აკა ზარქუა
"ჩინეთი და რუსეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ძირეულ ინტერესებს მსოფლიოს სხვადასახვა წერტილში... მოვუწოდებთ ნატოს უარი თქვას ცივი ომის დროინდელ მიდგომებზე"- ეს არის ამონარიდი 2022 წლის 4 თებერვალს რუსეთის და ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ გაფორმებული ერთობლივი ტექსტიდან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა დაუფარავ და გრძელვადიან პაქტში გადაიზარდა, რომლის მთავარი მიზანიც აშშ-სთან დაპირისპირება და მისი გლობალური დომინაციის მოშლაა.
რუსეთ-ჩინეთის წინა სამიტებისგან განსხვავებით, გასული წლის თებერვლის ტექსტში ამერიკის შეერთებული შტატები ჯამურად ექვსჯერ იყო ნახსენები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ს აზიურ ალიანსებს
ყურადღება დაიმსახურა ტექსტის იმ მონაკვეთმა, რომელშიც ჩინეთი და რუსეთი ეწინააღმდეგებიან ნატოს გაფართოების პროცესს - ეს კი იმ დროისთვის უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წამოყენებული დიპლომატიური ულტიმატუმის მთავარი მოთხოვნა იყო.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და ჩინეთის მკვლევრების აზრით, ჩინეთის ამგვარი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტოა და მიანიშნებს, რომ ჩინეთს სურს ჰქონდეს საკუთარი გავლენა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაშიც.
"მსოფლიო უნდა მოემზადოს ჩინეთსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობისთვის",- ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში ნიუ-ორკში ბაზირებული აზიური საზოგადოების პრეზიდენტი და ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კევინ რუდი.
ეკონომიკური და გეოპოლიტიკური აღმასვლის ფონზე ჩინეთს აქვს ამბიცია ამოაყიროვოს აშშ-ს ლიდერობით ორგანიზებული მსოფლიო წესრიგი. "ჩინეთის სურს, იყოს ჩინეთი, მიღებული იყოს ყველასგან, როგორც ჩინეთი და არა, როგორც დასავლური ალიანსის საპატიო წევრი",- ამბობდა სინგაპურის ყოფილი ლიდერი და ჩინეთის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე ლი კუან იუ.
ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები მომავალი ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ამ კონტექსტში პოტენციური დაძაბულობის არეალია აშშ-ს მოკავშირე რეგიონული სახელმწიფოების მომიჯნავე ტერიტორიაა. ამგვარი დაძაბულობის კონტურები ყველაზე მკაფიოდ ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში მოსჩანს.
დასავლეთთან ჩინეთის მზარდი კონფრონტაციის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რომლის როლი ფუნქცია და პოზიცია ამ დაპისპირებაში ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოკვეთილი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ აშკარა გახადა ევროტლანტიკური სივრცისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მზარდი ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად, ჩინეთის პოზიციას გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა რუსეთზე დასავლეთის დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხის შესარბილებლად. ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული ომის მიმართ ჩინეთის პოზიციის სირბილემ რუსეთი გადაარჩინა გლობალურ იზოლაციას.
მსოფლიოს გლობალიზიციის ხარისხსა და ამ 2 სივრცის მზარდ გეოპოლიტიკურ ურთდამოკიდებულებაზე მეტყველებს ისიც, რომ უკრაინის კონტრიერიშის საჭიროების უზრუნველყოფისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეას მიმართა. სწორედ კორეისგან მიღებული 500 ათასი ჭურვის მეშვეობით შეძლო აშშ-მ უკრაინის იერიშის დასპონსორება. ამავე რიგის მოვლენად შეგვიძლია განვიხილოთ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება - საარტილერიო ჭურვების ნაცვლად რუსეთმა კიმ ჩენ ინს სადაზვერვო სატელიტის პროგრამის გამართვაში დაეხმარება, რასაც კორეელი დიქტატორი მრავალი წელია ცდილობს.
სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ იაპონიამ შეცვალა კანონმდებლობა, რათა აშშ-სთვის PATRIOT-ის თავდაცვის სისტემების რაკეტების ამოწურული მარაგების შევსებაში დაეხმარებოდა.
ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში პეკინის იმიჯი ეტაპობრივად და უარყოფითად იცვლება. ამ თვალსაზრისით ევროპული სახელმწიფოების მანევრის სივრცე მნიშვნელოვნად დაავიწროვა რუსეთის და ჩინეთის მზარდმა სიახლოვემ, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთად ესწრაფვიან არსებული წესრიგის შეცვლას. სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ ორივე ქვეყანა ამ დროისთვის რევიზიონისტულ ძალას წარმოადგენს და სწორედ ამ ოპტიკით უყურებენ გლობალურ სივრცეს.
გარდა ამისა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონში გააქტიურდა დისკუსიები პრიორიტებების შესახებ - აშშ-ში ცდილობენ იპოვონ სწორი ბალანსი: გააგრძელონ უკრაინის დახმარება და ამავდროულად არ მოადუნონ ყურადღება იმ საფრთხეზე, რომელსაც ჩინეთი წყნარი ოკეანის აუზში ქმნის. გაიზარდა იმ ხმების რაოდენობაც, რომლებიც ამერიკას ევროპისგან დისტანცირებას და ჩინეთის საფრთხეზე ფოკუსირებას ურჩევენ.
აქედან გამომდინარე, არსებობს კითხვა - რას ნიშნავს პრიორიტეტების განაწილება აშშ-ს მიერ და როგორ აისახება ეს ყველაფერი ევროპის უსაფრთხოებაზე.
2017 წელს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ჩინეთი "გრძელვადიან, სტრატეგიულ მეტოქედ" დასახელდა. ტრამპის და ბაიდენის ადმინისტრაციები ცდილობდნენ ტრანს-ატლანტიკური თანამშრომლობა ჩინეთზეც გავრცელებულიყო. ამერიკული ხედვით, ევროპის მიერ აშშ-ს პოლიტიკის მხარდაჭერა საკვანძო მნიშვნელობის იქნებოდა იმ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სტრატეგიულ გამოწვევებზე საპასუხოდ რაც ჩინეთის გლობალურ აღმასვლას უკავშირდება.
თუ კი თავდაპირველად ვაშინგტონი ევროკავშირის წევრ ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით ცდილობდა ჩინეთთან დაკავშირებით საერთო სტრატეგიული ხაზის შემუშავებას, ბოლო წლებში ამ პროცესში ნატოს როლი თანმიმდევრულად იზრდებოდა.
ჩინეთის საკითხის მნიშვნელობა ნატოსთვის ოფიციალურად პირველად 2019 წელს ლონდონის სამიტზე დაფიქსირდა. "პეკინის მზარდი გავლენა და მისი საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს როგორც გამოწვევებს, ასევე შესაძლებლობებს, რასაც ჩვენ ალიანსის ფორმატში უნდა ვუპასუხოთ",- გამოქვეყნებულ კომუნიკეში.
კომუნიკემ საფუძველი დაუდო ახალ დისკუსიებს: ერთ მხარეს გაერთიანებული სამეფოს მიერ მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებდნენ პარტნიორებს უფრო სერიოზულად მოკიდებოდნენ ჩინეთის საკითხს. კონტინენტური ევროპის ზოგი ქვეყანა კი მიიჩნევს, რომ ნატოს ფორმატში ჩინეთი საკითხს შემდგომი ინტეგრაცია შეზღუდავდა მათ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან. ამ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ ნატო არ გაცდეს არსებულ მანდატს (ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება) დარჩეს არსებულ გეოგრაფიულ ლიმიტებში და პრიორეტეტად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება გამოიკვეთოს.
2019 წლის ლონდონის სამიტს მოყვა NATO 2030-ის სახელით ცნობილი საკონსულტაციო პროცესი. ალიანსის გენერალური მდივნის მიერ ინიცირებული პროცესის ფარგლებში დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა მოამზადა ანგარიში ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების შესახებ.
აღნიშნული ანგარიში არ არის ნატოს ოფიციალური დოკუმენტი, ამ გარემოებამ ავტორებს სხვადასხვა საკითხის განხილვისთვის უფრო მეტი სივრცე მისცა, მათ შორის ჩინეთთან დაკავშირებითაც. ავტორები ყურადღებას ამახვილებდნენ ჩინეთისა და რუსეთის მიერ წაროქმნილ ერთდროულ გლობალურ გამოწვევებზე და ალიანსის ლიდერებს მეტი მოქნილობისკენ მოუწოდებდნენ.
აქედან გამომდინარე ავტორები ნატოს ფუნქციისა და როლის შედარებით ვიწრო გეოგრაფიული როლის გაფართოების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ. ამ თვალსაზრისით ცენტრალური მნიშვნელობის საკითხად გამოკვეთილი იყო ალიანსის თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა. ავტორების ალიანსის წევრებს მოუწოდებდნენ დაფიქრებულიყვნენ გრძელვადიან პარტნიორობაზე ინდოეთთან.
უკვე 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე ჩინეთს ალიანსის კომუნიკეში 2 პარაგრაფი დაეთმო. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ჩინეთის მოქმედებები საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, მათ შორის იმ არეალში, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის ნაწილია. ხაზგასმული იყო ჩინეთისა და რუსეთის მზარდი სამხედრო კოოპერაცია, ასევე მზარდი ბირთვული არსენალი და ჩინეთიდან მომავალ კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეები. ამასთანავე, კომუნიკეში ხაგასმული იყო ჩინეთთან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.
უკვე 2022 წელს მადრიდის სამიტზე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები. "საჭიროა თავი დავიცვათ ჩინეთის მცდელელობის წინააღდეგ შეიტანოს განხეთქილება ალიანსში",- ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში. უკვე მიმდინარე წლის ვილნიუსის სამიტზე ნატოს ლიდერები მოუწოდებდნენ ჩინეთს დაეგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და პატივი ეცა გაეროს დამფუძნებელი დოკუმენტისთვის.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგი ჩინეთთან მიმართებით 3 დონის ანალიზს ეფუძნება.
პირველი მათგანი ის გლობალურია და ძირითადად დაპირისპირების პოლიტიკურ ასპექტს უკავშირდება - ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული მსოფლიო წესრიგისთვის მრავალგანზომილებიანი გამოწვევების წარმოქნმა ძალუძს. ეს მოსაზრება იდენტურია აშშ-ს 2022 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტში არსებული ჩანაწერის.
ანალიზის მეორე დონე უფრო მეტად პირდაპირ საფრთხეებს ეხება, კერძოდ საუბარია ჩინეთის საზღვაო პოტენციალის ზრდაზე, ჩინეთის კოსმოსურ პროგრამასა და კიბერ საფრთხეებზე. ყურადღება ეთმობა ჩინეთის სამხედრო აქტივობას ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე იმ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩინური კომპანიები ევროპაში აკონტროლებენ. ამის გათვალისწინებით ალიანსის წევრები შეთანხმებულები არიან, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მანდატის სივრცეში ჩინეთის აქტივობას ყურადღებით დააკვირდებიან. ამასთანავე ჩინეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე ირიბ საფრთხეს უქმნის ალიანსს მისი მანდატის სივრცეში.
მესამე დონე ნატოს მისიასთან მხოლოდ ირიბ შემხებლობაშია, თუმცა ამის მიუხედავად ყველაზე მნიშვნელოვანია. თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ჩინეთის აღმასვლა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში პირდაპირ და რელევანტურ გამოწვევებს უქმნის ალიანსს. ეს განპირობებულია ინდოეთ-წყნარი ოკეანის ცენტრალური მნიშვნელობით გლობალური ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და სტრატეგიის საკითხებში. ეს რეგიონი კრიტიკული მნიშვნელობისაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, შესაბამისად არაპირდაპირ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვისაც.
ალიანსის თანამშრომლობას ამ რეგიონის საკვანძო პარტნიორებთან (ახალი ზელანდია, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა) თავისი ისტორია აქვს. გარემოება, რომ აღნიშნული სახელმწიფოები ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეები არიან მიანიშნებს მათ მაღალ თავსებადობაზე ალიანსთან.
ეს თავსებადობა თვალსაჩინოა როგორც პოლიტიკური თანხვედრის, ასევე უსაფრთხოების ხედვების, ფასეულობებისა და სამხედრო სტანდარტების ნაწილშიც. მიუხედევად იმისა, რომ ამ რეგიონის ქვეყნებთან ალიანსის წევრებს არაფორმალური კავშირების დამყარების მცდელობა ცივი ომის დროიდან ჰქონდათ, თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები და მექანიზმების შექმნა მხოლოდ 1990-იანი წლების მიწურულს დაიწყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ რეგიონული დიალოგი წამოიწყო ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის უფრო ფართე სამეზობლოსთან, მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან და ასევე ახლო აღმოსავლეთთან. ალიანსი ინარჩუნებდა სახელდახელო პოლიტიკურ დიალოგს ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზის ცალკეულ ქვეყნებთან.
ამ რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოპერაცია ავღანეთში და ძირითადად იმ საჭიროებებს უკავშირდება, რაც ავღანეთში ინტერვენციამ გამოიწვია. ოპერაციის წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ალიანსის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის სივრცე, მეტიც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში თანამშრომლობა ოპერაციულ განზომილებაშიც შედგა. ავსტრალიამ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტიც გაგზავნა.
"ნატო 2030"-ის შექმნის ფარგლებში ალიანსმა ინდოეთ-წყნარი ოკეანის 4 პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო. ამ ქვეყნების ლიდერების მიწვევა ალიანსის სამიტზე მადრიდსა და ვილნიუსში ამ მზარდი თანამშრომლობის სიმბოლო გახდა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ ამ რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის მთავარი ფორმატი ალიანსის ეგიდით, არამედ ორმხრივი და ინდივიდიალური შეთნახმებებით იქნება განსაზღვრული.
ჩინეთიდან მომავალი საფრთხის ნაწილში მოსალოდნელია, რომ ყველაზე მზარდ თანამშრომლობას მომდევნო წლებში იაპონიასა და ახალ ზელანდიასთან ვიხილავთ. ამის მიუხედავად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი ერთიან პოლიტიკაში გადაიზარდოს, მით უფრო რთულია იმაზე საუბარი, რომ ალიანსი ჩინეთთან მიმართებით ინდოეთ-წყნარი ოკეანის სივრცეში იმავე პრინციპებით იხელმღვანელებს, რასაც ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში ატარებს.
ვილნიუსისა და მადრიდის სამიტებზე ნატოს საკითხის წინ წამოწევის მიუხედავად ჩინეთთან დაკავშირებით აზრთა სხვაობა კვლავ ნარჩუნდება - ერთი შეხედვით ალიანსში სულ უფრო მეტად იზიარებენ ჩინეთის გლობალური აღმასვლით შექმნილ გამოწვევებს და მის შეკავებაზე ფიქრობენ, თუმცა ჩინეთის კვლავ არ არის აღიარებული საფრთხედ ნატოსთვის. რთული სათქმელია რამდენად მზად იქნება და რამდენად მოინდომებს ალიანსი პირდაპირ მოქმედებებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში.
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს და ინდოეთ-წყნარი ოკეანის ქვეყნებს მსგავსი მიზნები აქვთ: მათ სურთ უფრო ეფექტურად შეაკავონ დიდი, რევიზიონისტული სახელმწიფო, მათ სურთ შესაბამისი ძალებისა და ტექნოლოგიების მობილიზება არსებული გამოწვევებისთვის. ამ ქვეყნებისთვის საფრთხის წყარო განსხვავებულია, თუმცა მათ წინაშე არსებული გამოწვევები, ამ საფრთხეების შინაარსი და სტრუქტურა მსგავსია. ეს გარემოება კი მოცულობით სინერგიულ პოტენციალს და სტრუქტურული თანამშრომლობის განვითარებისთვის დიდ სივრცეს იძლევა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობებს უკავშირდება. მოსალოდნელია ჩინეთთან მზარდი დაპირისპირების ფონზე ვაშინგტონი იძულებული იქნება საკუთარი სამხედრო რესურსის დიდი ნაწილი სწორედ ამ რეგიონისკენ მიმართოს, განსაკუთრებით სამხედრო-საზღვაო ძალების. ვითარების შემდგომი გართულების შემთხვევებში ნატოელი პარტნიორები მზად უნდა იყვნენ აშშ-ს დასახმარებლად აღნიშნულ რეგიონში, ეს აუცილებლად პირდაპირ სამხედრო ჩარევას არ გულისხმობს. ალიანსის მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ შეავსონ ის ცარიელი სივრცეები, რაც შესაძლოა აშშ-ს მხრიდან წყნარი ოკეანის აუზზე გაზრდილმა ყურადღებამ და საჭიროებებმა ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში წარმოქმნას.
ვილნიუსის სამიტის შემდეგ წარმოქმნილ მოცემულობაში ალიანსმა უნდა იფიქროს თუ როგორ ამოავსებს სიცარიელეს, რომელიც მის ფუნდამენტურ მისიასა და ჩინეთთან დაკავშირებულ საფრთხეებს შორის არსებობს. ამ თვალსაზრისით მთავარი საკითხია: თუ როგორ შეცვლის ჩინეთის ამბიციები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო რესურსების გეოგრაფიას და გეგმებს.
წყარო:https://realpolitika.ge/