USD 2.7010
EUR 3.1553
RUB 3.3833
Tbilisi
ბორის სარალიძე - ოთხ დღე-ღამეში აღვადგინე ტამიშის აფეთქებული ხიდი
Date:  6516

ბორის სარალიძე საქართველოს დამსახურებული ინჟინერია, მისი სახელი  მრავალი წლის  განმავლობაში იყო დაკავშირებული  საავტომობილო გზების მშენებლობასთან, ამ მხრივ  "საკუთარი"  რეკორდიც აქვს  - ის 20 წელი იყო საქართველოს საავტომობილო  გზების და ტრანსპორტის მინისტრი. სწორედ მისი მინისტრობის დროს დაიწყო  საქართველოში პირველი კატეგორიის  პირველი გზის მშენებლობა. ბატონი ბორისი შრომის წითელი დროშის სამი ორდენის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის, ღირსების ორდენის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელია.

მინი დოსიე1955-1957წწ. იყო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1957-1959წწ. ღვინის საწარმოების მთავარი მექანიკოსი; 1959-1961წწ. კომკავშირის ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი; 1961-1963წწ. კომკავშირის ცკ სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1963-1973წწ. პარტიის ზესტაფონის რაიკომის მეორე მდივანი; 1973-1979წწ. მესტიის რაიკომის პირველი მდივანი; 1979-1981წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1981-1982წწ. თბილისის ლენინის რაიკომის პირველი  მდივანი; 1982-1984წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1984-1988წწ. საავტომობილო გზების მინისტრი; 1988-1989წწ. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მინისტრის პირველი მოადგილე; 1989-1990წწ. მინისტრი; 1990 წლიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო ნაშრომი და ერთი სახელმძღვანელო; დაჯილდოებულია  საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977).

ბორის სარალიძე: ჩემი შრომითი ბიოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია. საავტომობილო გზებში ბოლო ათული წლები ვიმუშავე, იქამდე ჩემს შრომის წიგნაკში  ბევრი სხვადასხვა მიმართულების სამსახური იყო. პროფესიით ინჟინერი ვარ, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა -მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოვხვდი უზბეკეთში, ბუხარაში. ექვსი თვე გავატარე ბუხარაში, სადაც ვიყავი მთავარი მექანიკოსი ბუხარის მეღვინეობის ქარხანაში. იქიდან დავბრუნდი თბილისში სამრეწველო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, ვმუშაობდი რძის ქარხნის ავტომატიზირებული მოწყობილობის დაპროექტებაზე. ორი წლის შემდეგ, გადავედი ზესტაფონში ღვინის ქარხნების გაერთიანების მთავარ მექანიკოსად, სადაც ორი წელი გავატარე, იქიდან არგვეთაში გადამიყვანეს სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელად ახალ ქარხანაში.

1959 წლიდან, როდესაც ამირჩიეს ზესტაფონის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად,იწყება ჩემი კომკავშირული და პარტიული კარიერა. მაშინ კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ზესტაფონში ორწლიანი მუშაობის შემდეგ გადმომიყვანა  თბილისში, კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ. შემდეგ, როდესაც  ედუარდ შევარდნაძე გადაიყვანეს მცხეთაში რაიკომის პირველ მდივნად, მე გადამიყვანეს ზესტაფონის პარტიის რაიკომის მეორე მდივნად სოფლის მიმართულებით, ჩვენთან შემოდიოდა სამი რაიონი - ზესტაფონი, თერჯოლა და ხარაგაული. ათი წელი ვიყავი ამ  რაიკომის მეორე მდივანი.  

ცნობილია, რომ  თქვენ  და ედუარდ შევარდნაძეს გქონდათ განსაკუთრებული ურთიერთობა და მას თქვენს კარიერაში  დიდი წვლილი მიუძღვის.

ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა. მეგობრები ვიყავით და ჩვენი მეგობრობა ბოლომდე გაგრძელდა. მასთან  მეგობრობა ძნელი არ იყო, მთავარია ტყუილი არ გეთქვა, ვერ იტანდა, როცა ვინმე მის მოტყუებას ცდილობდა, ასეთ კაცს საერთოდ იშორებდა გვერდიდან. ედუარდი დიდი შესაძლებლობების ადამიანი იყო, მშრომელი, თავდადებული. შაბათ დღესაც მუშაობდა, ჩვენც მის რეჟიმზე ვიყავით გადასული. კვირას, თვითონ მუშაობდა, მაგრამ  რაც არ უნდა მომხდარიყო, არ დაგირეკავდა. ერთმანეთი გავიცანით, როდესაც ზესტაფონში კომკავშირის რაიოკომის მდივანი ვიყავი, მაშინ ჩავატარეთ სპეციალური კონფერენცია მოწინავე ოჯახებზე, რომლებმაც გაზარდეს კარგი შვილები.

საინტერესო  ღონისძიება გამოვიდა. ედუარდ შევარდნაძეც დაგვესწრო, ძალიან კმაყოფილი დარჩა. ორ თვეში დამირეკა და შემომთავაზა, კომკავშირის ცეკაში გადმოდიო. 1973  წელს ამირჩიეს მესტიის რაიკომის პირველ მდივნად. მესტიაში ნამყოფიც კი  არ ვიყავი, არავის ვიცნობდი, არ ვიცოდი მათი წეს-ჩვეულებები. ედუარდმა მთხოვა ძალიან, მესტიაში უნდა გადახვიდეო, არ ვიყავი თანახმა, მაგრამ ბოლო - ბოლო დავთანხმდი. ერთი წლის შემდეგ, როცა პირადად ჩამოვიდა მესტიაში, მითხრა: უშბაზე მინდა ასვლაო, ვერტმფრენით  გავფრინდით  უშბაზე. როდესაც იქიდან დავბრუნდით, გვერდით გამოყვანა, გადამეხვია და მადლობა გადამიხადა ყველფრისთვის, რაც მესტიაში გავაკეთე.

თავიდან როდესაც ჩავედი, შევისწავლე რაიონი, 12 გვერდიანი მოხსენებითი ბარათი ჩამოვიტანე თბილისში, ამის მიხედვითაც გაკეთდა მესტიის განვითარების გეგმა. 6 წელი ვიმუშავე მესტიაში. როცა ჩავედი ერთი წელი ლამპის  შუქზე  მიწევდა მუშაობა, არც განათება იყო, არც ტელეფონი. მივიღეთ ზომები და დავიწყეთ მესტიის ელექტრიფიკაცია, მეორე წელს მთელი მესტია გავანათეთ. მნიშვნელოვანი იყო გზის მშენებლობა. მესტიიდან ზუგდიდამდე რომ ჩამოსულიყავი 14 საათი  იყო საჭირო,როდესაც თბილისისკენ მოვდიოდი, ან პირიქით. ღამეს მანქანაში ვათენებდით ხოლმე თოვლში, ყინვაში.

დავიწყეთ გზის მშენებლობა, ყველა სოფელში ავაშენეთ ახალი სკოლა, ასევე საყოფაცხოვრებო ობიექტები, მესტიაში - კინოთეატრი, სასტუმრო. თავიდან  ხალხი მაინცდამაინც არ მუშაობდა, რომ დაინახეს, რომ პირადად ვმუშაობდი, ყველა გვერდში დაგვიდგა. დღის ორ საათამდე რაიკომში ვიყავი, შემდეგ ვიცმევდი სპორტულ ტანსაცმელს და "ნასელკით" სკოლის მშენებლობაზე  ვმუშაობდი. შემომესია ხალხი, წამართვეს ხელიდან "ლაფატკა" და თვითონაც ჩემ მხარდამხარ დადგენენ, ისე რომ თავს არ ზოგავდნენ. როცა მესტიაში ჩავედი 300 ოჯახი იყო ერთმანეთზე სასიკვდილოდ გადამტერებული, ერთ წელიწადში თითქმის ყველა ოჯახში მოვხვდი და ისინი შესარიგებლად ხატებამდე მივიყვანე, შევარიგე ეს ხალხი.

ექვსი წლის შემდეგ ედუარდმა მითხრა: შენ ბევრი რამ  გააკეთე მესტიაში, გეყოფა მანდ ყოფნაო და გადმომიყვანა თბილისში, ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, ორი წლის შემდეგ პარტიის ლენინის რაიკომის, დღევანდელი ნაძალადევის რაიონის პირველ მდივნად ამირჩიეს. ეს იყო თბილისის ყველაზე დიდი რაიონი. სამი წელი ვიმუშავე ნაძალდევში და ამის შემდეგ ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარედ ამირჩიეს. თითქმის სამი წელი დავყავი ამ პოზიციაზეც, სამჯერ ვიყავი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

როგორ ფქირობთ, რომელი ეტაპი იყო   თქვენს   ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი?

ყველა ეტაპი  მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მაინც განსაკუთრებულად მახსენდება თბილისის აღმასკომის თავმჯდომარის პოზიცია   იმ სამ წელიწადში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისში, ჩვენ დავიწყეთ დიღმის მშენებლობა. პირველად ჩვენ გავაკეთეთ  ბინათმშენებლობის  პირველი დიდი კომპლექსი. ქალაქში იმდენი პრობლემა იყო მოსაგვარებელი, დღე და ღამე ვმუშაობდით. არ მიშვებდა ედუარდი, რომ წამოვსულიყავი აღმასკომის თავმჯდომარის პოსტიდან, მაგრამ ბოლოს დამთანხმდა. ამ პოზიციაზე  შემცვალა ზაურ მესხიშვილმა, მე კი გადავედი საავტომობილო გზების მინისტრად, რომელსაც მოგვიანებით ტრანსპორტიც დაემატა. 20 წელიწადი ვიმუშავე მინისტრად, ეს მინისტრობის რეკორდული სტაჟია ერთი და იგივე ადამიანისთვის. 

იმის მიუხედავად, რომ სამინისტროში ბევრჯერ მოხდა რეორგანიზაცია და ბევრჯერ გადაკეთდა, მე აღარ მოვშორებულვარ ავტოსაგზაო დარგს, დღემდე ვუწევ კონსულტაციებს საგზაო მშენებლობის სექტორს. ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, როდესაც პატარა ვიყავი, ბავშვობაში ფილტვების დაავადება მქონდა,მამაჩემა მეზობლებს სთხოვა და მათ ცხენით გაატანა ჩემი თავი ბახმაროში, თვითონ ვერ წამოვიდაო. რამდენიმე თვე დარჩენილა ბახმაროში. გზა არ იყო და ოჯახის წევრები ვერ ნახულობდნენ, შემდეგ, როცა დაბრუნდა მამათში,ფილტვების პრობლემა მოგვარებული ჰქონდა. ეს ისტორია სხვანიარად  ახსოვდა, ალბათ ამიტომაც ბახმაროს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.  

მთხოვა, თუ გამოვძებნით საშუალებას, იქნებ ბახმაროს  გზა ააშენოო. უკვე მოსკოვში იყო გადასული საგარეო საქმეთა მინისტრად, როდესაც ამ გზის მშენებლობა დავიწყე. ორ წელიწადში ავაშენე 63 კმ სიგრძის გზა, რომლის აშენებაში დიდი როლი შეასრულა ჯუმბერ პატიაშვილმა. ედუარდი დავპატიჟე კიდეც ბახმაროში, ახალი გზით, დავურეკე მოსკოვში, მაგრამ ბრაზილიაში იყო წასული და იმ ზაფხულს ვერ ჩამოვიდა. შემდეგ როდესაც დაბრუნდა საქართველოში და ნახა ეს გზა, ძალიან მოეწონა და მადლობელი დამრჩა.

90-იან წლებში, როდესაც მოსკოვიდან შეწყდა დაფინასება,  საგზაო  დარგს  ძალიან გაუჭირდა. საქართველოს საავტომობილო გზის სიგრძე  21 500 კმ-ია, მათ შენახვა - მოვლა ხომ  სჭირდებოდა. ედუარდმა მითხრა, რამე მოიფიქრე, ფული არ გვაქვს, დარგს ხომ ვერ გავაუქმებთო? ჩამოვაყალიბეთ საავტომობილო გზების ფონდი, რომელშიც გადასახადები წარმოებებისა და ორგანიზაციებისგან შედიოდა. ამ თანხებით  დაიწყო გზების მშენებლობა, პირველი კატეგორიის  პირველი გზა, თბილისიდან გორის მიმართულებით,  თბილისი - ნატახტრის მონაკვეთი ჩემ დროს არის გაკეთებული. 2003 წელს წამოვედი საავტომობილო გზებიდან, უკვე 75 წლის ვიყავი.  სამეცნიერო მიმართულებაზე გადავერთე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვარ, თუმცა გზებს ვერ ჩამოვცილდი ბოლომდე. დღემდე ვუწევ კონსულტაციას ამ სფეროში. დღეს ბევრი გზა შენდება, განსაკუთრებით საინტერესოა რიკოთი -ზესტაფონის დამაკავშირებელი გზა. ეს ურთულესი გზაა, ესტაკადის ამ ნაწილზე 94  ხიდი და 52 გვირაბი უნდა აშენდეს, რაც რთულია კონსტრუქციულად. ასეთი საინტერესო და რთული გზა თითქმის არსად არ არის, მისი მსგავსი, ასეთ მოკლე მანძილზე ამდენი ხიდი და გვირაბი, იტალიის გზებზეც კი არ მინახავს.

ჩემს ბიოგრაფიის უმნიშვმელოვანეს ეტაპად მიმაჩნია აფხაზეთის თემა. სოხუმის  დაცემამდე  ერთი კვირით ადრე მთხოვა ედუარდმა სოხუმში ჩასვლა. სასწრაფოდ ტამიშის ხიდი უნდა აღვადგინოთო, ამ ხიდის გარეშე  სოხუმიდან გალისაკენ მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩავედი სოხუმში. ოთხი დღე და ღამე ვიმუშავეთ და ხიდი აღვადგინეთ, რის შემდეგაც გაიხსნა გზა. სოხუმში უკვე ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მე ედუარდმა გამომგზავნა თბილისში, თუ საჭირო გახდა შენი კვლავ ჩამოსვლა, დაგირეკავო. ძლივს წამოვედი სოხუმიდან, ამდენი წლის კაცი ვარ და თვალებიდან არ ამომდის ის ხალხი, ვინც აეროპორტში კუბოებზე ისხდნენ თვითმფრინავის მოლოდინში, რომ გამოფრენილიყვნენ. მაშინ  31-ე ქარხანა ამზადებდა კუბოებს. შიგნით მიცვალებულები იწვნენ და ხალხი ზედ იჯდა თავისი რიგის მოლოდინში.

მაშინ, როდესაც მე წამოვედი, ედუარდი სოხუმში  დარჩა, რამდენიმე დღეში  ძლივს გამოაღწია თვითმფრინავით  სოხუმიდან ბათუმამდე.  როდესაც თბილისში ჩამოვიდა, პირდაპირ მთავრობის სხდომაზე მოვიდა, რომელსაც ოთარ ფაცაცია ატარებდა. მინისტრები ყველანი  იქ ვიყავით. გაოცებულები ვუყურებდით შევარდნაძეს, რომელიც იმ ღამეს ჩამოსულიყო. ყველას დავალებები მისცა, უცებ მე მომიკითხა. უკანა რიგში ვიჯექი, წამოვდექი ფეხზე. მითხრა, კომისიის თავმჯდომარე იქნები,  წაიყვანე  ვინც გინდა სვანები და ჭუბერში ჩადი, აფხაზეთიდან წამოსული  ხალხი როგორმე უნდა გადმოიყვანოო. იქვე ჩაგვაცვეს სამხედრო ტანსაცმელი, მოგვცეს ავტომატები და ჩავფრინდით ქუთაისში. ჭუბერის გადმოსასვლელი უკვე დათოვლილი იყო. ის რაც მაშინ ჩვენ ვნახეთ და გადავიტანეთ, ძალიან ემოციური და ტრაგიკული  იყო. აკიდებული პატარა ბავშვები, მოხუცები. ამდენი წელი გავიდა და ის კადრები თვალებიდან არ ამომდის. დღემდე მათ გახსენებაზე ცრემლი მომდის. 25 დღე დავრჩი იქ. რაც შევძელით  ყველაფერი გავაკეთეთ რომ დავხმარებოდით ამ ადამიანებს, როგორც შეგვეძლო, ბევრმა შეგვიშალა მაშინ ხელი. რა დროც არ უნდა გავიდეს არ დამავიწყდება  სვანი ხალხის თანადგმა, რომლებიც საკუთარ ერთ ლუკმას გვიყოფდნენ იმ გაჭირვებულ დროში.

       

ვინ იყვნენ  თქვენი თაობის  გამორჩეული და საინტერესო  სახეები?  

ჩვენ თაობაში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იყო,  ყოველთვის მახსენდება  თენგიზ მენთეშაშვილი, მცოდნე, განათლებული, ჭკვიანი ადამიანი. მოგვიანებით თენგიზი  მოსკოვში გადაიყვანეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად. ჩვენ დროს ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან ბევრი წარმატებული და პროფესიონალი ადამიანი იყო ჩართული,  გვყავდა საუკეთესო სპეციალისტები სხვადსახვა დარგებში.  მაშინ ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით მრეწველობაში, წარმოებაში.  ჩვენს რაიონში იყო ელმავალმშენებელი ქარხანა, რომელიც  თავიდან 12 ღერძიან ელმავლებს უშვებდა, შემდეგ კი, როდესაც მე  რაიკომის მდივანი ვიყავი, 15 ღერძიანი ელმავლების გამოშვებაზე გადავიდა. ასევე  წარმატებით მუშაობდა ჩარხმშენებელი ქარხანა, მსოფლიო მასშტაბით იყიდებოდა ჩვენთან წარმოებული პროდუქცია. წარმატებები ჰქონდა რკინიგზას. ფოთში მდებარე ქარხანამ დაიწყო წყალქვეშა ფრთებიანი  კატერების წარმოება,  ეს იყო ახალი სტანდარტის კატერები, რომელიც ამერიკაში და ინგლისში გადიოდა.

ქვეყანა ახალ ფორმაციაზე გადადიოდა და ვითარდებოდა ყველა  მიმართულებით. ცოტა მოგვიანებით დიწყო სამების ტაძრის მშენებლობა, მაშინ მე უკვე საავტომობილო გზების სამინისტროში ვიყავი. ჩემი მეგობარი კაცი  ირაკლი ანდრიაძე ედგა სათავეში ამ საქმეს. ირაკლი წესიერი, მშრომელი კაცი იყო, დამსახურებული, ჩვენ ორივე პროფესიით ინჟინრები ვიყავით, ისიც  მშენებლობაში  გამოცდილი კაცი იყო, მეც და ერთმანეთის კარგად გვესმოდა. ძალიან კარგად მახსოვს და  გამოვყოფ ზურაბ ჩხეიძეს, რომელიც კურიერებდა  მრეწველობის დარგს, ასევე  დიდი მუშაკი იყო  ცეკას მდივანი მრეწველობის დარგში  ზურაბ  პატარიძე. ჩვენ ერთად გუნდურად ვმუშაობდით, ვეხმარებოდით  ერთმანეთს საქმეში, ამიტომაც გვქონდა კარგი  შედეგები. 70-80 იან  წლებში საქართველოს ჰქონდა უზარმაზარი წარმატებები თითქმის ყველა მიმართულებით,  რაც რასაკვირველია, იმ დროს მოღვაწე ადამიანების დამსახურებაა.           

თამარ გუნია  

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way