USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Tbilisi
ჩიკაგოელი ბიჭებიდან მესამე გზამდე: ქართული ჯანდაცვის სტრატეგიული ზიგზაგები
Date:  1816

სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი ისტორიის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესშია. პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის განმავლობაში საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ვერ მოახერხეს ზოგადეროვნული, ზეპარტიული შეთანხმების მიღწევა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხების შესახებ. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვა რამდენიმე საკითხის მიმართ – იქნება ეს საგარეო ორიენტაცია, სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა თუ სოციალური კეთილდღეობის მოდელი (Welfare State) – კონსენსუსი მიღწეული არ არის.  იგივე ეხება ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასაც.

წინამდებარე სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს  პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია კონსენსუსზე დაფუძნებული ჯანდაცვის დარგის ხანგრძლივი, მდგრადი სტრატეგიის განვითარება.

დავიწყოთ რეფორმის პირველი ტალღით, რომელიც 1990-იანი წლების მეორე ნახევარში განხორციელდა. რაგინდ მოულოდნელად უნდა ჟღერდეს, ვფიქრობ, დასაშვებია ერთგვარი კავშირობრივი ბმის ძიება საქართველოს პოსტსაბჭოთა ჯანდაცვის რეფორმასა და 1970-იანი  წლების სამხრეთამერიკელ ე.წ. “ჩიკაგოელ ბიჭებს” შორის. ამ ტერმინით მოიხსენიებენ ახალგაზრდა ეკონომისტთა ჯგუფს ჩილედან და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე სხვა ქვეყნიდან, რომლებმაც პროფესიული განათლება ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღეს და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მაღალი პოსტები დაიკავეს  – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების, პრემიერის მრჩევლების და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელების დონეზე.  ისინი სათავეში ჩაუდგნენ წარმატებულ, რადიკალურ ლიბერალურ-ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებმაც დასაბამი მისცა ამ ქვეყნებში ეკონომიკის სტაბილურ ზრდას მაღალ ერთნიშნა, ზოგჯერ ორნიშნა დონეზეც კი. ამგვარი ეკონომიკური აღმავლობის ფონზე ამ ქვეყნებმა 80-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყეს ჯანდაცვის რეფორმების განხორციელება, რომლებიც რამდენიმე კომპონენტს შეიცავდა: (i) შემოღებული იქნა სავალდებულო სამედიცინო გადასახადი, რომელსაც დამქირავებელი და დაქირავებული იხდიდა ჯანდაცვის ერთიან ფონდში. ეს იყო მიზნობრივი ბეგარა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტის გვერდის ავლით უშუალოდ ჯანდაცვის პროგრამებს აფინანსებდა; (ii) შეიქმნა ხარჯვის კონტროლის ეფექტიანი სისტემა (გავითვალისწინოთ, რომ იმ დროს DRG-ის დანერგვამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იყო დარჩენილი); (iii); შეიქმნა სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი სისტემა; (iv) ხელი შეეწყო კერძო სამომწოდებლო სექტორის განვითარებას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ამგვარი დიზაინის ჯანდაცვის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყნებმა მიაღწიეს იმ ორ მიზანს, რომლებიც ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს: გაუმჯობესდა მოსახლეობის ჯანმრთელობის ინდიკატორები და გაუმჯობესდა სისტემის ხარჯთეფექტიანობა. 1980-იან წლებში სამხრეთამერიკული ჯანდაცვის რეფორმა პოპულარული განსახილველი თემა გახდა საერთაშორისო კონფერენციებზე და ტექნიკურ ლიტერატურაში.

ამ პერიოდში საბჭოთა სივრცე ჯერ კიდევ დახურულია, მათ შორის ჯანდაცვის რეფორმებისთვისაც. მაგრამ 90-იანი წლებიდან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დღის წესრიგში დადგა დარგობრივი რეფორმების განხორციელება. საქართველო ესტონეთთან, ლიტვასთან და მოლდოვასთან ერთად იმ პირველ პოსტსაბჭთა ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებმაც ჯანდაცვის რეფორმას პრიორიტეტი ადრეულ ეტაპზე მიანიჭეს. საქართველოსთვის ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო. ჯერ ერთი, იმ პერიოდში ბევრი სხვა, სასწრაფოდ გადასაჭრელი და სახელმწიფოებრივი ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობის პრობლემა იყო მოსაგვარებელი  (სამოქალაქო დაპირისპირება, ლტოლვილები, ეკონომიკური კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი, კრიმინალი, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება…) მეორეც ერთი – ქვეყანაში არ იყო, და იმ პერიოდში არც შეიძლება, ყოფილიყო ის ტექნიკურ-ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც კარგად იქნებოდა გარკვეული ჯანდაცვის რეფორმების საერთაშორისო გამოცდილებაში და კომპეტენტურად შეძლებდა ჯანდაცვის რეფორმის დიზაინის მომზადებას და განხორციელებას. ასეთ პირობებში, ჯანდაცვის დარგის იმდროინდელი მესვეურები მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი საერთაშორისო პარტნიორებზე, პირველ რიგში მსოფლიო ბანკზე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე, რომლებიც ჯანდაცვის რეფორმის ტექნიკური და ფინანსური დახმარების ძირითადი მომწოდებლები გახდნენ.

სწორედ აქ იკვეთება კავშირობრივი ბმა საქართველოს ჯანდაცვის რეფორმასა და სამხრეთამერიკულ გამოცდილებას შორის. ის საერთაშორისო ორგანიზაციები და ტექნიკური კონსულტანტები, რომლებიც 90-იან წლებში უხვად იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში,  ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ მოქცეულნი სულ რაღაც ათიოდე წლის წინ სამხრეთ ამერიკაში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმებისგან. უფრო მეტიც, მსოფლიო ბანკი და აშშ-ის განვითარების სააგენტო საკუთარ თავს იმ წარმატების თანამონაწილედ მიიჩნევდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ, და ხელისუფლების მიერ მოწონებულ ჯანდაცვის რეფორმის დიზაინში შეინიშნებოდა სწორედ სამხრეთ ამერიკაში განხორციელებული რეფორმის დიზაინის ელემენტები:  სავალდებულო გადასახადის შემოღება (3+1), სახელმწიფო ჯანდაცვის ფონდის შექმნა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის შემოღება, კერძო სამომწოდებლო სისტემის განვითარება, ჩანასახობრივი DRG-ის მსგავსი სისტემის შემუშავება  და სხვა. ამგვარი რეფორმების  შედეგად ჩამოყალიბებულმა სისტემამ 7-8 წლის განმავლობაში იმუშავა, მაგრამ, სამწუხაროდ, სამხრეთამერიკული გამოცდილებისგან განსხვავებით რეფორმაც და, შესაბამისად, მის მიერ შექმნილი სისტემაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ჯანდაცვის ამგვარი რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელ თანამდევ ფაქტორს წარმოადგენს მზარდი ეკონომიკური ფონი, რომელიც 80-იანი წლების სამხრეთ ამერიკისგან განსხვავებით, 90-იანი წლების საქართველოში მიუღწეველი აღმოჩნდა. შედარებისთვის, ესტონეთში მსგავსი დიზაინის რეფორმა გაცილებით უფრო წარმატებული იყო, ვიდრე საქართველოში, რადგან ესტონეთში ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება სწორედ მზარდი ეკონომიკის პირობებში მოხდა.

2004 წლიდან ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ქართული ეკონომიკისთვის კახა ბენდუქიძე სამხრეთამერიკელი “ჩიკაგოელი ბიჭების” ანალოგია. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულმა რეფორმამ ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური ზრდა გამოიწვია. საინტერესოა, როგორ გავლენას მოახდენდა ნაცმოძრაობის დროინდელი მზარდი ეკონომიკური ფონი ჯანდაცვის სისტემაზე იმ შემთხვევაში, თუკი იმდროინდელი მმართველი ძალა შეინარჩუნებდა წინა მმართველი ძალის მიერ  დაწყებულ  ჯანდაცვის დარგის სტრატეგიულ მიმართულებას. მივიღებდით თუ არა ჩილეს ან ესტონეთის მსგავს შედეგს? სამწუხაროდ, ეს კითხვა უპასუხოდ რჩება, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, მკვეთრად შეეცვალა ჯანდაცვის სექტორის სტრატეგიული მიმართულება – გაუქმდა სავალდებულო სამედიცინო გადასახადი, გაუქმდა უწყვეტი სამედიცინო განათლება, მკვეთრად გაიზარდა კერძო სექტორის ჩართულობა ჯანდაცვის სისტემაში – როგორც სამომწოდებლო, ისე ფინანსურ კომპონენტებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის რეფორმის უდავო წარმატებად შეიძლება ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმიზაცია და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიჩნიოთ. მაგრამ ამის პარალელურად, სისტემამ ვერ მოახერხა ფინანსური ბარიერის შემცირება და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება, რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესებას ხელი არ შეუწყო. მეორე მხრივ, ჯანდაცვის როგორც საფინანსო, ისე სამომწოდებლო კომპონენტებში პროფიტზე ორიენტირებული კერძო სექტორის  ხვედრითი წილის ზრდის ხარჯზე, სისტემის საერთო ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესებაც საკმაოდ მოკრძალებული იყო.

ამის შემდეგ ხელისუფლებაში მოდის „ქართული ოცნება“ და უკვე მესამედ ხდება ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიული ვექტორის შეცვლა, ამჯერად საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე წელს უპრეცედენტოდ გაზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, რასაც შემდგომი 7-8 წლის განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტის პერმანენტული მნიშვნელოვანი ზრდა  მოჰყვა. მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოხდა სწრაფად და დიდი მასშტაბით გაზრდილი ფინანსური რესურსის ინექციის ეფექტიანად ათვისებისთვის სისტემის სათანადოდ მომზადება. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად  გადაახტა მოსამზადებელ პერიოდს, რის შედეგადაც მივიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის ერთგვარი უპასუხისმგებლო ვერსია: მის დადებით გამოსავლად ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება და ჯიბიდან გადასახადის შემცირება, მაგრამ ეს ხდებოდა ჯანდაცვის ბიუჯეტის არნახული მასშტაბის ზრდის ხარჯზე, რამაც, ჯერ ერთი, საწინააღმდეგო გავლენა იქონია წინა პერიოდში გაუმჯობესებულ სამომწოდებლო სექტორის ოპტიმიზაციაზე, და ამას გარდა – ხარჯების შეკავების, ხარისხის გაუმჯობესების და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გარეშე არ მოხდა ორი მთავარი გამოსავლის –  მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსისა და სისტემის ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესება.

დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კიდევ ერთხელ გზაგასაყარზეა. 2020 წელს დაწყებულმა (და შემდეგ კოვიდის გამო დროებით შეჩერებულმა) მწვავე დისკუსიებმა ე.წ. 520-ე დადგენილების შესახებ ნათლად წარმოაჩინა სისტემაში არსებული პრობლემები. 520-ე დადგენილების შინაარსსა და ხელისუფლების განმარტებებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ჯანდაცვის დარგში გეგმავს სოციალურ პოლიტიკაში ე.წ. მესამე გზის (The Third Way) სახელით მონათლული რეფორმის მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას, რაც გულისხმობს მემარჯვენე-ცენტრისტული პლატფორმის დაბალანსებას მემარცხენე-ცენტრისტული დარგობრივი პოლიტიკის ელემენტების განხორციელებით. ან, შესაძლებელია, ვიხილოთ მისი სარკისებრი ანალოგი, ერთგვარი ქართული ნოუ ჰაუ (პირობითად ვუწოდოთ “მეოთხე გზა“?) – ეს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების საბაზისო პლატფორმად გამოყენება და მასში მემარჯვენე-ცენტრისტული ელემენტების სინთეზი. ამას ალბათ ჯანდაცვის ახალი სტრატეგია გვაჩვენებს. ჯანდაცვის სამინისტროს დაანონსებული აქვს, რომ ამჟამად მომზადების პროცესშია სექტორის განვითარების სტრატეგია, რომლის წარდგენა ამა წლის ზაფხულში იგეგმება. სტრატეგიის მომზადება ევროკავშირის ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე არ შეინიშნება არც საკონსულტაციო პროცესი, არც ანალიტიკური სამუშაო, რომლებიც სტრატეგიის მომზადების მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ. პროცესი დახურულია ჯანდაცვის დარგის ქართველი სპეციალისტებისთვის.  ამგვარი მიდგომა გაუგებარია, რადგან 1990-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოში მაღალი კონცენტრაციით არიან წარმოდგენილნი ჯანდაცვის პოლიტიკის მაღალკვალიფიკაციური კადრები, რომლებიც, ტექნიკური ცოდნის ფლობის გარდა, უცხოელი კონსულტანტებისგან განსხვავებით, კარგად იცნობენ საქართველოს სპეციფიკასაც. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სტრატეგიის მომზადებისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მოტივირებულია არა მხოლოდ (ან არა იმდენად) სტრატეგიის ხარისხის გაუმჯებესების მცდელობით, არამედ ახალი სტრატეგიის ლეგიტიმაციის სურვილით. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კონტექსტში ამგვარი ლეგიტიმაციის მცდელობა უკვე ვიხილეთ, როცა რიგმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ძალიან ზედაპირული ანალიზის საფუძველზე, დაუმსახურებლად მაღალი შეფასება მისცეს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებას.

საინტერესოა, როგორი შინაარსის პარაგრაფის დამატება გახდება შესაძლებელი ამ პუბლიკაციაზე ასე 4-5 წლის შემდეგ, ანუ – რა მიმართულებით განვითარდება ჯანდაცვის სისტემა – იქნება ეს მმართველი ძალის მიერ ვიწრო წრეში მომზადებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მორიგი უშედეგო მცდელობა, თუ მოხერხდება ინკლუზიური პროცესის ორგანიზება, რათა მოხდეს ზეპარტიული კონსენსუსის შედეგად ჯანდაცვის დარგის ხანგრძლივი და მდგრადი სტრატეგიის განვითარება. ვფიქრობ, ამ კითხვის გასაღები როგორც ხელისუფლების, ისე ჯანდაცვის სათემოს ხელშია: ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ არც ერთ მმართველ გუნდს, რომელიც დროის მხოლოდ კონკრეტული პერიოდის განმავლობაშია ხელისუფლებაში, არა აქვს პრეროგატივა, თავისი შეხედულებისამებრ რადიკალურად ცვალოს ჯანდაცვის სტრატეგია.  დარგის პროფესიულმა სათემომ კი უნდა გაითავისოს, რომ პოლიტიკური დინამიზმის საპირწონედ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარი ერთგვარი ტექნიკური კონსტანტა, რომელიც ხელისუფლების სათავეში დროებით მყოფ პოლიტიკურ ძალებთან აქტიური თანამშრომლობით შეძლებს ეგრეთ წოდებული ჭიშკრის ჩამკეტის ფუნქციის შესრულებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანდაცვის დარგის არასასურველი სტრატეგიული ზიგზაგებით განვითარება.

წყარო:https://forbes.ge/

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way