საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 იანვარი, N9
საქართველო და საბჭოთა რუსეთი
საბჭოთა რუსეთის მომართვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისრის ჩეჩერინისაგან მიიღო შემდეგი რადიო დეპეშა:
„ტფილისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.
საბჭოთა მთავრობა თავის მოვალეობად სთვლის აღნიშნოს, რომ სამხრეთის კონტრ რევოლიუცია იყო და არის დაუძინებელი მტერი არა მარტო რუსეთის საბჭოთა მთავრობის არამედ ყველა პატარა ერების, რომლებიც ყოფილ რუსეთის იმპერიაში შედიოდენ.
დენიკინი მტერია არა მარტო რუსეთის მუშათა და გლეხთა, არამედ საქართველოს და ადერბეიჯანის გლეხობა და მუშები დენიკინს დაუძინებელ მტრად რაცხავენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც მოისპობა საბჭოთა რუსეთსა და მათ შორის ჩაჩხირული თეთრ-გვარდიელთა ბრბო და აღსდგება კავშირი და მიმოსვლა ძველ სახელმწიფოს საზღვრებზე მხოვრებთა შორის. უნდა დავაჩქაროთ ეს მომენტი. საჭიროა, რომ რუსეთის მუშათა და გლეხთა მახვილს საქართველოს და ადერბეიჯანის მახვილიც შეუერთდეს. ჩვენ მოვუწოდებთ, ვიდრე კიდევ დროა საქართველოსა და მის ერს იყონ ბრძოლა დენიკინის წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფოს და მის მშრომელ კლასებს შექმნილ პოლიტიკურ ეკონომიურ პირობების სწორე გაგებამ უნდა უკარნახოს ჩვენს წინადადებაზე პასუხის გაცემა.
საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი
გიორგი ჩიჩერინი

რუსეთის თეთრ გენერლებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად სოჭში ჩასული ეროვნული საბჭოს წევრი და მომავალი გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სახალხო გავრდიის მეთაურებთან ერთად. 1918 წის სექტემბერი. მარცხნიდან მარჯვნივ: გვარდიის ერთ-ერთი მეთაური, გენერალი კონიაშვილი, უცნობი, ევგენი გეგეჭკორი, უცნობი, და გვარდიის დამაარსებლები: ვალიკო ჯუღელი და სანდრო მაისურაძე. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.
საქართველოს მთავრობის პასუხი
საბჭოთა მთავრობის წინადადების საპასუხოთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა შემდეგი რადიოგრამა გაუგზავნა ნარკომ ჩიჩერინს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, თქვენი წინადადების საპასუხოთ, რომ ორივე მხარის სარდლობა შეთანხმდეს „დობროარმიასთან“ საბძოლველად, საჭიროდ სთვილს განაცხადოს შემდეგი: ქართველი ერი, ემყარება რა ყოველ დემოკრატიისათვის ერთა თვითგამორკვევის ურყეველ იდეაზედ, ხალხის მიერ თავის ნების თავისუფალ გამოხატვის შედეგში, ამყარებს თავის ცხოვრებას დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობის პრინციპზედ.
ქართველ ერს, რომელიც ერთს წუთსაც კი არ სცდება მოხალისეთა არმიის ნამდვილ ზრახვებში, თავის შეიარაღებულ ძალებით არა ერთხელ უკუ უქცევია მოხალისეთა არმიის შემოტევანი, როცა მას განზრახვა ჰქონია შემოჭრილიყო მის საზღვრებში და სისხლში დაეხრჩო საქართველოს ერის თავისუფლება და მისი რევოლუციონური მონაპოვარნი.
ქართველ ერს დღესაც სადარაჯოდ ჰყავს თავისი ძალები რამდენიმე ფრონტზედ და ყოველ წუთს მზათ არის პასუხი გასცეს ყოველ გამოლაშქრებას საქართველოს საზღვრების და მისი სუვერენულ უფლებების წინააღმდეგ.
ქართველი ერი, რუსეთის სამოქალაქო ომის დასაწყისიდანვე მტკიცეთ და ურყევათ წინააღმდეგი იყო რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევისა.
მტკიცე გადაწყვეტილება რათა დაცული იყოს სრული ნეიტრალიტეტი ამ ბრძოლაში, ნათლად არის ასახული საქართველოს ხალხის მიერ თავისუფალ გამოთქმულ ნებაში, რადგან მას არ სურს დაცრიცოს თავისი მცირე ძალები და არ სურს რომ თავისის სისხლი, რესპუბლიკის საზღვრების გარეშე დაღვაროს.
იმავე დროს ქართველი ხალხის მონაწილეობა რუსეთის სამოქალაქო ომში დაფასებული იქნება, როგორც ჩარევა რუსეთის შინაურ საქმეებში უცხო არა რუსი ძალებისა, რაც მხოლოდ შოვინისტურ ელემენტებს შეუწყობდა ხელს და ჩაშლიდა მეგობრობას და კეთილმეზობლობას ამ ხალხთა შორის.
რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა ქართველ ხალხს ჩააყენებდა დიდ სამხედრო გაჭირვებაში, რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა და მიიყვანდა ანარქიამდე, რაც ბოლოს ძირს გაუჩხრიდა ხალხის კეთილდღეობას.
გამოდის რა აქედან საქართველოს მთავრობა რუსეთის სამოქალაქო ომში შეიარაღებულ ძალებით ვერ მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობა თავის საგარეო პოლიტიკაში ყოველთვის ხელმძღვანელობდა სურვილით რომ ნორმალური განწყობილება შეჰქმნას ყველა სახელმწიფოებთან და მათ შორის რუსეთთანაც, რომლის ცენტრშიაც უკანასკნელ დრომდე მას ჰყავდა თავის დიპლომატიური წარმომადგენლები. მთავრობა გამოსთქვამს იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს ორივე სახელმწიფო ერთმანეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიაღწევენ ურთიერთშორის მშვიდობიან კეთილ-მეზობლურ განწყობილებას.
გარეშე საქმეთა მინისტრი
ევგენი გეგეჭკორი
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს „ამცირებს“. მან გააკრიტიკა ვაშინგტონის მცდელობები, თავი დააღწიოს ომს, რომელშიც ის ყოველგვარი მკაფიო მიზნების დასახვის გარეშე ჩაება.
„ირანელები აშკარად ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებებში, ან უფრო სწორად, ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებების არწარმოებაში - ისინი აიძულებენ ამერიკელებს ჩავიდნენ ისლამაბადში და შემდეგ კვლავ ყოველგვარი შედეგის გარეშე წამოვიდნენ“, - განაცხადა მერცმა ცენტრალურ გერმანიაში, ქალაქ მარსბერგის ერთ-ერთ სკოლაში სტუმრობისას.
მან გააკრიტიკა ის, რასაც ამერიკული სტრატეგიის ნაკლებობა უწოდა და ერაყისა და ავღანეთის მაგალითებზე მიუთითა, როგორც გაფრთხილებაზე იმ ომებში ჩაბმის შესახებ, რომელთაც გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნიათ.
„ეს საქმე, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელია“, - თქვა მერცმა. „ამ მომენტში მე ვერ ვხედავ, თუ რა სტრატეგიულ გამოსავალს ირჩევენ ახლა ამერიკელები“.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ბერლინის სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსოფლიო ეკონომიკის შემდგომი დაზიანება.
გერმანია იმ კოალიციის ნაწილია, რომელსაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა.
„ჩვენ შევთავაზეთ გერმანიიდან ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების გაგზავნა, რათა დავეხმაროთ სრუტის ნაღმებისგან გათავისუფლებაში, რადგან ის აშკარად, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, დანაღმულია“, - განაცხადა მან.
„ჩვენ შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს. ამჟამად მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამის განხორციელება უახლოეს მომავალში, რადგან ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ, ხოლო ამერიკელებს, როგორც ჩანს, დამაჯერებელი მოლაპარაკებების სტრატეგია არ გააჩნიათ“, - დასძინა მან.