USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ჩეხეთის არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია იმარჯვებს
თარიღი:  1057

ჩეხეთის არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია იმარჯვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამჟამინდელი მონაცემებით, პოპულისტი მილიარდერის პარტია ANO, რაც ჩეხურად ნიშნავს "დიახ", ხმათა 34.87%-ს ფლობს. შესაბამისად, ის პარლამენტში 82 მანდატს დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბაბიშის პარტიამ დედაქალაქის გარდა ქვეყნის ყველა რეგიონში მოიპოვა უპირატესობა.

მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას SPOLU-ა. მემარცხენე ცენტრისტებს ხმათა 23.13% ერგოთ, რაც პარლამენტის ქვედა პალატაში 51 ადგილის დაკავებისთვისაა საკმარისი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის არჩევნებთან შედარებით მათ 20 მანდატი დაკარგეს.

12 მანდატი დაკარგა მესამე ადგილზე გასულმა "დამოუკიდებელი კანდიდატების" პარტია STAN-მაც, რომელმაც ხმათა 11.13% მოიპოვა და, სავარაუდოდ, პარლამენტში 21 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ STAN-ი პეტრ ფიალას პარტიასთან ერთად მოქმედ კოალიციაში იყო.

განსხვავებით მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიებისგან, დადებითი ზრდა აქვს სამთავრობო კოალიციის მესამე წევრ "მეკობრეების" პარტიას, რომელმაც ხმათა 8.80% მიიღო და პარლამენტში დამატებით 13 დეპუტატი შეიყვანა. ამ მოცემულობით, "Piráti" პარლამენტში 17 სკამს დაიკავებს.

მეხუთე ადგილზე გავიდა იაპონური წარმოშობის ჩეხი პოლიტიკოსის, ტომიო ოკამურას "პირდაპირი დემოკრატების პარტია", რომელიც აქამდე ერთ-ერთ ფავორიტად განიხილებოდა და ეგზიტპოლებით მე-3 ადგილზე უნდა გასულიყო. SPD-ს ხმათა 7.854% ერგო, რაც 15 დეპუტატის გაყვანისთვისაა საკმარისი. რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის შემდეგ ოკამურას გუნდმა 5 სკამი დაკარგა.

პარლამენტში 14 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი "მოტორისტების" პარტია, რომელმაც ხმათა 6.80% მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლების თანახმად "Motoristé" 5%-იან ბარიერს ვერ ლახავდა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა კომუნისტებისა და სოციალ-დემოკრატების პარტიის მიერ დაფიქსირებული შედეგია. "Stačilo!"-მ ხმათა 4.34% მიიღო და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. შეგახსენებთ, აღნიშნული პარტია 2017-2021 წლებში ანდრეი ბაბიშის კოალიციურ მთავრობაში იმყოფებოდა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის