ომის დაწყების დღიდან უკრაინაში სულ მცირე 10 რუსი გენერალია მოკლული, 6 მეთაური კი თანამდებობებიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალების არაეფექტურობა ძვირად დაუჯდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, რამაც, სავარაუდოდ, სულ მცირე 6 მეთაურის თანამდებობიდან მოხსნა გამოიწვია.
„კერძოდ, საუბარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურებზე - გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჩაიკოზე და გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჟურავლიოვზე. ჩაიკომ თანამდებობა 2022 წლის მაისში დატოვა, ჟურავლიოვი კი, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, არ ესწრებოდა 31 ივლისს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. სავარაუდოდ, ის გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ კოჩეტკოვმა შეცვალა. გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მეთაური იყო, ხოლო გენერალ სუროვიკინმა სამხრეთის დაჯგუფება გენერალ გენადი ჟიდკოსგან გადაიბარა. ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 10 რუსი გენერალი“,“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.