუბრობენ, არაერთ სასწაულზე...
- მე შავი ბერი ვარ, საკუთარ თავზე საუბარი ბერის საქმე არ არის... უფლის ნებით ხდება, რაც ხდება... თუ უფალს სურს, მხოლოდ ის აღსრულდება... მე რომ მოგიყვეთ, რა სასწაულები ხდება ჩემს გარშემო, გიჟად ჩამთვლიან... ან რა საჭიროა ამაზე საუბარი. ჩემს ყველაზე დიდ მისიად ადამიანების ქრისტიანობისკენ მოქცევაში ვხედავ. მე მახარებს, რომ 172 მართლმადიდებელ ქრისტიანად მონათლული ადამიანის ნათლია ვარ...
- როგორ ხდება ეს? ხომ ვერ გაიხსენებთ კონკრეტულ მაგალითებს?
- არანაირი სათნოება არ გამაჩნია, რომელიც უფლისთვის მოსაწონი იქნება... ნუ, მე ასე ვფიქრობ... გადავწყვიტე და ჩემი სულიერი მოძღვის კურთხევა ავიღე, რომ ღამის ორ საათზე ადრე არასდროს დავიძინო. ღვთის შეწევნით, ამას შეძლებისდაგვარად ვასრულებ. ჩემი დილა კი 7 საათიდან მონასტერში ლოცვით იწყება. წინამძღვრის კურთხევით, ტაძარში მაქვს მორჩილება. მოგეხსენებათ, ლოცვის შემდეგ მციროდენ საკვებს ვიხმევთ და შემდეგ მონასტრულ საქმიანობაში ვებმები. ჩემი ტელეფონის ნომერი ყოველთვის საჯაროა, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია... ღამის 2 საათზე ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, იეჰოვას მოწმემ დამირეკა. ვისაუბრეთ, ბევრი ვისაუბრეთ... უნდა მოვიდე შენთანო... შუაღამისას მოვიდა კიდეც... ისე დაგვათენდა, ვერც კი გავიგეთ... იმდენი რამე იყო დილამდე საუბარში... ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე მოიხიბლა. საუბრის შემდეგ ადგა და ცხოვრებაში პირველად გადაიწერა პირჯვარი ამ სიტყვებით: „მე სულ მალე მოვინათლები მართლმადიდებლად. თქვენ დამანახეთ, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება.“ მართლაც, ეს ბიჭი რამდენიმე დღეში სამების საპატრიარქო ტაძარში მოინათლა მღვდლის ხელით და მე მისი ერთადერთი ნათლია ვარ!
- 21 წლის სასულიერო პირისთვის 5 წლიანი ბერული ცხოვრება მარტივი არ იქნებოდა, როგორ მოდიხართ ამ გზაზე?
- ეს ნამდვილად არ ყოფილა და არც არის ადვილი... შეიძლება პირდაპირი გაგებითაც ვთქვა, რომ ჩემ თავზე წისქვილის ქვაც დატრიალდა, იყო ცილისწამებაც, დევნაც...
- დევნა სად? ერში თუ ბერში?
- ერში მე არ ვარ, ბერმონაზონი გახლავართ. ერიდან 5 წელია წამოვედი. ე.წ. პაგონიანი სასულიერო პირები მერჩიან… დიდია შური, ბოღმა, დაპირისპირება, დევნა, ცილისწამება… ამ ცილისწამებით ცდილობენ დაზარალებას, მაგრამ არაფერი გამოსდით… მე ჩემი გზა და ჩემი ვალი მაქვს… “ტრუბაში” გაგაძვრენენო - ცხონებულმა დიდმა მოღვაწემ მამა გიორგი ბასილაძემ მითხრა ბავშვობაში…ისიც დასძინა, “ბაბუა, შენ თუ ამ ყოველივეს დაითმენ, ღმერთი იმხელა მადლს მოგცემს, მთელი ქვეყნიდან მოვლენ შენთან და დალოცვას გთხოვენ, იმხელა ძალის პატრონი იქნები”. მამა გიორგი ბასილაძის სიტყვები სრულებით აღრულდა. გამაძვრინეს კიდეც… ამ ეტაპზე მაგაზე მეტი საუბარი საჭირო არ არის…ღმერთმა ყველას თავისი გზით გაუმარჯოს…
მამა ანგელოსის გზა ყრმობიდან ბერმონაზვნობამდე: ბავშვობის ხილვა - წმინდა ნინოს გამოცხადება
ბერი ანგელოსი თავისი ცხოვრების შესახებ ბევრს არ საუბრობს. გვიყვება, რომ ამაზე არაერთხელ დაიწერა მედიაში და საკმარისია. ერისკაცობაში გიორგი კოკოლიშვილი წარმოშობით კახეთიდან, კერძოდ გურჯაანის რაიონ სოფელ კარდენახიდანაა. 7 წლის ასაკში მივიდა ტაძარში, მისი მისვლა კი სასწაულს უკავშირდება. ერთ დღეს ძილში ახალგაზრდა გოგონა გამოეცხადა, ხელი მოჰკიდა და ტაძარში წაიყვანა. როცა გაიღვიძა, ასაკოვანი პაპისგან გაიგო, რომ იმ დღეს ნინოობა ყოფილა და მეზობელ სოფელ ანაგაში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) ტაძარში წავიდა კიდეც. ხატთან რომ მივიდა, ის გოგონა ეცნო, აღმოჩნდა, რომ წმინდა ნინო გამოეცხადა 7 წლის ყრმას. მეორე დღიდან სტიქრით შემოსა ტაძრის იმდროინდელმა წინამძღვარმა დეკანოზმა დავითმა. იგი ბერი ანგელოზის მოძღვარი იყო 10 წლის მანძილზე. 16 წლიდან მონასტერში წავიდა, 17 წლის ასაკში ბერად აღკვეცეს და სახელად ანგელოსი უწოდეს. იმ დღიდან შავი სამღვდელობის წარმომადგენელია, ცხოვრობს და მოღვაწეობს მამათა მონასტერში. მამა ანგელოსის პაპა, ერისკაცობაში ომარი კოკოლიშვილი, ახლა კი სქემ ბერ-მონაზონი მოსე 85 წლის ასაკში ყინწვისის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად დიდ წმინდა და ანგელოზებრივ სქემაში. ის პირადად შეხვედრია წმინდა გაბრიელ აღმსარებელსა და სალოსს კახეთში, კერძოდ, ბოდბის წმინდა ნინოს სავანის მახლობლად. წმინდა მამა გაბრიელს იმ დროისათვის ახალგაზრდა ხელოსან ომარისთვის თავისი გულსაკიდი ბერის ჯვარი უჩუქებია და ასეთი სიტყვებით დაულოცავს: “ღმერთმა დაგლოცოს შენა და შენი ოჯახი უკუნისამდეო.” ამ ჯვარს დღემდე გულით ატარებს სქემ ბერ-მონაზონი მოსე. საქართველოში იშვიათი შემთხვევაა 85 წლის ასაკში ბერად აღკვეცა და ანგელოზებრივი სქემით შემოსვა. სქემ ბერ-მონაზონი მოსე დიდად ღვთისნიერი, კეთილშობილი და გულით მორწმუნე ადამიანია, როგორც ამას თავად ბერი ანგელოსი და სხვა მისი ნაცნობები ამბობენ.
ინტერვიუს დასასრულს მამა ანგელოსმა სრულიად საქართველო, ძვირფასი ემიგრანტები - სწავლისა და შრომისთვის გასული თანამემამულეები დალოცა: “ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი! ამინ!
“ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან” - ამ სიტყვებით დამემშვიდობა სიყვარულის მოძღვარი მამა ანგელოსი.
ესაუბრა ვერიკო გულუა
07.16.2025
ბერი ანგელოსის ნებართვით ვაქვეყნებ მის ტელეფონს 591 300 163