USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ბესიკ ლაგვილავა - ფულისტებო! მომავალზე დაფიქრდით! მალე აღარ იქნება ფული!
дата:  947

მწერალი და ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პოსტ-კაპიტალიზმის ეპოქის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"ამასწინათ, ერთმა მეგობარმა გაიხსენა უნიჭიერსი ადამიანის და მათემატიკოსის, ჩვენი ლექტორის, პროფესორ ბიბი ქარცივაძის პირველი სიტყვები, როცა ის მათ.ანალიზის პირველი ლექციის წასაკითხად გაემზადა 100 სტუდენტის, მომავალი მათემატიკოსის ანუ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც იმთავითვე გამოირჩეოდნენ მათემატიკის განსაკუთრებული ცოდნით და ლოგიკით, საქართველოს 100 ათას სასკოლო კურსდამთავრებულს შორის და ამ 100 -ში გენიოსები არც ისე ცოტანი იყვნენ!

მე გენიოსებთან ვსწავლობდი!
- ახლა დაივიწყეთ ის, რაც სკოლებში გასწავლეს და ისწავლეთ ნამდვილი მათემატიკა! - უთხრა ბიბიმ გაოცებულ სტუდენტებს, - შემდეგ დაამატა, სამწუხაროდ, როგორც წესი, პირველი გამოგვდის, ხოლო მეორე ... იშვიათად!
დღეს ეკონომისტები ცდილობენ აღწერონ სამყარო იმ ცოდნით, რაც მათ უნივერსიტეტების მერხებზე მიიღეს.. და არაფერი გამოსდით! სულ ტყუილია, მათი მცდელობანი!
მინდა ვუთხრა მათ... დაივიწყეთ ის, რაც უნივერსიტეტების მერხებთან სხდომისას ისწავლეთ! ეს მხოლოდ წარსულის აღწერაში დაგეხმარებათ, თანაც არა უახლოესი 30-40 წლისა!
დაივიწყეთ ადამ სმიტი და მისი "უხილავი ხელი"! დაივიწყეთ ბირჟის მოთამაშე დევიდ რიკარდო და მისი "ღირებულების შრომითი თეორია" , დაივიწყეთ მარქსის "კაპიტალი"და ფორმულა "ფული - საქონელი - ფული.."
ვინც ფულს აგროვებთ დაიმახსოვრეთ! აღარ იქნება არავითარი ფული! თქვენ თავად გახდებით "ფული"! ვინ მეტი და ვინ ნაკლები... ამას გააკეთებს სოციალური რეიტინგების სისტემა!
კარგად მუშაობთ? ინიციატივიანი ხართ? ახალი იდეები გაწუხებთ, თქვენ მარკ ტვენის "მილიონიანი კუპიურა" იქნებით! იცხოვრებთ კარგ სახლში, გეყოლებათ საუკეთესო მანქანა, შესაძლოა ვერტმფრენიც!
ცუდად მუშაობთ, არც იდეებით გამოირჩევით? უდისციპლინო ხართ?! ლარიანს დაემგვანებით, რომლითაც დღეს ვერაფერს იყიდი!
იქნება მხოლოდ მინიმალური სოციალური გარანტიები! ოდესღაც კარგად მუშაობდით და მაღალი სოციალური რეიტინგი გქონდათ , შემდეგ უცებ ლოთობა დაიწყეთ და ცუდად მუშაობთ?! თქვენი სოციალური რეიტინგი დაეცემა და უცებ დაუამხანაგდებით იმ კარტონწაფარებულ მათხოვარს, ზამთარში ქუჩაში რომ წევს ბოილერის თავზე...
დაივიწყეთ დამატებული ღირებულება, მოთხოვნა - მიწოდების ფორმულები... იქნება ახალი ფორმულები, რომელიც თქვენი სოციალური რეიტინგით განგისაზღვრავთ მიწოდებას!
ეკონომიკის მმართველი "უხილავი ხელი" არ მოგვწონდა... ველური კაპიტალიზმიო და ა.შ.
დიახ, ეს "ველური კაპიტალიზმის" ნაყოფს ვიმკით საქართველოში, როცა მოსახლეობის 1% ბევრად მდიდარია, ვიდრე ამ ქვეყნის მოსახლეობის 99%! მაგრამ...
მაგრამ!
გაიგეთ! სამყარო შეიცვალა! მას უკვე აღარ მართავს "უხილავი ხელი"! უმრობდნენ "მოგენატრებათ მამათიო!' მოგენატრებათ ეს "უხილავი ხელი"!
მომავლის "უხილავი ხელი" ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც იმაზე მეტი ეცოდინება თქვენს შესახებ, ვიდრე თქვან თავად იცით საკუთარ თავზე!
თქვენ აღარ გახსოვდათ, რომ ერთი წლის წინ, როცა დათვერით, ქუჩაში მოძრაობის წესები დაარღვიეთ ან დასცინეთ მეზობელს ან ძალიან მოგეშარდათ და ლიფტში მოფსით მაგრამ... ხელოვნურმა ინტელექტმა იცის! "დიდი ძმა" გიყურებს მეგობარო! მან ლიფტში ჩაყენებული კამერით დაგაფიქსირა!
შენ არ გახსოვდა ეს ყველაფერი, რის გამოც რეიტინგი მოგაკლდა და კუნძულ ბალიზე მოგზაურობა გადაწყვიტე. ტურსააგენტოში მიხვედი და ლამაზ ტუროპერატორს ესაუბრები... მაგრამ ის არ გიღიმის... უფრო დაბნეული გიყურებს. ნეტავი რატომ?
უცებ ირკვევა ფაფუუუ... გაირკვა შენი სოციალური რეიტინგი ბალიზე მოგზაურობას ვერ გაწვდება, ჰა და ჰა... ურეკში მოახერხო ბარაკებში დასვენება!
რა მოთხოვნა - მიწოდება! გეუბნებით ვინც აგროვებთ ტყუილად აგროვებთ ფულს! მალე მისი ფასი... ავადმოსაგონარი კუპონისგან განსხვავებით, რომელიც ექსპონენციალურად ისწრაფვოდა 0 -სკენ, ზუსტად 0-ის ტოლი გახდება!
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ გლობალიზაციის პირობებში, მიწოდება-მოთხოვნილების ფორმულაც ინგრევა!
რამდენი ქართველი იცვამს... Amazon-იდან?! Taobao-დან?!
ქართული ბაზარი?! ბაზარი დაინგრა! გლობალიზაციამ ნოკაუტში ჩააგდო ბაზარი... ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა "წაიღო" ბაზრის ნაწილი და დღეს საქართველოში ორი ტიპის "ჩამცმელები" გვყავს.. ერთნი Amazon-იდან იცვამენ, მეორენი.... შესაძლებლობის მიხედვით მეორადებიდან, აუტთლეტებიდან და მცირენი ბრენდული მაღაზიებიდან...
გლობალიზაციის კვალდაკვალ სულ უფრო გაიზრდება Amazon-ის, Taobao-ს... და ა.შ. წილი და შესაძლოა, საერთოდ გაქრეს ტანსაცმელ-ფეხსაცმლის ქართული ბაზარი...
ახლა კი გვაქვს ეპოქა, როცა ერთი და იგივე ტიპის და სახის ტანსაცმელს ერთნი იაფად იცვამენ Amazon- Taobao-დან და მეორენი მსოფლიოში შესაძლოა, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობის ფონზე, გასაოცრად ძვირი ქალაქის თბილისის ე.წ. "ბრენდული მაღაზიებიდან"...
დღეს მსოფლიოში მსჯელობენ, ქვია თუი არა იმ ეკონომიკურ ფორმაციას, რომელშიც ვცხოვრობთ კაპიტალისტური?! ჩვენთან კი დარჩა "ველური კაპიტალიზმი", მაგრამ...
ძალიან ბევრს და სრულიად სამართლიანად ეჭვი ეპარება, რომ წყობას, რომელშიც განვითარებული მსოფლიო ცხოვრობს ერქვას კაპიტალიზმი!
მზარდი ინფლაციის პირობებში ხელფასებმა შეწყვიტეს ზრდა! ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანებიდან არსებული ფულად-საკრედიტო ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა ხდებოდა საკრედიტო მექანიზმებით, რამაც გამოიწვია, რომ სავალო ვალდებულებები 2010 წლისთვის 3-ჯერ აღემატებოდა რეალურ მსოფლიო მთლიან შიდა პროდუქტს(მშპ)! ხოლო 2021 წლისთვის მსოფლიო სავალო ვალდებულებების მოცულობა 3.5-ჯერ აღემატებოდა მსოფლიოს მშპ-ს და შეადგენდა ასტრონომიულ რიცხვს 300 ტრლნ დოლარს!
ამ ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, ვალების ასტრონომიული და ფულის მასის მასშტაბური ზრდის ფონზე (არ დავიწყებ განმარტებას თუ რა არის Quantitative Easing - "რაოდენობრივი შემსუბუქება, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ცენტრალური ბანკი ეწეოდა, ჩვენი ეროვნული ბანკის ჩათვლით) ფულმა ლამის გაწყვიტა კავშირი... საქონელთან !
ფულმა ლამის გაწყვიტა კავშირი... საქონელთანო?!
ეკონომისტებო, რაღაც უცნაური და ჯერ დაუწერელი ხომ არ ხდება?!
ახლა მე კომიუტერთან ვზივარ და ფულიც და საქონელიც წარმოიდგინეთ, რომ ჩემ თვალწინ, ჩემს ცხვირწინ ტრიალებს, მოძრაობს... მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, ის აქ არის... ჰაერში მოძრაობს ტალღების სახით...
ეს არის თანამედროვე ეკონომიკაზე გავლენის ე.წ. „ინფორმაციული ეფექტი“. ინფორმაციის სწრაფმა ზრდამ და მისმა უფასო გავრცელებამ მრავალი სერვისი და საქონელი ხელმისაწვდომი გახადა, რისი მაგალითიც მე მოგიყვანეთ Amazon- Taobao-ს და სხვა სავაჭრო პლატფორმების ქართველი მომხმარებლის სახით.
ციფრულმა ეკონომიკამ მოსპო „კლასიკური“ კაპიტალიზმი და ხელი შეუწყო სიმდიდრის უპრეცედენტო კონცენტრაციას. ამ შემთხვევაში, მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციების ხელში, რომლებმაც მოახდინეს საინფორმაციო გარემოს მონოპოლიზაცია სხვადასხვა, პირველ რიგში სავაჭრო პლატფორმების საშუალებით. შედეგად, მივიღეთ კატასტროფული სოციალური უფსკრული...
იცით, რომ დღეს 20 ადამიანი უფრო მდიდარია, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნაკლებშემოსავლიანი ნახევარი - 4 მლრდ ადამიანი?!
ახსნას არ დავიწყებ! ამას საქართველოს მაგალითზეც ყველანი ხედავთ ... აქ ერთი ადამიანია უფრო მდიდარი, ვიდრე მთელი საქართველო!
მსოფლიო ეკონომიკა ახალი ისტორიული ციკლის ზღვარზეა. წინა ციკლი დაიწყო, ალბათ, რენესანსის ხანიდან მე-15 საუკუნიდან და გამოიწვია კაპიტალიზმის გაჩენა. მან "ველური კაპიტალიზმის" სახე მიიღო მეცხრამეტე საუკუნეში (ჩვენთან ახლა!), თავის პიკს მიაღწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც დამანგრეველთან ერთად, ახალი გრანდიოზული შესაძლებლობების გაჩენის , მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საფუძვლად იქცა (ატომური ენერგეტიკა, კოსმოსური რაკეტები და კოსმოსის ათვისება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბუმი (ტელევიზია, კიბერნეტიკა)...
მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული!
