USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
ჩრდილში მყოფი სინათლე - 21 წლის ბერი ანგელოსის ცხოვრება და სასწაულები
თარიღი:  2778

მორწმუნე მრევლის ყურადღება კარგა ხანია მიიქცია ახალგაზრდა, 21 წლის ბერმა, რომელმაც ეკლესიური ცხოვრება ჯერ კიდევ ყრმამ - 7 წლის ასაკში დაიწყო. დღეს ის უკვე ბერული ცხოვრების 5 წელიწადს ითვლის. 21 წლის ახალგაზრდისთვის შავი ბერის ცხოვრება რთული და უჩვეულო უნდა იყოს. ასეთივე უჩვეულო და განსხვავებულია მისი ტაძრად მისვლის ამბავი. თავად ამ სირთულის დეტალებზე არაფერს საუბრობს, არც განსაკუთრებულ უნარზე და სულიერებაზე,  თუმცა, მასზე საუბრობს ასობით მორწმუნე  მრევლი, რომელიც ხვდება, გრძნობს და ხედავს, რომ ბერი ანგელოსი ღმერთისგან ბოძებული განსაკუთრებული სულიერი სმენის უნარით გამოირჩევა და სწორედ ამის გამო ისწრაფვის მისკენ.

უცნაური ისაა, რომ ბერი ანგელოსის მიმართ არამხოლოდ მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანები, არამედ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც მიილტვიან. მათი სარწმუნოება არ არის ჭეშმარიტი, თუმცა განსწავლული არიან თავიანთ რელიგიაში... სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების მოქცევა და მართლმადიდებელ ქრისტიანად მონათვლა ბერი ანგელოსის სახელს უკავშირდება. თავის ყველაზე დიდ მადლად და მიღწევად სწორედ 172 ადამიანის გაქრისტიანებას მიიჩნევს და არაფერს ამბობს  დანარჩენ მადლზე, სასწაულებზე, ხილვებზე... თუმცა, ამბობს ასობით მრევლი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა სულიერი თუ ხორციელი კურნების ბერი ანგელოსისეული ძალა. როცა საუბრობს გაქრისტიანებულ ადამიანებზე, ხაზგასმით დასძენს, რომ ის მხოლოდ ნათლიაა, ხოლო ამ ადამიანების ნათლობა მღვდლების ხელით მოხდა, როგორც ეს ეკლესიური კანონებითაა დადგენილი.

ბერთან შეხვედრის და ინტერვიუს იდეის დაბადება       

მამა ანგელოსთან გასაუბრება და მასთან ინტერვიუს ჩაწერაც საოცრად უცნაურად დაიბადა. მედიაში გავრცელებული უკვე ძალიან ცნობილი ისტორიით დავინტერესდი. ეს ისტორია სიმსივნით დაავადებულ სენაკელ ქალბატონს უკავშირდება, რომელიც მამა ანგელოსის ლოცვით მესამე სტადიის სიმსივნისგან სრულებით განიკურნა. მედიაში ბერი ანგელოსის ნომერიც იყო მითითებული, დავურეკე, ვესაუბრე, შეხვედრა ვთხოვე მადლისთვის, დალოცვისთვის... თუმცა, შეხვედრა ვერ შევძელი... როგორც ხდება ხოლმე, სხვადასხვა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით. მაშინ ინტერვიუს ჩაწერა არც მქონია გეგმაში. ჩემი ლტოლვაც სხვა მორწმუნეების მზგავსად იყო განპირობებული. წინა საღამოს გვიან ღამით მაცნობეს კონკრეტული მისამართი და დრო, თუ სად ჩატრდებოდა წმინდა  გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის საჯანმრთელო პარაკლისი, რომელსაც ბერი ანგელოსი ჩაატარებდა და მრევლს წმინდა ბერი გაბრიელის ნაქონ ანაფორას მოასხამდა. დილიდან დაგეგმილი წამებში ჩამეშალა პირადი მიზეზით. დავიწყე ფიქრი, როგორმე მცირეწლოვანი შვილების დასწრება მაინც მომეგვარებინა. თვეობით უნახავ სიყრმის მეგობარს დავურეკე, რომელიც, ასევე, ჩემი შვილის ნათლიაცაა. დრო ცოტა იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ხნის უნახავი მყავდა, უცებ უნდა მეთხოვა, თუ ეცალა, ჩემი შვილები წაეყვანა პარაკლისზე: „როგორ ხარ? დღეს რა გეგმები გაქვს?“ - ეს იყო პირველი კითხვა, რომლის პასუხადაც მივიღე: „არ ვიცი, დილიდან ავირიე... დაგეგმილი მქონდა აუცილებელ საქმეზე გასვლა, ახლა კი მეგობარმა დამირეკა და მაცნობა, თბილისში 3 საათზე მთავარანგელოსთა სახელობიას ტაძარში  საჯანმრთელო პარაკლისი ტარდება და წავიდეთო. მე კი საით წავიდე აღარ ვიცი, დაწყებული სამუშაოს დასრულება მინდოდა...“ ეს იყო მინიშნება, რომელსაც ყოყმანი არ სჭირდებოდა, ზუსტად ამისთვის ვურეკავდი და ქუჩის სახელწოდების ხსენებამ ცხადყო, რომელ ტაძარზე და რომელ პარაკლისზე მესაუბრებოდა სიყრმის მეგობარი...“ჰოდა, აღარ იყოყმანო, წადი პარაკლისზე და ჩემი შვილებიც წაიყვანე, სწორედ ამისთვის გირეკავდი!“ - ეს იყო ერთადერთი წინადადება, რომელიც მოვასწარი დროის სიმცირის გამო. ჩემმა მეგობარმა ისე წაიყვანა ჩემი შვილები თავის პატარებთან ერთად, არაფერი იცოდა ბერი ანგელოსის შესახებ.

პირველი შეხვედრა – თითქოს გველოდებოდა…

შემდეგ კვირასაც იგივე განმეორდა. უცნაურად ემთხვეოდა, რომ მე ვერ შევძელი მეორედაც მისვლა. მესამედ კი დაგვიანებით, მაგრამ მივედით პარაკლისზე... იქ დამხვდა ღვთითშემოსილი, განსხავებული ხმის, საოცარი სიმშვიდის ბერი, რომელიც მზერით, საუბრით, მოძრაობით უხილავ კავშირს ამყარებდა თითოეულ იქ მდგომ ადამიანთან! ხალხი ძალზედ ბევრი იყო ტაძარშიც და ეზოშიც, ცხადია, შესვლა ვერ მოვახერხეთ...თითქოს გველოდებოდა, ასეთი შეგრძნება დამეუფლა.. პატარა ტაძარში სნეული თუ ჯანმრთელი ადამიანების ტევა არ იყო, წმინდა მამა გაბრიელის ანაფორას დიდი სიყვარულით ასხამდა მლოცველებს... ბოლოს ნება დაგვრთო, ვმთხვეოდით მრევლის მიერ ულამაზესი ყვავილებით შემკულ წმინდა მამა გაბრიელის სასწაულმოქმედ ხატს, რომელიც იქვე იყო ანალოღიაზე დაბრძანებული. „ეს ხატი სასწაულებრივად დაბუნდა საქართველოში. 16-მა ადამიანმა  დაინახა, როგორ ხუჭავს თვალს, მე მხოლოდ ერთხელ დავინახე“, - ახსენა ბერმა. სიკეთის, სიყვარულის ქადაგება იყო იმ ტაძარში. მამა ანგელოსი საოცრად სხარტი და თბილი იუმორითაც გამოირჩევა.

ბერის სიჩუმე თავად საუბრობს...

მცირე ყოყმანის შემდეგ ვთხოვე ინტერვიუ. უარი არ უთქვამს... როგორც შესავალში ვახსენე, საკუთარ თავზე არ საუბრობს: „თვის ქება არ არის ბერის საქციელი,“ - მიპასუხა მან.  თუმცა, ბერის სიჩუმე თავად საუბრობს... არც სასწაულები, არც ხილვები, არც მადლმოსილება არ არის მისთვის საუბრის საგანი.
- მამა ანგელოს, პარაკლისის დასასრულს წმინდა ბერი გაბრიელის ხატის საქართველოში სასწაულებრივად დაბრუნება ახსენეთ, როგორ მოხდა ეს?

- მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ყველგან თან დამაქვს წმინდა მამა გაბრიელის ეს ხატი. 8 ქვეყანაში ვიყავი. შვეიცარიაში ჩვეულებრივად შევიტანე. დაბრუნებისას აეროპორტის თანამშრომელმა უკან დამაბრუნა, ჩანთა გამახსნევინა და მითხრა, რომ ამ ხატს ვერ წავიღებდი. მე მისი ენა არ ვიცოდი და ვერ შევეწინააღმდეგე... საქართველოში რომ დავბრუნდი, ხატი ჩემს სახლში დამხვდა...

სენაკელი ონკოპაციენტის ისტორიამ ბევრ სნეულ ადამიანს იმედი ჩაუსახა. კურნების არაერთ შემთხვებაზე საუბრობენ, არაერთ სასწაულზე...
- მე შავი ბერი ვარ, საკუთარ თავზე საუბარი ბერის საქმე არ არის... უფლის ნებით ხდება, რაც ხდება... თუ უფალს სურს, მხოლოდ ის აღსრულდება... მე რომ მოგიყვეთ, რა სასწაულები ხდება ჩემს გარშემო, გიჟად ჩამთვლიან... ან რა საჭიროა ამაზე საუბარი. ჩემს ყველაზე დიდ მისიად ადამიანების ქრისტიანობისკენ მოქცევაში ვხედავ. მე მახარებს, რომ 172 მართლმადიდებელ ქრისტიანად მონათლული ადამიანის ნათლია ვარ...

- როგორ ხდება ეს? ხომ ვერ გაიხსენებთ კონკრეტულ მაგალითებს?

- არანაირი სათნოება არ გამაჩნია, რომელიც უფლისთვის მოსაწონი იქნება... ნუ, მე ასე ვფიქრობ... გადავწყვიტე და ჩემი სულიერი მოძღვის კურთხევა ავიღე, რომ ღამის ორ საათზე ადრე არასდროს დავიძინო. ღვთის შეწევნით, ამას შეძლებისდაგვარად ვასრულებ. ჩემი დილა კი 7 საათიდან მონასტერში ლოცვით იწყება. წინამძღვრის კურთხევით, ტაძარში მაქვს მორჩილება. მოგეხსენებათ, ლოცვის შემდეგ მციროდენ საკვებს ვიხმევთ და შემდეგ მონასტრულ საქმიანობაში ვებმები. ჩემი ტელეფონის ნომერი ყოველთვის საჯაროა, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია... ღამის 2 საათზე ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, იეჰოვას მოწმემ დამირეკა. ვისაუბრეთ, ბევრი ვისაუბრეთ... უნდა მოვიდე შენთანო... შუაღამისას მოვიდა კიდეც... ისე დაგვათენდა, ვერც კი გავიგეთ... იმდენი რამე იყო დილამდე საუბარში... ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე მოიხიბლა. საუბრის შემდეგ ადგა და ცხოვრებაში პირველად გადაიწერა პირჯვარი ამ სიტყვებით: „მე სულ მალე მოვინათლები მართლმადიდებლად. თქვენ დამანახეთ, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება.“ მართლაც, ეს ბიჭი რამდენიმე დღეში სამების საპატრიარქო ტაძარში მოინათლა მღვდლის ხელით და მე მისი ერთადერთი ნათლია ვარ!

- 21 წლის სასულიერო პირისთვის 5 წლიანი ბერული ცხოვრება მარტივი არ იქნებოდა, როგორ მოდიხართ ამ გზაზე?

ეს ნამდვილად არ ყოფილა და არც არის ადვილი... შეიძლება პირდაპირი გაგებითაც ვთქვა, რომ ჩემ თავზე წისქვილის ქვაც დატრიალდა, იყო ცილისწამებაც, დევნაც...

- დევნა სად? ერში თუ ბერში?

- ერში მე არ ვარ, ბერმონაზონი გახლავართ. ერიდან 5 წელია წამოვედი. ე.წ. პაგონიანი სასულიერო პირები მერჩიან… დიდია შური, ბოღმა, დაპირისპირება, დევნა, ცილისწამება… ამ ცილისწამებით ცდილობენ დაზარალებას, მაგრამ არაფერი გამოსდით… მე ჩემი გზა და ჩემი ვალი მაქვს… “ტრუბაში” გაგაძვრენენო - ცხონებულმა დიდმა მოღვაწემ მამა გიორგი ბასილაძემ მითხრა ბავშვობაში…ისიც დასძინა, “ბაბუა, შენ თუ ამ ყოველივეს დაითმენ, ღმერთი იმხელა მადლს მოგცემს, მთელი ქვეყნიდან მოვლენ შენთან და დალოცვას გთხოვენ, იმხელა ძალის პატრონი იქნები”. მამა გიორგი ბასილაძის სიტყვები სრულებით აღრულდა. გამაძვრინეს კიდეც… ამ ეტაპზე მაგაზე მეტი საუბარი საჭირო არ არის…ღმერთმა ყველას თავისი გზით გაუმარჯოს…

 

მამა ანგელოსის გზა ყრმობიდან ბერმონაზვნობამდე: ბავშვობის ხილვა - წმინდა ნინოს გამოცხადება

ბერი ანგელოსი თავისი ცხოვრების შესახებ ბევრს არ საუბრობს. გვიყვება, რომ ამაზე არაერთხელ დაიწერა მედიაში და საკმარისია. ერისკაცობაში გიორგი კოკოლიშვილი წარმოშობით კახეთიდან, კერძოდ გურჯაანის რაიონ სოფელ კარდენახიდანაა. 7 წლის ასაკში მივიდა ტაძარში, მისი მისვლა კი სასწაულს უკავშირდება. ერთ დღეს ძილში ახალგაზრდა გოგონა გამოეცხადა, ხელი მოჰკიდა და ტაძარში წაიყვანა. როცა გაიღვიძა, ასაკოვანი პაპისგან გაიგო, რომ იმ დღეს ნინოობა ყოფილა და მეზობელ სოფელ ანაგაში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) ტაძარში წავიდა კიდეც. ხატთან რომ მივიდა, ის გოგონა ეცნო, აღმოჩნდა, რომ წმინდა ნინო გამოეცხადა 7 წლის ყრმას. მეორე დღიდან სტიქრით შემოსა  ტაძრის  იმდროინდელმა წინამძღვარმა დეკანოზმა დავითმა. იგი ბერი ანგელოზის მოძღვარი იყო 10 წლის მანძილზე. 16 წლიდან მონასტერში წავიდა, 17 წლის ასაკში ბერად აღკვეცეს და სახელად ანგელოსი უწოდეს. იმ დღიდან შავი სამღვდელობის წარმომადგენელია, ცხოვრობს და მოღვაწეობს მამათა მონასტერში. მამა ანგელოსის პაპა, ერისკაცობაში ომარი კოკოლიშვილი, ახლა კი სქემ ბერ-მონაზონი მოსე 85 წლის ასაკში ყინწვისის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით  აღიკვეცა ბერად დიდ  წმინდა და ანგელოზებრივ სქემაში.  ის პირადად შეხვედრია წმინდა გაბრიელ აღმსარებელსა და სალოსს კახეთში,  კერძოდ, ბოდბის წმინდა ნინოს სავანის მახლობლად. წმინდა მამა გაბრიელს იმ დროისათვის ახალგაზრდა ხელოსან ომარისთვის თავისი გულსაკიდი ბერის ჯვარი უჩუქებია და ასეთი სიტყვებით დაულოცავს: “ღმერთმა დაგლოცოს შენა და შენი ოჯახი  უკუნისამდეო.” ამ ჯვარს დღემდე გულით ატარებს სქემ ბერ-მონაზონი მოსე. საქართველოში იშვიათი შემთხვევაა 85 წლის ასაკში ბერად აღკვეცა და ანგელოზებრივი სქემით შემოსვა. სქემ ბერ-მონაზონი მოსე დიდად ღვთისნიერი, კეთილშობილი და გულით მორწმუნე ადამიანი, როგორც ამას ავად ბერი ანგელოსი და სხვა მისი ნაცნობები ამბობენ.

ინტერვიუს დასასრულს მამა ანგელოსმა სრულიად საქართველო, ძვირფასი ემიგრანტები - სწავლისა და შრომისთვის გასული თანამემამულეები დალოცა: “ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი! ამინ!

“ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან” - ამ სიტყვებით დამემშვიდობა სიყვარულის მოძღვარი მამა ანგელოსი.  

 

ესაუბრა ვერიკო გულუა  

07.16.2025

 

ბერი ანგელოსის ნებართვით ვაქვეყნებ მის ტელეფონს 591 300 163

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის