USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
ბესიკ ლაგვილავა - აფხაზეთის საქართველოს ფარგლებში დაბრუნების "რუსული ფასის" შესახებ!
თარიღი:  614
მწერალი და ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ვარდიკო ნადიბაიძესთან შეხვედრის ისტორიას გვიყვება და აღნიშნავს, რომ "ვარდიკოების" გეგმით დაბრუნებული აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის ფასი, საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება!
 
"- მე ყელში ხელი წავუჭირე გენშტაბის გენერალს, - ყვვებოდა მოყოლისას როლებში შესული ცხვიწაწითლებული მამაკაცი.
 
ამ ისტორიას შეზარხოშებული კაცის ჩვეულებრივ ბაქი-ბუქად ჩავთვლიდი, მაგრამ მას ყვებოდა რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის პაველ გრაჩოვის ნათლია!
 
ჩემი მეგობრის რესტორანში სუფრასთან მგონი ექვსნი თუ შვიდნი ვისხედით! ალბათ 2018 წელი იქნებოდა.
 
საკმაოდ გემრიელი ვახშმის გარდა ეს სუფრა დიდი არაფრით დამამახსოვრდებოდა, რომ არა ამ სუფრასთან მჯდომი ერთი პერსონა - გენერალ გრაჩოვის ნათლია, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ვარდიკო ნადიბაიძე და მისი მგონი ყაზახი მეუღლე, რომელიც მას პოდმოსკოვიეში საავადმყოფოში მკურნალობისას უვლიდა და შემდეგ ცოლადაც შეირთო.
 
ვარდიკო, ჩემი მეგობრის საწილო რესტორნის ერთ-ერთ მეპატრონესთან, რომელიც მისი მინისტრობისას მგონი მინისტრის მოადგილე იყო, მეგობრობდა და ასე აღმოვჩნდით ერთ სუფრასთან.
 
მან ბევრი რამ თქვა მისი კუთხიდან დანახულ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე, მაგრამ ეს ტიპიური რუსი გენერლის შეხედულებები იყო, რომელთანაც კამათიც კი არ ღირდა. მათ შორის მისი აღტაცება რუსული იარაღის სიძლიერით, რაზეც მე გავიცინე და მან კიდევ მეტი აღტყინებით დამიწყო რუსული იარაღის უძლეველობის მტკიცება. თუმცა, ამ კამათში მაინც არ ავყევი.
 
მაშინ მან ისეთი ამბის მოყოლა დაიწყო, რომელიც ძალიან მაინტერესებდა და ამ ამბის პერიპეტიებმა, კი ძალიან დამაინტერესა.
 
ის ყვებოდა, ამბებს, რომელიც ჩემი დეპუტატობისას განვითარდა საქართველოში მგონი 1996 ან 1997 წლებში.
 
მაშინ სახელისუფლებო კულუარებში ჩურჩულებდნენ, რომ რუსეთი აფხაზეთში გვაბრუნებდა! პარლამენტში ჩემს უკან მჯდომმა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოთარ ფაცაციამ ისიც კი მითხრა, რომ ხალხით სავსე ავტობუსები მზად იყო გალში დასაბრუნებლად... და უცებ ყველაფერი აირია...
 
და აჰა, ბატონ ოთართან საუბრიდან 20 წლის შემდეგ გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე მიყვებოდა მოვლენათა განვითარების მისეულ ვერსიას.
მან, ვარდიკომ მის ნათლულთან, მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან პაველ გრაჩოვთან შეათანხმა რუსეთის სამშვიდობო მისიის ახალი გეგმა, სინამდვილეში მისი თქმით, ქართველების აფხაზეთში, მდინარე ღალიძგამდე დაბრუნების გეგმა. მისი ნათქვამით, რუსების ე.წ. "სამშვიდობო ჯარები" დატოვებდნენ ენგურისპირეთს და გადაინაცვლებდნენ მდინარე ღალიძგასთან, ხოლო პარალელურ რეჟიმში ქართული მოსახლეობა უნდა დაბრუნებულიყო, ჯერ გალის რაიონში... შემდეგ.. შემდეგ კი მომავალში... ოჩამჩირესა და სოხუმში.
 
ამ გეგმით ვარდიკო წარდგა უშიშროების საბჭოს სხდომაზე და განაცხადა, რომ გეგმა განხორციელდებოდა მიუხედავად იმისა, დაეთანხმებოდნენ თუ არა მას აფხაზები!
 
საქართველოში ვარდიკოსთან ერთად მოფრინავდა თავად რუსეთის გენშტაბის უფროსი გენერალი სამსონოვი, რომელიც გააკონტოროლებდა ამ სამშვიდობო მისიის ახლებურ განვითარების პროცესს...
 
- ვზივართ თბილისისკენ მომავალ სამხედრო თვითმფრინავში და უცებ სამსონოვს ურეკავენ, რომ რუსებმა დაიწყეს ღა;ლიძგისკენ გადანაცვლების ოპერაცია და ქართველები, რომელთა დაბრუნებაც უნდა გამხორციელდეს, არ ჩანან! რა ხდება? - მეკითხება სამსონოვი., - სად არიან ქართველები?" - ყვებოდა ვარდიკო, - ვიფიქრე, რომ ეს გენერალი, რაღაცას მაიმუნობდა, გეგმის ჩაშლა უნდოდა და ყელში წავუჭირე ხელი, - როლებში შეიჭრა ვარდიკო და ხელის მოძრაობით წარმოადგინა, როგორ უჭერდა ხელში რუს გენერალს!
 
შემდეგ ვარდიკომ მოყვა, რომ მან მოითხოვა კავშირი გრაჩოვთან და როცა დააკავშირეს, გრაჩოვმა უთხრა, რომ ის არაფერ შუაში იყო. პასუხი შენს პრეზიდენტს მოსთხოვეო!
 
- ჩამოვედი და შევარდნაძესთან შევედი! - ყვებოდა ვარდიკო, - შემჩნეული მქონდა, შევარდნაძე ცხვირზე იკიდებდა ხელს, როცა რაღაც ტყუილის თქმას აპირებდა.
 
რუსი სალდაფონები რა დონის იდიოტები და რეგვენები არიან, ეს უკრაინის ომმა ნათლად გვიჩვენა.
 
მე ვარდიკო ყოველთვის ერთ რუს რეგვენ სალდაფონად მეჩვენებოდა და გამიკვირდა მასში "პოკერის მოთამაშის ინსტიქტი", რომლითაც პოკერში მოწინააღმდგეები ცდილობენ გამოიცნონ, ბლეფობს თუ არა მოწინააღმდეგე, რომელიც ძალიან დიდ კუშს ან ვა-ბანკს ჩამოდის!
 
ამ საუბრისას, როცა შევარდნაძეს პასუხი მოვთხოვე, რატომ ჩაშალა დევნილების აფხაზეთში დაბრუნების ოპერაცია, მან მითხრა, რომ მეორე მხარეს სასწორის პინაზე ძალიან დიდი რამ იდო და რამდენჯერმე ცხვირზე მოიკიდა ხელიო - თქვა ვარდიკომ და ისიც დააყოლა, რომ მას მოუნდა ყელში წვდომოდა და მიეხრჩო ეს "თეთრ მელა" და მოინდომა კიდეც...
 
ცოტა ხანში, შევარდნაძემ გადატრიალების მცდელობა დამაბრალა და მომხსნაო - დაამატა ვარდიკომ.
 
ვარდიკოს ვერსია ვერსიად, ვარდიკოს ეტყობა, კი ჰქონდა რუს სალდაფონზე მეტი ეშმაკობა, მაგრამ რეალობა კი ასეთი იყო!
 
1. აფხაზები რა თქმა უნდა არ დათანხმდებოდნენ მათ მიერ ბრძოლით მოპოვებული ტერიტორიების დათმობას და რუსების მართლაც რომ დაეტოვებინათ მდინარე ენგურის მიდამოები, აფხაზები არ დატოვებდნენ მას და დევნილთა დაბრუნების მცდელობა გარდაისახებოდა შეიარაღებლი კონფლიქტის განახლებაში!
 
2. რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი ვარდიკოს ნათლული კი არა ღვიძლი ძმა რომ ყოფილიყო და თუნდაც რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი მამამისი და მათ გულწრფელადაც რომ სდომოდათ საქართველოსთვის აფხაზეთის ნაწილის დაბრუნება, რისი დაჯერებაც მხოლოდ იდიოტს შეუძლია, რუსეთში სულ მალე დაიწყებოდა მოძრაობა მოძმე აფხაზი ხალხის დასაცავად, ეს მოძრაობა სულ უფრო გაძლიერდებოდა და კუთხეში მიაყენებდა თავად ელცინს და გრაჩოვს!
 
3. პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდა თავად გალის ადმინისტრაციის საკითხის გადაუწყვეტელობა! თუკი გალში აფხაზური ადმინსიტრაცია დარჩებოდა, დევნილთა დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ვისი ხელისუფლების ქვეშ უნდა დაბრუნებულიყვნენ დევნილები?! თუკი იქ ქართული ადმინისტრაცია აღდგებოდა, მაშინ აფხაზებს მოუწევდათ საუბარი არა საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც კონფლიქტის მხარესთან, არამედ გალის ქართულ ადმინისტრაციასთან (გავიმოორებ, როგორც კონფლიქტის მხარესთან) და ამას ისინი ვერაფრით დაუშვებდნენ! ანუ ესეც კონფლიქტის განახლების მიზეზად იქცეოდა!
 
4. 1998 წლის გალის ამბებმა, რომლის დროსაც მე კონფლიქტის ზონაში ვიყავი, გვიჩვენა, რომ 1997-98 წლებში, როცა სრულიად უსაფუძვლოდ მოგვეჩვენა, რომ გალს ფაქტიურად ქართველი პარტიზანები აკონტროლებდნენ და მისი დაბრუნება მარტივად იყო შესაძლებებლი, ეს შეხედულება აღმოჩნდა მცდარი! კონფლიქტისა განახლებას მოყვა ახალი მსხვერპლი, აფხაზთა შესვლა გალის იმ სოფლებშიც, სადაც ისინი 1993 წელს კონფლიქტის მათი გამარჯვებით დამთავრების დროს არ შესულან... ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ტრაგიკული სურათი როგორ იწვოდა ქართველთა სახლები მდინარის მეორე მხარეს სიდასა და თაგილონში და როგორ გამორბოდა იქიდან ხალხი!
ანუ კონფლიქტის შემთხვევაში, ჩვენ განწირული ვიყავით ახალი მარცხისთვის.
 
5. და მთავარი! რუსეთს გალი კი არა, თუნდაც ოჩამჩირე და სოხუმი რომ დაებრუნებინა, ეს მოხდებოდა ძალიან ძვირი საფასურის გადახდის შედეგად!
 
სასწორის მეორე მხარეს იდო ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში!
 
საქართველოს მხოლოდ რუსეთის სრულ მარიონეტად ან რუსეთის ნაწილად გადაქცევის შემთხვევაში თუ მიუგდებდნენ ძაღლის ძვალს!
ეს სტატუსი მინდა ერთი ისტორიული შეფასებით დავასრულო!
 
საქართველო ფორმალურად არასდროს დაკარგავდა არც გალს და არც თუნდაც სოხუმს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში რომ დარჩენილიყო!
 
რუსეთის მიერ წართმეული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს ჩვენი დამოუკიდებლობის საფასური იყო!
 
პოლიტიკა ერთგვარი ვაჭრობაა და აქ საქონელს თავისი ფასი აქვს.
 
როგორც ვთქვი, საქართველოს დამოუკიდებლობის ფასი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია!
 
არ მიყვარს ანდაზები და ტყუილია თითქოს, მხოლოდ თაგვს სთავაზობენ უფასოდ ყველს სათაგურში !
 
სათაგურში "უფასო ყველის" საფასური თაგვის სიცოცხლეა!
 
"ვარდიკოების" გეგმით დაბრუნებული აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის ფასი, საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება! ანუ მთლიანად საქართველო!
 
მაშინ რა გზა არსებობს ამ ტერიტორიების დარბრუნებისა?! ეს გზა რთული, გრძელი და ბევრ გარშემო მიმდინარე პროცესზეა დამოკიდებული... ამ პროცესის დაჩქარების პირობა კი ნათელია! აუცილებელია, რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში!"
 
მიყევით ბმულს - ბესიკ ლაგვილავა
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის