მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბერა ივანიშვილმა განმარტა, ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წელს, მაშინ, როდესაც მის თაყვანისმცემლებზე, მისივე განმარტებით, მასიური ტერორი ხორციელდებოდა.
„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე ვიყავი ალბათ, 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ყველაფერში ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა, მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები. წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ. რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ ამ შეხვედრას ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
კითხვაზე: ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები?- ბერა ივანიშვილმა უპასუხა:
„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, სხვა აზრის არის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.