USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 65+ ასაკის მოქალაქეებისთვის სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგები ტარდება
дата:  

საქართველოში ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ამჯერად, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების — თემქის მედიათეკის 60+ კლუბის წევრები გაეცნენ სურსათის უვნებლობის იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია მათი და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

აღნიშნული ინიციატივა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ გაზაფხულზე განხორციელებული ტრენერთა ტრენინგის გაგრძელებას წარმოადგენს. სპეციალურად მომზადებული და გადამზადებული ტრენერები ახლა უკვე თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხვდებიან ხანდაზმულ მოქალაქეებს და მათ პრაქტიკულ ცოდნას უზიარებენ უსაფრთხო კვებისა და სურსათის სწორი მოხმარების შესახებ.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თემქის მედიათეკის კლუბის წევრები მოისმენენ 3 ძირითად ტრენინგს შემდეგ თემებზე:

  • სურსათის უვნებლობა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის
  • სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ეტიკეტირება
  • სურსათით გამოწვეული დაავადებები 65+ ასაკის ჯგუფში (Foodborne illnesses)

ციკლის პირველი შეხვედრა საინტერესო, ინტერაქციულ და აქტიურ რეჟიმში წარიმართა. ვორქშოფების სერიას სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ტრენერი ვერიკო გულუა უძღვება. მესამე შეხვედრის დასრულების შემდეგ, კურსის ყველა მონაწილეს საზეიმოდ გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

როგორც მედიათეკის კლუბის წევრმა, ცისანა მიქაბერიძემ აღნიშნა, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა: ჩემთვის ეს ვორქშოფი ძალიან სასარგებლო და საჭირო სიახლეებით იყო სავსე. მივიღე უმნიშვნელოვანესი ცოდნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის.“

ეს აქტივობა ევროკავშირის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სურსათის უვნებლობის სექტორის გაძლიერებას. პროექტი უკვე მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მოიცავს მრავალმხრივ საინფორმაციო კამპანიებს, მათ შორის სპეციალურად 65+ ასაკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სურსათით გამოწვეული დაავადებების მიმართ უფრო მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати