USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ბრძოლები თბილისისათვის - 523-1921 წლები
дата:  874

ძნელია ისტორიაში მოიძებნოს მეორე ქალაქი, რომელიც იმდენჯერ დაეცა, რამდენჯერაც თბილისი და დღემდე განაგრძობს არსებობას. მითური არსება ფენიქსივით, ნანგრევებად ქცეული, გადამწვარი თბილისი საკუთარი ფერფლისგან აღდგებოდა, შენდებოდა, მშვენდებოდა და ისევ აოცებდა თავისი სილამაზით მრავლის მნახველ ევროპელ მოგზაურებს. თბილისი არის სიმბოლო ქართველების მებრძოლი, გაუტეხელი სულის, რომელიც არ ურიგდებოდა ქვეყნის დაპყრობას და მტრის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ ისევ ქვეყნის აღმშენებლობას იწყებდა. ამ მებრძოლი სულის დამსახურებით, მიუხედავად იმპერიებთან მრავალი დამარცხებისა, საბოლო გამარჯვება მაინც საქართველოს რჩებოდა, მტერი კი დაღვრემილი ტოვებდა საქართველოს საზღვრებს.

 ისტორიულ ფაქტები: თუ რამდენჯერ აიღო მტერმა თბილისი:


1. 523 წელს ეგრისის მეფე წათე განუდგა ირანელებს და ბიზანტიას დაუკავშირდა. ეგრისის მეფეს ქართლის მეფე გურგენმაც მიჰბაძა. ირანელებს სომხეთსა და ალბანეთში მეფობა გაეუქმებინათ და მალე იგივე ბედს ქართლიც გაიზიარებდა. ამას გარდა, ირანის შაჰი გურგენს მაზდეიანობის მიღებას აიძულებდა. შედეგად გურგენი აჯანყდა, მაგრამ მცირე ძალებით წინააღმდეგობა ვერ გაუწია ირანელებს და ეგრისში გადავიდა. ირანელები თბილისში შევიდნენ. 532 წელს კი ბიზანტიასა და ირანს შორის გაფორმდა ზავი, რომლის მიხედვითაც ქართლი ირანს დარჩა. ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს.


2. 571 წელს სომხები ირანის წინააღმდეგ აჯანყდნენ. სომხეთის მაგალითს ქართლმაც მიჰბაძა. ირანელებმა შეძლეს ქართლიდან რომაელების განდევნა, თუმცა ქართლი ვერ შეინარჩუნეს და უკან გაბრუნდნენ.


3. 627 წელს ბიზანტიის კეისარმა, ჰერაკლემ და ხაზართა ხაკანმა, ჯიბღუმ თბილისს ალყა შემოარტყეს. ქართველებმა და ირანელებმა მტრის იერიში მოიგერიეს. ალყა გაჭიანურდა, რის გამოც ჰერაკლე კეისარი იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა. თბილისის აღება ბიზანტიელებმა და ხაზარებმა მომდევნო წლისთვის გადადეს. 628 წელს ჯიბღუ ხაკანის შვილი, შათი დაპირებისამებრ, თბილისს მოადგა. თბილისის დამცველები 2 თვე გმირულად იგერიებდნენ მტრის იერიშებს. ბრძოლაში დაიღუპა ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი. ბოლოს ხაზარებმა მაინც შეძლეს ქალაქში შეჭრა და მის დარბევას შეუდგნენ. თბილისის ციხისთავს ტყავი გააძვრეს, მისი თავი კი გალავანზე ჩამოკიდეს.

 


image


4. 689 წელს ქართველები, სომხები და ალბანელები 4 წლის განთავისუფლებულები იყვნენ არაბთა ბატონობისგან აჯანყების წყალობით, როდესაც მათ ჩრდილოეთიდან ხაზართა ახალი მარბიელი ლაშქრობა დაატყდათ თავს. ხაზარებმა ქართლი, სომხეთი და ალბანეთი ააოხრეს და ერისმთავრები დახოცეს.


5. 736 წელს არაბთა სარდალმა, მურვან ყრუმ სომხეთი და ქართლი სასტიკად ააოხრა, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში გადავიდა.


6. 764 წელს ხაზარებმა თბილისი აიღეს და ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და შუშანი გაიტაცეს.


7. 853-854 წლებში ბუღა თურქმა გამდგარი თბილისის ამირას წინააღმდეგ ილაშქრა. არაბებმა ქალაქს ანთებული კუპრი დაუშინეს. შემდეგ ქალაქი აიღეს და მთლიანად გადაწვეს. თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძე მოკლეს. არაბი ისტორიკოსის, ალ-ტაბარის ცნობით, თბილისში არაბთა შემოსევის შედეგად 50 000 კაცი დაიღუპა.


8. 1068 წელს საქართველოს სელჩუკთა სულთანი, ალფ-არსლანი შემოესია. მას მიემხრო კახეთის მეფე კვირიკე და თბილისის ამირა. ქალაქი სელჩუკებმა უომრად დაიკავეს.


9. 1122 წელს ქართველთა სახელოვანმა მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა თბილისი არაბთა 400 წლოვანი ბატონობისგან გაათავისუფლა.

10. 1225 წელს ჯალალ ედ-დინმა გარნისის ბრძოლაში ქართველები დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ, 1226 წელს, მან თბილისს ალყა შემოარტყა. ქართველები თავგამოდებით იცავდნენ ქალაქს. ხვარეზმის შაჰი მიხვდა, რომ თბილისს ვერ აიღებდა და უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ისევ ღალატმა იჩინა თავი. ღამით ქალაქიდან ჩუმად გაიპარნენ თბილისელი მუსლიმები და ჯალალ ედ-დინს ეახლნენ. მუსლიმებმა მეორე დღეს ქალაქის მთავარი კარიბჭის გაღება აღუთქვეს. მეორე დღეს ხვარაზმელებმა იერიში განაახლეს და მთავარ კარიბჭეს „განძის კარებს“ შეუტიეს. ქალაქის დაცვას ძმები ჯაყელები ხელმძღვანელობდნენ. მცველთა შორის მუსლიმი თბილისელები ჭარბობდნენ. ერთ-ერთი მათგანი მემნა ჯაყელს მიეპარა და უმუზარადო თავზე ხმალი "უხეთქნა". ბოცომ მოასწრო მუაზარდის დახურვა. თბილისელი მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს დაერივნენ. ამასობაში მუსლიმებმა შეძლეს კარიბჭის გაღება და გაშმაგებული ხვარაზმელები ქალაქში შეიჭრნენ. ისინი არ ინდობდნენ არც ქალს, არც ბავშვს და არც მოხუცს. ხვარაზმელებმა არც მუსლიმები დაინდეს და ქალაქის ყველა მცხოვრებს სასტიკად გაუსწორდნენ. ხვარაზმელებს დაუნგრეველი და წაუბილწველი არ დარჩენიათ არც ერთი ნაგებობა, არც ერთი სიწმინდე. სიონის ჯვარი ხმლით ჩამოაგდო ჯალალმა, გუმბათი მოანგრია და მასზე ტახტი დადგა. ეს იყო თბილისის ყველაზე მძიმე და სასტიკი აოხრება მთელი მისი ისტორიის მანძილზე. ხვარაზმელების მიერ თბილისის აოხრება შეიძლება ვანდალების მიერ რომის აოხრებას შევადაროთ. ჯალალ ედ-დინის შემოსევის შედეგად თბილისში 100 000 ადამიანი დაიღუპა. დიდი და ძლიერი ქალაქი, რომელიც 100 წელზე მეტხანს საქართველოს იმპერიის დედაქალაქს და მთელი კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა, ერთ დღეში მთლიანად განადგურდა და გაუკაცრიელდა.

 


image


11. 1235 წელს მონღოლები ხელმეორედ გამოჩნდნენ საქართველოში. ამჯერად არა დასაზვერავად, არამედ ქვეყნის დასაპყრობად მოვიდნენ. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში გაიქცა. მონღოლებმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს.

image


12. 1386 წელს საქართველოს თემურ-ლენგი შემოესია. ბაგრატ V-მ საომრად მომზადებული დაახვედრა ქალაქი მტერს. მოწინააღმდეგე კედლის გარღვევას ცდილობდა, საომარ კოშკებს აგებდა და იქედან ცდილობდა ქალაქში შეჭრას. 10 დღიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ თემურ-ლენგის ურდოები ქალაქში შეიჭრნენ. ბაგრატ მეფე ერთ-ერთ ციხეში გამაგრდა და იქედან აგრძელებდა წინააღმდეგობას. ბოლოს დამარცხებისთვის განწირული მეფე მტერს ჩაჰბარდა.


image


13. 1387 წელს მეორედ შემოიჭრა თემურ ლენგი საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველო მოარბია.


14. 1440 წელს თბილისი თურქმენებმა აიღეს და მოსახლეობას მხეცურად გაუსწორდნენ.


image


15. 1477 წელს აყ-ყოიონლუს მმართველი უზუნ ჰასანი საქართველოს შემოესია. დაშლის პირას მდგარმა დასუსტებულმა ქვეყანამ მტერს წინაარმდეგობა ვერ გაუწია. უზუნ ჰასანმა უბრძოლველად დაიკავა თბილისი.

16. 1487 წელს თურქმენებმა საქართველოში ილაშქრეს. იაყუბ ყაენმა დიდი დანაკარგითა და გაჭირვებით მოაღწია თბილისამდე, თუმცა შემცირებული ჯარით მისი აღება ვეღარ მაოხერხა და უკან გაბრუნდა. 1488 წელს იაყუბ ყაენი ხელმეორედ გამოემართა საქართველოსკენ. რამოდენიმედღიანი ალყის შემდეგ ზავი დაიდო და ქალაქი ყაენს გადაეცა, სადაც მან თურქმენული გარნიზონი ჩააყენა.


17. 1520 წელს შაჰმა, ისმაილმა დაამარცხა დავით X. ამის შემდეგ ყიზილბაშები თბილისს მოადგნენ. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული, თუმცა შაჰმა ციხისთავი მოისყიდა, რომელმაც ქალაქის კარი მტერს გაუღო. ყიზილბაშებმა ქალაქი აიღეს და მოსახლეობა დაარბიეს.


18. 1541 წელს შაჰ თამაზი ყარაბაღში შევიდა. მან 12 000 მხედარი შეარჩია და ღამით უჩუმრად თბილისზე თავდასხმა უბრძანა. ყიზილბაშები ღამით მოადგნენ ქალაქს. მტრის მოულოდნელად გამოჩენით შეშინებულმა ქალაქის მოურავმა გულბაათმა ქართველებს უღალატა და ქალაქი მტერს ჩააბარა.

19. 1554 წელს შაჰ თამაზი მეოთხედ შემოესია საქართველოს და აიღო თბილისი.


20. 1578 წელს ოსმალები თბილისს მოადგნენ. ირანის დასმულმა ქართლის მეფემ, დაუდ ხანმა, ქალაქი თავად გადაწვა და გაიქცა. ოსმალები თბილისში უომრად შევიდნენ.


21. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში მოპოვებული წარმატების შემდეგ ირანელებმა თბილისი დაიკავეს, თუმცა პარტიზანულ ბრძოლაში ქართველების გამარჯვების შემდეგ, იძულებულები გახდნენ, ქართლი დაეტოვებინათ.

22. 1723 წელს თურქები მოადგნენ თბილისს და ქალაქი თითქმის უბრძოლველად დაიკავეს.


23. 1735 წელს თბილისი ნადირ შაჰმა ჩაიგდო ხელში.

24. 1795 წლის 8-11 სექტემბერს კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ერეკლე II 5000 კაცით აღა-მაჰმად-ხანის 35 000-იან არმიას ებრძოდა. 3 დღიანი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა დიდი დანაკარგების გამო, მაგრამ მოღალატეებმა აცნობეს – ერეკლეს მცირე ჯარი ჰყავსო. მეორე დღეს აღა-მაჰმად-ხანმა იერიში განაახლა. უთანასწორო ბრძოლაში ირანელებმა გაიმარჯვეს. 300 მარაბდელი ბოლომდე შეაკვდა მტერს. ბრძოლის ველზე 3000 ქართველი და 13 000 ირანელი ესვენა. გამარჯვებულმა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი გადაწვა, 15 000 ქართველი კი ტყვედ წაასხა.


image


25. უკანასკნელად თბილისი 1921 წელს დაეცა. ლორეში პროვოცირებული აჯანყების შემდეგ რუსული წითელი არმია ყველა მხრიდან შემოიჭრა საქართველოში. რუსები ადვილად გამარჯვებას ვარაუდობდნენ, თუმცა მათდა გასაკვირად, ქართველები თბილისის მისადგომებთან 10 დღე იგერიებდნენ რიცხვმრავალ მტერს. თავდაპირველად ქართველებმა წარმატებასაც კი მიაღწიეს და 1000 დატყვევებული წითელარმიელი თბილისის ქუჩებში საზეიმოდ ჩამოატარეს, თუმცა რუსების სამხედრო ძალები ყოველდღე ივსებოდა, მაშინ როდესაც ქართველთა ჯარი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ბოლოს მთავრობამ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მტერი ყველა მხრიდან უახლოვდებოდა ქალაქს და ქართული ჯარი ალყაში ექცეოდა. 25 თებერვალს მე-11 წითელი არმია დედაქალაქში შევიდა. მიუხედავად თბილისის დათმობისა, საბრძოლო მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 მარტამდე გაგრძელდა.

image

წყარო:https://intermedia.ge/

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати