Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი თვლის, რომ ახალი თაობის ChatGPT-ის მსგავსი ენობრივი მოდელები პერსონალური კომპიუტერის გამოგონების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლაა ტექნოლოგიაში.
გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში გეიტსი განმარტავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაციების გაყალბება, მიკერძოებული მოსაზრებების გავრცელება, სასწავლო დაწესებულებებში თაღლითობა და ა.შ, თუმცა მიუხედავად ამისა გეიტსი პროგნოზირებს, რომ ტექნოლოგიიდან გამომდინარე პრობლემები გადაჭრადია.
„ერთი რამ, რაც აქამდე დაიწერა ხელოვნური ინტელექტის რისკების შესახებ, ნათელია, არის ის, რომ არავის აქვს ყველა კითხვაზე პასუხი“, – აღნიშნავს გეიტსი გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში. ”ჩემთვის კიდევ ერთი რამ არის ნათელი, რომ ხელოვნური ინტელექტის მომავალი არ არის ისეთი საშინელი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს ან ისეთი ვარდისფერი, როგორც სხვები ფიქრობენ.”
საგულისხმოა ისიც, რომ გეიტსი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა ხელოვნური ინტელექტისა და მისი რეგულირების შესახებ. ის ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული Microsoft-თან, რომელმაც ინვესტიცია მოახდინა OpenAI-ში და განახორციელა ChatGPT-ის ინტეგრაცია კომპანიის ძირითად პროდუქტებში, მათ შორის Microsoft Office-ში.
ბლოგპოსტში ასევე გეიტსს მოჰყავს არგუმენტები, თუ როგორ რეაგირებდა საზოგადოება გასული წლების მიღწევებზე, რათა დაადასტუროს, რომ ადამიანები ადაპტირდნენ წარსულში დიდ ცვლილებებთან და ისინი ამას გააკეთებენ ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც. იგი ასევე ვარაუდობს, რომ ტექნოლოგიას სჭირდება „სიჩქარის შეზღუდვები და უსაფრთხოების ღვედები“.
„მალე მას შემდეგ, რაც გზაზე პირველი ავტომობილები გამოჩნდა, პირველი ავტოკატასტროფა მოხდა. მაგრამ ჩვენ არ ავკრძალეთ მანქანები – ჩვენ მივიღეთ სიჩქარის შეზღუდვები, უსაფრთხოების სტანდარტები, ლიცენზირების მოთხოვნები, ნასვამ მდგომარეობაში მართვის შეზღუდვები და სხვა ახალი წესები“, – წერს გეიტსი.