USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ბესიკ ლაგვილავა - საქართველოში ხალხის დიდ ნაწილს არ უნდა კარგი ცხოვრება, რადგან... მას უყვარს მოწყალება!
дата:  2536

მწერალი და ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, ხელისუფლების დაპირებებზე, ამ დაპირებების არ შესრულებაზე, კორუფციაზე და მოწყალების მომლოდინე მოქალაქეების შესახებ წერს:

"რა იყო ინგლისის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის მიზეზი?!

როცა 80-იანების ბოლოს პოლიტიკაში შევაბიჯე, მეც გულუბრყვილო რომანტიკოსი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ "ადამიანებს უნდათ უკეთ ცხოვრება" მაგრამ... ეს ასე არ არის!
საქართველოში ხალხის დიდ ნაწილს არ უნდა კარგი ცხოვრება, რადგან... მას უყვარს მოწყალება! ის სულაც არ სწუხს, რომ მოწყალების მიღება უმეტესად ნიშნავს, რომ... მათხოვარი ხარ! ანუ ხალხს უყვარს მათხოვრობა!
აბა, სხვა რა უნდა დავარქვა, როცა იმ ფაქტს, როცა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 700 000-მდე ადამიანი ანუ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 25%-ია რეგისტრირებული და ამ სტატუსის მიღებაზე კიდევ 200 000 ადამიანზე მეტს აქვს განაცხადი შეტანილი?!
გაძლევენ მათხოვრის შესაფერის მოწყალებას და გამადლიან, მეტი რაღა ქნას მთავრობამო! ის ხომ ზრუნავს სულ უფრო და უფრო მეტ ღარიბზე და ზრდის უმწეოთა სიებს და მოწყალების მიმღებ ბენიფიციართა რაოდენობას?!
მე კი გეტყვით, სინამდვილეში კარგი ცხოვრება რომ გსურდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, !
სასწრაფოდ უნდა გაუშვათ, ან პენსიაზე ან ციხეში... ღარიბებზე სულ უფრო მეტად მზრუნველი ხელსუფლება!
გახსოვდეთ, წესიერ ქვეყანაში სიღარიბე არ უნდა არსებობდეს და მით უმეტეს მოწყალების მიმღებ უმწეოთა რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს!
700 000-მდე მოწყალების მიმღები ანუ საქართველოს ყოველი მეოთხე აქ დარცენილი მოქალაქე და მაღალ ჩინოვნიკთა ამაყი და კმაყოფილი ღიმილი... ხომ არ გეჩვენებათ, რომ რაღაც აბსურდამდე დასული კონტრასტია?!
როცა "ქართული ოცნება: ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ მის შეპირებათა პირველ პუნქტში ეწერა: ჩვენ გავხდით საქართველოს მოქალაქეებს უფრო მდიდრებს და მივცემთ მათ უკეთეს ცხოვრებას! ეს იყო პირველი პუნქტი, მაგრამ...
... დიახ, ხელსიუფლება პირველ პუნქტში შეგპირდათ, რომ უზრუნვეყოფდა თქვენს კეთილდრეობას, მაგრამ როცა ამ დაპირებას იძლეოდა, არავის წაუკითხავს და შეუნიშნავს, რომ ამ დაპირებას მოყვებოდა ბანკის ხელშეკრულებასავით წვრილი შრიფტით დაწერილი მეორე პუნქტი, სადაც სულ ერთ... ერთადერთ თაბახის ფურცელზე იყო ჩამოწერილი იმ ადამიანების სია... ვისაც უკეთეს ცხოვრებას პირდებოდნენ და... აუსრულეს კიდეც!
სხვათა შორის, მსგავსი შეპირება არც ადრინდელი ხელისუფლებებისთვის იყო რაღაც უჩვეულო... მათაც ჰქონდათ საკუთარი "ერთგვერდიანი სიები"!
საქართველოს მოსახლეობის 90% სწორედ იმ წვრილი შრიფტით "ერთ გვერდზე" ჩამოწერილი ადამიანების გამდიდრების და უკეთესი ცხოვრების გამო იტანჯება და ტოვებს ქვეყანას!
შემდეგ დგება ფლუსტრაციის პერიოდი და უკვე მერამდენე ხელისუფლების მიერ მოტყუებულ ხალხს აღარ სჯერა ხელისუფლების დაპირებების!
გგონიათ ამით შეშინდება ხელისუფლება?!
თუკი ხალხს აღარ სჯერა ხელისუფლების შეპირებების, მაშინ უნდა შეიცვალოს... გგონიათ ხელისუფლება?! ჰა, ჰა, ჰა... როგორ გამაცინეთ?! უნდა შეიცვალოს ხელისუფლება კი არა, შეპირებები, მეგობრებო! უნდა შეიცვალოს შეპირებები!
ახალი შეპირებები! კეთილდღეობის კონტურების მოხაზვა... 2030 წლისთვის... შემდეგ 2040 წლისთვის!
დამავიწყდა და შემახსენეთ, რის გამო გადადგა ეგ ძალიან ორიგინალური, ნიჭიერი და მამაცი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი?!
სანამ გაიხსენებთ, იქამდე ერთ ისტორიას მოგიყვებით.
ცხრა წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი ვიყავი და მახსენდება პერიოდი, როცა პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევნები დგებოდა, ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად პარლამენტის დერეფნებში ჩემოდნებით მოარულ ფულზე საუბრობდნენ!
ამბობენ, ერთ ფრაქციასთან სალაპარაკოდ მივიდა ერთი მილიონერი დეპუტატი, რომელიც ახლაც პარლამენტის წევრია და ერთი აწ გარდაცვილი ოლიგარქის სახელით რამდენიმე ათეულ ათას დოლარს დაჰპირდა ამ ფრაქციის თითეულ წევრს, მისთვის და მის გამომგზავნთა სასურველი კანდიდატის მხრადაჭერის სანაცვლოდ!
ამ საუბარს ამ ფრაქციის ერთი ენამოსწრებული წევრი დეპუტატიც ესწრებოდა და მან მიამიტი სახით დასვა კითხვა - "ამ თანხას წინასწარ იხდით თუ "პოსლეზეო".
"როგორც კი კენჭისყრა მორჩება - მაშინვეო" - დაჰპირდა "მომხიბლავი" წინადადებით მოსული კოლეგა.
- ეეე... - გაიცინა ენამოსწრებულმა დეპუტატმა, - თქვენ გინდათ ასე მარტივად გადააგდოთ ხალხი, რომელიც ამ პარლამენტში იმიტომ მოხვდა, რომ 5 მილიონი ადამიანი (ამომრჩეველი) ყავდა გადაგდებულიო?!
მილიონერი დეპუტატი, რომელიც მაშინაც დეპუტატი იყო და ახლაც არის, კუდამოძუებული გავიდა! გარიგება ჩავარდა!
ნუთუ ვერავინ გაიხსენეთ ბორის ჯონსონის გადადგომის მიზეზი?! ქალის ბარძაყისკენ ხომ არ გაექცა უსანქციოდ ხელი? ან იქნებ ქრთამზე დაიჭირეს?! არა? აბა, გამახსენეთ რა იყო გადადგომის მიზეზი?!
ერთი ანეკდოტისა არ იყოს, საქართველოში ყველა ხელისუფლებას განსახილველად შემოჰქონდა კანონპროექტი სადაც პირველი მოსმენისთვის ეწერა, რომ:
პირველი მოსმენაზე შემოსული კანონპროექტი : ხალხმა უნდა იცხოვროს კარგად.
მეორე მოსმენით მიღებული: ხალხმა უნდა იცხოვროს;
მესამე მოსმენა: ხალხმა უნდა...
პარლამენტის სპიკერის ჩაქუჩის დარტყმა და სიტყვები - კანონი მიღებულია ცვლილებებით, სამი მოსმენით.
ხალხის კეთილდღეობა კიდევ ერთხელ გადაიდო და გადაიდება... გადაიდება მანამ სანამ ხალხი არ მიხვდება...
რას?!
კაცო, გამახსენეთ, რატომ გადადგა პრემიერი ჯონსონი?!
ერთმა ემიგრანტმა, ყოფილმა არც ისე დაბალი ჩინის სამართალდამცავმა, როცა სამსახური მიატოვა, სანამ საქართველოდან წავიდოდა, მითხრა სიტყვები, რომელმაც ძალიან დამაფიქრა, - "დავიღალე! საქართველო ის ქვეყანაა, სადაც როგორც კი საქმე ჩემი ცხოვრების გაუმჯობესებზე მიდგება, მთავრობას არასდროს ყოფნის ბიუჯეტიო, - შემდეგ კი დაამატა, - აქ (იგულისხმა საქართველო) ვინც ხელისუფლებით კმაყოფილია, ან საქმის კურსში არ არის ან... წილშიაო!"
მას მერე აღარ მინახავს! ამბობენ ამერიკაშია და ტაქსისტად მუშაობსო!
ვინმემ ხომ არ გაიხსენეთ, რატომ გადადგა ინგლისის პრემიერობიდან ბორის ჯონსონი?!
ჩვენთან თუ ხელისუფლებას ატყუებ, ამას არ გაპატიებენ - ეს დანაშაულია. თუ ხელისუფლება მოგატყუებთ, დაგპირდებათ და ჩვეულებისამებრ არ შეასრულებს და როცა საქმე თქვენ და თქვენს საჭიროებებს კი არა, თუნდაც თქვენი უსაფრთხოების ელემენტარულ ღონისძიებეებს ეხება , არასდროს ყოფნის ფული - ეს პოლიტიკაა! დიახ, ხელისუფლების ტყუილს ჩვენთან პოლიტიკა ქვია!
... და ტრაბახობენ! და გულში დაგცინიან! და ამას არც დანაშაულს და არც ტყუილს და ცრუპენტელობას არ ეძახიან, ამას წარმატებული პოლიტიკური მღვაწეობა ქვია და რადგან ასეა.. და სანამ ასეა... კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე მოგატყუებენ!
როცა საქმე თქვენ შეგეხებათ არასდროს იქნება ბიუჯეტში ფული, მაგრამ როცა საქმე იმ ერთ თაბახის ფურცელზე ჩამოწერილ ადამიანებისთვის მანქანების, მობილირების გამოცვლას, ოფისების რემონტს და მათი კეთილდღეობის მოწყობას შეეხება ბიუჯეტი ვერასდროს იგრძნობს ამისთვის საჭირო ფულის ნაკლებობას!
სხვათა შორის, ეს სტატუსი მოწყალებით დავიწყე!
ხელისუფლებას არასდროს ექნება ფული თქვენი კეთილდღეობის მოსაწყობად, მაგრამ ყოველთვის ექნება ხურდა ფული მოწყალებისთვის, რადგან... სამწუხარო ფაქტია, რომ ხალხს არ უნდა კარგი ცხოვრება ან არ იცის ასეთი ცხოვრების ფასი... მან მოწყალება არჩია!
აბა, სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ 700 000 -მდე მოწყალების მიმღები და კიდევ 200 000 ამ დახმარების მირების რიგში მყოფი?! ისიც იცოდეთ, რომ იმ ერთ გვერდზე ჩამოწერილ მოქალაქეთა ინგლისის სამეფო კარის სადარი კეთილდღეობა და დღესასწაულები, სწორედ ამ უმწეო 700 000-ის და ამას დამატებული ორი მილიონის კეთილდღეობის სანაცვლოდ მიიღწევა!
და მაინც რატომ გადადგა ინგლისის პრემიერი ჯონსონი?! ბასეინიანი სახლი ხომ არ აუშენებია, "სიდედრის ნაჩუქარი" ფულით?! შვებულებისას ამერიკაში ხომ არ წასულა დასასვენებლად, ინგლისის სამხედრო ფლოტის კუთვნილი ხომალდით?!....
აა... სანამ თქვენ გაიხსნებდით გამახსენდა.... კოვიდის პანდემიის დროს დაწესებული ლოკდაუნისას ის დააჯარიმეს ღამის კლუბში საღამოს გამართულ ღონისძიებაში მონაწილოების გამო! მასთან ერთად გადადგა მისი კაბინეტის 52 წევრი...
რამ გამახსენა?! მაინც რამ გამახსენა?!
700 000-მდე უმწეომ რომელიც მოწყალებას იღებს და კიდევ 2 მილიონზე მეტმა, რომელმაც არ იცის... რა არ იცის და არ იცის რას ქვია კარგი ცხოვრება; არც ის რომ "კარგი ცხოვრება" ადამიანის უფლებაა და ხელისუფლების მოვალეობა!
P.S. თითქოს თემას არ ეხება, მაგრამ იცით, რა დაავადებით არის დაავადებული სოც.ქსელიის მომხმარებელთა ერთი ნაწილი? ეს 21 საუკუნის სოც.ქსელებში ხშირი ყოფნით გამოწვეული დაავადებაა. მას თავის ტვინის ფიმოზს ((Phimosis of the Brain) ეძახიან! ფაქტიურად ეს დაავადება ჩვეულებრივ ცხოვრებაში უბირობის ტოლფასია...
როცა საქართველოში ტროლების, ბოტების და მათი მთელი ფაბრიკების საქმიანობას ვადევნებ თვალს, რომელიც ხანდახან შემოგივარდებიან ხოლმე ფბ-გვერდზე ან "აპრავებენ" რაღაც უგვანობას ან რომელთა საფულეშიც ხურდა ფული ჩხრიალებს, ვიღაც მაღალი ჩინოსნის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის ქვეშ გაკეთებული კომენტარებისას "ღირსეულო და საამაყო..." "მუდამ მართალო..", "გფარავეს უფალი..." "ყოჩაღ"... ვხვდები, რომ ხალხის დიდ ნაწილს არ სურს კარგი ცხოვრება; ხალხი კმაყოფილია იმ ხურდებით, რაც მათ საფულეში მსგავსი კომენტარების გამო იწყებს ჩხრიალს და იმ მოწყალებით, რომელიც უმწეობის გამო გაიცემა...
იმისთვის კი, რომ კარგად ვიცხოვროთ, პირველ რიგში საზოგადეობას უნდა ესმოდეს რას ნიშნავს კარგი ცხოვრება... იქნებ ეს მართლა უმწეოთა შემწეობაა ან ძლიერთა ამა ქვეყნისათა გამონაყოფი გაზებით გაფუჭებულ და ამყრალებულ ჰაერზე ტრაბზონში წარმოებული AXE-ს ყველაზე იაფფასიანი დეზოდორანტის მოფრქვევა?!"
მიყევით ბმულს - ბესიკ ლაგვილავა
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати