ილია ჭავჭავაძის დის შვილს, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზს, დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა, არ შეუწყვეტია სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა.
1921 წლის დამდეგს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის.
სამწუხაროდ, ღალატის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. "ჩეკა") შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება.
1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი:
“შეთქმულების ორგანიზაციის შექმნის გამო, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ბანდიტიზმისა და შპიონიზმის ბრალდებით კონსტანტინე აფხაზს, რომელიც აღიარებს შეირაღებული აჯანყების ორგანიზებაში მონაწილეობას, მიესაჯოს დახვრეტა და განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნას ოცდაოთხი საათის განმავლობაში“. – ასეთი განაჩენი გამოუტანა გენერალ კოტე აფხაზს 1923 წლის მაისში “ჩეკამ“. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც გენერალ აფხაზს დახვრეტა მიუსაჯა _ მოგილევსკი, პანკრატო, ზონოვი, მახნოვსკი, ეპიფანე კვანტალიანი, ორახველიძე, შალვა ელიავა, ლავრენტი ბერია და ლომინაძე შედიოდნენ.
კოტე აფხაზი
კონსტანტინე აფხაზმა დიდი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. მის სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართული ეროვნული არმიის შექმნა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტი იყო თავისუფლებაახალმოპოვებული საქართველოსთვის.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო, სხვებთან ერთად ხელს სწორედ კოტე აფხაზი აწერდა.
დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელი იარსება. შემდეგ კი ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და ქართველმა მამულიშვილებმა კვლავ დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად. კოტე აფხაზი ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ამ ბრძოლაში.
გენერალი დავით აფხაზი, პოლკოვნიკი გიორგი აფხაზი, გენერალი კოტე აფხაზი.
1921 წლის ბოლოსთვის იქმნება ერთიანი სამხედრო ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ მენშევიკებიდან და მემარჯვენე ფედერალისტებიდან გენერალი ვარდენ წულუკიძე და ნაციონალ-დემოკრატებიდან კოტე აფხაზი. პირველ ეტაპზე სამხედრო ცენტრის დანიშნულება გახლდათ საქართველოს ყველა კუთხეში მსგავსი პატარ-პატარა ცენტრების შექმნა, რომელიც ერთიანი სამხედრო ცენტრისგან გაკონტროლდებოდა.
სამხედრო ცენტრმა მალე მთელი საქართველო მოიცვა. ცენტრის ყველაზე დიდი ფილიალი ბათუმში მდებარეობდა, რომელსაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა.
ამ ცენტრს საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება უნდა გაეწია. თუმცა ერთიანობა ხშირ შემთხვევაში მიუღწეველი იყო და ცენტრშიც კი აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. ცენტრს სურდა კავშირის დამყარება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა.
1922 წელს პირველად სპირიდონ კედია, შემდეგ კი ასათიანი დააპატიმრეს. პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად განმათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა, რომელიც ნარიყალიძის ბინაში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ნარიყალიძე და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. პარიტეტული კომიტეტი ხუთი პარტიისგან შედგებოდა: ნაციონალ დემოკრატები, მენშევიკები, სოციალისტ-ფედერალისტები, “სხივისტები“ და სოციალ-რევოლუციონერები. მათ შორის ჩამოყალიბდა შემდეგი შეთანხმება:
1) პარიტეტული კომიტეტი უნდა შემდგარიყო ხუთივე პარტიის თითო-თითო წარმომადგენლისაგან.
2) ყველა პრობლემა შეთანხმებულად უნდა გადაწყვეტილიყო. პარტიებს დამოუკიდებლად მოქმედება ეკრძალებოდათ. პარიტეტული კომიტეტი ვალდებული იყო შეეთანხმებინა მათი მოქმედება;
3) საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი ხელისუფლებისთვის დირექტივები პარიტეტულ კომიტეტს უნდა მიეცა და მათი ყოველი მოქმედებაც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.
4) არსებული თანხები, რომელიც საზღვარგარეთ ჰქონდათ, საერთო მიზნებს უნდა მოხმარებოდა.
5) ბოლშევიკების საქართველოდან განდევნის შემდეგ, რაშიც აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებულები აჯანყების მოთავეები, კანონიერი ხელისუფლების დაბრუნებამდე ქვეყნის მართვა სწორედ კომიტეტს ევალებოდა.
ამ პუნქტების შეთანხმებაში მონაწილეობას იღებდნენ ციხიდან კედია და ასათიანი.
1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით მოეწყო აჯანყება. მართალია, რუსეთის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ თავადაც სერიოზული ზარალი განიცადა. ეს იყო სტარტი ერთიანი ეროვნული ამბოხებისა და ქართველი ერის გამოფხიზლებისა. ყველა კარგად ხვდებოდა, უკან დახევა დამღუპველი იყო და ამიტომ ახალი შემართებითა და ერთიანი ძალებით აპირებდნენ ამბოხს.
გადაწყდა, პირველ რიგში თბილისი დაეკავებინათ და განედევნათ რუსის ჯარი. საჭიროების შემთხვევაში კახეთიდან დაიხმარდნენ ძალებს. თუმცა მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში სიწყნარე იყო. “ჩეკა“ დიდხანს ეძებდა აჯანყების ხელმძღვანელებს და გამცემის დახმარებით მიაგნო კიდეც. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კოტე მისაბიშვილმა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა გასცა.
კოტე აფხაზთან ერთად თოთხმეტივე პატიმარი 20 მაისს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. “მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“_ ეს სიტყვები შეუძახია გენერალ კოტე აფხაზს დახვრეტის წინ და სიკვდილსაც ისე გმირულად შეხვედრია, როგორც იცოცხლ