USD 2.7422
EUR 2.8856
RUB 2.5051
თბილისი
ბიძინა გუჯაბიძე - „მთაში ასვლას თუ ვერ შევძლებ, იქნებ, ჩაყვინთვა უფრო ადვილად შევძლო“
თარიღი:  2493

ინტერვიუს შესახებ როდესაც ინტერვიუზე იწვევ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარი თავის გადამოწმებაშია - სიცოცხლესთან უფრო ახლოს არის, თუ სიკვდილთან - ცხადია, იბნევი. არ იცი, რა ჰკითხო, რომ ძალიან მიამიტი ან ხელოვნური არ გამოჩნდე. ამიტომაც, ორი წელი თავს ვიკავებდი ბიძინა გუჯაბიძის მოწვევისგან. თანაც, მეგონა, რომ ცოტას ლაპარაკობს და იმდენი აქვს ნანახი, რომ ძნელად თუ რამით დააინტერესებ.   ასე ძლიერ იშვიათად შევმცდარვარ ადამიანში. იმდენი რამ მიამბო, ისეთ სიღრმეში ჩამახედა, რომ ტრადიციულ ფორმატს ორჯერ გავცდით. ტექსტის რედაქტირების დრო რომ დადგა, ხელის კანკალით წავშალე თითქმის ნახევარი. არადა, ყველაფერი მეტისმეტად საინტერესოა, რასაც გიზიარებს. მსუბუქად საუბრობს, მაგრამ რა ემოციებია ჩაწურული მის მონათხრობში, ეს გამგებმა უნდა გაიგოს.  დაფიქრებით წასაკითხია. ისიამოვნეთ!

ია ანთაძე

ბიძინა გუჯაბიძე

მთამსვლელი, სამთო გიდი

- ბატონო ბიძინა, რას გინდათ, რომ ადამიანები გრძნობდნენ, როცა თქვენ გვერდით არიან?

- მთაში თუ საერთოდ?

- საერთოდ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა უთქვამთ, ძალიან დაცულად ვგრძნობთ თავსო.

- მთაში თუ ბარში?

- ბარშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა. მესიამოვნა, როცა პირველად მითხრეს. მერე რამდენჯერმე უთქვამთ, შენ გვერდით დაცულად და თავისუფლად ვართო. კარგი გრძნობა იყო.

- თუ გაქვთ განცდა, რომ ბევრს უცნაურ ადამიანად მიაჩნიხართ?

- უცნაურად? ასეთი რამ არ მიგრძვნია, მაგრამ ზოგჯერ გადაჭარბებული ყურადღება მიგრძვნია და შევწუხებულვარ.

- მაგრამ თქვენ მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულება, რომ „ეს რაღაც უცნაური კაცია...“ არ გიგრძვნიათ?

- არა, სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, მათ შორის, ახალგაზრდებთან, რაც ძალიან მომწონს. სხვათა შორის, ადრე სულ ვოცნებობდი, რომ საბავშვო ბაღში მემუშავა. პატარა ბავშვებიც კი სახელით მომმართავენ და თავს თავისუფლად გრძნობენ. არ მგონია, რომ ვინმე თავს იკავებდეს ჩემთან ურთიერთობისგან.

- თქვენი მეუღლე, ქალბატონი მარინე ბერიძე წერს: „ბიძინას ბევრი ახლობელი ურჩევდა, მთებისთვის თავი დაენებებინა; ბევრმა დანაშაულადაც ჩაუთვალა ეს ერთგულება.“ ალბათ, თქვენთვის ცნობილია ეს ამბავი.

- დიახ (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ ადამიანების მოტივაცია? თქვენზე ზრუნვა? ერთგვარი შური? თუ - რა?

 - ასეთი რჩევები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 27 წლის ვიყავი: „კარგი, რა, რაღა დროს შენი მთაში სიარულია?! დაჯექი, ბავშვებს მიხედე, ახალგაზრდები გაზარდე...“ თუმცა, ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრს არ ჰქონია, სულ რამდენიმე ადამიანზე შემიძლია ვთქვა. მოტივაცია ის იყო, რომ მათ უკვე ნაგრძნობი ჰქონდათ, რა არის მთაში ცხოვრება, მთამსვლელობა. მერე თვითონ ამას ბოლომდე ვერ მიჰყვნენ, სხვადასხვა მიზეზით, და რაღაცნაირად თავს იმართლებდნენ - აი, მე დავანებე თავი და შენც უნდა შეეშვაო. მე პროფესიით გეოლოგი ვარ. მეგონა, რომ გეოლოგია იქნებოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი. იმიტომ, რომ გეოლოგი, ძირითადად, ბუნებაში ცხოვრობს და მუშაობს. მაგრამ სწავლის პროცესში მივხვდი, რომ გეოლოგების ცხოვრების სტილი ჩემთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ გავხდი მთამსვლელი და ჩემდეგ ამ ორმა საქმემ ძალიან შეუშალა ხელი ერთმანეთს. არადა, სამსახური როცა დავიწყე, ექსპედიციის ხელმძღვანელი ყოფილი მთამსვლელი იყო. გეოლოგიური პარტიის უფროსიც ყოფილი მთამსვლელი იყო. მეგონა, რომ ხელს შემიწყობდნენ, მაგრამ პირიქით ხდებოდა. თვითონ უთქვამთ: „როგორ, მე თუ დავანებე თავი, შენზე ნაკლები ვიყავი? დაჯექი, იმუშავე.“

- გამოდის, შური ტყუილად არ მიხსენებია?

- მთლად შურს ვერ დავარქმევ, მაგრამ რაღაც მსგავსი შეიძლება იყო.

- ადამიანები, როგორც წესი, მიჯნავენ თავის საქმეს და პირად ცხოვრებას. მაგრამ თქვენი საქმე თქვენი პირადი ცხოვრების ყველაზე ორგანული, გაუმიჯნავი ნაწილია. ეს გაძლევთ თუ არა რაიმე უპირატესობას?

 რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამით, რასაც ვაკეთებ და რა ცხოვრებაშიც ვარ. ეს ძალიან სრულფასოვანი ცხოვრება არის.

რეალური მთამსვლელის ცხოვრება მეტად დატვირთულია. ბევრ სიცოცხლეს გადიხარ, ბევრის გადატანა გიწევს და, ამის გამო, ყოველთვის კარგად გრძნობ თავს. შენს სტიქიაში ხარ და ეს მოგწონს, ეს გიხარია.

- სამყაროს პოეტურ აღქმასთან თუ აქვს კავშირი ამგვარ ცხოვრებას? თქვენ ძლიერი ფრაზა თქვით - ბედნიერი ვარო. ეს განცდა, ალბათ, ყველაფერს მოიცავს.

- რომელიღაც ფილმში ვნახე, მგონი, „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ - გემები აბორდაჟზე აჰყავთ, მეკობრეები გემიდან გემზე გადადიან, დაუნდობელი ბრძოლაა და ერთ-ერთი მეკობრე, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში რომ შედის, ყვირის: „აი, ასეთი ცხოვრება მომწონს!“ მეც ასე მომწონს ჩემი ცხოვრება (იცინის). მაგრამ ემოციებით ალპინიზმში შორს ვერ წახვალ. როცა მთაზე ასვლა მთელი ცხოვრება გრძელდება, არ შეიძლება, ეს იყოს რომანტიზმი, პოეტურობა, რა ლამაზია... რა მშვენიერია... რა თქმა უნდა, ემოცია უფერულდება. ათასში ერთხელ შეიძლება დააფიქსირო, „ვაჰ, რა ლამაზი მზის ჩასვლაა!“ ან „რა ლამაზი ფერდია!“

- როგორც წავიკითხე, თქვენ მთელი ცხოვრება გიხდებოდათ სხვადასხვა ექსპედიციის წევრობა, მათ შორის, ძალიან რთულ მწვერვალებზე ასვლისას. ეს ნიშნავს, რომ რთულ მომენტებში თქვენ გვერდით ყოველთვის არ იყვნენ მეგობრები, რომლებსაც ენდობოდით?

- დიახ, ასეა.

- ეს დამატებით სირთულეს თუ გიქმნიდათ?

- დიდ ექსპედიციებში მოხვედრა, რა თქმა უნდა, ფულთან არის დაკავშირებული. ოღონდ, ეს არ არის დიდი ფული. მაგალითად, ვერ შეედრება ფეხბურთელის ან მორაგბის შენახვის ხარჯს. ადრე ჰიმალაის მთებში წასვლა, დაახლოებით, 3000-4000$ ჯდებოდა: თბილისიდან მგზავრობა, ორი თვე ექსპედიცია, ჭამა, სმა, შიდა ტრანსპორტი, მერე უკან დაბრუნება. ახლა ეს თანხა ორჯერ, ორნახევარჯერ გაიზარდა. ზოგადად, არ არის დიდი თანხა, მაგრამ ჩვენთვის ძნელად მოსაპოვებელია. პირადად მე ჩემს გეგმებს შესაძლებლობებზე ვაგებდი, ისეთ ექსპედიციას ვუერთდებოდი, რომელსაც ჩემი ფინანსები ეყოფოდა. თუმცა, სპორტულ ექსპედიციებში ძალიან ადვილია ურთიერთობა. კაცი როცა ლაპარაკობს, სად იყო, როგორ იყო - მარტივი გასაშიფრია, ვინ რას წარმოადგენს. პროფესიონალებთან ურთიერთობის დროს პრობლემა არ იქმნება. ძალიან სერიოზულ სამაშველო ოპერაციაზე ვყოფილვარ, პირდაპირ ვერტმფრენიდან ჩამოსულა ადამიანი. „გამარჯობა!-გაგიმარჯოს! აბა, წავედით!“ რამდენიმე დღე გვიმუშავია შეხმატკბილებულად და საათის მექანიზმივით აწყობილად.

„ბარში ვერაფრით მოახერხებ ისე დაღლას, რომ დაღლილობისგან მოკვდე.“

 - თქვენ ამბობდით, მთაში ჩემს თავთან შეჯიბრი მიზიდავსო. თუ ესეც კი არ არის პრობლემა, რომ სრულიად უცხო პროფესიონალებთან ერთად წახვიდეთ რთულ მარშრუტზე, თქვენს თავთან ჭიდილი რა შემთხვევაში გჭირდებათ?

- რა თქმა უნდა, როცა გვერდით არიან მეგობრები, ერთი დონის პროფესიონალები, ან, შეიძლება, შენზე უკეთ მომზადებულებიც ფიზიკურად, ტექნიკურად - ეს კომფორტია. ასეთი ასვლები პროცენტულად უფრო შედეგიანია. მაგრამ იმ მეგობარსაც თავისი გასაჭირი აქვს. ის თავის თავს ებრძვის და შენც შენს თავთან გიწევს ბრძოლა.

- მაგ ბრძოლის შინაარსი რა არის?

- (პაუზა) რეალურ ცხოვრებაში ადამიანი თავისი შესაძლებლობის ძალიან მცირე ნაწილს იყენებს, თუ ფიზიკური ან მორალური წნეხის ქვეშ არ მოექცა. აი, ეს ზღვარი ილახება მთაში. საკუთარ შესაძლებლობებს ზრდი, საკუთარი თავის შესახებ ცოდნას ზრდი. ამ პროცესს ყოველდღიურად ვუყურებ, როცა ახალბედებთან ვმუშაობ. ის კლიენტიც კი, რომელიც ამა თუ იმ მონაკვეთზე ასვლის დროს კვდებოდა, ათჯერ ისვენებდა, ყოველ წუთში ჭამა-სმა უნდოდა და ტიროდა, სულ იზრდება, თუ რეგულარულად იწყებს მთაში სიარულს. რამდენიმე ასვლის შემდეგ თავის თავზე ეცინება: „რა ცუდად ვიყავი მაშინ და აქ როგორ შეიძლება, ცუდად გახდე?!“ ეს მუდმივი პროცესია.

- ეს პროცესი უფრო ფიზიკურია თუ ფსიქოლოგიური?

- ფიზიკური კონდიციის ზრდას შეიძლება 1/7 წილი ჰქონდეს. მთავარი გადაწყვეტილებები თავში მიიღება - რომ ამას უნდა გადააბიჯო. როცა ახალგაზრდა ხარ, ყოველთვის ითვლი: ეს სეზონი დამთავრდა და შარშან რაღაც რომ არ შემეძლო, ახლა უკვე შემიძლია; წინ წავედი, უფრო რთული მარშრუტი დავძლიე. მერე, ასაკის პიკში რომ ადიხარ და დაღმართში ეშვები, სხვანაირად ფიქრობ - აი, ეს კიდევ შემიძლია. წინ კი ვეღარ მიდიხარ, იმას ითვლი, რაც ჯერ კიდევ შეინარჩუნე. სპორტის სხვა სახეობაში რამე თუ  გაგიჭირდა, ან დაიღალე, ან ტრავმა მიიღე, გადაგორდები და გაეცლები. ალპინიზმში ხაზს გარეთ ვერ გახვალ.

 - საქმეც ეგ არის.

- არაერთი მეგობარი მყავს დაღუპული დაღლილობისგან, გამოფიტულობისგან. ბარში ვერაფრით მოახერხებ ისე დაღლას, რომ დაღლილობისგან მოკვდე. მეც ვყოფილვარ რამდენჯერმე ასეთ მდგომარეობაში, როცა შეიძლებოდა, დაღლილობისგან მოვმკვდარიყავი.

- თქვენს ნაწერებში არ წავწყდომივარ ისეთ შემთხვევას, რომ ოდესმე დაგჭირვებოდათ, სხვებს ჩამოეყვანეთ სამაშველო ოპერაციით.

- მადლობა ღმერთს, ასეთი რამ არ დამჭირვებია. ეს მაშინ ხდება, როცა დიდი ტრავმაა ხერხემლის, ბარძაყის...

- რა არის მთავარი განსხვავება ორ ბიძინა გუჯაბიძეს შორის - ბიძინა მთაში და ბიძინა საკუთარ სახლში?

- რამდენადაც ნორმალური და მთისთვის შესაბამისია ბიძინა მთაში, თითქმის იმდენადვე სუსტია ბარში.

- სისუსტეს რას ეძახით?

- მაგალითად, არაპრაქტიკულობას; შემგუებლობას, რასაც ბარში ცხოვრება ვერ იტანს; ადვილად დათმობას... სიზარმაცესაც. რეგულარული, ხანგრძლივი და დაძაბული შრომა ჩემთვის ძნელია. ბარის სამუშაოები, რომლებსაც მე ვასრულებ, ხანმოკლეა. არ არის მთელ წელზე გადანაწილებული.

- მაგალითად, სასიმაღლო სამუშაოებს გულისხმობთ?

- დიახ, ზუსტად. ძირითადად, ასეთი სამუშაო მაქვს ბარში.  ან სამთო გიდად ვმუშაობ. სამთო გიდის წოდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წოდებაა მთამსვლელისთვის. სპორტსმენების უმრავლესობა სამთო გიდი ხდება, როცა სპორტულ ასვლებს თავს ანებებს. სამთო გიდი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი, სერიოზული პროფესიაა. გიდის გადაწყვეტილებაზე, მის ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, სიტუაციის ანალიზზე არის დამოკიდებული ადამიანების ბედი.

- „სახლის ბიძინას“ რომ დავუბრუნდეთ, მისთვის სახლი მხოლოდ დასასვენებელი ადგილია?

- დიახ. როცა რაღაც ფუჭდება - ონკანი, ჩამრთველი ან რამე სხვა - ჩემთვის ადვილი არ არის. ვაკეთებ, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ვინმე ყოჩაღი გამოჩნდა გვერდით, მაშინვე ვუთმობ. საერთოდ, მთამსვლელს უყვარს, როცა სხვა იღებს ინიციატივას. თუკი ერთი დონის ხალხია, ვიღაც იღებს ინიციატივას, ესე იგი, ეს საქმე იცის. მაშინვე შეუძახებენ - აბა, შენ ხარ გადაწყვეტილების მიმღები!

- ესე იგი, მთაში არ არის ბრძოლა ლიდერის პოზიციისთვის?

- არა, პირიქით. ვალდებული ხარ, რომ ზოგჯერ შენც მიიღო გადაწყვეტილებები. ყოფილა შემთხვევა, მითქვამს, რომ ახლა მე ვარ პასუხისმგებელი. ყოფილა შემთხვევა, რომ არ ამიღია ჩემს თავზე და მერე მითქვამს, ეს ასე არ უნდა გაკეთებულიყო-მეთქი. საყვედური მიმიღია მაგისთვის - თავიდანვე რატომ არ თქვიო? მთაში არ არის ბრძოლა პოზიციების მოსაპოვებლად. ასეთი სიტუაციაც მინახავს, როცა ბარის პოზიციის კოპირებას მთაში ცდილობენ. როგორ სასაცილოდ ჩანს, იცით? ეს ჰგავს ქარხნის დირექტორის საქციელს, რომელსაც სულ უნდა, კრებები ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის სასაცილოა.

- ჩემთვის ალპინიზმი ერთგვარი მეცნიერებაა, რომელსაც ძალიან მკაცრი კანონები აქვს და ამ კანონების დარღვევა სასიცოცხლო საფრთხეებს ქმნის. მუდმივმა სიფხიზლემ და შეცდომის უფლების წართმევამ ხომ არ გაამკაცრა თქვენი ხასიათი? ხომ არ გაართულა თქვენი ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებიც ბარში, დუნედ ვცხოვრობთ?

- ახალგაზრდობაში ხალხს ორ კატეგორიად ვყოფდი: ალპინისტებად და ბუღალტრებად.

- რატომ ბუღალტრები? ბუღალტრის შრომაც ხომ ძალიან ზუსტი და უშეცდომო შრომაა?

- ბუღალტრებს რამეს კი არ ვერჩი?! ჩემი უახლოესი მეგობარი მერაბ ხაბაზი, უნიჭიერესი მათემატიკოსი, ბუღალტრად მუშაობდა. ბუღალტრებს შორის ბევრი ბუნებით ალპინისტია. სამწუხაროდ, ალპინისტებშიც გვხვდებიან ბუღალტრები... ადამიანების ორ ტიპს ვგულისხმობ და არა პროფესიას.

- მთამსვლელი პოეტი და ბუღალტერი პროზაიკოსი - ასე ხომ არ უპირისპირებთ?

- არა, ბუღალტერს ყოველთვის აღვიქვამდი, როგორც დამჯდარი ცხოვრების წესის ადამიანს.

- მაშინ, გეთანხმებით. ჩემი კითხვა იმას ეხებოდა, რომ მთის მკაცრი ცხოვრების წესი, სადაც ადამიანს ყოველდღე უხდება საკუთრი თავის გადამოწმება სიკვდილ-სიცოცხლეზე, ძნელად ხომ არ ეგუება ბარის დუნე, „ვითომ-ვითომ“ ცხოვრების წესს?

- არა, ეგრე არ არის. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ბარში ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, თავისი გმირობით. გურული ვარ, მაგრამ გურიაში თითქმის არ მიცნობენ. ვინმეს რომ უთქვამს იქ ჩემზე, მთამსვლელიაო, იქვე, ჩემი თანდასწრებით ასეთი კომენტარი გაუკეთებია მეორეს: „ო, აი, გააბდლებულა!“ არავითარი ინტერესი არ აქვთ ამ საქმის იმიტომ, რომ ძალიან შორს არიან მთისგან. საკუთარი პრობლემები აქვთ, ინდაური ტურამ შეუჭამა, მოსავალი გვალვამ გაუფუჭა და ასე შემდეგ... მაგრამ არ ვთვლი, რომ სხვა რანგის და სხვა კასტის ადამიანები არიან. იმათ თავისი გმირობები აქვთ. თუ მოვახერხებ, რომ რომელიმე თავის ამბავზე ავალაპარაკო, მიხარია ხოლმე. რაღაცნაირად მეც ჩავერთვები და ურთიერთობა შედგება.

 „სადაც ჩვენ ვიყავით, ქართველები, ყველგან მნიშვნელოვან სამაშველო ძალად ვითვლებოდით.“

- ძვირფასი ადამიანების სიკვდილი მთაში და ბარში (თქვენ ბევრი გინახავთ იქაც და აქაც) თუ განსხვავდება ერთმანეთისგან?

- რა თქმა უნდა, განსხვავდება. ზოგადად, მთაში ძალიან ცოტა ხალხია. თითქმის, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ამიტომ, იქ კაცის გამოკლება ძნელია. ელოდები, რომ შეხვდები, ნახავ, უფრო ახლოს გაიცნობ... მოიკითხავ ადამიანს და გეტყვიან, რომ დაიღუპა. ძალიან ძნელია. ოჯახისთვის და ახლობლებისთვის ნებისმიერი სიკვდილი ერთნაირად მძიმეა, მაგრამ მთაში სიკვდილი ის არის, რაც ძალიან გეხება მთამსვლელს. იქ, სადაც სხვა გარდაიცვალა, ყოველთვის შეიძლებოდა, შენ ყოფილიყავი. მეგობარი მყავდა კოსტია დორო, მახაჩკალიდან. ორჯერ ამოვთხარე ზვავიდან, მერე მაინც ზვავში დაიღუპა.

- სიკვდილთან ბევრმა და მძაფრად ემოციურმა შეხებამ თქვენი ხასიათი თუ შეცვალა?

ალბათ.

ცოტა უფრო ადვილად ვუყურებ ახლა ამას, ცოტა უფრო ნაკლებად განვიცდი. საერთოდ, ცხოვრებასაც ასე ვუყურებ ხოლმე, რომ... არის, ვთქვათ, გახანგრძლივებული ექსპედიციები, რომლებიც გაიწელება. უკვე ვეღარ ადიხარ მთაზე იმიტომ, რომ უკვე სეზონი იცვლება, ან მუსონი მოდის, ან ატყობ, რომ მთაზე ისეთი სიტუაციაა უკვე, ხალხიც არ არის, რაღაც შეიცვალა, ცუდი ამინდებია, თვითონაც არ გაქვს განწყობილება... მაგრამ უკანა ბილეთი გაქვს აღებული, ფიქსირებულია და ერთი კვირაც, ან რამდენიმე დღეც და მორჩება და წამოხვალ სახლში. მაგრამ იქაც ხომ ვერ გაჩერდები, ვერ დაწვები კარავში და რაღაცას ცდილობ, ფორხილობ, ასე ვთქვათ. დაახლოებით ასეთი არის ახლა ჩემთვის ცხოვრებაც. მთავრდება, ასე ვთქვათ, სეზონი. ბილეთი აღებული მაქვს. ზუსტი დრო არ ვიცი, მაგრამ აღებული მაქვს... ასი წლის მერე ყველას გვაქვს ეგ ბილეთი აღებული. მაგრამ გაჩერებაც არ შეიძლება, ისე რომ გაჩერდე. და ამას რაღაც ადვილად ვუყურებ... ცოტათი.

მაგრამ, მეორე მხრივ, ეს დაძაბულობა ყოველთვის არის და რჩება, რომ შენმა გადაწყვეტილებამ სხვისი სიკვდილი არ გამოიწვიოს.

- გარდაცვლილი ალპინისტების გადმოსვენება და ბარში დაკრძალვა ქართველებს სხვებისგან თუ გამოარჩევს? არის თუ არა ალპინიზმის ისტორიაში განსაკუთრებული ფაქტი, რომ ერთადერთი გარდაცვლილი ქართველი მთამსვლელი, რომლის გადმოსვენება ვერ მოხერხდა, ტიან-შანში დატოვებული ილიკო გაბლიანია?

-  ეს ლეგენდარული ადგილია, 6900 მეტრის სიმაღლეზე, „ობელისკი“ ჰქვია და იქ ბევრი მიცვალებულია. სიმღერაც კი ეძღვნება მაგ ადგილს.

- თქვენ წერდით, რომ როცა გერმანელი მთამსვლელი გარდაიცვალა, ოჯახს შეუთანხმეს და იქვე დატოვეს. არ მინდა, ეს ფაქტი განვაზოგადო და მინდა, თქვენგან მოვისმინო, რა არის სიმართლე.

- რამდენჯერმე მომხდარა ასეთი ფაქტი. მადლობა ღმერთს, რომ ბევრი ქართველი არ არის მთაში დაღუპული. დაახლოებით, 75-ია. დაზუსტებული სიაც კი არ გაგვაჩნია. უნდა ვიზრუნო, რომ ეს სია შევქმნათ. რაც შეეხება მიცვალებულების გადმოსვენებას, გერმანელებთან დაკავშირებით სამი ასეთი შემთხვევა მქონდა, რომ ადგილზე დატოვეს. ზოგადად, თუ არის გარდაცვლილის გადმოსვენების საშუალება, როგორც წესი, არავინ ტოვებს. სადაც ჩვენ ვიყავით, ქართველები, ყველგან მნიშვნელოვან სამაშველო ძალად ვითვლებოდით.

- ანუ მხოლოდ ქართველებს არ მიაჩნიათ თავი ვალდებულად, რომ მთაში დაღუპულები გადმოასვენონ?

- არა, ასე ვერ ვიტყვით, უხერხული იქნება. მე რაც მინახავს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ქართველი ძალიან თავდადებულად მუშაობდა დაღუპულების გადმოსვენებისთვის. ეს მარტო მთამსვლელებს არ ეხება. ვთქვათ, უშბიდან ექვსი ქართველი მთამსვლელი 1984 წელს ბეჩოელებმა ჩამოასვენეს. სხვათა შორის, სვანები არიან მთამსვლელობის ყველაზე დიდი გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში, ალბათ. ევროპაში ალპების ძირში მცხოვრები მოსახლეობა, არ ვიცი, როგორია. რაც მინახავს, სვანებზე უკეთესად არავინ იცის მთამსვლელებზე ზრუნვა.

 - და ძალიან კარგი მაშველები არიან, როგორც ვიცი.

- ჩვენი ბევრი მეგობარი ახლაც მუშაობს მაშველად, სერიოზული ოპერაციების გამოცდილება აქვთ, კვალიფიციურები არიან და ყველაფერს გულით აკეთებენ. მაშველად ვერც ივარგებს ის, ვინც ფულისთვის და სამსახურისთვის მუშაობს. მეც, ჯერჯერობით, ისევ მაშველი ვარ, სიმბოლური მაშველი. 10-15 წელი გუდაურში ვმუშაობდი, ახლა შტატში აღარ ვარ.

- თქვენი შვილის - ირაკლის ჩანაწერები წავიკითხე იმის შესახებ, როგორ გადაარჩინეს ქართველებმა ტიან-შანზე ორი რუსი მთამსვლელი - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. „ჩვენც გავამყარეთ მისტიური ლეგენდა თავზეხელაღებულ ქართველ მთამსვლელებზე, რომლებიც გაჭირვებაში არავის ტოვებენ,“ - წერს ირაკლი. მართლა არსებობს ქართველი მთამსვლელების ფენომენი, რომლებიც გაჭირვებაში არავის ტოვებენ?

- დიახ, ალბათ. მაგრამ სხვებიც არიან ასეთები. რუსებთან ერთად რომ ვყოფილვარ, როცა მიჭირდა, რუსს უარი უთქვამს ასვლაზე და მე დამხმარებია - ეს მთა კიდევ აქ იქნებაო. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მთელ მსოფლიოში ქართველები არიან გამორჩეულები, მაგრამ მე, ძირითადად, ქართველებთან ერთად დავდიოდი და რა შემთხვევაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა თავდაუზოგავად მუშაობდა. „ხალტურა“ - რომ, მოდი, ამას თავს ავარიდებ - ასეთი რამ არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში.

-  ირაკლი წერდა, რუსები ადიოდნენ, ჩადიოდნენ, მაგრამ ამ ორ უმწეო ადამიანს ყურადღებას არავინ აქცევდა; არადა, ბანაკიდან ითხოვდნენ, რომ მათ ვინმე დახმარებოდაო.

- იქ კომერციული ასვლები იყო. ფული ჰქონდათ გადახდილი. ასეთ დროს ვიღაცას აღჭურვილობა არ უვარგა; ვიღაც არ არის სათანადოდ მომზადებული; ვიღაცას ჰქონია, რომ მთაზე ასვლა ძალიან მარტივია. ასეთი ადამიანების გამო, შეიძლება, რომელიღაც სერიოზულ მთამსვლელს არ მოუნდეს თავის გეგმებზე უარის თქმა. 

- თქვენთვის ხომ არ ჰქონდა მაგას მნიშვნელობა?

- არა, ადამიანი იძახის, მიშველეთო. ქვემოდან, ბანაკიდან გადმოგვცეს, თქვენს იმედზე ვართო. ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებმა, ვინც მე მახლდა, იგრძნეს ეს სიხარული - როგორია, როცა ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნი. თვითონ ის გაჭირვებაში ჩავარდნილი, შეიძლება, ვერც კი მიხვდეს, რა გაუკეთე. იმ ქალს, მაგალითად, მადლობაც არ უთქვამს. წასვლის წინ არც კი დაგვმშვიდობებია. მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარია, შენ როგორ იმუშავე. მთავარია, იცი, შენ რომ არ ყოფილიყავი, მოკვდებოდა და მიცვალებულს ჩამოვასვენებდით.

„მე, მაგალითად, 15-ჯერ ვარ უშბაზე ნამყოფი, სულ სხვადასხვა სირთულის გზით.“

- გაგეცინებათ, ალბათ, მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს: თქვენი პროფესია რა არის?

- ამ წუთში?

- დიახ.

- მთამსვლელი, სამთო გიდი. თუ პროფესიაზე ვსაუბრობთ, უფრო - სამთო გიდი.

 - ზუსტად ეგ მაინტერესებდა, ალპინიზმი არის თუ არა პროფესია?

- ალპინიზმი პროფესია არ არის, მაგრამ ალპინიზმით ცხოვრება შესაძლებელია.

- მაშინ, რატომ არ არის პროფესია? მე ვფიქრობდი, პროფესია არ არის იმიტომ, რომ ამით ვერ იცხოვრებ.

- მაღალი დონის სპორტსმენი-მთამსვლელები, უმეტესად, სპონსორების საშუალებით ცხოვრობენ. ეს დიდი ფული არ არის, მაგრამ მათ ყოფნით.

- როგორ? თქვენ ამბობდით, მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ შემიძლია, დიდი ექსპედიცია დავგეგმოო.

- ეს მე. მაგრამ საქართველოში იყვნენ და არიან უფრო მარჯვეები, რომლებიც წელიწადში სამ ექსპედიციასაც ახერხებდნენ. ისეთი რამეც კი აქვთ ნათქვამი, მთვარეზე რომ დავგეგმო ექსპედიცია, სპონსორს მაინც ვიპოვიო. ეს ჩემი უუნარობაც არის. ჩემი ყველა სპონსორი ახლო მეგობარი იყო. მე მხოლოდ მეგობრებთან მიმესვლებოდა.

- დღეს ცოცხალ ალპინისტებს შორის, ფორმალური მონაცემები - რამდენჯერ ავიდა რვაათასიან, შვიდიათასიან მწვერვალებზე - თქვენზე უკეთესი თუ აქვს ვინმეს?

- სიმაღლეებთან დაკავშირებით, გია თორთლაძეს („პადოშას“) უკეთესი მონაცემები აქვს. ძალიან ბევრი ექსპედიცია ჰქონდა.

- სიმაღლეების გარდა, კიდევ რითი ითვლება ალპინისტის წარმატება?

- ასვლების სირთულით. მე, მაგალითად, 15-ჯერ ვარ უშბაზე ნამყოფი, სულ სხვადასხვა სირთულის გზით. ადრე ის ასვლები მართლა ჩვენთვის იყო, ოჯახისთვის და მეგობრების ვიწრო წრისთვის. მერე აეროპორტში მოლოდინის დროს დღიურების წერა დავიწყე. მარინემ, ჩემმა მეუღლემ, წააკითხა თავის მეგობარს და იმან მიიტანა „24 საათში“. პირველი გამოქვეყნება და გამოჩენა აქედან დაიწყო. დღეს სიტუაცია შეცვლილია. კომუნიკაციის ისეთი საშუალებები არსებობს, რომ ალპინისტს მაყურებელი მუდმივად თან ახლავს. ამიტომ, ეს ასვლები მარტო მთამსვლელისთვის აღარ არის. ხანდახან მეცოდებიან ახალგაზრდები, მუდმივად სცენაზე უწევთ ყოფნა. ამიტომ, რეიტინგებიც უკვე არსებობს - ამა და ამ სირთულის ასვლა, საუკეთესო ასვლა, „ოქროს წერაყინზე“ ასვლა... ჩვენ დროს ასეთი რამ ნაკლებად იყო.

- სულ რომ თავი დავანებოთ რეიტინგებს, მაგალითად, მიხეილ ხერგიანი იყო თუ არა ყველა დროის საუკეთესო ქართველი ალპინისტი და კლდეზე მცოცავი? ვიცით ეს ჩვენ, თუ არ ვიცით?

- დიახ, რა თქმა უნდა, ვიცით. ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ყველა ეპოქას აქვს თავისი დონე, თავისი წესები. რასაც ხერგიანი აკეთებდა, იყო ფენომენალური, მაგრამ შეიძლება ახლა უფრო მაგარი მცოცავებიც არიან საქართველოში. სპეციალიზაცია ხდება - ვთქვათ, მარტო კლდე, მარტო ყინული, მარტო სასიმაღლო ასვლები, ტექნიკური ასვლები. იცვლება აღჭურვილობა და მისი წონა. პალოები საერთოდ აღარ გამოიყენება, სხვა ინსტრუმენტები შემოდის. გამოცდილების გაზიარება ხდება აქტიურად მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ლეგენდებად რჩებიან. მიხეილ ხერგიანი ხელშეუხებელია.

 - ქალბატონი მარინეს ჩანაწერებში ამოვიკითხე, მთამსვლელებზე წერს: „იმდენად სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობენ, იმდენად იხარჯებიან, იმდენად სავსეა ურთიერთობები, იმდენი სხვადასხვა პერსონაჟია ირგვლივ... ცოტათი მეცოდება ჩემი თავი“ (მარინე ბერიძე, ტიან-შანის ექსპედიციიდან). შეგიძლიათ დამიდასტუროთ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი არის უფრო მაღალი, ვიდრე ქალბატონი მარინეს ცხოვრების ხარისხი?

- მარინე, თითქოს, „ბუღალტრების“ კლასტერიდან უნდა იყოს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. ახლა მარინე რასაც აკეთებს, ამით ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მეც მონაწილედ მიმაჩნია თავი; ისევე, როგორც მარინე იყო ჩემი ასვლების მონაწილე  და მის გარეშე ეგ ასვლები არ იქნებოდა. ზურგი თუ არ გაქვს ოჯახიდან, არაფერი გამოვა. მთაში უამრავი ავარია, ფაქტობრივად, ოჯახიდან მოდის. მოუგვარებელი ცხოვრება ბევრი შემთხვევის მიზეზი გამხდარა. ამიტომ, მარინეს მნიშვნელოვანი წილი აქვს ჩემს საქმეში. ძნელია ცოლის წარმატებებზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა რასაც აკეთებს, ვეუბნები, რომ ორი-სამი ევერესტის დონის საქმეა. ერთ-ერთი ასეთი არის სახელმწიფო ენის სტრატეგიის შექმნა, მეორე - ქართული დიალექტოლოგიური კორპუსის შექმნა. დღეს ბევრს არ ესმის ამის მნიშვნელობა, მაგრამ, მრავალი წლის შემდეგ, იმედი მაქვს, გამოჩნდება და დაფასდება ეს საქმე. რაც თქვენ წაიკითხეთ, ძველი ჩანაწერია. ახლა მარინე სრულფასოვნად ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, ჩემზე უფრო სრულფასოვნად და ჩემზე უფრო ბედნიერიც უნდა იყოს თავისი საქმით. მე კიდევ ეს სტიმულს მაძლევს და ვცდილობ, რომ ჩემს საქმეში არ ჩამოვრჩე. თორემ, ერთმანეთს თუ ავცდით, შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს. ჯერ ასეთი აცდენა არ გვქონია.

„ჯერჯერობით, თავს ვეტერან მთამსვლელად არ ვგრძნობ.“

- როდესაც მთაში დღიურებს წერდით ქალბატონი მარინესთვის, გინდოდათ, რომ მას თქვენს საქმეში თანამონაწილეობის განცდა ჰქონოდა?

- ზუსტად ასე იყო. ბევრ ადამიანს ძნელად ესმის - მაინც, რისთვის დადიხარ? რაში გჭირდება? გცივა თუ გშია? რამე გტკივა? ფულს ხომ მაინც არავინ გიხდის? კაცმა რომ თქვას, მართლაც, ჩემი ასვლებით ოჯახი უკან იხევდა. იმის მაგივრად, რომ სახლში რემონტი გაგვეკეთებინა, მე მთაში მივდიოდი. სამსახურიც არ მქონდა. ასეთი კითხვები ძალიან მოქმედებს ადამიანზე. ერთადერთხელ იყო, რომ მარინე გაბრაზებული დავტოვე. თან, მეგობარი შეესწრო ჩვენს კონფლიქტს, როცა წასასვლელად მომაკითხა. მერე ყველამ ერთხმად მითხრა, მეორედ არ ვნახოთ, რომ მარინე გაბრაზებული დატოვოო. პატარა ასვლაზე მივდიოდით და იმდენი ცუდი რამ დაგვემართა... ნაპრალში ჩავვარდი, მეგობარი მოგვიწყდა ყინულზე და დავიჭირეთ, ქედზე სიარულის დროს კარნიზი ჩაგვიწყდა და თოკზე დავეკიდე. მარინეს გაცილებით უკეთესად ესმოდა ჩემი, ვიდრე მე მესმის მისი საქმის. ძალიან მეცნიერულია, სპეციფიკური განათლება სჭირდება, რაც არ მაქვს. მაინც ვცდილობ, ზოგადი არსი გავიგო და გვერდით ვიყო. ეს ორივეს გვეხმარება.

- მინდა, ერთ მტკივნეულ თემას მივუბრუნდეთ, რაც საუბრისას უკვე ახსენეთ. თქვენ წერთ, „ყველა მთამსვლელი მძიმედ განიცდის მთიდან წასვლას. ვცდილობ, რომ შევეგუო.“ შეგიძლიათ, ეს განცდა გაგვიზიაროთ?

- როცა მოდიხარ, თუ სერიოზულად მოდიხარ, მაშინვე იწყებ წასვლაზე ფიქრს. ღმერთმა ყველა დაგვაბეროს! ამისთვის ემზადები. ჩემი უფროსი მეგობარი, ლოვა სარქისოვი, რომელიც ახლა 83 წლის არის, ჩემხელა იყო, 60 წლის, როცა ევერესტზე ავიდა. ვფიქრობ, საშუალება რომ მქონოდა და ახლა ევერესტის ექსპედიციაში მიმეღო მონაწილეობა, ამას შევძლებდი, ფიზიკურად და მორალურად. მიზნები მაქვს დასახული - 70 წლის რომ ვიქნები, 80 წლის რომ ვიქნები... რა უნდა ვაკეთო. ამის გზაც მოძებნილი მაქვს, იქამდე როგორ შევინარჩუნო ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ფიზიკური მდგომარეობა და, თან, ეს რისთვის მჭირდება, ამაზეც ნაფიქრი მაქვს. 61 წლის ვარ, მთაში ახალგაზრდებთან ერთად დავდივარ. ჯერჯერობით, თავს ვეტერან მთამსვლელად არ ვგრძნობ. მინდა, ჩემმა თანატოლებმა, ჩემზე უმცროსებმაც დაინახონ, რომ ამ ასაკში შესაძლებელია ხარისხიანი ცხოვრება. ახალგაზრდებთან ვმუშაობ, ეს პედაგოგიური სამუშაოა. სამთო გიდების ასოციაციის ექსპერტი ვარ. ასევე, ვარ მაშველი და აქტიურად ვმუშაობ სამთო გიდად.

- საქართველოში თუ სხვაგანაც?

- სხვაგანაც, როცა ეს შესაძლებელია. მაგრამ საქართველოში მუშაობა უფრო საინტერესოა და ანაზღაურებაში დიდი სხვაობა არ არის.

- თქვენს პირად დამსახურებად რა მიგაჩნიათ იმაში, რომ ამდენწლიანი მთამსვლელობის შემდეგ, ჯანმრთელი და საღსალამათი მოხვედით დღემდე? თუ მხოლოდ ზებუნებრივი ძალების ნებას ხედავთ?

- უზენაესის დახმარება, გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბევრჯერ მიგრძვნია და მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩემი დამსახურება ის არის, რომ მთამსვლელობა ჩემთვის ცხოვრების მთავარი საქმე იყო. ბევრს ვშრომობდი, ამით ვცხოვრობდი, არ მიღალატია. ჩემი ოცნება დღესაც ის არის, რომ ვიცოცო, მქონდეს ამის დრო და საშუალება. მეტი არაფერი მაინტერესებს - არც ახალი მანქანა, არც ახალი აღჭურვილობა, არც ახალი ექსპედიცია.

- ალპინიზმი, თითქოს, ნაკლებად იზიდავს თანამედროვე ახალგაზრდებს, ვიდრე წინა თაობებს იზიდავდა. დასრულდა ალპინიზმის პოპულარობა საქართველოში?

- კლდეზე ცოცვას ძალიან მასობრივად მისდევენ. სამთო გიდებზე მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, უცხოელი გიდები შემოდიან.

- რამდენი წელია საჭირო, რომ ადამიანი სამთო გიდი გახდეს?

- ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სასწავლებელი - სამთო გიდების კოლეჯი. ორი წელი სჭირდება, აქ არსებული 18 მოდული რომ გაიარო. გიდების საერთაშორისო სამთო ასოციაცია გვეხმარება. გამოცდებს უცხოელი ექსპერტები იბარებენ. 30 წელია ვცდილობთ, რომ გავხდეთ ამ ასოციაციის წევრები. წელს შემოდგომაზე, ალბათ, მიგვიღებენ და ჩვენს გიდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სხვადასხვა ქვეყანაში იმუშაონ. გიდების მიმართ მოთხოვნებში მთამსვლელობაც შედის. ამიტომ, იმედი მაქვს, მთაში მოსიარულეების რაოდენობა გაიზრდება. დღეისათვის, კარგი სამთო გიდის ხელფასი 150-დან 250 ევრომდეა დღეში.

- შესანიშნავი ანაზღაურება ყოფილა.

- ვერ ვიტყვი, რომ 250 ევრო რეგულარულად არის, მაგრამ სამთო გიდი ახლა ზამთარშიც საჭიროა და ზაფხულშიც.

- არის თუ არა ალპინისტის ან სამთო გიდის პროფესია დაკავშირებული იმასთან, რომ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს სწორი ბალანსი თავისუფლებასა და დისციპლინას შორის? ეს ხომ არ უშლის ხელს, რომ ამ სფეროში მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება?

 - ალპინიზმი ცხოვრების პატარა მოდელია. რაც ბარში ხდება, ყველაფერი გამძაფრებულად არის მთაში. ცხოვრება ასეთია -  ყველა რაღაც ცხრილში, საცერში გავდივართ. ზოგი ვერ გადის და ზედაპირზე რჩება, ზოგი სიღრმისკენ იკვალავს გზას. მთამსვლელობა შეიძლება ბევრისთვის მიმზიდველი, საინტერესო იყოს, მაგრამ ამ ცხრილს ვერ გადის, თავის ადგილზე რჩება და ისევ ძველ ამბებს იხსენებს. თავისებურად ლაგდება: ვისაც არ აქვს დისციპლინა, ვისაც საქეიფოდ, კარავში საკოტრიალოდ და გოგონებისთვის მოსაყოლად უნდა ალპინიზმი, ისიც თავის წილს ღებულობს. ჩემი ანგარიშით, 30-40 წლით ჩამოვრჩებით ევროპას, ცხოვრების წესით. ნელ-ნელა ეს წესი ჩვენამდეც მოაღწევს. პლაჟზე რომ შეხედო ადამიანებს, ას ან ორას კაცში ერთს თუ იპოვი, რომელსაც ეტყობა, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს. ისიც, აღმოჩნდება, რომ ან უცხოელია, ან ყოფილი სპორტსმენი. ეს ტრაგედიაა. მაგრამ შეიცვლება, დარწმუნებული ვარ. ნამდვილი მთამსვლელები საქართველოში ყოველთვის იქნებიან.

- საუბრის ბოლოს, გვიამბეთ ერთი ამბავი, რაც თქვენთვის სასწაულის ტოლფასი იყო.

- ასეთი ბევრი ყოფილა. მაგრამ რამდენად ღირს ამის თქმა და ფართო საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები იქნება, არ ვიცი. მაგალითად, ერთხელ ძალიან მძიმე ასვლა მქონდა. ბევრი რამ დამემართა, მაგრამ მაინც უნდა ავსულიყავი. ბოლო ორი საათი ზღვარს ზემოთ ვმუშაობდი ასვლაზე და მერე დაშვებაც ძალიან რთული იყო. ვერ ჩამოვედით, დაღამდა. გამოქვაბული გვქონდა, მაგრამ ვერ მივაგენით, თოვლით იყო დაფარული. ბოლოს და ბოლოს, ვნახეთ ეს გამოქვაბული, შევძვერით. საშინელი სასიმაღლო ხველება დამეწყო. ვერც ვიხდი, ვერც ვწვები. დიდხანს გრძელდებოდა ეს პროცესი - ჯერ ფეხზე გახდა, მერე ტანზე, მერე საძილეში შეძრომა. ყველა მოძრაობაზე საშინელი ხველა მივარდებოდა. იქ ხველება სხვა რამეა, მთელი სითხე, წყალი გამოაქვს. ორგანიზმი შრება. ყველა ზედმეტი ამოსუნთქვითაც კი ორგანიზმი ღარიბდება, მით უმეტეს, ხველებით. მივდივარ სიკვდილისკენ. ვგრძნობ, რომ გვერდზე გადაბრუნების ძალა არ მაქვს. ვცდილობ ხველის შეკავებას, ვცდილობ... და უცებ ვიგრძენი, რომ კარგად ვარ! მერე აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად ის დრო იყო (წუთებში დაემთხვა), როცა მარინემ მთლიანად წაიკითხა ას ორმოცდაათივე ფსალმუნი და კითხვა დაასრულა (იცინის). არ ვიცი, ეს ვისთვის რას ნიშნავს. ალბათ, ვიღაცისთვის დამთხვევაა.

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო ინტერვიუსთვის. საუბარს ტრადიციულად დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ბენგალიელი პოეტი და ფილოსოფოსი, რაბინდრანატ თაგორი (18611941): „ბოროტებას არ შეუძლია, საკუთარ თავს დამარცხების უფლება მისცეს, სიკეთეს - შეუძლია.“

- სიკეთე ხომ ღვთის წყალობაა და ვისაც ეს აქვს, ის მშვიდად არის, თავისუფალია. მას არ აქვს მიზანი გამარჯვების, კვარცხლბეკზე დგომის... რა თქმა უნდა, დამარცხება, დათმობა, კონფლიქტზე უარის თქმა (თუნდაც, გარეგნულად ეს შიშით გამოწვეულს ჰგავდეს) - მისთვის პრობლემა არ არის.

- მეორე ციტატა ეკუთვნის რუს მწერალს, ლევ ტოლსტოის (1828-1910): „ადამიანების მარადიული შეცდომაა, როცა ბედნიერება სურვილების ასრულება ჰგონიათ.“

- ამაზე არ მიფიქრია. მთავარია, სიცოცხლე გიხაროდეს. პირადად მე ბევრი უკან დასახევი გზა მაქვს ცხოვრებაში - მთაში ასვლას თუ ვერ შევძლებ, იქნებ, ჩაყვინთვა უფრო ადვილად შევძლო. სურვილების ასრულება მართლაც არ არის ბედნიერება. სურვილების ასრულების მონაწილე უნდა იყო და ეს  პროცესი უნდა გიხაროდეს. მაგრამ მარტო ყოფნით ეს შეუძლებელია. ჭკუას ვერავის ვასწავლი, მაგრამ ჩემი მხრიდან ვამბობ: სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება არის ოჯახთან ერთად; პირველ რიგში, მეუღლესთან ერთად. ერთი ზღაპარი წავიკითხე ბავშვობისას: ახალგაზრდა კაცი უკვდავებას ეძებს. ირემი ეუბნება, აქ დარჩი, სანამ ჩემი რქები ცას არ მისწვდება, უკვდავი იქნებიო. კიდევ ბევრ რამეს ჰპირდებიან. მერე კვერცხის ფორმის კოშკს პოულობს და იქ ცხოვრობს, ქალთან ერთად, რომელიც კოშკში ხვდება. ბოლოს მაინც დაბრუნებას გადაწყვეტს და უკან გზაზე ხედავს, რომ ვინც რას არ ჰპირდებოდა, ყველა მკვდარია. მიდის თავის ნასახლარზე, სადაც ძველებიდან აღარავინ არის, ახლებიდან არავის იცნობს და თვითონაც კვდება. პატარა ვიყავი, როცა ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ ეს უკვდავება, ეს უზრუნველი ცხოვრება, ეს ბედნიერება - შესაძლებელი იყო მხოლოდ კოშკში მცხოვრებ ქალთან, მეორე ნახევართან ერთად. როგორც კი ეს მიატოვა და ცალკე წავიდა, ყველაფერი დამთავრდა. უნდა მოვძებნო ეს ზღაპარი (იცინის).

წყარო:http://sainteresoadamianebi.1tv.ge/

 

 

 

მსოფლიო
გერმანიის დაზვერვა - რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

რუსეთი აგრძელებს მზადებას დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის, მაგრამ მანამდე, შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის განხეთქილების შექმნას შეეცადოს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის პრეზიდენტმა, ბრუნო კალმა განაცხადა.

„საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი შეეცდება ძირი გამოუთხაროს ნატო-ს წევრებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია თავდაცვითი ალიანსის წესდების მე-5 მუხლით. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შექმნან „საგანგებო სიტუაცია“ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის, რომელშიც ალიანსის სხვა წევრები „შესაბამისად რეაგირებას არ მოახდენენ“, - აღნიშნა კალმა.

მან მაგალითად დაასახელა შესაძლო მოკლევადიანი თავდასხმა ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე „ტერიტორიული გაწმენდის“ მიზნით. „დოიჩე ველე“ განმარტავს, რომ რუსეთს განსაკუთრებული უფლებები აქვს სვალბარდში, მაგრამ ამავდროულად, ოსლოს პოლიტიკა არქიპელაგზე უცხოელების მიმართ ბოლო წლებში გამკაცრდა.

რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი ინტერვენციის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ბრუნო კალის თქმით, არის კონფლიქტი ბალტიის ქვეყნებთან ადგილობრივი რუსულენოვანი უმცირესობების დაცვის საბაბით.

„თუ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი არ იქნება გამოყენებული მსგავს კონფლიქტებში, ნატო, როგორც თავდაცვითი ალიანსი, დამარცხდება - ეს არის რუსეთის ფედერაციის მიზანი. თუ დახმარების დაპირება არაეფექტური აღმოჩნდება, რუსეთს შეუძლია გააფართოოს თავისი გავლენა ევროპაში ძალაუფლების აგრესიული პოლიტიკით“, - აღნიშნა გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა.

ბრუნო კალმა გაიმეორა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს რუსეთს ექნება საკმარისი რესურსი დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის. მან ეს მოსაზრება პირველად ოქტომბერში ბუნდესტაგში გამოსვლისას გამოთქვა, შეხვედრაზე, რომელიც გერმანიაში დაზვერვის სამსახურების საქმიანობის მონიტორინგს ეძღვნებოდა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.