USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან
дата:  

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე დაიწყეს მსჯელობა, ამასთან დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.

უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პროცესზე მან მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მნიშვნელოვანი დარღვევების გამო მოითხოვა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ჩხრეკის ვიდეოგადაღება არ მომხდარა.

„როცა ადამიანს ჩხრეკენ, მას თავის დასაცავად რამდენიმე მექანიზმი აქვს - მოწმის დასწრება, ვიდეოგადაღება, ადვოკატის მონაწილეობა. მოცემულ საქმეში არც ერთი მათგანი პროკურატურას დაკმაყოფილებული არ ჰქონია. ასევე, მხარეებმა ერთმანეთს მტკიცებულებები უნდა გაუცვალონ, რაც არ მომხდარა - პროკურატურა დაცვის მხარეს მტკიცებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს არ აძლევს. ასევე, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გხვდება, მათ ჩხრეკის ოქმი, სავარაუდოდ, 2-3 დღის შემდეგ შეადგინეს ჩხრეკის ჩატარებიდან. ჩხრეკის ოქმში გამომძიებლად დაფიქსირებულია პირი, რომელიც მანამდე ამავე საქმეზე მოწმედ იყო გამოკითხული. მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები დაუშვებელია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით არის მოპოვებული... მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არის ამოღებული, ამ სახლში არ იყო აღმოჩენილი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უჩა აბაშიძის სახლის ჩხრეკა არ გადაუღიათ, თუმცა, შეგახსენებთ, რომ საჯაროდ გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც უჩა აბაშიძის სახლშია გადაღებული, სადაც იარაღი იატაკზე ეყარა. ეს კადრები ჯერ შსს-მ გაავრცელა, მერე ტელევიზიებმა. როგორ შეიძლება თქვა არ გადაგვიღიაო, როცა ვიდეო გავრცელებულია და პროკურატურამ ეს ვიდეო ბრიფინგზეც საჯაროდ გაავრცელა. ბუნებრივია, გამოძიების მიმართ სანდოობა ნულის ტოლია“,- განაცხადა თუთბერიძემ.

დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати