USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ბიზნესასოციაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებენ
თარიღი:  446

ოთხი ბიზნეს ასოციაცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, შეჩერდეს კანონპროექტის მიღება იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისია შეფასებას არ გააკეთებს.

მიმართვას თბილისი პოსტი უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო სპიკერო,

მოგმართავთ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, ევროპის ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და გერმანიის ბიზნეს ასოციაციის სახით წარმოდგენილი ქართული და საერთაშორისო ბიზნესები და ინვესტორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია.

მოგეხსენებათ, ეს კანონი მოითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას „უცხო ძალებისგან,“ დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის აგენტებად“. გვაშფოთებს ის, რომ ეს კანონი უარყოფით აღქმას ჩამოაყალიბებს უცხოური მხარდაჭერის პროგრამებზე, შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და დააზიანებს საინვესტიციო გარემოს.

პირველ რიგში, ორგანიზაციებისთვის „უცხოური გავლენის აგენტის“ სახელის მინიჭება მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს. თუმცა, საქართველოს ისეთი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტები, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და მრავალი სხვა, ემსახურებიან ქვეყნის განვითარების მხარდამჭერ უამრავ საკეთილდღეო საქმეს ეკონომიკაში, განათლებაში, საჯარო პოლიტიკაში და სხვა სფეროებში. ამ პროექტებზე უარის თქმა დიდად დააზარალებს ქვეყანას.

მეორე - აშკარად ჩანს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და, შესაბამისად, ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

მივესალმებით პარლამენტის განცხადებას, რომ ის არ მიიღებს ამ კანონს ვენეციის კომისიის შეფასების მიღებამდე, მაგრამ ვშიშობთ, რომ კანონპროექტი ამ დროისათვის განხილვის ისეთ ეტაპზე იქნება, რომ უკვე შეუძლებელი გახდება მასში ძირეული ცვლილებების შეტანა. ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩეროთ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ვენეციის კომისიისგან დასკვნის მიღებამდე.

მესამე - გვაშფოთებს ის, რომ ყველანაირი უცხოური ჩართულობისთვის დამაზიანებელი იარლიყის მიკერებით, კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს. დარწმუნებულნი ვართ, კარგად აცნობიერებთ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ინვესტიციებსა და ცოდნას, რომელიც მათ მოჰყვება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონები, რომლებიც ავიწროებენ უცხოელებს, დააბრკოლებენ
ინვესტიციებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ მოვისმინეთ ორი ძირითადი განმარტება ამ კანონის აუცილებლობის თაობაზე.
პირველი ეხება პოტენციურად მავნე, განსაკუთრებით კი - დეზინფორმაციის გამავრცელებელი უცხოური სუბიექტების მონიტორინგს. თუ მართლაც ეს არის მიზანი, ვფიქრობთ, კანონი მკაფიოდ უნდა იყოს მიმართული ისეთი უცხოური სუბიექტებისადმი, რომლებიც მიზანმიმართულ ზიანს აყენებენ საქართველოს.

მაგალითად, ეს კანონპროექტი რომ მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდეს, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს სრულიად გონივრული იქნებოდა. მეორე, განმარტებით კანონი საჭიროა უცხოელი ლობისტების გასაკონტროლებლად, როგორც ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ შემთხვევაში, საქართველოს კანონი უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ სუბიექტებზე, რომლებიც მუშაობენ უცხო ძალის წარმომადგენლებად. ამერიკული კანონი ვრცელდება ექსკლუზიურად მხოლოდ
ლობისტებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და იურიდიულ ფირმებზე, რომლებსაც უცხოური ძალები ქირაობენ თავიანთ აგენტებად. ის არ ვრცელდება სხვა არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას თავიანთი ჩვეულებრივი საქმიანობის მხარდასაჭერად. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება
ბავშვებს ან მუშაობს ადამიანის უფლებებზე, არ მოეთხოვება მსგავსი რეგისტრაცია.

მოგეხსენებათ, როგორც ბიზნეს ორგანიზაციები, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ კომენტარს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე. ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ მკვეთრად აპოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მთავრობასთან და პარლამენტთან მთელ რიგ საკითხებზე. ამჯერად საჯაროდ ვსაუბრობთ მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან გვაშფოთებს ამ ახალი კანონპროექტის პოტენციური ნეგატიური
გავლენა, განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

ჩვენ სიამოვნებით შევუერთდებით თქვენ მიერ შექმნილ ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმსჯელებს ამ საკითხების გარშემო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ირაკლი ბაიდაშვილი- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი;
ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი;
ჯონ ბრაეკეველდტი - ევროპული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
საშა ტერნესი - გერმანული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის