USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
ჩოგბურთის ისტორია და ქულების დათვლის
Date:  6317
ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა, თუმცა თანამედროვე ჩოგბურთის დამაარსებლად დიდი ბრიტანეთის კავალერიის ოფიცერს, უოლტერ კლოპტონ უინგფილდს მიიჩნევენ, რომელმაც 1873 წელს ახალი თამაშის, სფერისტიკის (ბერძნულად ნიშნავს - ითამაშე ბურთი) წესები გამოაქვეყნა. იმ დროისთვის უკვე არსებობდა მსგავსი თამაშები, მაგალითად ბადმინტონი. უინგფილდის დაფუძნებულმა სფერისტიკამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და გამოგონებიდან ერთი წლის შემდეგ ოფიცერმა ის დააპატენტა და მას უწოდა - „ლაუნ-ტენისი“
პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს გაიმართა და მას შემდგომ „უიმბლდონი“ უწოდეს. 1896 წელს ჩოგბურთი ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ სახეობად აღიარეს.
ჩოგბურთის მსგავსი სპორტის სახეობები სათავეს გაცილებით ადრეული ხანიდან იღებს და მის შესახებ ცნობები ბევრმა ისტორიკოსმა შემოგვინახა, რომლებსაც მოგვიანებით დეტალურად გაგაცნობთ, თუმცა ახლა რამდენიმე საინტერესო ინფორმაციაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
რატომ დაერქვა ჩოგბურთს ტენისი (Tennis) – ერთ-ერთი ვერსიით, ის ფრანგული სიტყვა ტენე-დან (tenir) მომდინარეობს, რაც ნიშნავს “დაიჭირეს”. გავრცელებული ცნობებით, სწორედ ამ შეძახილით ხვდებოდნენ მოწინააღმდეგეს ბურთის მოწოდებისას.
ჩოგბურთის ისტორიული ქრონოლოგია:
 
XIII საუკუნე - წყაროების თანახმად, სპორტი თავიდანვე გახდა სამეფო ოჯახების უსაყვარლესი გასართობი. 1316 წელს მეფე ლუი X მძიმე "Jeu De Paume" - მატჩის შემდგომ გარდაიცვალა, მაგრამ ამან სპორტის პოპულარობას ხელი ვერ შეუშალა. 
XIV საუკუნე - მიუხედავად დედა ეკლესიის წინააღმდეგობისა, მე-14 საუკუნეში ხელის გულის თამაში ევროპელი ბერების ერთ-ერთი უსაყვარლესი განსატვირთელი აქტივობა ხდება. თამაში მთელს ევროპაში მალევე გავრცელდა და განვითარდა.
XVI - XVIII საუკუნეები - ამ ორი საუკუნის განმავლობაში, თამაში ძირითადად სამეფო ოჯახებისა და დიდგვაროვნების გასართობად მიიჩნეოდა. ფრანგ მოთამაშეებს თამაშის დასაწყისში სახასიათო შეძახილი გამოარჩევდათ : "Tenez ! " - (Hold ! / Recieve !  , მიიღე ! ). ხელის გულის თამაშს, მალევე "Real Tennis" დაერქვა.
1530-იანები - ჰენრი VIII ჰემპტონის სასახლის ეზოში ჩოგბურთის კორტს აშენებს. მართალია ეს კორტი აღარ არსებობს, მაგრამ ამ ადგილას მსგავსი კორტი 1625 წელს აშენდა და ის დღემდე ფუნქციონირებს. 
 
1583 წელი - გარკვეული წყაროების თანახმად, პირველი ჩოგანი 1583 წელს, იტალიაში შექმნეს, თუმცა თანამედროვე ჩოგანთან ყველაზე მეტად მიახლოებული, პირველი სოლიდური ხის ჩოგნის დაბადებას 1874 წლით ათარიღებენ, მისი სამშობლო ლონდონია, მშობელი - უოლტერ უინგფილდი. 

1830-იან წლები - ინგლისელებმა პირველად დაიწყეს ფიქრი თამაშის ღია სივრცეში გადმოტანაზე და თანამედროვე ჩოგბურთთან ყველაზე უფრო მეტად მიახლოებული, ე.წ. Lawn Tennis ჩანასახები გაჩნდა. 
1868 წლის 23 ივლისი -  უიმბლდონის გარეუბანში კერძო კლუბი იხსნება, სახელწოდებით "The All England Croquet Club".
1874 წელი - ბრიტანული არმიის მაიორი, უოლტერ კლოპტონ უინგფილდი 1874 წელს ჰარი ჯემს (ერთ-ერთი პიონერი) წერილს წერს, რომ წელიწადზე მეტია თამაშზე "sphairistikè (ბერძნ. - "ball-playing") მუშაობს, მან დიზაინი შექმნა და ახალი თამაში დააპატენტა. ჩოგბურთის ისტორიის თანახმად, ეს თამაში ყველაზე ახლოს არის სპორტის თანამედროვე ესთეტიკასთან, გამომგონებელმა იდეალური მარკეტინგის ხარჯზე თამაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიტანა.

1877 წელი - პირველი უიმბლდონის ტურნირი ! ჯერ კიდევ  1877 წელს, აქ პირველი საჩოგბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, სახელწოდებით "FIRST WORLD CHAMPIONSHIP".  ტურნირზე მამაკაცები მონაწილეობდნენ, აქ სულ 22 მოთამაშე გვყავდა. 

1881 წელი - 1881 წელს პირველი საჩოგბურთო ტურნირი ამერიკის კონტინენტზეც ჩატარდება ! ამერიკის ღია პირველობას დიკ სეარსი მოიგებს. 

1891 წელი - საფრანგეთის ღია პირველობის დასაწყისი ! მაშინ ტურნირზე მონაწილეობა მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეებს შეეძლოთ.

1900 წელი - დევისის თასის პირველი ანალოგი, 1900 წელს ისტორიაში პირველად განსხვავებული ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა  და ბრიტანეთის კუნძულების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. 
1905 წელი - მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველი ტურნირი ჩატარდა ავსტრალიის კონტინენტზეც. მაშინ ავსტრალიის ღია პირველობა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტერიტორიებზე იმართებოდა. 

პირველი ქალთა ტურნირები - 1884 უიმბლდონი, 1887 ამერიკა, 1897 როლან გაროსი, 1922 ავსტრალია. 


1960-იანი წლები - 
საჩოგბურთო სამყაროში დებატები იწყება, მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად შეიძლება, რომ პროფესიონალი და მოყვარული მოთამაშეების ტურნირები გაიმიჯნოს. იდეა 5 ხმით აგებს, 4 დიდი სლემის ტურნირი მოყვარულთათვისაც ღიაა.

1968 წელი - ე.წ. Open Era-ს დასაწყისი. პირველად ჩოგბურთის ისტორიაში, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, ბორნმუთში  "ოფიციალური" ტურნირი გაიმართება. პირველი სლემის ტურნირი ღია ერაში როლან გაროსზე გვქონდა. ორივე ტურნირი კენ როუზვალმა მოიგო. 

1969 წელი - როდ ლეივერი ისტორიაში ერთადერთი ჩოგბურთელი ხდება, რომელიც ერთ სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტიტულს მოიგებს. მან ეს კარიერაში 2-ჯერ გააკეთა, 1962 და 1969 წლებში.

  

ქულების დათვლის "უცნაური" სისტემა
  
ჩოგბურთში ანგარიშის სისტემის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებული ცნობით, 15-30-40(45)-60 სისტემა XIV საუკუნიდან მომდინარეობს, როცა საფრანგეთში სპორტის ამ სახეობას ფულზე თამაშობდნენ. იმდროინდელი სისტემით, მსხვილი ნომინალის მონეტა 60 ფულად ერთეულს შეადგენდა და ის ოთხი 15 ერთეულის ღირებულების მონეტად ხურდავდებოდა. XIX საუკუნეში ინგლისელებმა ანგარიშში 60 ქულის ნიშნული 45-მდე შეამცირეს.
ინგლისელ მონარქთა განსაკუთრებული სიყვარულის გამო, თამაშს სამეფო ტენისად (Royal Tennis) მოიხსენიებდნენ, თუმცა ჩოგბურთში ტერმინი “სამეფო” XX საუკუნის შუა ხანებში დამკვიდრდა.
ცნობილია, რომ ზოგადად სპორტის და მათ შორის ჩოგბურთის ისტორიაც სპორტის ფილოსოფია ერთ მარტივ ქვაკუთხედზე დგას - მოთამაშეებმა იციან ის, თუ რა არის მათი უნივერსალური ამოცანა და მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ისინი ჯილდოვდებიან. 
ჯილდოვდებიან ქულებით. ქულები საჭიროა იმისთვის, რომ სათამაშო სცენარის შინაარსი პრაგმატულ, მათემატიკურ მოცემულობად გადავთარგმნოთ. სპორტის სხვადასხვა სახეობას ქულების დათვლის განსხვავებული სისტემა აქვს.
ფეხბურთში გოლი ყოველთვის გოლია და მას გუნდისთვის 1 ქულა მოაქვს.
კალათბურთში საჯარიმოები თითო, პერიმეტრს შიგნიდან ჩაგდებული ბურთები 2, პერიმეტრს გარედან მიღწეული წარმატება კი 3 ქულად ფასობს.
ჩოგბურთში გეიმი იწყება და პირველი მოგებული გათამაშება ერთბაშად 15 ქულით გაჯილდოებს. თითქოს ცოტა ბევრია. მეორე 30-ით. აქ უკვე კანონზომიერება იკითხება - შემდეგი უეჭველად 45 უნდა იყოს... მაგრამ არა - ჩოგბურთში გეიმში აღებული მესამე ქულა 40 ქულას გაძლევს და მაყურებლის თავში კითხვები ჩნდება: "რატომ 15? თუ მერე 30-ია, შემდეგ 40 რატომ მოდის?" 
ამ მხრივ არსებობს ორი გავრცელებული თეორია
თეორია #1 - საათის ციფერბლატი
ცნობილი თეორიის თანახმად, "უცნაური" და განსხვავებული ქულების დათვლის სისტემა ჩოგბურთში საათის ციფერბლატს უკავშირდება. არსებობს წარმოდგენა, რომლის თანახმადაც ჩოგბურთის თამაშებში ანგარიშს საათის ციფერბლატით "მიჰყვებოდნენ". თითო ქულის მოგების შემდგომ, წუთების ისარს მეოთხედით გადაწევდნენ ხოლმე, ასეთ დროს კი ისარი ჯერ 15-ს, შემდგომ 30-ს, შემდგომ 45-ს უჩვენებდა. ბოლო გათამაშებით ისარი ისევ მეოთხედით იცვლიდა პოზიციას, შესაბამისად, გეიმის დასრულებისას საწყის, "60"-იან პოზიციას უბრუნდებოდა. 

თუმცაღა, ვინაიდან გეიმში გასამარჯვებლად მინიმუმ 2-გათამაშებიანი უპირატესობაა საჭირო და ვინაიდან აუცილებელი გახდა გამოერიცხათ გეიმში წარმატება მოთამაშეებს შორის 1-ქულიანი განსხვავების შემთხვევაში, ჯერ "deuce"-ის ("თანაბარის") იდეა ჩამოყალიბდა, შემდგომ კი ამ სისტემაში მცირე შესწორებები შეიტანეს.

იმისთვის, რომ საათის ისარი 360 გრადუსში "ჩატეულიყო" და "60"-იან, საწყის ნიშნულს არ გაცილებულიყვნენ, 45-ის ნაცვლად ისრის 40-იან ნიშნულზე შეჩერება დაიწყეს. თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, ისარი 10 ერთეულით აინაცვლებდა და "50"-ზე ჩერდებოდა. ამას მოყოლებული კიდევ ერთი წარმატება კიდევ 10 ერთეულით გადაწევდა საათის ისარს და გეიმი სრულდებოდა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი საათს უკან წევდნენ და ისევ 40-იან ნიშნულს ვუბრუნდებოდით, რათა ისევ "თანაბარი" გვქონოდა. 

მართალია ეს თეორია საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს - 1690 წლამდე საათებს ნაკლებად ჰქონდა წუთების ისრები, ჩოგბურთში კი ანგარიშის დათვლა მე-15 საუკუნიდან დაიწყეს, ამაზე საუბარი შარლზ დ'ოღლენის 1435 წლით დათარიღებულ ბალადაშია, რომელშიც ვკითხულობთ: "quarante cinque ("ორმოცდახუთი"). 1522 წლის ლათინურ პროზაში ვხვდებით რეპლიკებს - "ვიგებდით 30-ს, ვიგებდით 45-ს". 
თეორია #2 - "Jeu De Paume-ის" წესები და კორტის პარამეტრები

ამ თეორიის ნახმად, ანგარიშის ნომენკლატურა ჩოგბურთის წინამორბედი ფრანგული თამაშიდან, "Jeu de Paume-დან" მოდის. "ხელის გულის თამაში" საფრანგეთის რევოლუციამდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობა იყო, მარტო პარიზში დაახლოებით 1000-მდე კორტი არსებობდა. ტრადიციული კორტის ზომა სიგრძეში 90 ფუტს შეადგენდა, ბადე მოთამაშეებს კორტს 45-45 ფუტიან ტოლ ნაწილებად უყოფდა.
როცა ჩამწოდებელი ქულას იღებდა, ის კორტში 15 ფუტით შიგნით შედიოდა. კიდევ ერთხელ მოგებული გათამაშების შემთხვევაში, მას კიდევ 15 ფუტი ჰქონდა "გასავლელი" და 30-იან ნიშნულს აღწევდა. მესამე ქულის მოგების შემდგომ კი მას კიდევ მხოლოდ 10 ფუტით შეეძლო ბადესთან მიახლოება, რითიც "მოძრაობას" 40-ფუტიან ნიშნულზე ასრულებდა. ანგარიშიც სწორედ ამ მოძრაობას აირეკლავდა.
ასევე საინტერესოა საჩოგბურთო ტერმინი "love" -  რომელსაც ჩოგბურთში ნულის ნაცვლად იყენებენ. ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ტერმინი ფრანგული სიტყვიდან l'oeuf მოდის, რაც საერთაშორისო ენაზე კვერცხს ნიშნავს. ამ მოსაზრებით, ვინაიდან კვერცხის ფორმა ნულოვან ესთეტიკას აირეკლავს, ტერმინის არსებობის ფუნდამენტიც სწორედ აქედან მოდის.
მეორე თეორიის თანახმად, ტერმინი ჰოლანდიური სიტყვიდან "lof" მოდის, რომელიც ღირსებას გამოხატავს. 
კიდევ ერთი განსხვავებული თეორიის თანახმად, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოთამაშეები კორტზე გადიან და ქულაც არ გათამაშებულა, მათ "ერთმანეთის სიყვარული" მაინც აქვთ. 

sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way