USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
ბიზნეს ასოციაციები მთავრობას დროებითი ღონისძიებების ნუსხას თავაზობენ
Date:  1076

საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ხუთი ბიზნესგაერთიანებება 5 რეკომენდაციაზე მიუთითებს, რომელიც, მათი თქმით, სასწრაფოდ მისაღებია.

“ჩვენ, საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ვმოქმედებთ რა ჩვენს გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი ყველა დარგის, ყველა სფეროს, მსხვილი, საშუალო თუ მცირე, როგორც ადგილობრივ წარმოებებს, ასევე იმპორტიორი კომპანიების დიდ უმრავლესობას, ვაცხადებთ: მივესალმებით მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ურთულეს ვითარებაში და შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის პროგნოზირება და კრიზისის დასრულების ვადების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონიმიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე.

დღეს სწრაფი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა, ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. შესაბამისად, გრძელვადიანი გეგმური მოქმედებების გაწერასთან ერთად, აუცილებელია ყოველდღიურ გამოწვევებზე მყისიერი და ხისტი პასუხები. აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შეუნარჩუნდეს ის აუცილებელი რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ არ გამოეთიშონ ეკონომიკურ პროცესს. ეპიდემიის მასშტაბების შემცირებასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, სრულად აღიდგინონ სტაბილური ფუნქციონირების რეჟიმი და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაც სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მყარ პოზიციებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერ სასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს რეკომენდაციები ჩამოყალიბდა ჩვენს გაერთიანებებში შემავალ კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად და ეჭვგარეშეა, რომ მათ, კონკრეტული დარგების წარმომადგენლებმა, დღეს ყველაზე კარგად იციან ბიზნესის ფუნქციონირების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საფინანსო ვალდებულებების (ბიუჯეტისა და საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ) თუ უშუალოდ საოპერაციო პროცესში ჩართულობის კუთხით, რა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სიტუაციის მკვეთრად დამძიმება.

ეს რეკომენდაციებია:

 1. სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;

2. დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;

3. შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;

4. შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე 6 თვის ვადით;

5. ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით.

 ყველა ეს ღონისძიება, ცხადია, ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს. შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება. ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებს, დაჯარიმებებს და რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონომიკაზე. მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ დღევანდელი კრიზისი და ასევე, უზრუნველვყოთ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება.

გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ მოთხოვნებს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემების წარმოქმნა ქვეყნის ეკონომიკაში აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way