USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Tbilisi
ჩინური კონსორციუმი სხვადასხვა დროს WB-ის, ADB-ისა და აფრიკის განვითარების ბანკის შავ სიებში მოხვდა
Date:  379

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდება, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადება წარუდგინა.

CCCC ამ პროექტს კონსორციუმის მეშვეობით განახორციელებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მისი შვილობილები China Harbour Investment PTE, ხოლო სამშენებლო თვალსაზრისით ქვეკონტრაქტორი CCCC-ის შვილობილი China Road and Bridge Corporation-ი იქნება.

პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ფაზის მიხედვით უნდა აშენდეს პორტი, რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთების და 600,000 კონტეინერის მომსახურება იქნება.

CCCC ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური საინჟინრო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. დონორები საეჭვო, თაღლითური, კორუფციული ან სხვა შესაბამისობის დარღვევების შემთხვევაში კონტრაქტორი კომპანიების დაბლოკვას და გარკვეული პერიოდით მათ შავ სიაში შეყვანას ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აფრიკის განვითარების ბანკის შავ სიაში სხვადასხვა დარღვევების გამო CCCC და მისი შვილობილები მოხვდნენ.

თაღლითობა ფილიპინებში და მსოფლიო ბანკის შავი სია - 2011 წელი

მსოფლიო ბანკმა CCCC და მისი შვილობილები ფილიპინების გზების გაუმჯობესების პროექტში თაღლითური პრაქტიკის გამო, 2011 წელს 6 წლით შეიყვანა შავ სიაში რა პერიოდის განმავლობაშიც კომპანიას და მის შვილობილებს მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულ პროექტებსა და ტენდერებში მონაწილეობა შეზღუდული ჰქონდათ.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა ჯერ კიდევ 2009 წელს შეიყვანა CCCC-ის შვილობილი China Road and Bridge Corporation-ი შავ სიაში რვა წლის ვადით.

მსოფლიო ბანკმა აღნიშნა ის პოზიტიური ცვლილება, რაც 2011 წელს ჩინეთის პარლამენტის მიერ კრიმინალურ კოდექსში შეტანილ ცვლილებას უკავშირდებოდა, რაც ჩინური კომპანიების მხრიდან უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის შეთავაზების კრიმინალიზებას ახდენდა. 2011 წლამდე აღნიშნული პრაქტიკა სამართალდარღვევას არ წარმოადგენდა.

კორუფცია კონგოში - 2014 წელს CCCC-ის შვილობილი CFHEC აფრიკის განვითარების ბანკმა შავ სიაში შეიყვანა

2014 წლის დეკემბერში აფრიკის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება CCCC-ის შვილობილის China First Highway Engineering Co-ს შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. აფრიკის განვითარების ბანკის განცხადების თანახმად, მათ გამოავლინეს კორუფციული დარღვევები კონგოში China First Highway Engineering Co-ს პროექტში, რასაც თავად კომპანიის მხრიდან დარღვევის აღიარებაც მოჰყვა. კომპანიის მხრიდან დანაშაულებების აღიარებას აფრიკის განვითარების ბანკსა და China First Highway Engineering Co-ს შორის მორიგებაც მოჰყვა, რის შედეგადაც კომპანია შავ სიაში სამი წლით მოხვდა, ამასთან შავ სიაში ყოფნის ერთი წლით შემცირება კომპანიას ბანკისთვის $18.86 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდით შეეძლო. ამავე გადაწყვეტილებით აფრიკის განვითარების ბანკმა CCCC-ის, ანუ China First Highway Engineering Co-ს მშობელ კომპანიას შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

თაღლითობა ნეპალში და აზიის განვითარების ბანკის (ADB) შავი სია - 2021 წელი:

2021 წლის 21 დეკემბერს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ნეპალის აეროპორტის გაფართოების პროექტში თაღლითური ქმედებების გამო სამი ჩინური კონტრაქტორის შავ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. სიაში შეყვანილ კომპანიებს შორის არის China Harbour Engineering Company-ი, რომელიც CCCC-ის შვილობილია. მიღებული გადაწყვეტილება თაღლითობასა და სავარაუდო კორუფციაში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

წყარო:https://bm.ge/

analytics
«Politico» (აშშ/ბელგია): „დასავლეთს არ შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომში გაამარჯვებინოს, მაგრამ შეუძლია ომის შეწყვეტაში დაეხმაროს“

აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico - ევროპული ვერსია, იბეჭდება ბელგიაში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დასავლეთს არ შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომში გაამარჯვებინოს, მაგრამ შეუძლია ომის შეწყვეტაში დაეხმაროს“ (ავტორ - ელხან ნურიევი, ალ.ჰუმბოლდტის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: რამდენად რეალურია უკრაინის გამარჯვება თანამდროვე მსოფლიოში მიმდინარე მძაფრი მოვლენების ფონზე?

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში ომი ჭიანურდება და, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით დასრულებას არ აპირებს და, ალბათ, მომავალს წელსაც გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, მკაცრი სიმართლის იგნორირება უკვე რთული ხდება: აშკარაა, სამხედრო გამარჯვება კიევის რეალური მიზანი აღარ არის - იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენ მილიარდს მისცემს დასავლეთი და რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება.

ბუნებრივია, ასეთი თვალსაზრისი არცთუ პოპულარულია ვაშინგტონში და ბრიუსელში, სადაც ძველებურად ვარაუდობენ, რომ დასავლეთის საკმარისი დახმარება და უკრაინელთა გაბედული მოქმედება მოსკოვს საბოლოოდ წელში გატეხავს. მაგრამ უკრაინის მართლაც შეუპოვარი წინააღმდეგობისა და დასავლეთის ფართო ჯიბის მიუხედავად, კრემლის მარცხის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც მოვლენების ანალიზით ჩანს, ომი შევა ისეთ ჩიხში, ისეთ პატურ სიტუაციაში, რომელშიც უკრაინას კომპლექსური გამოფიტვა ელოდება - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მორალურად... დასავლეთის ერთიანობა, რომელსაც უკვე ბზარები აქვს შეპარული, ჩამოიშლება და ამით განმტკიცდება რეჟიმი, რომლის დანგრევასაც დასავლეთი ცდილობს - კრემლის მმართველობა.

საკითხი, რომელიც დღეს დასავლელ პოლიტიკოსებს უნდა ადარდებდეთ, გამოიხატება არა იმაში, იმსახურებს თუ არა უკრაინა მხარდაჭერას, არამედ იმაში - ეხმარება თუ არა კიევს  დასავლეთის ამჟამინდელი სტრატეგია გამარჯვებაში ან უბრალოდ, თავის გადარჩენაში მაინც, გარკვეული ვადით, რომ ომი ნელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგოს.

ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა მტერს უნდა ჩაბარდეს, ან სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და დასავლეთის დახმარებაზე უარი თქვას. მაგრამ იმავდროულად ყველაფერი პატიოსნად უნდა იქნას გათვლილი და გააზრებული: უკრაინას გამარჯვების გზა მოჭრილი აქვს, თვალთმაქცობა და თავის მოკატუნება კი სტრატეგიას ვერ ჩაანაცვლებს.

იმ მდგომარეობაში, როგორიც დღეს მსოფლიოშია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ევროპის სტაბილიზაციის შენარჩუნება შეიძლება იმდენად იარაღზე არ იყოს დამოკიდებული, რამდენიც დიპლომატიურ ძალისხმევაზე.

ქაღალდზე დასავლეთი ძველებურად მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეფერხებით, მაგრამ მაინც აგრძელებს დახმარებას ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის დროს მიღებული 61-მილიარდიანი პაკეტის საფუძველზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნელ-ნელა აფართოებენ სამხედრო-თავდაცვით წარმოებას, ნატოც ძველებურად აფიქსირებს თავისი სოლიდარობის დემონსტრაციას, მაგრამ... მაგრამ მწარე რეალობა უფრო გამომაფხიზლებელია, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსების დაპირებები...

პირველ რიგში შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ უკრაინაში დემოგრაფიულ კრიზისი ძლიერდება: თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასაწვევი ასაკის მქონე ახალგაზრდების 30% თავს არიდებს ტერიტორიულ გასაწვევ პუნქტებში გამოცხადებას, ანუ ჯარში გაწვევას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამობილიზაციო კანონით ჯარში გაწვევის ასაკი 25 წლამდეა შემცირებული, ახალწვეულთა დეფიციტი მაინც მწვავედ იგრძნობა. გარდა ამისა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მცირდება მიგრაციისა და სამხედრო დანაკარგების გამო.

მეორე - ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის მდგომარეობა გაუარესდა: შემცირდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, კატასტროფულად დაეცა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მატულობს ინფლაცია, კორუფცია, მოსახლეობა იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა, იზრდება პოლიტიკური დაძაბულობა.

მესამე - დასავლელი ექსპერტების პროგნოზები, რომ რუსეთის ეკონომიკა სანქციების გამო სწრაფად ჩამოიშლებოდა, არ გამართლდა:  რუსეთმა ადაპტაცია მოახერხა. მისი ეკონომიკა ამჟამად სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი. წარმატებით მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი - რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა, დასავლეთთან შედარებით, ბევრად მეტ საარტილეოიო ჭურვს ამზადებს. რუსეთის არმია, რომელიც, მართალია, ხშირად არაფექტურად მოქმედებს, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და ქვეყნის ორ ნაწილად გამყოფი მდ.დნეპრის მთელი მარცხენა ნაპირის დაკავებას ცდილობს. რუსული ჯარი ინარჩუნებს უპირატესობას როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის მხრივ. კრემლმა გაკვეთილები გამოიტანა წინა წლების საომარი მოქმედებებიდან და ახლა უფრო ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს.

მეოთხე - სტამბოლის მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მხარეები ძალიან შორს დგანან ერთმანეთისაგან და მზად არ არიან ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად. უკრაინამ შესთავაზა რუსეთს 30-დღიანი ზავი, რუსეთმა კი ორ-სამდღიანი, რომ ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები აკრეფილიყო.. პოზიტიურად გამოიყურება მხოლოდ ჰუმანიტარული შეთანხმება ტყვეების გაცვლაზე და დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაზე.

ამრიგად, რადგან დასავლელი ლიდერები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ისინი უკრაინას „იმდენით დაეხმარებიან, რამდენიც საჭიროა“, საკითხი ახლა ასე დგას: რა შედეგებამდე მიიყვანს კიევს ასეთი დახმარება?

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენისათვის, ძალის გამოყენებით, უფრო ბევრად ფართო დახმარებაა აუცილებელი და, სავარაუდოდ, საჭირო გახდება დასავლეთის ქვეყნების არმიების პირდაპირი ჩარევა, ან ნატოს სამხედრო კონტინგენტის გამოყენება. ამჟამად დემოკრატიული მთავრობები ასეთ პერსპექტივაზე ფიქრს გაურბიან. ამ ფონზე ჩნდება რთული, მაგრამ სულ უფრო აუცილებელი წინადადება - უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება გადაიქცეს დახმარებად არა გამარჯვების მისაღწევად, არამედ ომის შესაწყვეტად.

ასეთი კომპრომისი, რომელიც, ზოგიერთების აზრით, კაპიტულაციის ტოლფასია, დასავლეთის დედაქალაქებში, ალბათ, პოლიტიკური დინამიტის როლს შეასრულებს, მაგრამ ისტორია პირიქით გვარწმუნებს: 1940 წელს ფინეთმა თავისი სუვერენიტეტი შეინარჩუნა მტკივნეული, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზავით საბჭოთა კავშირთან. 1950-იანი წლების დასაწყისში კორეის ნახევარკუნძულზე ქვეყნის გამაპარტახებელი ომი მოხდა. სამხრეთი ნაწილის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ხელი მოეწერა „დამამცირებელი“ ზავისათვის, მაგრამ თავიდან აიცილა ეროვნული კრახი. ანუ ეს იყო მორალური გამარჯვება, რომლის წყალობით ქვეყანამ და მოსახლეობამ წელში გამართვა მოახერხა და ამჟამად სამხრეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენს.

ამ ლოგიკას ვაშინგტონსა და ბრიუსელში სულ უფრო მეტი აღიარებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ლიდერები მშვიდად იხილავენ კონფლიქტის გაყინვის გეგმას და მას აუცილებლობად თვლიან. იმავდროულად ევროპელი ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ 2025 წელი შეიძლება უკრაინისათვის „ყველაზე სახიფათო გახდეს“ - არა იმდენად რუსეთის არმიის წარმატების გამო, არამედ ქვეყნის შინაგანი  დაძაბულობისა და ევროპის დაღლილობის გამო.

ზოგიერთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ომის დიპლომატიური დარეგულირება მოსკოვის წაქეზება იქნება, მაგრამ პირიქით - ეს იქნება აღიარება, რომ უკრაინის გადარჩენა ბევრად არის დამოკიდებული იმის შენარჩუნებაზე, რასაც მთავრობა ჯერ კიდევ აკონტროლებს და არა იმის დაბრუნების მცდელობაზე, რასაც ვერ დაიბრუნებს.

ასეთი კომპრომისი შეიძლება ითვალისწინებდეს საომარი მოქმედებების გაყინვას ფრონტის ხაზის გასწვრივ, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის სამომავლო-სავარაუდო აგრესიის თავიდან ასაცილებლად, მოლაპარაკების ეტაპობრივ პროცესს ჰუმანიტარული ელემენტებით და ეკონომიკის აღდგენის მიზნით, კორუფციასთან ბრძოლას, რეფორმების განხორციელებას და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იოლი არ იქნება. რუსეთს შეუძლია კომპრომისი უარყოს, უკრაინა კი არაფერზე არ დათანხმდეს - რაც მას არ აწყობს და უსამართლოდ თვლის, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს დასავლეთს ამ საკითხში ლიდერობის პასუხისმგებლობისაგან.

სტრატეგია გამოიხატება არა იმაში, რომ უკეთესი ისურვო, არამედ იმაში, რომ იმოქმედო უკეთესისა და სასურველის მისაღწევად.

საბოლოო ჯამში, საკითხი იმის გარკვევა კი არაა, რომ იმსახურებს თუ არა უკრაინა დამატებით დახმარებას - დიახ, იმსახურებს - არამედ იმისა, შეუძლია თუ არა დახმარების ამჟამინდელ მოდელს ქვეყნისათვის მდგრადი შედეგების მოტანა. დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს აშშ-ის როლის გადახედვა უკრაინის კონფლიქტში: მართლაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თეთრმა სახლმა მხარი დაუჭიროს გაურკვეველი ვადით დახმარებას, რომელიც იაფი არ არის, ძვირადღირებულია და ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მხრებზე გადადის.

ეს ნიშნავს, რომ დასავლელი ლიდერები არჩევანის წინაშე დგანან: დარჩნენ იმ გზაზე, რომელიც უკრაინისადმი უსასრულო დახმარებას, ანუ ომის გაგრძელებას გულისხმობს თუ დაიწყონ მზადება სამშვიდობო პროცესისათვის, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს დაიცავს და ევროპას თავიდან ააცილებს ფართო კრიზისს.

უკრაინისათვის ყველაზე ეფექტური დახმარების გაწევა იმით უნდა გამოიხატოს, რომ კიევს ომის გაგრძელებაში კი არ უნდა დაეხმარნონ, არამედ ომის შეწყვეტაში, ქვეყნის მომავლის შესანარჩუნებლად.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way