USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
„ბიბისის“ რადიოგადაცემა NEWSDAY კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა
дата:  197

„ბიბისის“ (BBC) რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გადაცემის წამყვანმა, ლორენს პოლადმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ამ ბრძოლაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნად მიიჩნევს და მის გამოცდილებას სწავლობს. „ბიბისის“ რადიოს გადაცემა NEWSDAY-ს შეკითხვებს საქართველოს ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მან პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად, ადრეულ ქმედებებთან ერთად, მოსახლეობის პასუხისმგებლობა დაასახელა.

„ჩვენი წარმატების მიზეზი ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. ჩვენ ზედმიწევნით ვითვალისწინებდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ძალიან ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მოქმედება – 22 იანვრიდან ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის თერმოსკრინინგი ხორციელდებოდა და საკმაოდ მკაცრი წესები განვსაზღვრეთ სკრინინგისა და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ არსებული მდგომარეობის მიღწევა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით შეძლო.

„თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას ძალუძს ამ გამოწვევის მარტო დაძლევა და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლასთან ერთად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს.

„მარტის ბოლოდან ამოქმედდა შეზღუდვები და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოვუწოდეთ. უკვე ერთი თვე ხდება, თუმცა ეს დაბალანსებული მდგომარეობაა. ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ კორონავირუსს ვებრძვით და, მეორე მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვცდილობთ“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში ლუგარის ცეტნრზე საუბრისას მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 7000 ადამიანი ჰყავს შემოწმებული.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების დახმარებით, თბილისში ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩვენი პარტნიორების დახმარება აქვთ მიღებული. ლაბორატორიული ტესტირება ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 7000 ადამიანამდე გყვავს შემოწმებული დღეის მდგომარეობით. ტესტირება ხდებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლების საფუძველზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით „ბიბისის“ შეკითხვის საპასუხოდ ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე შესაბამისი ნაბიჯები სიფრთხილით უნდა გადაიდგას. მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე უკვე მუშაობს.

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати