USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი - ისტორია
Date:  1212

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა — მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. თბილისის „დინამოს“, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო მოედანი.

ისტორია

„დინამოს“ პირველი სტადიონი, ტრიბუნ­ით, 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე, თბილისის ქვეითი ჯარის შენობის წინ, კინოთეატრ „აპოლოს“ გვერდით აშენდა. იმ პერიოდისთვის ფეხბურთი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და დღის წესრიგში დიდი სტადიონის მშენებლობის საკითხი დადგა.

„დინამოს“ თავდაპირველი სტადიონის პროექტი 1932–1935 წლებში შემუშავდა და მისი მშენებლობა თბილისის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

სტადიონის გახსნისას, 1935 წელს, სამუშაოები მთლიანად არ იყო დამთავრებული, აღმოსავლეთის ტრიბუნის მესამე იარუსზე ჯერ კიდევ ხარაჩოები იდგა. ტევადობა 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. სპეციალისტების შეფასებით, იგი თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. როგორც კონსტრუქციული, ასევე სპორტულ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ითვლებოდა სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად საქართველოში და თავისი არქიტექტურული ღირსებით თავისი დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვში შედიოდა.

1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია. რიგი არქიტექტურული და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების გადაჭრისა და მათ შორის მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით გადაწყდა ლითონის კონსტრუქციების დამატება. შედეგად სტადიონის ტევადობა 23 000-დან 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, დინამოელთა შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის მქონე სტადიონის აგების საჭიროება დააყენა.

ამრიგად, უკვე 1960-იანი წლებიდან არქიტექტორების — არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით იწყება „დინამოს“ სტადიონის ხელახალი, ამჯერად მისი ფუნდამენტური რეკონსტრუქციის, ფაქტობრივად კი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა, რის შედეგსაც წარმოადგენს თანამედროვე „დინამოს“ სტადიონი.

1976 წლის 26 სექტემბერს სტადიონის საზემო გახსნის დროს მისი მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და უდიდესი ოვაციით მიესალმა მის ავტორებს. ხაზგასასმელია, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი მადლიერების ამგვარი ემოციური ფორმა მათი მრავალწლიანი შრომისა და მოღვაწეობის სრულიად დამსახურებულ, ღირსეულ და მეტად მაღალ შეფასებას წარმოადგენდა.

სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა — შეხვედრა უეფა-ს თასზე თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კარდიფ-სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3–0. სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის „სპარტაკი“ და კიევის „დინამო“ სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.

საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის „დინამოს“ სტადიონი მაყურებელთა წლიური საშუალო დასწრებით (45 000) რეკორდსმენად ითვლებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის „დინამოსა“ და „კოლხეთს“ შორის 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110 000 მაყურებელი დაესწრო. ეს მაჩვენებელი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.

თბილისის „დინამოს“ სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოელებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს.

1985 წელს „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.

წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

1996 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა იტალიურ კომპანია „ფინეირო კონსალტინგს“, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე 20 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება უზრუნველყო. თუმცა, ამის შემდეგ სტადიონზე ჩასატარებელი სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების მოძიება ვერ მოხერხდა და მისი განახლების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2006 წლის აპრილში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უეფა-ს მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის თაობაზე. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება რეკორდულად მცირე ვადებში უნდა დამთავრებულიყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2006 წლის 2 სექტემბერს დანიშნული მატჩისთვის სტადიონს ღირსეულად უნდა ემასპინძლა. აღნიშნული პროექტის მონაწილეებმა შეძლეს ამ უაღრესად შრომატევადი საქმიანობისთვის თავის გართმევა და დასახული ამოცანის დროულად და წარმატებით გადაჭრა. შედეგად, „დინამოც“ და ეროვნული ნაკრებიც კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდნენ, რომელიც ამჯერად ყველა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

უეფა-ს ახალი მოთხოვნების თანახმად სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55.000-მდე მაყურებელს იტევს. ამასთან, მოხდა მეორე იარუსის სკამების უმეტესობის გადახურვა. სპეციალისტთა შეფასებით ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულ პერიოდში (2006–2009) სტადიონის გენერალური დირექტორის მოვალეობას საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ასრულებდა

2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.

2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა უეფა-ს სუპერთასის ფინალურ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ორი ესპანური კლუბი „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, რომელიც აღნიშნული თასის გათამაშების ისტორიაში, თავი ერთ-ერთ საუკეთესო ფინალად შეფასდა — „ბარსელონას“ გამარჯვებით, ანგარიშით 5–4 დასრულდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საბა მჟავანაძე დაინიშნა.

სახელწოდება

  • 1935–1936: „დინამოს“ სტადიონი
  • 1937–1953: ბერიას სახელობის „დინამოს“ სტადიონი
  • 1954–1968: „დინამოს“ სტადიონი
  • 1976–1990: ვ.ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი
  • 1995–2011: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი
  • 2011 წლიდან: ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

საინტერესო ფაქტები

სტადიონის პროექტის ავტორები: სსრ კავშირის სახალხო არქიტექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული დამსახურებული მოღვაწე არჩილ ქურდიანი; ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი გია ქურდიანი; ავტორი და პროექტის მთავარი კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი. სტადიონის პროექტი დამუშავდა საქქალაქმშენსახპროექტში.

მშენებლები: მშენებლობის სამინისტროს № 3 ტრესტი (უფროსი ვ. გოგოლაძე); მშენებლობის სამინისტროს № 3 ტრესტის № 8 სამმართველო (უფროსი ფ. მათიაშვილი); მშენებლობის შტაბი (უფროსი გ. დოდელია); ტრესტი ინჟმშენი (მმართველი ი. კირკიტაძე); საგზაო მშენებლობის სამმართველო (უფროსი გ. აბაშიძე); თბილწყალსადენისა და თბომეურნეობის სამმართველოები (უფროსები ვ. მუმლაძე და რ. მუსერიძე); საქართველოს სპორტკომიტეტის სამშენებლო-შემკეთებელი სამმართველო (უფროსი გ. კორკოტაძე, მთავარი ინჟინერი მ. ჩხენკელი); საქართველოს სპორტკომიტეტის სამშენებლო-შემკეთებელი სამმართველოს თბილისის № 1 სამმართველო (უფროსი ო. აღსაბაძე); საქელექტომონტაჟის თბილისის № 2 სამმართველოს უბანი (უფროსი კ. ბათმანოვი); მრეწვვენტილაციის თბილისის სამმართველო (მიმინოშვილი, ა. ბლიაძე); მექანიზაციის ტრესტი (თ. ბელტიხინი); მექანიზაციის ტრესტის № 4 სამმართველო (უფროსი გ. კაცაძე); ავტოტრანსპორტის სამინისტროს № 1 ტრესტი (ვ. ლობჟანიძე); რუსთავის მეტალურგ-რემონტის სამმართველო (ა. ბუცხრიკიძე, ვ. ბოკუჩავა).

სტადიონი ეყრდნობა 58 გიგანტურ სვეტს, თითოეული მათგანი თავის მხრივ ებჯინება 29 ხიმინჯს, რომლებიც 8–10 მეტრის სიღრმეზეა ჩასმული მიწაში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1976 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულებით თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქციის საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა გიორგი არჩილის ძე ქურდიანს.

იმავე ბრძანებულებით საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის წოდება მიენიჭათ — შალვა ვლადიმერის ძე გაზაშვილს, ვლადიმერ ტროფიმეს ძე გოგოლაძეს და ფარნაოზ ალექსანდრეს ძე მათიაშვილს, ხოლო საქართველოს სსრ დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ — გიორგი მიხეილის ძე გელაშვილს, გივი სამსონის ძე ტყეშელაშვილს და ტერენტი ტროფიმეს ძე შარამკოვს.

2022 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა „დინამო“ თბილისის ფანებმა შეასრულეს. სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way