USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
"ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung): „ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში: რატომ უნდა ელოდოს უკრაინა ალიანსში მიღებას კიდევ დიდხანს“
თარიღი:  641

„დასავლეთი, რასაკვირველია, ზოგადად მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების იდეას, მაგრამ გადაწყვეტილება კონსენსუსით ანუ ერთხმად უნდა იქნას მიღებული. გერმანია, აშშ, თურქეთი და უნგრეთი კი კიევის მიღებით დაინტერესებულნი არ არიან, - წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით „ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში: რატომ უნდა ელოდოს უკრაინა ალიანსში მიღებას კიდევ დიდხანს“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი), რომელშიც განხილულია უკრაინის პერსპექტივა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი მიღების თვალსაზრისით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინას მოცდა მოუწევს. რამდენიმე დასავლელი დიპლომატის თქმით (მათ ანონიმ პირებად დარჩენა ისურვეს), საეჭვოა, რომ ნატომ უკრაინის თხოვნა შეასრულოს ალიანსში ქვეყნის სწრაფად მიღების თაობაზე. შესაბამისად, კიევის პოლიტიკური ხელმძღვანელობის იმედები, ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, რომ ნატოს 32 წევრს შორის კონსენსუსი იქნებოდა მიღწეული, ამ მომენტისათვის უკვე გაიფანტა. „კონსენსუსის მისაღწევად კვირეები და თვეებია საჭირო“, - იტყობინება ნატოს მაღალჩინოსანი წარმომადგენელი, რომლის თქმით, ბრიუსელში მინისტრების სამიტზე განხილული იქნება არა უკრაინის ალიანსში მიღების საკითხი, არამედ კიევისათვის დახმარების გაწევის გაფართოება - იმ მიზნით, რომ რუსეთთან მეომარ ქვეყანას სავარაუდო მოლაპარაკების წინ უპირატესი და უკეთესი პოზიციები ჰქონდეს.

„უკრაინა ჩვენი მეგობარია, მაგრამ...“

დღეისათვის უკრაინის ნატოში მიღებით დაინტერესებულები არ არიან არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც გერმანია. მოწინააღმდეგეთა რიგებში არიან ასევე თურქეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. რაც შეეხებათ ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს, ისინი პირიქით - მხარს უჭერენ იდეას, რომ უკრაინა ახლო მომავალში ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის წევრი გახდეს.

უკრაინა თვლის, რომ ნატოში წევრად მიღება მისი სამომავლო უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას წარმოადგენს. ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულების (ანუ წესდების) მე-5 პუნქტი კოლექტიური თავდაცვის სისტემის იმ ძირითად ელემენტს წარმოადგენს, რომელიც უკრაინას იზიდავს. მასში ნათქვამია, რომ თუ ნატოს რომელიმე წევრს სხვა სახელმწიფო თავს დაესხმება, ეს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს: მოქმედებს პრინციპი - „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“. კიევი დაბეჯითებით მოითხოვს ნატოში დაჩქარებულ მიღებას, რადგან სხვა გარანტიებმა, მათ შორის ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმმაც, ვერ გაამართლა.

„უკრაინისათვის 1990-იან წლებში რეალური, ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების მიუცემლობა შეცდომა იყო, რითაც რუსეთმა ისარგებლა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ნატოს მინისტერიალის წინ გამოქვეყნდა. კიევის აზრით, ეს სეცდომა რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს. „უკრაინას ჭირდება მკაფიო, იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებშიც გამოხატული იქნება მისი შეტანილი წვლილი როგორც გლობალური ბირთვული განიარაღების პროცესში, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში“, - აცხადებს უკრაინის დიპლომატიური უწყება, - „ბუდაპეშტის მემორანდუმის მტკივნეული გამოცდილების შემდეგ ჩვენ არანაირი ალტერნატივა აღარ გვრჩება უსაფრთხოების დაცვის საკითხში, თუ არა ნატოს სრულუფლებიან წევრად მიღება“.

„კიევი ღიზიანდება აბსტრაქტული დაპირებებით...“

მიუხედავად იმისა, რომ ნატოელები უკვე რამდენიმე წელია აცხადებენ, რომ უკრაინა „აუცილებლად გახდება“ ალიანსის წევრი და რომ კიევის გზა ნატოსაკენ „შეუქცევადია“, ჯერ-ჯერობით მისთვის გაწევრიანება არც არავის არ შეუთავაზებია და არც არანაირი კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს ალიანსში მიღებისათვის. უსაფუძვლო და აბსტრაქტული დაპირებები, განუხორციელებლი იმედების მიცემა უკრაინის მთავრობაში შესამჩნევ უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას იწვევს.

ბრიუსელის მინისტერიალი ნატოს ახალი გენმდივან მარკ რიუტესათვის მეორე სამიტია. ნატოს დედაქალაქში ელოდებიან ევროკავშირის ახალი მთავარი დიპლომატის კაია კალასისა და უკრაინელი მინისტრის ანდრეი სიბიგას ჩასვლას.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/geopolitik/nato-aussenminister-beraten-in-bruessel-warum-die-ukraine-weiter-auf-mitgliedschaft-warten-muss-li.2277755

 

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის