USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
ჩინური ინტერესების გაძლიერება კავკასიაში - გიორგი კობერიძე
Date:  1007
ჩინური ინტერესები კავკასიაში ძლიერდება - სომხეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) შესვლაზე განაცხადს აკეთებს. გასაგებია, რომ ერევანი ცდილობს მოძებნოს უსაფრთხოების ახალი გარანტიები და ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონში, სადაც მისი ყოფილი მოკავშირე, რუსეთი, სულ უფრო ნაკლებად სანდო და ეფექტური პარტნიორი ხდება, შედეგად ცალსახა გამარჯვებული ოფიციალური პეკინია, რომელის SCO-ს ფაქტობრივი ლიდერია.
 
ჩინეთის ეკონომიკური პერსპექტივა, სომხეთისთვის მიმზიდველია. SCO აერთიანებს მსოფლიო მოსახლეობის 42%-ს და მსოფლიო მშპ-ის 36%-ს. ეს არის ერევნის გათვლა, რომ ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ზრდა რეგიონში შექმნის ალტერნატიულ ეკონომიკურ შესაძლებლობას სომხეთისათვის, რაც რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებულებას შეუმცირებს. პირდაპირს ვამბობს და ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, რადგან ირიბად რუსეთი როგორც ორგანიზაციის წევრი არსად ქრება.
 
მეორე და უმთავრესი ასპექტი არის უსაფრთხოების დილემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წევრია, იქ წამყვანი დღის წესრიგი ჩინეთს აქვს. ორგანიზაციის რეგიონალური ანტიტერორისტული სტრუქტურა (RATS) გულისხმობს უსაფრთხოების განზომილებას და წევრების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ურღვეობას, რაც სომხეთისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ერევნისათვის ჩინეთთან მოკავშირეობა, SCO-ს ქოლგის ქვეშ, განიხილება როგორც რუსული საფრთხის დაბალანსების საშუალებაც - ერევანი ფიქრობს, რომ ჩინეთის მოკავშირედ ყოფნა რუსეთის მხრიდან მუქარების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.
 
სომხეთის ნაბიჯი არის რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ძვრების ანარეკლი. ფაქტი ერთია: ჩინეთი იმაზე მძლავრი მიზიდულობის ცენტრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს კი განსაკუთრებით თვალში საცემია რუსეთის მოკავშირეებში, რომელთაც ბოლო ხანებია ჩინეთი ამჯობინეს მოსკოვს. აი მაგალითად, შუა აზიურ რესპუბლიკებშიც კი ჩინეთს ზოგიერთ საკითხში უკვე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე რუსეთს. ახლა კი კავკასიაში ჩინეთის აღმავლობას ვადევნებთ თვალს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსული გავლენა ძალიან მყარი იყო. ზოგადად, რუსეთი და ჩინეთი ერთ ნავში კი სხედან, მაგრამ ახლა ჩინურ ნავში უფრო ზის რუსეთი, რომელსაც საერთო ნავის სახელს უწოდებენ ისინი.
 
ისიც სათქმელია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობა და ევროკავშირის წევრობა რთულად შესათავსებელი იქნება, მით უფრო რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩინური ძალის გამოვლინებაა და ის ისეთ წევრებს მოიცავს როგორიც ბელარუსი და ირანია.
მოკლედ კავკასიაში არამხოლოდ რუსულ, ევროპულ, ამერიკულ, თურქულ და ირანულ, არამედ ჩინური ინტერესების გამყარებას ვადევნებთ თვალს. საინტერესოა სომხეთის ამ ნაბიჯს გრძელვადიანად როგორი პასუხი მოჰყვება დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან. მეეჭვება რომელიმე მხარეს სურდეს გავლენის შემცირება.
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way