USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
ბილ გეიტსი: კაცობრიობას პანდემიაზე საშიში გლობალური გამოწვევები ელოდება
Date:  1233

Microsoft-ის დამფუძნებელმა და საქველმოქმედო ფონდის  თანათავმჯდომარემ  ბილ გეიტსმა  მოუწოდა კაცობრიობას,  მოემზადოს მომავალი პანდემიისათვის  და  ეს საფრთხე აღიქვას ისე სერიოზულად, როგორც  პოტენციური სამხედრო  კონფლიქტი.  ეს განცხადება  ნაწილია   ბილ და მელინდა გეითსების  ფონდის ყოველწლიური  გზავნილისა, რომლის ტექსტიც  გამოქვეყნდა  „The Seattle Times“-ში.

მილიარდერი  გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ცივილიზებული მსოფლიო  მომზადებული უნდა დაუხვდეს  მომავალ პანდემიას. ამ მიზნით მას ყველაზე  პრაგმატულ და გონივრულ  გამოსავლად მიაჩნია  ინვესტიციების მიმართვა  მეცნიერების განვითარების,  მასობრივი ტესტირების  ორგანიზებისა  და ინფორმაციის გლობალური სისტემის შექმნის მიმართულებით.

 

გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა განკარგავენ საქველმოქმედო ფონდს  და ყოველწლიურად აქვეყნებენ გზავნილს, რომელშიც  აშუქებენ ორგანიზაციის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს.

ფონდის - Bill & Melinda Gates Foundation -მუშაობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში მძიმე  დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. ფონდი ასევე ახორციელებს რიგ სხვადასხვა პროგრამებს აშშ-ში  ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიმართულებით. მიმდინარე მომენტისათვის  კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ფონდს უკვე გახარჯული აქვს 1, 75 მილიარდი დოლარი.

ცოტა ხნის წინ გეითსმა ტვიტერზე დაწერა, რომ იგი აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. „ჩემი ასაკის  (65 წელი) ერთ-ერთი  უპირატესობა   ისიცაა, რომ   ავიცერი   ვაქცინის პირველი დოზით და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა ყველა  მეცნიერს, ექსპერიმენტების მონაწილეებს, სამედიცინო  ადმინისტრაციასა და მედიცინის  მუშაკებს, ყველას, ვინც იდგა  ბრძოლის წინა ხაზზე იმისათვის, რომ მივეყვანეთ  ამ ფინიშამდე“

ამ გზავნილის მესიჯებს მილიარდერი იმეორებს იუთუბის ერთ-ერთი არხის-Veritasium-ის მესაკუთრის -დერეკ მიულერისათვის მიცემულ ინტერვიუში.  მულტიმილიარდერი და ფილანთროპი იხსენებს 2015 წელს გაკეთებულ წინასწარმეტყველურ პროგნოზს, როდესაც მან ფაქტიურად იწინასწარმეტყველა კოვიდ-19-ის პანდემია და აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რაც ემუქრება მსოფლიოს უახლოეს მომავალში.

6 წლის წინ, კონფერენციაზე გამოსვლისას ბილ გეიტსმა განაცხადა: „თუკი უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში  რაიმეს შეუძლია გამოიწვიოს 10 მილიონი ადამიანის განადგურება, ეს იქნება არა ომი, არამედ ძალიან გადამდები ვირუსი“.

იხსენებს რა თავის სიტყვებს,ბილ  გეიტსი ნანობს, რომ არ აღმოჩნდა  საკმარისად  დამაჯერებელი, რომ მსოფლიოს მისი ერწმუნა და პანდემიას მომზადებული დახვედროდა.

გეიტსის აზრით, არსებობს ძალიან გადამდები რესპირატორული ვირუსები,დიდი რაოდენობით,  რომლებიც ხანგამოშვებით იწვევენ ეპიდემოლოგიურ აფეთქებას მთელ მსოფლიოში. ასეთი იყო, მაგალითად , ესპანური გრიპი. ასე, რომ მის წინასწარმეტყველურ პროგნოზში არაფერი იყო რევოლუციური. თუმცაღა პანდემიები არც ისე ხშირად ხდება, რომ  ადამიანები დარწმუნდნენ მისი პრევენციის ინვესტირების საჭიროებაში.

„ჩვენ თავს ვიმშვიდებთ ყალბი უსაფრთხოების გრძნობით. არ ვფიქრობთ, რომ უახლოესი 10 წლის მანძილზე რაიმე მოხდება, ამიტომ არ ვთვლით  საჭიროდ  ამ საქმეში ფულის ჩადებას, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიამ თვალსაჩინოდ დაადასტურა  ამგვარი ინვესტიციის მნიშვნელობა“.

ინტერვიუს მეორე ნაწილი ეთმობა იმ საფრთხეების ანალიზს, რომელიც ემუქრება კაცობრიობას პოსტკოვიდურ ეპოქაში.

ესენია კლიმატური ცვლილებები და ბიოტერორიზმი.

 

იცვლება კლიმატი-მატულობს სიკვდილიანობა.

გეიტსი ვარაუდობს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებმა  შეიძლება კიდეც გადაუსწროს კოვიდ-19-პანდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

მისი პროგნოზები დღეს უკვე მართლდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის   გენდირექტორის თქმით  „კლიმატის ცვლილება უკვე ახდენს სერიოზულ ზეგავლენას ადამიანების ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. იგი ემუქრება ჩვენი ჯანმრთელობის ისეთ ბაზისურ მდგენელს, როგორიცაა სუფთა  ჰაერი,  უსაფრთხო სასმელი წყალი,  ეკოლოგიური  საკვები პროდუქტები  და უსაფრთხო საცხოვრისი. ამ საფრთხემ შეიძლება საერთოდ  გადაფაროს ათწლეულის მიღწევები  გლობალური ჯანმრთელობის  დაცვის დარგში“.

სითბური დარტყმები, სიკვდილიანობა ექსტრემალური ამინდის პირობებში, ინფექციების გავრცელება-ესაა კლიმატის ცვლილების შედეგების ჩამონათვალი.

როგორც ჯანმო მიუთითებს,  ჰაერის დაბინძურება  ყოველ წელს  ხდება 7 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი მთელ მსოფლიოში და  იწვევს სოციალური სერვისის  ხარჯების ზრდას 5, 11 ტრილიონი დოლარით.

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის Majid Ezzati -ის აზრით  3-4 გრადუსით ტემპერატურის მატება  ავტომატურად იწვევს სიკვდილიანობის ზრდას. სიცხეში ხდება მეტი თვითმკვლელობა და გაზრდილია ძალადობის მაჩვენებელი. როგორც წესი, ამ დროს ადამიანები არიან უფრო აღგზნებულები და მოიხმარენ მეტ ალკოჰოლს, რაც  წარმოშობს  კონფლიქტებს. კვლევებით დგინდება, რომ  მაღალი ტემპერატურა დაკავშირებულია ფსიქიკური დაძაბულობის ბევრად მაღალ დონესთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

 

 ბიოტერორიზმი იმსხვერპლებს  მეტ სიცოცხლეს, ვიდრე კორონავირუსი

 

ბილ გეიტსი ასევე პროგნოზირებს ბიოტერორიზმის საფრთხის მატებას. ამასთან განმარტავს, რომ ბიოტერორიზმში მოიაზრებს რესპირატორულ  ვირუსს.

ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანს, შესაძლოა, გარკვეულ მომენტამდე წარმოდგენაც არ ჰქონდეს საკუთარ დაავადებაზე,  ისე დააინფიციროს  სხვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. “ამის შანსი  და აგრეთვე  ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით, იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე  ინფექციის ბუნებრივად აფეთქების შემთხვევაში, როგორც ეს ამჯერად მოხდა“- ამბობს მულტიმილიარდერი.

ცნობილია, რომ  ბიოლოგიურმა იარაღმა შეიძლება  გამოიწვიოს ისეთივე გამანადგურებელი შედეგები, როგორიც ქიმიურმა და ბირთვულმა იარაღმა. ამასთანავე გააჩნია რიგი უპირატესობები მათთან შედარებით.

მისი წარმოება ბევრად იაფია,  იგი შეიძლება აწარმოო ჩვეულებრივ სარდაფში, ანდაც ქალაქგარეთ, სახლში. იოლია მისი ტრანსპორტირება, ბევრად შეუმჩნეველია უსაფრთხოების სისტემისათვის.  ბიოლოგიური იარაღი ქიმიურზე  ნელა მოქმედებს, ამიტომ  ბიოტერორისტული შეტევა საწყის ეტაპზე შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს  ინფექციური დაავადების ბუნებრივ აფეთქებად, რაც გამოიწვევს მრავალრიცხოვან მსხვერპლს.

ბიოლოგიურ იარაღს, რომლითაც, დიდი ალბათობით, შეიძლება ისარგებლონ ბიოტერორისტებმა,  განაკუთვნებენ ყვავილის, ციმბირული წყლულის, შავი ჭირის გამომწვევებს. ამერიკელი  მკვლევარების გათვლით, ქარიან ამინდში გაფანტულმა რამდენიმე ასეული ფუნტი  ციმბირული წყლულის სპორებმა  იმ სიდიდის ქალაქში, როგორიც ვაშინგტონია,  შეიძლება გამოიწვიოს ასეულ ათასიდან მილიონამდე ადამიანის დაინფიცირება 24 საათში.

ამიტომაც  ჯერ კიდევ 1972 წელს ხელმოწერილ იქნა კონვენცია ბიოლოგიური იარაღის შესახებ. შეთანხმება კრძალავს მის წარმოებასა და შენახვას. მაგრამ არსებობს რისკი, რომ ბევრ ქვეყანაში შესაძლოა მიმდინარეობდეს ყვავილის ვირუსის გადამუშავება  ბიოლოგიურ იარაღად. ბიოლოგიური იარაღის შესაძლებლობების  მეცნიერულად შესწავლით ასევე დაინტერესებული არიან ტერორისტული ორგანიზაციები.

 

საჭიროა რეაგირების გლობალური სისტემა

 

მაიკროსოფტის დამფუძნებელი აცხადებს, რომ კაცობრიობისათვის აუცილებელია სახიფათო ინფექციების აღმოჩენის გლობალური სისტემა.  იმისათვის, რომ  წერტილი დაესვას მომავალში პანდემიის გავრცელებას, ბილ გეიტსი თვლის, რომ  ყოველკვირეულად რეგულარულად უნდა იტესტებოდეს  პლანეტის მოსახლეობის არანაკლებ 20%.

იგი გვთავაზობს რეზერვის შექმნას 3000 ექიმის ოდენობით, რომლებიც იქნებიან პანდემიასთან ბრძოლის მუდმივ მზადყოფნაში.

სახიფათო ინფექციების აფეთქების პრევენციის მიზნით  ბილ  გეიტსი გამოდის  „მეგადიაგნოსტიკური პლატფორმის“ შექმნის  ინიციატივით.

„ეს  სტრუქტურა მოითხოვს დიდ  ხარჯებს, მაგრამ ეს ხარჯები გამართლებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოვიდ-19 -ით გამოწვეული დანაკარგი  უტოლდება  28 ტრილიონ დოლარს“.

ის აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს სპეციალური „რეაგირების ჯგუფის“ ფორმირების აუცილებლობაზე.

„ჩათვალეთ, რომ ეს უნდა იყოს პანდემიის  ერთგვარი   „სახანძრო ბრიგადები“. ისევე, როგორც მეხანძრეები,  ეს მაღალკვალიფიციური  პროფესიონალები   სულ მობილიზებულები უნდა იყვნენ, რომ მომენტალურად მოახდინონ რეაგირება  ყოველ პოტენციურად  კრიზისულ სიტუაციაში, მაშინვე,  როგორც კი ამის შესახებ გახდება ცნობილი“.

გეიტსი აღნიშნავს, რომ  „რეაგირების რაზმის“  წევრები  გამუდმებით უნდა იმაღლებდნენ კვალიფიკაციას.  ამისათვის უნდა გაიმართოს რეგულარული სწავლებები, ისეთი, როგორსაც გადიან სამხედროები.

„იმისათვის, რომ ავცდეთ ისეთ კრიზისს, როგორშიც აღმოვჩნდით გასულ წელს,  პანდემიისათვის მზადებას ისეთი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, როგორც   პოტენციურ სამხედრო კონფლიქტს“,- აცხადებს მულტიმილიონერი.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way