USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
ჩეჭიფეში – ქართული ვაზის ჯიში – სამეგრელო
дата:  

ჩეჭიფეში მეგრული სიტყვაა და ნიშნავს თეთრ წვრილს. ამ სახელწოდებას ჯიში სავსებით ამართლებას. სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით იგი უფრო მომცრო და ნაზი აგებულების მარცვლებს ივითარებს.

ჩეჭიფეში სამეგრელოს თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე და ფილოქსერის შემოჭრამდე ჩეჭიფეში როგორც საადრეო ჯიში, მასობრივად ყოფილა გავრცელებული მაღლარად სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში. როგორც გადმოვგცემენ, ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ძირითადად ამზადებდა ღვინოს, რომელიც ხასიათდებოდა ალკოჰოლის საკმაო შემცველობით და ჰარმონიულობით.

აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ჩეჭიფეში ზემო აჭარაში გავრცელებულ ჭეჭიბერას ფონეტიკური სახეცვლილება უნდა იყოს. ჩვენ მიერ ორივე ჯიშის შესწავლისა და ურთიერთთან შედარებით კი მათი არაიდენტურობა დადასტურდა. აჭარის ჭეჭიბერა თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით არსებითად განსხვავდება მეგრულ ჩეჭიფეშისაგან.

ამ ჯიშების მთავარი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები შემდეგია: ჩეჭიფეშის ფოთლები საკმაოდ ღრმადაა დანაკვთული და ქვედა მხრიდან ქეჩისებრ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ღრმაა და ისრისმაგვარი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული მტვრიანები და ბუტკო აქვს. მარცვალი ოვალურია, საშუალოზე მცირე, წვნიანი და სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1-დან 3-მდე.

საღვინე ჯიშია, ამავე დროს საადრეოა და სუფრის ყურძნადაც შეიძლება გამოყენება. ამრიგად, თავისი მორფოლოგიური დაბიოლოგიური ნიშან_თვისებებით ჩეჭიფეში მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს Pროლ. პონტიცა სუბპროლ. Gეორგიცა Nეგრ.

ჭეჭიფერას ფოთლები მცირედაა დანაკვთული და ქვემოდან ოდნავ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ელიფსურია. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია და მოკლე, მოკაკული მტვრიანები აქვს. მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 70%-მდე აღწევს. მარცვალი მომრგვალოა, თხელკანიანი და მეტად წვნიანი, უბრალო ტკბილმომჟავო გემო აქვს.

მარცვალში 1-4 წიპწაა. ჯიში ინტერესს მოკლებულია, რამდენადაც შედარებით მდარე ხარისხის პროდუქციას იძლევა. სადღეისოდ სამეგრელოს რაიონებში ჩეჭიფეშის გავრცელების არეალი მეტად შემცირებულია და იგი მხოლოდ თითო-ოროლა ძირის სახით გვხვდება მაღლარად. ვაზები ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით და და მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევა.

ბოტანიკური აღწერა

ჩეჭიფეში აღწერილია სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ_ნი). ვაზები დაბლარად გაშენებული და დამყნობილი რიპარია X რუპესტრის 3306_ზე. ნაკვეთი, დაქანებულია სამხრეთისაკენ, ნიადაგი წითელმიწაა, კალციუმის კარბონატების მცირე შეცულობით.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ქეჩისებრ დაფარულია მოთეთრო-მოწითალო ბეწვისმაგვარი ბუსუსით. ახლადგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო-იისფერია, ძარღვების გასწვრივ კი ღია მწვანე, რომელიც საკმაოდ სქლადაა დაფარული მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ქვედა მხრიდან ფირფიტა ქეჩისებრ დაფარულია მონაცისფრო თეთრი ბუსუსით, რომელსაც მოწითალო ელფერი გადაჰკრავს, განსაკუთრებით ფირფიტის ნაპირებზე.

ფოთლის ყუნწი მოწითალოა და საკმაოდაა დაფარული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო-იისფერია; მეორე ფოთოლი ზემოდან ოდნავ არის შებუსვილი, მესამე კი თითქმის შიშველია. როგორც მეორე, ისე მესამე ფოთლის შებუსვა ქვედა მხრიდან ქეჩისებრია. ბუსუსი ბეწვისმაგვარია და მოთეთრო-ნაცრისფერი, ხოლო უფრო მოზრდილ ფოთლებზე ბუსუსი ნაცრისფერია.

ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეზე მოწითალო იისფერი დაჰკრავს და საკმაოდ დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ყლორტის წვერისაკენ შებუსვა უფრო ძლიერდება, ყლორტის წვერი ხშირ შემთხვევაში მოწითალოა.

ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო ან საშუალოზე წვრილია, მუქი ყავისფერია, ოდნავ მოწითალო ელფერით. მუხლთაშორისის სიგრძე 7_12 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მცირეა, მოყვანილობით მომრგვალოა; იგი ღია მწვანეა და საკმაოდ დანაკვთული, გვხვდება აგრეთვე ღრმად დანაკვთული ფოთლებიც. მისი საშუალო სიგრძე 14,6 სმ, ხოლო სიგანე 14,5 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღრმა ისრისებრია და თანასწორგვერდებიანი. იშვიათად გვხვდება ჩანგისებრი ფორმის მახვილფუძიანი ამონაკვეთებიც. ზედა ამონაკვეთი ღიაა და საკმაოდ ჩაჭრილი; გვხვდება მახვილი ან წამახვილებულფუძიანი ნასვრეტისებრი ამონაკვეთებიც. ქვედა ღია ამონაკვეთი მცირედაა ჩაჭრილი, იშვიათად საკმაოდ ჩაჭრილიც გვხვდება.

ფოთოლი ხშირად სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად სწორსაც. ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრი და ამოზნექილგვერდებიანია, მახვილი ან წამახვილებულწვერიანი ფუძით. გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი კბილებიც, რომელთაც ცალი გვერდი ჩაზნექილი აქვს. ფოთლის დანარჩენი კბილები მთავარი კბილების მსგავსია.

ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო ბუსუსით. ზედა მხარე უფრო ხშირად ბადისებრ დანაოჭებულია, ხოლო იშვიათად გლუვი. ფოთლის ზედაპირი ბრტყელია ან ნაპირებჩამოწეული. მთავარი ძარღვი ოდნავ შებუსვილია მონაცრისფრო ბუსუსით და ღია მწვანე ფერისაა. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,6_0,9 უდრის. იგი ღია მწვანეა, ხოლო ფუძესთან მოწითალო-ღვინისფერი ხდება და მცირედ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული მტვრიანები და ბუტკო აქვს. ყვავილში ხუთი მტვრიანაა. გვხვდება ოთხი და იშვიათად ექვსი მტვრიანაც. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 190-მდე აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 3,5-4,5 სმ უდრის, მტევნის სიგრძე მერყეობს 9-14,5 სმ, ხოლო სიგანე 5-7 სმ შორის. მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრია. იგი საშუალო სიკუმსისაა, გვხვდება აგრეთვე მეჩხერი მტევნებიც. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახმაგვარია და მომწვანო ფერისაა.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4-9 მმ აღწევს და მწვანე ფერისაა. ბალიში დამეჭეჭებული და განიერი კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული. მარცვალი ღია ქარვისფერია, საშუალოზე მცირე ზომისა და ოვალური ფორმის. მისი საშუალო სიგრძე 11,5-14,5 მმ, ხოლო სიგანე 10-12 მმ აღწევს. შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. თხელკანიანი, წვნიანი და ნაკლებხორციანია, ხოლო გემო სასიამოვნო ტკბილი აქვს. ცვილით მარცვალი მცირედაა დაფარული.

წიპწა. მარცვალში 1_3 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 5,5_6 მმ, სიგანე კი 2,5_3 მმ აღწევს. იგი მოყავისფროა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარეს _ შუა ნაწილში, იგი ფორმით თითქმის ოვალურია. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის სიგრძე 1,5 მმ უდრის.

გრობიოლოგიური დახასიათება

ჩეჭიფეშის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე დაკვირვება წარმოებდა სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ_ნი) დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე. ნაკვეთი გაშენებულია 1933 წელს, საძირედ გამოყენებულია რიპარია X რუპესტრის 3306. ქ

ჩეჭიფეშის სავეგეტაციო პერიოდი სოფ. ნაკიფუს ზონაში კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 180-182 დღეს გრძელდება, ხოლო მთელი სავეგეტაციო პერიოდი ფოთოლცვენის დამთავრებამდე-240 დღემდე აღეწევს. როგორც აქედან ჩანს, ჩეჭიფეშის სავეგეტაციო პერიოდი ყურძნის დამწიფებამდე სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, რის მიხედვითაც იგი საშუალო სიმწიფის ვაზის ჯიშთა ჯგუფში ექცევა.

ვაზი გამოღვიძებას ჩვეულებრივ მარტის ბოლო რიცხვებში, ხოლო ყვავილობას მაისის დასასრულს იწყებს და ხელსაყრელი ამინდის დროს 10 ივნისამდე ამთავრებს. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან და მასობრივად მწიფდება ოქტომბრის პირველ რიცხვებში. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ იწყება ნოემბრის პირველ ნახევარში და ამავე თვის ბოლოს მთავრდება.

