USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ბრიტანულ ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator): „შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?“
თარიღი:  

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთთან შეჯიბრს იარაღის წარმოებაში?“ (ავტორი - საშა ლენსკი, რუსეთის მოქალაქე. ცენზურის გამო წერს ფსევდონიმით). მასალაში განხილულია ნატოს ევროპელი წევრების სამხედრო მრეწველობის პრობლემები, რუსეთთან შედარებით.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თუ ევროპელებს [ვინმე] თავს დაგესხმებათ, ჩვენ არ დაგეხმარებით“ - ასე განუცხადა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების მეთაურებს, როცა იგი ამერიკის პრეზიდენტი იყო. ამჟამინდელ სიტუაციაში, როცა გეოგრაფიულად (გნებავთ გეოპოლიტიკურადაც) ევროპაში ისეთი მასშტაბის ომი მიმდინარეობს, რომელიც 1945 წლიდან აღარ მომხდარა, კონტინენტმა უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას აშშ-ის თეთრი სახლის -  თავის მოკავშირისა და მფარველის მიმართ ბოლო 70-ზე მეტი წლის განმავლობაში.

ამჯერად სრულიად შესაძლებელია, რომ ევროპას მოუწევს უფრო მეტად საკუთარი რეზერვებისა და გამძლეობის იმედად იყოს, მაგრამ ჩნდება ბუნებრივი კითხვა: ეყოფა თუ არა კონტინენტს ერთიც და მეორეც? როგორც ამას წინათ აღნიშნა ნატოს გენმდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ, პრობლემა არა მარტო ფულშია, არამედ სამხედრო-სამრეწველო პოტენციალშიც: ცივი ომის დასრულების მომენტიდან ევროპის ქვეყნები (ნატოს წევრები) მშვიდობიანი პერიოდის დივდენდებზე ისხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათ უზრუნველ ცხოვრებას არაფერი არ დაემუქრებოდა.

რუსეთში არსებული სიტუაცია კი ევროპულისაგან სრულიად განსხვავებულია: მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ უკრაინასთან ომი ისეთი არ იქნება, როგორიც მას ჰქონდა წარმოდგენილი, კრემლმა მოძებნა გზა დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად, რათა იარაღის საწარმოებლად მაღალტექნოლოგიური კომპონენტების იმპორტი განეხორციელებინა. დღეისათვის რუსეთმა ბევრი მიმწოდებელი იპოვა, რომლებიც, სხვათა შორის, მოხარულები არიან მოსკოვთან მომგებიანი ურთიერთობით.

როცა 2022 წლის შემოდგომისათვის აშკარა გახდა, რომ უკრაინასთან ომი გაჭიანურდებოდა, რუსეთის სამხედრო წარმოებამ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო. ისეთი სამხედრო კომპანიები, როგორებიცა „ურალმაშზავოდი“ (რომლებიც მძიმე საბრძოლო ტექნიკის წარმოებაში არიან დასპეციალებულნი), სადღეღამისო რეჟიმით მუშაობაზე გადავიდა. ის კომპანიები კი, რომლებიც უარს იტყვიან რუსეთის არმიასთან დაკავშირებული კონტრაქტების დადებაზე, მათ ხელმძღვანელებს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

2024 წელს დაგეგმილია თავდაცვის ხარჯების რეკორდული მატება - რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-მდე. როგორც მირჩა ჯოანემ აღნიშნა, რუსეთის სამხედრო წარმოება „სრულიად პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს“ - ტანკების, ქვემეხებისა და ჭურვების დაბალტექნოლოგიური და იმავდროულად სრულყოფილი წარმოებისათვის, ხოლო რაკეტებისა და დრონების დასამზადებლად მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს (მაგალითად, „ჩიპებს“ // ინტეგრალურ სქემებს) რუსეთი ნაწილობრივ თვითონაც აწარმოებს, უმეტესად კი მესამე ქვეყნების მეშვეობით იღებს. ამასთან, რაკეტებს და დრონებს კრემლი ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგანაც ყიდულობს. ამჟამად რუსეთის სამხედრო მრეწველობაში აშკარად შეიმჩნევა ოპტიმიზმი: მთავარი სახელმწიფო-სამრეწველო კორპორაციის „როსტექ“-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩერნეზონმა გასაოცარი ციფრები გააჟღერა ორი თვის წინათ, ტელეინტერვიუს დროს - მისი თქმით, 2023 წელს ტანკების წარმოება 7-ჯერ, მძიმე საარტილერიო სისტემების - ორჯერ და მეტად, ხოლო მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღისა - 60-ჯერ გაიზარდა, რაც ლიტონი სიტყვები ნამდვილად არ არის. სამხედრო მრეწველობის ზრდის ტემპები რუსეთის არმიის ინტენსიურ საომარ მოქმედებებითაც დასტურდება.

ევროპა კი ამ მხრივ რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. ევროპა დიდი ხნის მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში იარაღის ნელი წარმოებისადმი იყო მიჩვეული, თანაც მცირე რაოდენობით, ახლა კი იძულებულია ტემპები რადიკალურად შეცვალოს. მართალია, სამხედრო არსენალის მოდერნიზება-მატებისათვის ფული უკვე გამოყოფილია (დაახლოებით 230 მილიარდი ევვრო), მაგრამ სამხედრო მრეწველობის ისეთი სწრაფი ზრდა, როგორც რუსეთშია, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

რასაკვირველია, ზოგიერთი ქვეყანა უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ზოგიც უარესში. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პოლონეთი, თავისი ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შედარებით კარგად ემზადება - ვარშავამ უკვე გააფორმა 10 მილიარდი ევროს კონტრაქტები ამერიკულ კომპანია „ლოქხიდ მარტინთან“ - HIMARS-ის სისტემის 500 სარაკეტო დანადგარის მიწოდებისათვის (კონტრაქტის დასრულების შემდეგ პოლონეთს უფრო მეტი HIMARS-ები ექნება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს).

რას აკეთებს გერმანია, რომლის ბუნდესვერს ევროპის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება? ერთ-ერთი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, „მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების წლებში“ სამხედრო სფეროს განმტკიცების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო „არმია შიშველი დარჩა“. ცხადია, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის შემხედვარე, ბერლინიც გააქტიურდა, მაგრამ საკმაოდ ნელი ტემპით: კომპანია Rheinmetall-ის განცხადებით, 155-მილიმეტრიანი ქვემეხების ჭურვების დამზადების 33%-იანი ზრდა მხოლოდ 2024 წლის ბოლოსათვის იქნება შესაძლებელი (თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი სხვა უფრო რთული მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოშვების მატებაზე არაფერს ამბობს). სხვათა შორის, გერმანიას, მრავალჯერადი განცხადების მიუხედავად, თავისი თავდაცვის სფერო მშპ-ის 2%-თ ჯერაც არ აქვს უზრუნველყოფილი.

შვვედეთი, რომელიც ჯერ-ჯერობით ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ჩრდილატლანტიკურ ალიანსში შესვლამდე „ერთი ნაბიჯიღა აკლია“, სამხედრო სფეროს ხარჯები თითქმის 30%-ით გაზარდა, მაგრამ თავისი მაღალტექნოლოგიური სამხედრო მრეწველობისა და ჯარში სამსახურის გაგრძელების მიუხედავად, მშპ-ის 2%-ის გამოყოფას თავდაცვის სფეროსათვის მხოლოდ 2026 წლისათვის აპირებს.

ობიექტურად თუ ვიტყვით, ევროპისათვის ისტორიულად ხანგრძლივი მშვიდობით განპირობებული „საღათას ძილიდან“ გამოსვლის შემდეგ ასეთი „გააქტიურებაც“ კი საკვირველია, მაგრამ ევროპულ სამხედრო მრეწველობის წინაშე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას: პირველი - საკუთარი თავდაცვის სისტემების სწრაფი წარმოება-მოდერნიზება და მეორე - უკრაინისადმი ადექვატური დახმარების გაწევა. ეს მომენტი შეშფოთებას იწვევს: გასულ ზაფხულს უკრაინას აშკარა უპირატესობა ჰქონდა ჭურვებით მომარაგებაში (დღეში 7500 გასროლა, რუსეთის 5000 გასროლასთან შედარებით), ამჟამად კი ჭურვების გასროლის რაოდენობა დღეში მხოლოდ 2000 აღწევს, რუსეთმა კი ადრინდელი რაოდენობა (5 ათასი) შეინარჩუნა და 2024 წლის შუახანებისათვის მის გაორმაგებას აპირებს.

თუ მხედველობაში მივიღებთ ვლადიმერ პუტინის მუქარანარევ განცხადებებს, ევროპამ სიტუაცია „ხელში უნდა აიყვანოს“. ევროპამ უარი უნდა თქვას იარაღის წარმოებაში საბაზრო-ორიენიტირებულ მიდგომაზე და სამხედრო მრეწველობის უპირატესი ნაწილი სახელმწიფოს კონტროლქვეშ უნდა მოაქციოს. ყურადღება უნდა დაეთმოს არამარტო საბრძოლო მასალების წარმოებას, არამედ საბრძოლო იარაღის წარმოებასაც, თანაც იარაღი ხარისხიანი უნდა იყოს - მოდერნიზებულ-გარემონტებულიც და ახლადწარმოებულიც: ჭურვი გინდაც უამრავი გქონდეს, თუ ქვემეხს ლულა არ უვარგა, მათ მაინც ვერ გაისვრი.

როგორც 2023 წელმა აჩვენა, უკრაინისთვის საკუთარი ტერიტორიის დაბრუნება ჰაერში ბატონობის გარეშე შეუძლებელია. კიევს „ფალკონის“ (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლები ათობით კი არა, ასობით დაჭირდება, ასევე სხვა ტიპის თვითმფრინავებიც.

მოკლედ, თუ დასავლეთი ძველებურად მხარს უჭერს უკრაინის 1991 წლის დროინდელი საზღვრების აღდგენას, მაშინ უკრაინას გაზლიერებული ტემპით და მეტი რაოდენობით უნდა მიაწოდოს იარაღი. თუ არ უჭერს მხარს, მაში ამის ალტერნატივა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება წარმოადგენს, რასაც შედეგად, სამწუხაროდ, ქვეყნის გაყოფა მოჰყვება - აგრესორს შეუძლია რამდენიმე წლის შემდეგ იგივე გაიმეოროს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის საშუალოსტატიკურ ამომრჩეველს არ სურს ცუდი ამბების გაგება მოსალოდნელ ომზე და სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, მაგრამ ეს გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება. „ილაპარაკეთ მშვიდად, მაგრამ კომბალი მზად უნდა გქონდეთ“, - უთქვამს 1901 წელს აშშ-ის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს, როცა მას კითხვა დაუსვეს კარიბის ზღვის რეგიონში და, საერთოდ, მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის თაობაზე. ევროპა დღემდე, მართალია, უკრაინის ომით გამოწვეული გარკვეული შეშფოთების ფონზე, მაგრამ რუსეთს  მაინც მშვიდად ელაპარაკებოდა, ახლა კი დადგა დრო თეოდორ რუზველტის ნათქვამის მეორე ნაწილის მიხედვით ვიმოქმედოთ.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/can-europe-match-russias-remarkable-rise-in-weapons-production/

 

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.