USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე განცხადებას ავრცელებს
Date:  

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც iუცვლელად გთავაზობთ:

„დაინტერესებულ პირებს/საზოგადოებას დავპირდით ინფორმაციით უზრუნველყოფას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაგაცნობთ მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას.

ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე

ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის (მოსარჩელეები) სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.

სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა

სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

უკანონო/დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი აქტივები

სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. წარმატებებიც ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის სახეზე არის.

კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები/პრობლემები შეიქმნა, გრძელდება კიდეც სასამართლოს მიღმა არსებულ საკითხებთან, კერძოდ, Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/ უკანონო და, როგორც არაერთხელ ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან/აქტივებთან დაკავშირებით.

დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

ერთადერთი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა.

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა.

უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ ორ თვე ნახევრის (დაახლოებით) შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ.

აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსასრჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში.

Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხვის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები არის ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით.

აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტობრივად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა.

და ბოლოს,

გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way