სამეგრელოში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯიშებთან შედარებით ჩეჭიფეში თითქმის ერთი თვით ადრე მწიფდება, რასაც ამ მხარისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროისათვის ვაზის დანარჩენი ჯიშები მხოლოდ შეთვალების პროცესშია და ამიტომ ჩეჭიფეშის პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ყურძნად, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის მასობრივი მოხმარების ღვინოების დასაყენებლად.

ვაზის ზრდა-განვითარება

სოფ. ნაკიფუს ზონაში დაბლარად ფორმირებული ჩეჭიფეში საშუალო ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე 1,5_2 მ_მდე აღწევს, რომლებიც ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის ასწრებს მომწიფებას და მთელ სიგრძეზე ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს იღებს.

ჩეჭიფეშის მაღლარი ვაზები, რომლებიც თითო_ოროლა ძირის სახითაა შემორჩენილი ამავე ზონაში, თითქმის საშუალო ან საშუალოზე მცირე ზრდით ხასიათდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მაღლარი ვაზები მოვლის სიძნელის გამო სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული (გასხვლა, გაფურჩვნა, შეწამვლა და სხვა ოპერაციები არ ტარდება). არახელსაყრელ ამინდის პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად ყლორტები ნაწილობრივ ხევდება, დანარჩენი ნაწილი კი მოუმწიფებელი რჩება და იგი ზამთრის ყინვების მოქმედებით ადვილად იღუპება.

მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშნებს ჩეჭიფეში იძლევა მესამე წელს და ზოგჯერ მეორე წელსაც, ხოლო სრულ მოსავალს მე-4, მე-5 წლიდან. დაბლარად ფორმირებული ჩეჭიფეში 8_10 კვირტით დატვირთვისას ერთ ძირზე 1,5 კგ_მდე ყურძენს იძლევა, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 50_55 ცენტნერს შეადგენს. რქების 74,5% მოსავლიანია, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,3-მდე აღწევს. რქაზე ხშირად ორი არათანაბარი მტევანია, გვხვდება ერთი მტევანიც.

ეჭვს გარეშეა, რომ ღონიერ ნიადაგზე ან სათანადოდ გამოკვების შემთხვევაში ვაზის ზრდა გაძლიერდება და ვაზის უფრო მეტად დატვირთვის შესაძლებლობა შეიქმნება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს მოსავლის მნიშვნელოვნად გადიდება (ჰექტარზე საშუალოდ 70_80 ცენტნერამდე). ვაზი ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე სხვლას.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ გამძლეობა

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ჩეჭიფეში სუსტ გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ჭრაქით და ნაცრით მაღლარად ფორმირებული ვაზების მწვანე მასა და მტევნები. ამ ავადმყოფობათა მოქმედება მკვეთრად მჟღავნდება ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში _ ყურძნის შეთვალებამდე.

დაბლარად ფორმირებული ვაზების დროულად წამლობით აღნიშნული სოკოების მოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. დაკვირვებები ცხადყოფს, რომ თუ შეწამვლა დროულად და ხარისხიანად ჩატარდება, ნაკიფუს ზონაში საკმარისია ჩეჭიფეშის ვაზების 5_6_ჯერ ბორდოს ხსნარით შესხურება და 3_ჯერ გოგირდით შეფრქვევა.

სამეგრელოს დანარჩენი ადგილობრივი ჯიშების მსგავსად, ჩეჭიფეში ფილოქსერისადმი მეტად დიდ მგრძნობიარობას იჩენს. სწორედ ამ მავნებლის მოქმედება უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომელმაც გამოიწვია ამ ჯიშის მასობრივი განადგურება.

გარემო პირობების მიმართ დამოკიდებულება

მაღლარად ფორმირებული ჩეჭიფეშის ერთეული ძირები ძირითადად მდინარეთა ხეობებშია შემორჩენილი. უნდა ითქვას, რომ ეს ვაზები ხელსაყრელი ამინდის დროსაც კი ე.ი. როცა სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება არ არის გამომჟღავნებული, ვერ იძლევა მაღალი ღირსების პროდუქციას. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქარი 17_18,5% არ აღემატება და შესაბამისად მჟავიანობაც 10% –მდე გადიდებულია.

ამავე ზონაში დაბლარად ფორმირებული და ზოგან სამხრეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე გაშენებული ვაზები გაცილებით უკეთეს პროდუქციას იძლევა, რომელიც მეტი შაქრიანობით და შემცირებული მჟავიანობით გამოირჩევა.

ამიტომ ჩეჭიფეშის გასაშენებლად მომავალში გამოყოფილ უნდა იქნეს სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილი, ღია, მზვარე ნაკვეთები, რადგან ასეთ ნაკვეთებზე სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება.

ზამთრის ყინვებისა და გაზაფხულის წაყინვების მოქმედებას ვაზი წალენჯიხის რაიონში კერძოდ, ნაკიფუს ზონაში სრულიად არ განიცდის, თუ იგი სათანადოდაა მოვლილი. ვაზი დროულად იღვიძებს და მისი შემდგომი განვითრება სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ჩეჭიფეშის სამეურნეო-ტექნოლოგიურ თვისებათა შესასწავლად ყურძნის ნიმუშები აღებულ იქნა ნაკიფუს ზონაში დაბლარად ფორმირებული ვაზებიდან.

დიდი მტევნის წონა 140 გ, მცირესი _ 75 გ. ხოლო საშუალო წონა 105 გ უდრის. მტევანში მარცვლების რაოდენობა მერყეობს 45_დან 90_მდე.

მტევანში მარცვლების საშუალო რაოდენობა შეადგენს 95,2%, კლერტის _ 4,0%, კანის _ 16,2%, წიპწის _ 5,8%, ხოლო წვენის 74%. ამრიგად, ჩეჭიფეშის წვენის გამოსავლიანობა სავსებით საკმაოდ უნდა ჩაითვალოს საღვინედ განკუთვნილი ჯიშისათვის. ამას ადასტურებს წვენის წონითი შეფარდება კანის, კლერტისა და წიპწის წონასთან.

ჩეჭიპეში, ვაზის, ჯიში100 მარცვლის საშუალო წონა 130 გ_მდე აღწევს. 100 მარცვალში 179_მდე წიპწაა, წონით 7,8 გ. ერთწიპწიანი მარცვლები 33%, ორწიპწიანი _ 55%, ხოლო სამწიპწიანი 17% შეადგენს.

სრული სიმწიფის პერიოდისათვის დაბლარი ვაზებიდან დაკრეფილ ყურძენში შაქრიანობა 19,5_20%, ხოლო საერთო მჟავიანობა 9,8‰–მდე აღწევს.

ჩეჭიფეშის ღვინო ნორმალურ ალკოჰოლთან ერთად (10,81º) შეიცავს ოდნავ მომეტებულ, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობას. მქროლავი მჟავას (0,71) ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ესქტრაქტის რაოდენობა ღვინოში არაა დიდი (18,46), მაგრამ სხვა ელემენტებთან შეფარდებით ამ ტიპის ღვინისათვის საკმაოდ უნდა ჩაითვალოს.

დაჭაშნიკების შედეგად ჩეჭიფეშის ღვინომ მიიღო შემდეგი შეფასება: ფერად ლამაზი, ღია მოჩალისფრო, საკმაოდ ჰარმონიული და ოდნავ მომჟავო, მაგრამ სასიამოვნო სასმელი ღვინო. ეს შეფასება სავსებით აკმაყოფილებს ორდინარული ტიპის ღვინოსადმი წაყენებულ მოთხოვნას. ადგილობრივ პრაქტიკოს-მევენახეთა გადმოცემით, ამ ჯიშის ღვინო ხანგრძლივად არ ინახება და ნაკლებად ტრანსპორტაბელურია, ამიტომ მას წარსულში არ აძველებდნენ და ძირითადად მაჭრად, საგვიანო ჯიშების კრეფის დროს იყენებდნენო.

რამდენადაც ჩეჭიფეში ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საადრეოა, მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც.

ჩეჭიფეშის მოკრეფილი ყურძენი არ ინახება. ვაზზე დატოვებული ოქტომბრის ბოლომდე ძლებს, ოღონ ჭკნება. ყურძენი შორ მანძილზე გადატანას ვერ იტანს.

საერთო შეფასება და დარაიონება

ჩეჭიფეში საღვინე ჯიშია, მაგრამ მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც.

სამეგრელოს აბორიგენულ ვაზის ჯიშთა შორის ჩეჭიფეში ფართო მოწონებას იმსახურებს, რადგან ორდინარულ ღვინოს იძლევა და ამ დადებით თვისებებთან ერთად საადრეო ჯიშია. იგი იმ დროს მწიფდება, როცა სხვა ადგილობრივი ჯიშები მხოლოდ შეთვალებას იწყებს (სექტემბრის ბოლოს). სამეგრელოს თბილი, ტენიანი ეკოლოგიური პირობებისათვის ასეთი ჯიშის გავრცელებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჯიშის უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტი გამძლეობა. ამიტომ აუცილებელ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული სოკოვან ავადმყოფობათაგან დასაცავად ბორდოს ხსნარით 5-6-ჯერ შეწამვლა და გოგირდით 3-ჯერ შეფრქვევა.

ჩეჭიფეში ძირითადად სამეგრელოს მთისპირა ზონის მიკრორაიონებში სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე დამყნობით უნდა გავრცელდეს.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати