USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) : „პუტინის იმედით, ქვეყნის მომავალი ჩინეთ-ინდოეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მისი გეგმით არ განვითარდეს“
თარიღი:  815

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ გეგმავს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ვაჭრობის გარდაქმნას: მისი იმედით, ქვეყნის მომავალი ჩინეთ-ინდოეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მისი გეგმით არ განვითარდეს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომისათვის კოლოსალურ თანხებს ხარჯავს: აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტი. ახლა იგი გეგმავს დიდი თანხები დააბანდოს იმ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც რუსეთის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს განვითარდეს დასავლეთისაგან იზოლაციის პირობებში.

მომავალი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი გეგმავს 70 მილიარდი დოლარი დახარჯოს სატრანსპორტო მარშრუტების მშენებლობაში, რომლებიც ქვეყანას აზიელ და ახლოაღმოსავლელ პარტნიორებთან დააკავშირებს. ამ თანხიდან ლომის წილი მიეცემა შორეულ აღმოსავლეთს და რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონს (პოლარული წრის მიღმა), ხოლო შედარებით ნაკლები - საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ (INSTC) განვითარებას, რომელიც კავკასიის რეგიონზე გადის და რომელიც მოწოდებულია გააფართოვოს რუსეთის კავშირები ინდოეთის ოკეანის ქვეყნებთან, ირანის ტერიტორიის ტრანზიტით. ოფიციალურ პირთა განცხადებით, არადასავლური მიმართულების მქონე მარშრუტებით ახლო მომავალში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.

უკრაინის ომმა უკვე გამოიწვია რუსული პროდუქციის ექსპორტის ორიენტაციის მკვეთრი ცვლილება. ის ქვეყნები, რომლებიც დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდნენ - ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, თანდათანობით ჩაანაცვლეს ვაჭრობა დასავლეთთან და რუსეთთან ადრე დაკარგული კავშირები აღადგინეს. რადგანაც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის რეგიონში ინფრასტრუქტურა სუსტად არის განვითარებულია, აზიის ქვეყნებისკენ ექსპორტი შეზღუდულია, პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანა ძალიან ხშირად შორი მარშრუტით ხდება - შავი და ბალტიის ზღვებისა და სუეცის არხის მეშვეობით. მოსკოვი გარკვეულწილად შეშფოთებულია იმით, რომ ვაითუ შავი ზღვიდან ექსპორტი საერთოდ შეწყდეს - სავარაუდოდ, ნატოს ზეწოლით, თურქეთის მიერ ბოსფორ-დარდანელის სრუტეების შესაძლო ჩაკეტვით. ამიტომაც, რუსეთი ცდილობს სავაჭრო გზების დივერსიფიცირებას მეგობარი ქვეყნებისკენ და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის მხრიდან ეს მიდგომების მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს. ჯერ კიდევ არცთუ დიდი ხნის წინათ რუსი ჩინოვნიკები თავს არიდებდნენ ინფრასტრუქტურულ კავშირებს ინდოეთთან და ჩინეთთან, რადგან ევროპასთან ვაჭრობა უფრო მომგებიანად ითვლებოდა. სავაჭრო გზების ორიენტირების შეცვლამ მათი გათვლებიც შეცვალა. ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა, ნავთობზე მოთხოვნის გამო, 2021 წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა და რეკორდულ 240 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2022 წელს ოქი ქვეყნისთვის სასაზღვრო მდინარე ამურზე პირველი სარკინიგზო ხიდი გაიხსნა, კიდევ ერთის მშენებლობა გასულ წელს დაიგეგმა და 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2030 წლისათვის კი რუსეთს სურს არქტიკული „ჩრდილოეთის საზღვაო გზის“ გამოყენებით, ბერინგის სრუტის გავლით, ტვირთების გადაზიდვა ჩინეთისაკენ დრევანდელი 36 მილიონიდან 200 მილიონ ტონამდე გაზარდოს.

რც შეეხება ირანს: ორიოდე წლის წინათ რუსეთი გარკვეულწილად თავს არიდებდა ირანთან მჭიდრო ურთიერთობას, რადგან თეირანს დასავლური მკაცრი სანქციები ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ ახლა, რადგანაც დასავლეთმა ორივე ქვეყანა „გარიყულად“ შერაცხა, მოსკოვი და თეირანი გაორმაგებული ძალით ავითარებენ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანს. გასული წლის ბოლოს რუსეთი დათანხმდა რეშთი-ასტარის რკინიგზის მშენებლობის დაფინანსებას აზერბაიჯანის საზღვრისაკენ. სხვათა შორის, ამ 162-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა 20 წლის წინ დაიგეგმა, მისი გარკვეული მონაკვეთი ამოქმედდა კიდეც, მაგრამ ბოლომდე დასრულება გაჭიანურდა. ახლა, გეოეკონომიკური სიტუაციის ცვლილების გამო, მხარეებმა მზერა ისევ მას მიაპყრეს.

ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სავაჭრო დერეფნის სრული ამოქმედების შემდეგ, ირანი რუსული პროდუქციისათვის ერთგვარ ჰაბად გადაიქცევა, საიდანაც ტვირთები აზიისაკენ, ახლო აღმოსავლეთისაკენ [და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების აფრიკული სექტორისაკენ] გადაიზიდება. მაგრამ ბოლო ორი წლის მთავარ ტროფეის მაინც ინდოეთი წარმოადგენს: ჩინეთისაგან განსხვავებით, ინდოეთის მოთხოვნილება რუსულ ქვანახშირზე და ნავთობზე, სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, როგორც მინიმუმი, 2030 წლამდე სტაბილურად მაღალი იქნება

მაგრამ ვლადიმერ პუტინის გეგმებს წინ სერიოზული დაბრკოლებები ემუქრება: ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ზამთრობით თითქმის გაუვალი იქნება ტვირთზიდვისათვის და ყინულებისაგან თავისუფალი მხოლოდ 21-ე საუკუნის შუახანებში თუ იქნება. რაც შეეხება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სავაჭრო დერეფანს, ის ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტზე იყო გათვლილი თავიდანვე, რაც მის ტვირთგამტარუნარიანობას ზღუდავს.

გარდა ამისა, ალტერნატიული მარშრუტების ძიებას და მათ შექმნა-გამოყენებას ხელს უშლიან სანქციები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსი ჩინოვნიკები ახალი მარშრუტების გამატარუნარიანობას გაადიდებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის გარანტირებული იქნება.

წყარო: https://www.economist.com/finance-and-economics/2024/08/28/how-vladimir-putin-hopes-to-transform-russian-trade

 

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის