USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: Credit Suisse 2008 წლიდან დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანს აყენებდა ბიძინა ივანიშვილს
дата:  173

Credit Suisse-ის მენეჯმენტი ცდილობს ხავსს მოეჭიდოს, თუნდაც არარსებულს, ოღონდ როგორმე მოახერხოს, რომ მინიმუმ შეძლოს ბანკის პასუხისმგებლობის დროში გადაწევა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს.

„წარმოგიდგენთ ჩემი, როგორც ადვოკატის, მოსაზრებას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით:

აღნიშნულ საქმეებში იურისტთა გუნდს შევუერთდი მოგვიანებით. დღეის მდგომარეობით ყველა საქმეს ვიცნობ დეტალურად: თვალყურს ვადევნებდი საქმეების განხილვას ბერმუდის სააპელაციო ინსტანციაში, აგრეთვე - სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოში.

საზოგადოებაც სრულად არის ინფორმირებული ძირითადი არსის შესახებ და იცის კიდეც, რომ ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელეებს: ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.

ამიტომაც ყურადღებას არ გავამახვილებ მიმდინარე საქმეთა შინაარსზე, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მოსარჩელეებმა წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიონ: ობიექტურ და სამართლიან გარემოში სხვა დაშვების გაკეთების წინაპირობა თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს.

აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით:

(1) როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, Credit Suisse თითქმის 2008 წლიდან სისტემატურად უკანონო, შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანს აყენებდა ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.

რთულად წარმოსადგენია, მაგრამ რეალობა არის ასეთი: წლების განმავლობაში ხდებოდა დოკუმენტებით მანიპულირება, ხელმოწერების გაყალბებაც კი, არაფერს ვამბობ არაავტორიზებულ/უნებართვო გადარიცხვებსა და მოსარჩელეებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე.

ერთი სიტყვით, ფურცელზე ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, დოკუმენტების მიხედვით მოსარჩელეთა თანხები დაცული იყო, მათი აქტივების მართვაც ეფექტურად ხორციელდებოდა, თუმცა მოცემულობა იყო სრულიად საწინააღმდეგო: თანხები დაუცველი; აქტივები კი, ფაქტიურად, განიავებული.

Credit Suisse-ის თანამშრომელთა ქმედებებს უბრალოდ თვალი რომ გადაავლოთ, დარწმუნებით იტყვით, რომ საქართველოში, ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც საბანკო სექტორი ფეხს იდგამდა, მსგავს უკანონო ქმედებებს არა თუ ადგილი ექნებოდა, არამედ მისი ჩადენა თავში აზრადაც კი არავის მოუვიდოდა.

(2) „განსხვავებულ“ და „ამოუხსნელ“ მოვლენასთან გვაქვს საქმე Credit Suisse-ის მენეჯმენტის სახით.

საილუსტრაციოდ შემდეგ ინფორმაციას გავაზიარებ: Credit Suisse-ის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის შესახებ მედიით ინფორმაცია შეფერხების გარეშე ვრცელდება, მაგრამ, როდესაც დღის წესრიგში დგება ინფორმაციის, უფრო სწორად, ფაქტების გავრცელების საკითხი მენეჯმენტის ქმედებებთან მიმართებით, მაშინვე აღიმართება ბარიერები: იბლოკება ფაქტების გავრცელება ან ხდება ფაქტების გაფილტვრა ან ვრცელდება ფაქტების მხოლოდ ნაწილი ან ხდება ფაქტების მოდიფიცირება, შინაარსის შეცვლითაც კი.

თავიდან აღნიშნულ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა შვეიცარიაში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროპის დარჩენილ ნაწილშიც მსგავსი მდგომარეობა არის. ფაქტიურად გამოდის, რომ ბანკის მენეჯმენტის გავლენები, გარკვეული ფორმით, მედიაზე სცილდება შვეიცარიის ფარგლებს და მიმართული არის, რომ მოსარჩელეებმა ვერ მოახერხონ დაინტერესებული პირებისათვის ფაქტების/რეალობის გაცნობა, რომ მათ (დაინტერესებულმა პირებმა) ვერ შეძლონ ობიექტური შეფასების/დასკვნის გაკეთება. ერთი სიტყვით, ბანკის მენეჯმენტი ცდილობს, რომ უკანონო და ამორალური ქმედების შესახებ ფაქტების გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდოს.

აღნიშნული მოცემულობა ბუნებრივად რომ აჩენს შემდეგ კითხვებს: როგორ ახერხებს ამას მენეჯმენტი? ვინ მფარველობს მენეჯმენტს? მენეჯმენტის მფარველობა ემსახურება თუ არა რაიმე მიზნის მიღწევას? მენეჯმენტი, მფარველობის სანაცვლოდ, ასრულებს თუ არა რაიმე დავალებას? და ა.შ. დამატებით აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ყველაფერი ისედაც ცხადი და ნათელი არის.

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ ბანკი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ამიტომაც აქცენტები გადატანილი აქვს ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საქმეთა განხილვის გაჭიანურებაზე: მენეჯმენტი ცდილობს ხავსს მოეჭიდოს, თუნდაც არარსებულს, ოღონდ როგორმე მოახერხოს, რომ მინიმუმ შეძლოს ბანკის პასუხისმგებლობის დროში გადაწევა.

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ მოსარჩელეები აპირებენ, მიიღონ ყველა ზომა, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე - თავიანთი უფლებების რეალიზება“, - წერს ადვოკატი.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати