USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს პოსტს პასუხობს
თარიღი:  697

ქართული ოცნების დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ Facebook პოსტს პასუხობს. აღნიშნული პოსტით აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ აშშ არ არის კავშირში ბიძინა ივანიშვილის კერძო სამართლებრივ დავასთან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან, რომელიც სინგაპურის და ბერმუდის კუნძულების იურისდიქციაში მიმდინარეობს. როგორც აშშ-ს საელჩო მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, "ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოს ხელშია და არა - ამერიკის".

ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ მას აშშ და ევროკავშირი შანტაჟის კამპანიაში არასოდეს დაუდანაშაულებია და ამ კამპანიის უკან ის მოიაზრებს ძალებს, რომლებსაც "გლობალური ომის პარტიას" უწოდებს.

ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა "გლობალური ომის პარტიას" ეკისრება - "სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს."

ივანიშვილი აცხადებს იმასაც, რომ ის უარს ამბობს შეხვდეს ამერიკელ პოლიტიკოსებს, რადგანაც ფიქრობს რომ გლობალური ომის პარტიას მათზე გავლენა გააჩნია.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ბანერს განცხადებით გამოვეხმაუროთ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.

როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია.

ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.

სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს.

ამ ფონზე, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტარიზმის დამყარებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების მკვლელობასა და წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, ტელევიზიების მითვისებაზე, ომზე და ტერიტორიების დაკარგვაზე მწვანე შუქს არა გლობალური ომის პარტია, არამედ აშშ და ევროკავშირი უნთებდნენ. ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ. ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს.

საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით განვითარების დაშვება ჩვენ ძალიან არ გვინდა და ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ამაში ამერიკული მხარის დახმარებაც დაგვჭირდება. ამისათვის კი მთავარია, ქართველებს არა „სხვა ამბავი“, არამედ ნამდვილი ამბავი მოვუყვეთ", - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

 
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის