USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
ჩინარა კოჯაევა: მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს...
Date:  913

მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს.

სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები.

ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?!

დეპრესიაში რომ ვიყავი, ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?!

ჩემგან ვერასდროს გაიგებდით, რომ გათხოვება მინდოდა! ვლაპარაკობდი სწავლაზე, პროფესიის შეძენაზე, ჩემს ოცნებებზე და უცბად ეს ყველაფერი უმნიშვნელო გახდა.

მშობლებიც საზოგადოების მსხვერპლები არიან! მათ ჰგონიათ, რომ როდესაც ათხოვებენ შვილს, ის პატრონს ჩაბარდება და ბედნიერი იქნება.

სინამდვილეში ეგრე არ არის.

ცხოვრება არავის უნდა გადაუწყვიტო ასე! არავის აქვს უფლება, შენს გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნა ოჯახი, რომ უნდა იცხოვრო ადამიანთან, ვინც არც გიყვარს, არც მოგწონს და საერთოდაც გაღიზიანებს!

მე ვერ შევძელი ჩემზე დანიშნულის მოწონება. წარმოიდგინეთ და ეს ვცადე, მაგრამ ვერ... ვცადე იმიტომ, რომ გადაწყვეტილი ამბავი იყო ოჯახის შექმნა.

და განა რა ოჯახი უნდა გამოსულიყო?!

14 წლის რომ ხარ, ეს როგორ უნდა გადაიტანო! ვერ შეძლებ ამ ტვირთის ტარებას! მოკვდები! სულით და ხორცით დაეცემი!

ჩვენ ის გოგოები ვართ, ვისაც ბავშვობას გვართმევენ და უნდათ რომ ვიღაცის მონები გავხდეთ.

არა! ხმას კიდევ ერთხელ ამოვიღებ! ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება! პირველ რიგში მშობლებს მივმართავ - გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ იძალადებთ, ნუ გასწირავთ საკუთარ შვილებს უბედურებისთვის!

ჩემი ისტორია იცით, მაშინ ქართული ენის მასწავლებელი დამეხმარა, მაგრამ პოლიციელებმა რომ მითხრეს, მამას 5 წელი ჩასვამდნენ ციხეში, ვერ გავბედე და აღიარებითი ჩვენება ვერ მივეცი.

მამას განემარტა, რომ 18 წლამდე მიუღწეველ პირთან იძულებითი ქორწინება მკაცრად ისჯებოდა და ისიც გაფრთხილდა. მეც იმედი მქონდა, რომ თავი დავაღწიე პრობლემას, მაგრამ უკვე მეორედ, 17 წლის ვიყავი, სულ რაღაც ერთ თვეში ვხდებოდი 18-ის, ქორწილი იგივე ადამიანთან რომ ჩანიშნეს.

ყველაფერი მზად იყო - კაბა, ბეჭდები, სუფრისთვის სურსათი, ბანკიდან ვალები გამოიტანეს ჩემებმა, დაპატიჟებულები იყვნენ სტუმრები.

და მე ისევ თავი დავიცავი!..

ქორწილამდე 4 დღით ადრე, შსს-ს თანამშრომლებმა წამომიყვანეს ჩემი სოფლიდან, სადაც ადრეულ ასაკში ათხოვებენ გოგოებს.

იქ, ჩვენთან, როდესაც ვხდებით 13-14-15 წლისები, მშობლები წყვეტენ, ვისზე და როდის უნდა გაათხოვონ შვილები.

რა თქმა უნდა მათი გადაწყვეტილების იქით ვერ წავალთ.

რთულია ძალიან.

რაც წამოვედი ჩემი ოჯახიდან, ძალიან რთული გზა გავიარე. დღემდე ბრძოლაში ვარ, გადარჩენისთვის ვიბრძვი.

ერთდროულად მომიწია იმდენი პრობლემის გადალახვა, ხანდახან არც მჯერა, რომ ეს იმ შეშინებულმა ჩინარამ შეძლო! თითქოს სხვა ადამიანად გადავიქეცი.

ცხრა წლიანი სკოლის დამთავრების მერე განათლების მიღებაში წყვეტა მქონდა.

ოჯახიდან წამოსვლის დროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თავშესაფრის პროგრამით, სამი წლის მასალა ქართულად ვისწავლე 9 თვის განმავლობაში იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი.

პირველ წელს ვერ ჩავაბარე, მაგრამ მეორე წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, წელს მესამე კურსზე გადავედი.

ქართული უკვე მართლა ძალიან კარგად ვიცი.

თავისუფლად შემიძლია, ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვა გოგოებს, რომლებიც იმ დროს, როცა მამაჩემი დააკავეს, მწერდნენ, შენი საქციელი გმირობის ტოლფასია, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერ შევეწინააღმდეგებით ამხელა პრობლემასო!

გული მისკდებოდა და მისკდება ახლაც, რომ მამაჩემმა ერთი წელი გაატარა ციხეში.

უბრალოდ, მართლა არ ვიცი, რა უნდა მექნა! ვერ შევძელი და ვერ გადავარწმუნე ჩემი ოჯახი და ნათესავები, რომ არ მინდოდა გათხოვება და არ მინდოდა იმ ადამიანზე!

მას მერე, იმდენი რამე გადავიტანე! ალბათ ერთ დღესაც ავდგები და წიგნს დავწერ.

მანამდე კი მინდა, რომ ხშირად შევძლო იმ გოგოების მხარდაჭერა, რომლებისთვისაც ჯოჯოხეთი იწყება 12-13 წლის მერე!

მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!

ჩაუტარეთ ტრენინგები უფროს თაობას ჩვენს თემში, სკოლის მასწავლებლებს...

სოც მუშაკებმა და სამართალდამცველებმა იარონ სოფლებში და გაიგონ სიტუაცია, იქნებ რომელიმე 14 წლის გოგო გაათხოვეს, მოიტაცეს და სადაცაა, მოკლავენ!

გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!

ვაპირებ, რომ ამ თემაზე სულ უფრო მეტი ვისაუბრო როგორც აქ, სოციალურ სივრცეში, ისე ფიზიკურ გარემოში.

გოგოებო, თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ, გპირდებით, მარტო არ დაგტოვებთ ამ ჯოჯოხეთში!

საქართველოში, ჩემს გარშემო, უამრავი ადამიანია, ვისაც შეუძლია, რომ თქვენს მხარდაჭერაში ძალა არ დაიშუროს

აქ ვარ ჩემი გამოცდილებით, გამბედაობით, სირთულეების გადალახვის უნარით და სისუსტითაც, რომელიც ძალიან ადამიანურია და რომლის გამო კიდევ უფრო კარგად მესმის თქვენი.

მზად ვარ ჩავატარო ტრენინგები ყველა რეგიონში და ჩავერთო პროექტებში თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, მზად ვარ ამ თემაზე ვისაუბრო დაუსრულებლად, მთელი სიცოცხლის მანძილზე და დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც დახმარება სჭირდება, ვისაც კლავენ სულით და ხორცით.

წერს ჩინარა კოჯაევა საკუთარ Facebook-პროფილზე.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way