USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ბულატ ოკუჯავა - მე მოსკოვური ჩამოსხმის ქართველი ვარ
дата:  8029

კომპოზიტორი, მომღერალი, მწერალი,მთარგმნელი,  ბულატ ოკუჯავა, რომლის შემოქმედებას ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ქართული კულტურის ნაწილად არ მიიჩნევს,  1924 წლის 9 მაისს დაიბადა.

ცნობილია, რომ მშობლებს მისთვის დორიანის დარქმევა ნდომებიათ, ოსკარ უაილდის სიყვარულით და დიდხანს ფიქრობდნენ ამაზე. შემდეგ კი ისევ კომუნისტურმა სახელმა გადაწონა. ბულატიც, ისევე როგორც სტალინი, ლითონია და აქედან მომდინარეობს მისი სახელიც.

ბულატ ოკუჯავას მამა და ბიძები ცნობილი კომუნისტები იყვნენ.  უფროსი ბიძა, ვლადიმერ ოკუჯავა, იმავე პლომბირებული ვაგონით დაბრუნდა შვეიცარიიდან, რომლითაც ლენინი მოჰყავდათ; დანარჩენმა ძმებმა – ნიკოლოზმა და მიხეილმა,  ბულატის მამასთან, შალვასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს გასაბჭოების საქმეში. დედა სომეხი ჰყავდა. პოეტის დედა, აშხენ სტეფანეს ასული ნალბანდიანი, საქართველოში დაბადებული დიდი სომეხი პოეტის, ვაჰან ტერიანის ახლო ნათესავი ყოფილა.

ბებია, მამის მხრიდან, რუსი გახლდათ, პავლე პერემუშევისა და სალომე მეძმარიაშვილის ასული, ელისაბედი. ელისაბედი ცოლად გაჰყვა სტეფანე ოკუჯავას.1930-იან წლებში პოეტის მამა თბილისში გადმოიყვანეს და ქართული დივიზიის კომისრად დანიშნეს. მერე თბილისის ქალაქკომის მდივნად დააწინაურეს. მომავალი ბარდი სწავლობდა რუსულ სკოლაში. მამამისს პრობლემები ჰქონია ლავრენტი ბერიასთან, ამიტომ, იგი სერგო ორჯონიკიძის დახმარებით ურალში გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე. მაგრამ ამანაც არ უშველა. 1937 წლის 4 აგვისტოს შალვა ოკუჯავა დახვრიტეს. დედა გადასახლებაში იყო 1955 წლამდე.

ბულატი ჯერ მოსკოვში დაბრუნდა, ბებიასთან, შემდეგ კი თბილისში, სოლოლაკში, ნათესავებთან დაიწყო ცხოვრება. ზეინკლად მუშაობდა და თან სწავლობდა. მეცხრე კლასში იყო, ფრონტზე რომ წავიდა მოხალისედ. მძიმედ დაიჭრა. ომის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ თბილისში წაუკითხა პირველად თავისი ლექსები პასტერნაკს. მიუკაკუნა მწერალს სასტუმრო "თბილისის" ნომერში, გაეცნო და ლექსების კითხვა დაიწყო.

მერე კალუგაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტად მუშაობდა. დაიწყო ხრუშჩოვის "ოტტეპელის" ეპოქა, საზოგადოების "ფიზიკოსებად" და "ლირიკოსებად" დაყოფა. ოკუჯავამ "ლირიკოსის", "მეოცნების" როლი აირჩია - მისი ლექსების პირველი კრებული, სახელწოდებით "ლირიკა", კალუგაში გამოვიდა.

1959 წელს კი მოსკოვში დაიბეჭდა ბულატ ოკუჯავას კრებული "კუნძულები". კრიტიკოსებმა მის ნაწარმოებებში ლირიკისა და სატირის ერთიანობა აღმოაჩინეს. ეს რაღაც სრულიად ახალი იყო 60-იანი წლების საბჭოთა ლიტერატურაში. ცენზურამ, რა თქმა უნდა, შეამჩნია, რომ ოკუჯავას ლექსებში, სიმღერებში არა მარტო შვილები ელეპარაკებიან მშობლებს "თქვენობით", ასე მიმართავს ერთმანეთს ცოლ-ქმარიც კი. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო ოკუჯავას რეაქცია პროლეტარულ კულტურაზე. თუმცა ხელისუფლებამ ოკუჯავას დევნა მოგვიანებით დაიწყო - 1968 წელს, როცა, პრაღაში საბჭოთა ტანკების შეყვანის შემდეგ, პოეტი დემონსტრაციულად გაემიჯნა კომპარტიას. იმხანად მან ჩეხებს არა, მაგრამ პოლონელებს მიუძღვნა ერთი სიმღერა, რომლის ქვეტექსტი ყველასთვის გასაგები იყო.

თუმცა ცენზურასთან პრობლემები უფრო ადრე, 1963 წელს, გაუჩნდა ლექსის - "ლოცვის" გამოქვეყნების შემდეგ. გამომცემლებმა ოკუჯავას ამ შესანიშნავ სიმღერას სათაური შეუცვალეს და "ფრანსუა ვიონის ლოცვა" უწოდეს.

საბჭოთა ჩინოვნიკებს სძულდათ ოკუჯავა, თავისი ინტელიგენტური იერითა და რბილი ხმით. ოკუჯავას მსგავსი ლიბერალი-სოციალისტები ხომ კომუნისტურ ხელისუფლებას რადიკალებზე მეტად აღიზიანებდა. კომუნისტი ცენზორები ხედავდნენ, რომ ამ ადამიანს არ შეეძლო ტყუილი, სძულდა სიყალბე, ხედავდნენ, რომ იგი თავისუფალი ადამიანის ლექსებს წერდა.

ხალხიც ხედავდა ამას და პოეტის საღამოებზე, რომელიც ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ტარდებოდა, ეკითხებოდა ხოლმე ოკუჯავას: "გვასწავლეთ, როგორ ვიცხოვროთ?".

მიუხედავად ამისა, მარტოობა, როგორც ჩანს, ყველა დიდი პოეტის ხვედრია. ბულატ ოკუჯავა პარიზში 1997 წლის ივნისში გარდაიცვალა. ექიმებმა "გრიპის ინფექციის" დიაგნოზი დასვეს. "არა, იგი მარტოობისგან გარდაიცვალა" - აღნიშნა მაშინ ოკუჯავას მეუღლემ ოლია არციმოვიჩმა. სხვათა შორის, საქორწინო მოგზაურობა, ოლიასთან ერთად, ოკუჯავამ თავის საყვარელ თბილისში მოიწყო.

ბულატ ოკუჯავამ, რომელიც სიცოცხლის მიწურულს მართლმადიდებელ ტაძარში მოინათლა, ათეისტურ ეპოქაში ღმერთის სახელი გააცოცხლა და, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, ასე ვთქვათ, "იმათხოვრა" სხვისთვის, ილოცა სხვისთვის... იმის მსგავსად, მოხუცი ქალები რომ ლოცულობენ ეკლესიაში... შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და თავისთვის - მხოლოდ ბოლოს.

ვლადიმერ ვისოცკი მას სულიერ მამად თვლიდა და ყოველთვის იმეორებდა, რომ სწორედ ოკუჯავას შემოქმედებამ უბიძგა მას სიმღერისკენ…

ისინი ახლო მეგობრები არ ყოფილან, ასაკსა და ტემპრამენტში განსხვავების გამო… თუ, რა თქმა უნდა, ახლო მეგობრობას - შეხვედრების სიხშირით შეაფასებ… მაგრამ ისინი სულიერი მეგობრები ნამდვილად იყვნენ… ძალიან უყვარდათ ერთმანეთის შემოქმედება და უაღრესად სცემდნენ პატივს ერთმანეთს…

ბულატმა და ვისოცკიმ ერთმანეთი გაიცნეს 1961 წელს და გადაიღეს ერთად სურათი, რომლსაც ოკუჯავა ბოლომდე სათუთად ინახავდა… 1977 წელს, პარიზში ისინი ერათდერთხელ გამოვიდნენ ერთ კონცერტში და მაყურებელმა ორივე აღფრთოვანებით მიიღო… არა და, ემოციურმა ვისოცკიმ დარბაზი როგორც ყოველთვის ააფეთქა… თავმდაბალმა ბულატმა კი ამ ფონზე თავისი წარმატება ასე შეაფასა — „ეს ჩემი კი არა, გიტარის დამსახურება იყოო“…

მათი ბოლო შეხვედრა მოხდა შემთხვევით, 1980 წლის ივლისში… ორივე მანქანას მართავდა და ერთმანეთი შუა მოსკოვში დაინახეს… ხელი დაუქნიეს ერთმანეთს და თავის საქმეებზე წავიდნენ… ბულატი მეორე დღეს გაემგზავრა დასასვენებლად და ადგილზე ჩასულმა გაიგო ვისოცკის გარდაცვალების ამბავი…

 მან საოცარი სიმღერა მიუძღვნა ვლადიმერ ვისოცკის…

 „О Володе Высоцком я песню придумать хотел,

 но дрожала рука и мотив со стихом не сходился...

 Белый аист московский на белое небо взлетел,

 черный аист московский на черную землю спустился

ბულატ ოკუჯავას საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მწერალ ჯუმბერ თითმერიას აქვს ნათარგმნი მისი რომანი "გაუქმებული თეატრი", რომლისთვისაც 1994 წელს ბულატ ოკუჯავას ბუკერის პრემია მიანიჭეს. "გაუქმებული თეატრი" - ესაა ბულატ ოკუჯავას ბავშვობა, მამის დაპატიმრება, ოლღა ოკუჯავასა და გალაკტიონ ტაბიძის ბრწყინვალე პორტრეტი. ეს ნაწარმოები ამტკიცებს, რამდენი რამ აკავშირებს ბულატ ოკუჯავას ქართულ კულტურასთან, უმტკიცებს იმას, ვინც ყველანაირად ცდილობს გამიჯნოს ბულატ ოკუჯავა ჩვენი ლიტერატურისგან.

ასევე აღსანიშნავია მისი  დიდტანიანი რომანი „დილეტანტების მოგზაურობა“ ქართველი თავადის, ამირან ამილახვრისაგან  პირველ პირში მოთხრობილი, რაც გამჭვირვალე ქარაგმით მიანიშნებდა მთავარი გმირისა და ავტორის იდენტიფიკაციაზე.

სამწუხაროდ საქართველოში პოეტს, რომელმაც არაერთი ქართველი მწერლის ლექსი თარგმნა რუსულად, რომელსაც არასდროს უთქვამს უარი თავის გვარზე, მშობლებზე, თბილისში გატარებულ წლებზე, თუმცა განუწყვეტლივ იმეორებდა, ჩემი სამშობლო არბატიაო, ისევ უცხოდ მიიჩნევენ.

და მისი საქართველოსთან დამოკიდებულების განსაზღვრას, მხოლოდ იმითი ცდილობენ, რომ მან ხეირიანად არ იცოდა ქართული, რადგან სომეხი დედის გაზრდილი იყო, რომელიც, როგორც კი მისი თანდასწრებით დაიწყებდა ვინმე ქართულ ლაპარაკს, მყისვე აწყვეტინებდა ხოლმე: „მოდით ვილაპარაკოთ ლენინის ენაზე“!

ამის პასუხად ბევრმა უნდა წაიკითხოს  „დილეტანტის მოგზაურობა”, სადაც ბულატ ოკუჯავა წარმოჩინდა როგორც ნამდვილი ქართველი, ნამდვილი ხელოვანი, ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე. ეს იყო ამირან ამილახვრის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ნაწარმოები, სადაც პლასტებში საკუთარი ბიოგრაფია აქვს ჩადებული. „დილეტანტის მოგზაურობა” შეგვიძლია შევადაროთ ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმანს”. არაჩვეულებრივ ბედნიერ წუთებს მოგიტანთ ამ ნაწარმოების წაკითხვა. ერთი სიტყვით, ამ დიდ გაორებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართველობას. ეროვნებას ოკუჯავას ისე უხსენებდნენ როგორც, ვთქვათ, ბორის აკუნინს. ანუ, ეს თითქოს მისი მინუსი იყო. ის ამბობდა: „ქართველობას მაშინ მიხსენებენ, როდესაც რაიმე ცუდის თქმა უნდათ”.

ერთი რუსი კრიტიკოსი წერდა, რომ ოკუჯავას შემოქმედებაში საქართველო სულ წარმოჩნდება მისთვის როგორც სასიამოვნო ნავსაყუდელი, გასაქცევი ადგილიო. გაორება ეროვნული, პიროვნული, პოლიტიკური – ეს ბულატის პირვნება იყო.

ერთხელ, როდესაც ბულატ ოკუჯავა იტალიურ გაზეთს აძლევდა ინტერვიუს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი პოეტი დღეისათვის, მან უპასუხა, რომ  მსოფლიოში ყველაზე დიდი ლირიკოსი გალაკტიონია.

თავის თავს ის „მოსკოვური ჩამოსხმის ქართველს ეძახდა“…ამბობდა: ჩემი მოსკოველი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ ხოლმე - თქვენ რუსულ სიმღერებს ქართული აქცენტით მღერიხართ, მაგრამ ხშირად ჩვენზე უკეთესადაც კიო…

„ქართული სიმღერაში“, რომელიც ბულატ ოკუჯავამ მეგობარს, მიხეილ ქვლივიძეს, მიუძღვნა, თავისი ვერ შემდგარი ქართველობისთვის ის ერთდროულად ზენაარისგან სასჯელსაც გამოელის და თვისტომთაგან პატიებასაც ითხოვს. ამ თხოვნას, მან  "ქართული სიმღერა" უწოდა და სიყვარული აუხსნა ქვეყანას, რომელსაც თავის ახალგაზრდობას უკავშირებდა.

 

Виноградную косточку в тёплую землю зарою,

И лозу поцелую, и спелые гроздья сорву,

И друзей созову, на любовь своё сердце настрою.

А иначе, зачем на земле этой вечной живу.

 

Собирайтесь-ка, гости мои, на моё угощенье,

Говорите мне прямо в лицо, кем пред вами слыву.

Царь небесный пошлёт мне прощение за прегрешенья.

А иначе, зачем на земле этой вечной живу.

 

В тёмно-красном своём будет петь для меня моя дали,

В чёрно-белом своём преклоню перед нею главу,

И заслушаюсь я, и умру от любви и печали.

А иначе, зачем на земле этой вечной живу.

 

И когда заклубится закат, по углам залетая,

Пусть опять и опять предо мной проплывут наяву

Белый буйвол, и синий орел, и форель золотая.

А иначе, зачем на земле этой вечной живу.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати