USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  121

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა“.

ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 12 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს სიარული.

„დღეს 1-ელი ოქტომბერია... თავისუფლების დაბრუნების დღე!

დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას!

2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას - რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!

ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!

1-ელი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1-ელი ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების.

პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!

ჩვენ გავბედეთ!

შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელი ოქტომბერს კი, ქუდზე - კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!

ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების - სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება.

სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!

ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!

ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!

ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!

2012 წლის 1-ელი ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი - წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა.

ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!

არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.

ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.

დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს - არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:

ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;

იმისთვის, რომ საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;

იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;

იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!

ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი დგას!

უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!

ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!

გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!,“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მსოფლიო
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.