რევოლუციურმა ტექნოლგიურმა პროგრესმა, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სინათლის სიჩქარით განვითარებამ შექმნა ახალი რეალობა! დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც არამმარტო აღარ დადიან მაღაზიებში, შოპინგზე, იცვამენ საინფორმაციო-სავაჭრო პლატფორმებიდან, არამედ სულ უფრო იზრდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ... ინტერნეტში, ცხოვრობენ საინფორმაციო პლატფორმებზე.. მეტიც! რამდენი გარდაცვლილი მეგობარი გყავთ ფეისბუქზე?! ისინი ფიზიკურად მოკვდნენ და დარჩნენ, არამარტო ახლობლების გულებში... არამედ სოციალურ სივრცეში... მათ აქვთ მოთხოვნილება!ისინი რჩებიან ინფორმაციის გამავრცელებლებად! ესეც "სიცოცხლის ფორმაა" და ამ ყველაფრის აღწერა ვინმეს უნდა ძველი და მკვდარი ფორმულებით მიწოდება - მოთხოვნილების და ფული -საქონელი-ფულით?!
ხომ გითხარით, რომ ფული... მალე აღარ იქნება?!
შეუძლია თუ არა პოსტკაპიტალიზმზე გადასვლას, სამყაროს წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა?!
ვეცდები არ ვიყო, არც რაიმე სასაცილო "შეთქმულების თეორიის" გამავრცელებელი, არც ალაჰია ჩემი ღმერთი და არც წინასწარმეტყველი ვარ მისი, ამიტომ ვეცდები არ ვიყო კატეგორიული და ვიტყვი...
ის პრობლემები რის გადაწყვეტასაც ხელს შეუწყობს ინფორმაციული რევოლუციით გამოწვეული გლობალიზაცია და პოსტკაპიტალიზმი და რა გლობალურ ტენდენციებსაც წრამოაჩენს იქნება:
ინდუსტრიისა და სერვისების ტოტალური ავტომატიზაცია მანქანების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების მეშვეობით;
სოციალური რეიტინგირების პროცესის პარალელურად ალბათ მოხდება საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შემოღება;
ძირითადი სამომხმარებლო საქონლის ხელმისაწვდომობა;
- ღია კოდის დეცენტრალიზებული მოდელის დამკვიდრება, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერს, ნებისმიერი ქვეყანაში, შეცვალოს და სხვას გაუზიაროს ტექნოლოგია, პროგრამა, რადგან მისი ინფორომაციული სივრცე საჯაროდ ხელმისაწვდომია.
სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკთა (რენტა-მაძიებელთა) მხრიდან სახელმწიფო ქონების და გავლენების გამოყენების და მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საქართველოში ვფიქრობ პრობლემათა პრობლემაა!
რენტა-მაძიებელი ქცევის ცნება გულისხმობს მოგების მოპოვებას, რაიმე პროდუქტიულ საქმიანობაში მონაწილეობის გარეშე, მაგალითად, მიწის ან სხვა ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის მოპოვებით ან ადამიანის საქმიანობის ზოგიერთ სფეროში საკანონმდებლო ტვირთის შემოღებით, რასაც ესოდენ აქტიურად ეწევა ქართული სახელმწიფო აპარატი... თბილისი და სოფლის საძოვრების და რესურსების თბილისიდან განკარგვის მაგალითები რად ღირს!
ლამის არის გათენდეს! შევწყვეტ!
თუმცა გავიმეორებ, რაც თავში ვთქვი! ეკონომისტებო! დაივიწყეთ რიკარდო და ადამ სმიტი... იქ გაგზავნა რად უნდა, ისედაც ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის კარლ მარქსი!
ყველა იმ მოდელს, რასაც უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ და დღესაც ასწავლიან, დაუდგა სიკვდილის ჟამი... ეს ეკონომიკის კი არა, ისტორიის სწავლება უფროა!
ფულისტებო! მომავალზე დაფიქრდით! მალე აღარ იქნება ფული!
მომავალი კარზე კი არ აბრახუნებს - შემოვიდა უკვე!

სახელი გაინტერესებთ მისი? მას პოსტ-კაპიტალიზმი ქვია!"

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати