ეს არის ძალიან ვრცელი და ინდივიდუალური აზრის გამომხატველი ბლოგი თაობაზედ იმისა თუ როგორ გაუცხოვდა დანარჩენი საქართველოსგან აფხაზეთი, როგორ ჩამოყალიბდა აფხაზი ერი და როგორ მივედით სეპარატიზმამდე.
ეს ბლოგი არ ისახავს მიზნად ჭეშმარიტების ბოლო წერტილის დასმას. ორი მიზანი მაქვს: ერთი რომ საკუთარი აზრი გამოვხატო და მეორე რომ აფხაზეთის ისტორიის დისკურსში იმპულსი მივცე იმ საკითხებს, რომლებსაც არ განიხილავენ ან იშვიათად განიხილავენ საქართველოში.
მეათე საუკუნეში გაერთიანებული საქართველო არ ყოფილა თანამედროვე ტიპის ერი-სახელმწიფო. ის იყო საფეოდალო სამფლობელოების ერთობა, რომელსაც იდეოლოგიური საფუძვლები ლეონტი მროველმა, სუმბატ დავითის ძემ და სხვებმა შეუქმნეს.
ამ საქართველომდე არსებობდა აფხაზეთის სამეფო. ყველაზე ცნობილი მეფე იყო ლეონ მეორე. აფხაზებს სამი საკრალური კაცი ყავთ ისტორიაში: ლეონი, ლაკობა და არძინბა.
ლეონი რომ აფხაზი იყო და დიდზე დიდი კაცი, ასე ვთქვათ, მათი დავით აღმაშენებელი, ამაზე კამათი არ შეიძლება სოხუმში.
მეორე მხრივ, განსვენებული მარიკა ლორთქიფანიძე სიამაყით ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ თქვენ არ იცით მოსკოვში რა ომის გადატანა დამჭირდა იმისთვის, რომ ლეონი საქართველოს ისტორიის ნარკვევებში ქართველ მეფედ შეგვეტანაო.
ესე იგი, ეს საკითხი, თუ რა უნდა დაგვლექოდა ჩვენ გონებაში, წყდებოდა მოსკოვში, თბილისის და სოხუმის ცენტრალურ კომიტეტებში და არა სამეცნიერო დისკუსიებში.
სინამდვილეში, ლეონი თანამედროვე გაგებით ვერც ქართველი იქნებოდა და ვერც აფხაზი. უფრო მეტიც, მისი წერილობითი წყაროები შემორჩენილი არ გვაქვს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ ის ბერძნულენოვანი იყო.
ამის შემდეგ აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან გაერთიანდა და ქართული კულტურულ-პოლიტიკური დომინაცია, მეათე საუკუნის ბოლოდან, ეჭვს არ იწვევს.
მეთხუთმეტე საუკუნეში ერთიანი საქართველო დაიშალა და აფხაზეთი დარჩა უკიდურეს დასავლეთში, მოწყვეტილი რელიგიური და პოლიტიკური ცენტრებისგან.
სამაგიეროდ, ის ახლოს იყო ოსმალეთთან. გავრცელდა ისლამი, ოსმალური გარნიზონები დადგა აფხაზეთში და დაიწყო გაუცხოება.
მე თუ მკითხავთ, გვიან შუა საუკუნეების აფხაზეთზე უამრავი და მდიდარი წყაროები იქნება ოსმალურ არქივებში, მაგრამ რად გინდა, ოსმალურის მცოდნე აღარ დაგვრჩა ქვეყანაში. ეს ენა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეებში საერთოდ არ ისწავლება. არადა, სტამბულის არქივებიდან ბევრად მეტი სიახლის თქმა შეიძლება საქართველოს ისტორიაზე, ვიდრე თბილისიდან.
მეთვრამეტე საუკუნის ევროპულ რუკებზე ჩნდება წარწერები „თავისუფალი აბაზები“. 1790 წელს გაფორმდა ივერიელ მეფე-მთავართა ტრაქტატი, რომელიც ფეოდალური კულტურულ-პოლიტიკური იდენტობის მანიფესტაცია იყო. ერეკლე, სოლომონი, დადიანი და გურიელი აცხადებდნენ, რომ მათ საერთო წარსული ჰქონდათ და ერთი ხალხი იყვნენ. ამ ტრაქტატს აკლია აფხაზეთის მთავრის ხელმოწერა. რატომ? ამაზე ქართული ისტორიოგრაფია თვალს ხუჭავს.
კიდევ ბევრი მინიშნებაა იმისა, რომ გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთი გასულია ქართული კულტურულ-პოლიტიკური სივრციდან.
რუსები რომ აფხაზეთში შევიდნენ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, იქ მთავრები იყვნენ ქელეშბეი, საფარბეი, ასლანბეი. მერე მოხდა ამ ხალხის გადანათვლა და სახელების გადარქმევა რუსულ, მართლმადიდებლურ ყაიდაზე, გიორგებად და სხვა ქრისტიანულ სახელებად.
1864 წელს აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა. ბოლო მთავარი იყო ხამუთბეი (მიხეილ) შერვაშიძე. მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა შემორჩენილია და არსად ჩანს რომ მან ქართული იცოდა ან რამე ქართველობის მაიდენტიფიცირებელი გააჩნდა.
ცალკე განხილვის საგანია რუსული კოლონიალიზმი, აფხაზეთი და საქართველო. ჩვენში მიღებულია რწმენა, რომ თითქოს მთელი მეცხრამეტე საუკუნე განუწყვეტელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლაა. კი, საუკუნის პირველ მესამედში იყო კლასობრივი და ძირითადად ლოკალური აჯანყებები, მაგრამ შემდეგ ვორონცოვმა სოციალური კონტრაქტები დაალაგა. რუსული კოლონიალიზმისთვის ქართული თავადაზნაურობა იქცა მთავარ დასაყრდენ ძალად, რომელმაც ყველაზე მეტი იბრძოლა შამილთა, ოსმალებთან და ვინც მოსკოვ-პეტერბურგებს მისწვდა, ქართული ენაც სიამოვნებით დაივიწყა.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთი ქმნის კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებას, რომლის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები ქართველები, ზაქათალაში, ოსეთში, აფხაზეთში და სხვაგან.
ამასობაში, ყირიმის ომის შემდეგ, იმპერიამ საფრთხედ დაინახა მუსლიმი აფხაზები და ჩერქეზები. ომის დროს, ოსმალო ომერ ფაშა და ფრანგი თუ ბრიტანელი აგენტები კომფორტულად დასეირნობდნენ აფხაზეთსა და ჩერქეზეთში. იმპერიამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და ხალხი მასობრივად გადაასახლა ან დახოცა. ეს იყო გენოციდი, რომელზეც საკმაოდ ყრუდ საუბრობენ დღევანდელ აფხაზეთში.
ჩვენ კი ვამბობთ რომ რუსეთი აფხაზეთში ანტიქართულ პოლიტიკას ატარებდაო, მაგრამ არავის უცდია ახსნა, რატომ ნიშნავდა რუსეთი აფხაზეთში მღვდელმთავრებად ქართველ ნაციონალისტებს - ამბროსის, კირიონს და სხვებს? ამას ემატებოდა მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების მუშაობა, ქართველების ჩართულობით.
მე არაფერს ვამტკიცებ, რადგან სათანადო კვლევები არ არის ჩატარებული, მაგრამ გასაცემია პასუხი კითხვაზე: ხომ არ იყენებდა რუსეთი ქართველებს აფხაზების დასამორჩილებელ და გამაქრისტიანებელ ძალად?
ამასთან ერთად, გაუქმდა ბატონ-ყმობა, გავიდა რკინიგზა, დაიწყო ურბანიზაცია. გლეხს მიეცა გადაადგილების თავისუფლება, მაგრამ არ მიეცა მიწა, თუმცა მიეცა მიწის გამოსყიდვის უფლება. გამოსყიდვისთვის მას სჭირდებოდა ქეში ფული, რომელსაც სოფლად ვერ იშოვიდა. უნდა წასულიყო ქალაქში სამუშაოდ. დაჯდა იმ გაყვანილ რკინიგზაზე და მიაშურა თბილისს, ბათუმს, ქუთაისს. პარალელურად, დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (ქშწკგს), რომელმაც პირველად ასწავლა მეგრელ გლეხს ქართული. დაახლოებით 650 სკოლა გაიხსნა და ყველაზე მეტი სამეგრელოში. მერე ეს ქართულნასწავლი გლეხი დაჯდა მატარებელში და ჩამოვიდა თბილისში, წაიკითხა ივერია. ასე შეიქმნა მისი იდენტობა, ასე გახდა ის თანამედროვე გაგებით ქართველი.
ზუსტად იგივე მოხდა აჭარაშიც, სადაც რკინიგზამ, ქშწკგს-მ და პრესამ გადატეხეს სარწმუნოებრივი განსხვავება.
რა ხდებოდა ამ დროს აფხაზეთში: ქშწკგს-მ სულ ერთი სკოლა გახსნა სოხუმში. რატომ არა თუ ვერა მეტი? ეს საკვლევი საკითხია. სოხუმში ქართულენოვანი გაზეთების გამომწერთა რიცხვი 1-2 ათეულს არ აღემატებოდა.
აფხაზეთში რკინიგზა შევიდა არა საქართველოდან, არამედ რუსეთიდან, ნოვოროსიისკიდან.
1930-იან წლებამდე, თბილისიდან სოხუმში რომ ჩასულიყავი, ბათუმამდე უნდა გემგზავრა რკინიგზით და ბათუმიდან გემით სოხუმამდე. 1860-იან წლებში განთავისუფლებულ აფხაზ გლეხს, შრომითი მიგრაციისა და ურბანიზაციისთვის ჰქონდა ეს რთული და ძვირი გზა, ან ბევრად იოლი - ნოვოროსიისკისკენ მატარებლით.
ასე მოხდა აფხაზეთის მოსახლეობის კულტურულ-პოლიტიკური ინტეგრაცია რუსულ და არა ქართულ სივრცეში. თუ რამ გამეგება ამ საქმის, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთისკენ რკინიგზა ქუთაისიდან რომ წასულიყო და ქშწკგს-ს სკოლებით დახუნძლულიყო აფხაზეთი, დღეს აფხაზეთის პრობლემა საერთოდ არ იდგებოდა, ინტეგრაცია კარგა ხნის მომხდარი ამბავი იქნებოდა.
რატომ შეიყვანა აფხაზეთის რკინიგზა რუსეთმა ნოვოროსიისკიდან და რატომ შექმნა შავი ზღვისპირეთის გუბერნია? ჩვენი ისტორიოგრაფია ყველაფერს მარტივად, ნაციონალიზმის და რუსეთის ანტიქართული პოლიტიკით ხსნის, მაგრამ ხშირად იმპერია ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ლოგიკით. ეს საკითხი ფუნდამენტურია და ის საკვლევია.
1918-21 წლებში თანამედროვე აფხაზი ერი ჩამოყალიბებული არ არის, ის ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ვერ ვისაუბრებთ აფხაზებზე, როგორც დიდ ერთობაზე. მაგალითად, მეფის ხელისუფლების დაცემის შემდეგ, აფხაზი მთავრები - შარვაშიძე და მარშანია - მხარს უჭერდნენ ოსმალებს. რატომ? იმიტომ რომ მათ ეშინოდათ რუსეთში ბოლშევიკების და საქართველოში სოციალ დემოკრატების - ისინი ორივე მიწის კონფისკაციით ემუქრებოდნენ მათ. ოსმალეთში კი მათი მიწათმფლობელობა გარანტირებული იყო. 1918 წლის ზაფხულში აფხაზმა ბოლშევიკებმა საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს. ტატაშ მარშანია სამასი კაცით მივიდა ვალიკო ჯუღელთან და უთხრა, რომ თქვენს გვერდით დავდგებით, გაგაყრევინებთ ბოლშევიკებს, ოღონდ ჩემს მიწებს ხელი არ ახლოთო. ჯუღელმა არ მისცა ეს პირობა. შემდეგ მარშანია და შარვაშიძე მიემხრნენ გენერალ დენიკინს, რომელიც ძველი წყობის აღდგენას აპირებდა და მიწათმფლობელთა მფარველი იყო. მეორე მხრივ, აფხაზ ბოლშევიკებს მხარს უჭერდა გლეხობა, რადგან ისინი მემამულეთათვის მიწის ჩამორთმევის და გლეხებისთვის გადაცემის პირობას იძლეოდნენ. ქართველმა სოციალ დემოკრატებმა მოიმხრეს განათლებული აფხაზობა, აფხაზი ინტელიგენცია, არზაყან ემუხვარის თაოსნობით. ამ უკანასკნელთ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იზიდავდა დემოკრატია, თავისუფლება, აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი.
აქ საინტერესო ის არის, რომ ბოლშევიკების მხარეს აფხაზეთში, საქართველოს წინააღმდეგ, უამრავი ქართველი ბოლშევიკი მუშაობდა, ხოლო საქართველოს მხარეს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბევრი აფხაზი იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერი ნაციონალიზმით არ იხსნება და ამ დროს ნაციონალიზმი არ იყო მთავარი. საზოგადოებრივი და ნაციონალიზმის განვითარების მხრივ აფხაზები საკმაოდ ჩამორჩებოდნენ ქართველებს. ერთი თვლადი ინდიკატორი: პირველი აფხაზურენოვანი გაზეთი (აფსნი) გამოვიდა 1919 წელს. პირველი ქართული გაზეთი გამოვიდა ზუსტად ერთი საუკუნით ადრე.
არ იყო ერთმნიშვნელოვანი მდგომარეობა არც სამურზაყანოში. გვარები და ოჯახები რომ გაიყვნენ, ქეცბაიები და ქეცბები, ინალიშვილები და ინალიპები, საბჭოთა პასპორტებში რომ მოუწიათ ეროვნების ჩაწერა და არჩევანის გაკეთება თუ ვინ იყვნენ, ეს მოგვიანებითი ამბავია. საბჭოთამდელ სამურზაყანოში ადგილობრივი იდენტობები იყო. დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები რომ ჩადიოდნენ თბილისიდან სამურზაყანოში, თარჯიმნები მიყავდათ, ზოგთან მეგრულიდან უთარგმნიდნენ საუბარს და ზოგთან აფხაზურიდან.
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, აფხაზეთს მიენიჭა საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი. არა სამოკავშირეო რესპუბლიკის, არამედ რაღაც შუალედური. აფხაზეთი ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციასა და საბჭოთა კავშირში საქართველოს შემადგენლობიდან შევიდა.
აფხაზი ბოლშევიკების ლიდერს, ნესტორ აპოლონოვიჩ ლაკობას სურდა, რომ აფხაზეთი ამიერკავკასიის ფედერაციის მეოთხე სრულუფლებიანი სუბიექტი ყოფილიყო, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ერთად, მაგრამ ამაზე ორჯონიკიძემ უთხრა, რომ ჩვენ სსრკ-ს ასეთ პატარა ნაწილებად ვერ დავყოფთ და იკმარე რასაც გაძლევთო.
ახლა, აფხაზთა კოლექტიურ მეხსიერებაში, რეტროსპექტიულად, ლაკობა პატრიოტი, აფხაზი ნაციონალისტი და გმირია. ისტორიული რეალობა კი სხვა არის - ლაკობა „წითელი ფეოდალი“ იყო, რომლის ქმედებასაც იმპულსს ნაციონალიზმი ნაკლებად აძლევდა.
1920-იანი წლებიდან სსრკ-ში იწყება ლენინის მიერ ინიცირებული „კორენიზაციის“ ანუ ფესვებთან დაბრუნების პოლიტიკა. ყველა პატარა ერს, საშინაო ენიდან, უქმნიან ლიტერატურულ ენას, იდეოლოგიის არომატებით, მაგრამ ვითარდება ეროვნული სკოლა, პოეზია, მწერლობა, თეატრი, კინო და ა.შ. ლენინს ეს ერთი მხრივ სჭირდებოდა მეფის ხელისუფლების შოვინისტურ პოლიტიკასთან კონტრასტის საჩვენებლად, მეორე მხრივ ბოლშევიკებმა შემოიტანეს ახალი „რელიგია“ - მარქსიზმ-ლენინიზმი; მის საქადაგებლად წერა-კითხვის გავრცელება და ხალხისთვის ყველაზე მისაწვდომ ენაზე ქადაგება იყო საჭირო.
და აი, დაავალეს ლაკობას, რომ გაეხსნა აფხაზური სკოლები და აფხაზეთში ადმინისტრაცია აფხაზურ ენაზე გადაეყვანა. მას ამისკენ მოუწოდებდნენ თბილისიდანაც, ქართველი კომუნისტები.
ლაკობა წინააღმდეგობას სწევდა, უარს ამბობდა, რუსულზე დარჩენა ერჩივნა. აფხაზური ენა ამისთვის მზად არ არისო. ჰოდა რა ნაციონალიზმი?
აფხაზეთში შეიქმნა ოთხკლასიანი აფხაზური სკოლები, ხოლო არასრული საშუალო და საშუალო სკოლები იყო ქართულები და რუსულები.
ლაკობა დიდი გავლენების კაცი იყო: თანამედროვეთა გადმოცემით, ის ერთ-ერთი იშვიათი გახლდათ, ვინც სტალინს „შენობით“ მიმართავდა. ბელადი ხშირად იყო მისი სტუმარი ბიჭვინთაში, გაგრაში. იმდენად გათავხედდა, რომ აფხაზეთში კოლექტივიზაცია არ განახორციელა.
1931 წელს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის და საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელად დაინიშნა ლავრენტი პავლოვიჩ ბერია. ის აფხაზეთში, სოფელ მერხეულში იყო დაბადებულ-გაზრდილი. დიდად ამბიციური პავლოვიჩი, მის სამეფისნაცვლოში ვერ აიტანდა პატარა მეფეს და დაიწყო ლაკობას ალაგმვა. 1931 წელსვე აფხაზეთის სტატუსი ავტონომიურ რესპუბლიკამდე დაამცრო, ხოლო 1936 წელს ლაკობა თბილისში მოიწვია და მოწამლა (ასეთია გავრცელებული ვერსია). ცხადია, ეს სტალინთან შეუთანხმებლად ვერ გაკეთდებოდა. ბელადისთვისაც მეტისმეტი იყო კოლექტივიზაციაზე უარის თქმის პრეცედენტი. სიკვდილის შემდეგ, ლაკობა ხალხის მტრად გამოაცხადეს, მთელი მისი გარემოცვა დაიჭირეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს.
1930-იან წლებში, მთელი სსრკ-ის მასშტაბით, სტალინმა შეაჩერა „კორენიზაციის“ ლენინისეული პოლიტიკა. რუსეთში დაბრუნდა ველიკორუსული შოვინიზმი, დაიწყო უკრაინელების და ბელარუსების რუსიფიკაცია; ჩრდილო კავკასიელებს, ცენტრალურ აზიელებს და ციმბირის ხალხებს განათლება რუსულ ენაზე მიეწოდებოდათ, რადგან ისინი ითვლებოდნენ „ჩამორჩენილებად“, მათი ენები მზად არ იყვნენ განათლების და ადმინისტრირების ენებად. სამაგიეროდ, დაწინაურებულებად ითვლებოდნენ სამხრეთ კავკასიელები და მოგვიანებით ბალტიელები. მათ შეინარჩუნეს კორენიზაციის პრივილეგიები. ეს ხალხები გახდნენ „ტიტულარული ერები“, რომლებსაც უფლებრივი უპირატესობები ჰქონდათ თავიანთ რესპუბლიკებში.
ამ პოლიტიკის ფარგლებში, მაგალითად, ლიტველი პოლონელების უფლებები იბღალებოდა ვილნიუსში, ლიტველების სასარგებლოდ.
საქართველოში ეს მწვავედ გამოიხატა აფხაზებზე. ლაკობას მკვლელობისა და მისი გარემოცვის განადგურების შემდეგ, აფხაზეთის კომპარტიაში, ფაქტობრივად, შეწყდა ეთნიკური აფხაზების მიღება; იმატა ქართველების ხვედრითმა წილმა პარტიაშიც და მოსახლეობაშიც; აფხაზეთის კომპარტიის (ობკომის) ხელმძღვანელად დაინიშნა სტალინის კადრი, ქართველი - აკაკი მგელაძე; დაიხურა ის ოთხკლასიანი აფხაზური სკოლები; კირილიცით შექმნილი აფხაზური ანბანი აიკრძალა და ის ჩანაცვლდა ქართული ანბანით; პერ კაპიტა რეპრესირებულთა რაოდენობა აფხაზეთში უფრო მაღალი იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
ამის პარალელურად იწერებოდა პავლე ინგოროყვას „გიორგი მერჩულე“, სქელტანიანი წიგნი, რომელიც, ინერციით, სტალინის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა, 1954 თუ 55 წელში. ამ დროს დესტალინიზაცია არ არის დაწყებული, ბელადიც არავის დაუგმია და არც ხრუშჩოვის ძალაუფლებაა კონსოლიდირებული.
ამ წიგნმა შექმნა აფხაზეთის შესახებ ქართველთა კოლექტიური მეხსიერება, მის დასკვნებზე აპელირებდა ეროვნული მოძრაობის დიდი ნაწილი 1980-იან წლებში. ქუჩაში გამვლელი რომ გააჩეროთ, წარმოდგენა არ ექნება ვინ არის პავლე ინგოროყვა, მაგრამ სხვაპა-სხუპით გეტყვით იმას, რაც ინგოროყვამ დაწერა.
დაწერა ის, რომ აფხაზები გვიან შუა საუკუნეებში არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული, ხოლო აფხაზეთში ისტორიულად მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენო.
ეს დასკვნა ვერანაირ სამეცნიერო კრიტიკას ვერ უძლებს. ცხადია, აფხაზებს თავიანთი დამწერლობა არ ჰქონიათ, ისიც ცხადია რომ მეთხუთმეტე საუკუნემდე ქართული პოლიტიკა და კულტურა დომინირებდა აფხაზეთში, მაგრამ იმის თქმა რომ აფხაზები იქ არ ცხოვრობდნენ - მეტისმეტია!
რასაც ვერ გვინახავენ წყაროები, გვეუბნება ხოლმე ტოპონიმიკა და ტოპონიმიკა არ ტყუის! აფხაზეთში ტოპონიმიკა, დიდწილად, აფხაზურია. კაი მიუკერძოებელი მკვლევარი რომ გამოჩნდეს, ამას გამოარკვევდა და პროცენტულადაც დაითვლიდან.
მაგალითად, ლევან მეორე დადიანის 30-ზე მეტი წარწერაა შემორჩენილი. ყველა მათგანი ქართულად. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სამეგრელოში მეგრელები არ ცხოვრობდნენ?! წარწერები ქართულია, მაგრამ ტოპონიმიკა მეგრულია სამეგრელოში. ასეა აფხაზეთშიც.
ინგოროყვას თეორიამ, რომელიც სტალინ-ბერიას პოლიტიკის გაგრძელება იყო, ძალიან ცუდი საქმე გაუკეთა ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებას. დესტალინიზაციისა და ხრუშჩოვის მიერ აფხაზებისთვის ყველანაირი წნეხის მოხსნისა თუ პრივილეგირების შემდეგ, მეორე მხარეს გაჩდნენ „ანტიინგოროყვები“, რომლებიც ამ საერთო განსახლების არეალში ამტკიცებდნენ, რომ ქართველები იყვნენ დამპყრობლები ან სტუმრები აფხაზეთში. წავიდა ეს „კალმით მტრობა“ და ისტორიკოსებმა თუ ინტელიგენციამ გადარია ორივე მხარე.
შეზღუდული დოზით გატარებულმა „კორენიზაციის“ პოლიტიკამ აფხაზეთში თანამედროვე ერისა და ნაციონალიზმის ჩამოყალიბების წინაპირობები შექმნა. ბერიასა და სტალინის რეპრესიებმა ჩასახული ნაციონალიზმის მყარ კონსოლიდაციას, მტრის გამოკვეთას და აფხაზთა იდეოლოგიურ გაერთიანებას შეუწყო ხელი. როგორც პუტინია თანამედროვე უკრაინელი ერის საბოლოო სახის მჭედელი, გამაერთიანებელი, ასევე იყვნენ ბერია და სტალინი. აფხაზებისთვის ბერია და სტალინი ქართველები არიან. რეპრესიაც საქართველოს ბრალდება, რადგან ის გაქართველებაში გამოიხატებოდა. რა დოზა იყო ბერიას ქმედებაში ქართული ნაციონალიზმი და რა დოზა ლაკობასთან პირადი „ფეოდალური“ მტრობა, ეს კვლევის საგანია და ამის გამორკვევას სერიოზული და პირუთვნელი მუშაობა სჭირდება.
თუმცა მე, როგორც ქართველი, საერთოდ არ ვგრძნობ ბერიასა და სტალინის პოლიტიკაზე, მიუხედავად მათი ნაციონალური კუთვნილებისა. ისინი წარმოადგენდნენ ოკუპანტ სახელმწიფოს და საქართველოს მიაყენეს უდიდესი ზიანი. ისინი არ ყოფილან ქართველი ხალხის მიერ არჩეული და არ გამოხატავდნენ მის სუვერენულ ნებას.
ჩვენ არ ვართ მათ ქმედებაზე პასუხისმგებელნი მანამ, სანამ მათ არ გავამართლებთ.
ისტორიულად, მორალურად, პოლიტიკურად სწორი ქმედება აქ ის არის, რომ ვაღიაროთ რაც მოხდა, აფხაზებთან ერთად დავგმოთ ის და ვთქვათ, რომ ეს იყო არასწორი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ ვიქნებით პასუხისმგებელნი მათ ქმედებაზე.
მგონი 2015 წელს, აფხაზებისადმი სიმპათიით განწყობილმა გერმანელმა მეცნიერებმა (მარკ იუნგემ და სხვ.) გამოსცეს წიგნი „ეთნოსი და ტერორი საქართველოში“, სადაც აფხაზეთში ბერია-სტალინის რეპრესიები განიხილეს. წიგნში მოყვანილია ქართველ ისტორიკოსებთან დისკუსიის სტენოგრაფიული ანგარიში. ისტორიკოსები იყვნენ სოხუმის უნივერსიტეტიდან, ისტორიის ინსტიტუტიდან და შსს-ს არქივიდან. ქართველი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ რეპრესიები და ქართველიზაციის პოლიტიკა არ ყოფილა. არადა რომ იყო ეს არ არის ძნელი დასამტკიცებელი, ძალიან მკაფიო ფაქტია. როცა ამას უარყოფ, ამით შენ იცავ ბერიას და სტალინს, ესე იგი პასუხისმგებლობას იღებ მათ ქმედებაზე და თუ ეს ისე „გაიყიდება“, რომ ასეთია ქართველთა პოზიცია, გამოდის რომ ჩვენ ყველა დანაშაულის თანამონაწილენი ვართ.
ეს საბჭოთა პატრიოტიზმი უნდა გადაშენდეს! ვინც ბერიას და სტალინის რეპრესიებს უარყოფს, ის არის მავნებელი. აფხაზებს კოლექტიურ მეხსიერებაში ორი უმთავრესი ტრავმა და იდენტობის მარკერი აქვთ: ბერია-სტალინის რეპრესიები და „სამამულო ომი“, როგორც ისინი 1992-93 წლების ომს უწოდებენ. ეს საქართველოში ფართოდ არ იციან, ხოლო ისტორიკოსები ამაზე არ ლაპარაკობენ.
პროინგოროყვა და ანტიინგოროყვა ხალხის გაგიჟებულია ორივე მხარე. იმ დღეს ორი პროფესორის საჯარო დისკუსიას მოვკარი თვალი ფეისბუქის კედელზე. ერთი ამბობდა, რომ სიტყვა ელარჯი მიურატებმა შემოიტანეს საქართველოში. ღომში გაწელილი სულგუნი რომ ნახა მიურატმა, შესძახა c’est large-ო! (რა გრძელიაო) და ამის შემდეგ შერჩა ეგ სიტყვაო (რავარი სადღეგრძელოა?!). მას კოლეგა პროფესორი შეეკამათა, რომელმაც იცის აფხაზური - „იმ ენაზეო“ ელარჯი ნიშნავს ერთად შემწვარს, მაგრამ „აფსუებმა“ რომ არ წაგვართვან, იყოს ფრანგული ვერსიაო.
ამ ხალხს ათწლეულებია ფულს ვუხდით რომ ეს შეიტანონ აუდიტორიებში. პირადად არც ერთს არ ვიცნობ და გასაყოფი არაფერი მაქვს, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს საზღვარი?!
აფხაზეთზე სპეციალიზებული პროფესორი ამბობდა, რომ აფხაზებს სკოლები არ ჰქონიათ და რა დაუხურესო? მე ვუთხარი, ის ოთხკლასიანებითქო. ეგ რა სკოლააო?
წარმოიდგინეთ, მეცხრამეტე საუკუნეში ქშწგს-ს ოთხკლასიანი და ორკლასიანი სკოლები რომ დაეხურათ რუსებს, რა ამბავში იქნებოდა ქართული ისტორიოგრაფია!
ამ პათოსით იწერება წიგნები, სტატიები, თან ბლომად. ერთმანეთს ვუმტკიცებთ რა კარგები, როგორი მართლები ვართ, მაგრამ საქართველოს გარეთ ამ კვლევებს არ კითხულობენ, რადგან მიაჩნიათ ნაციონალისტურ სიგიჟედ. უბრალოდ ერთმანეთს ვაგიჟებთ ინგოროყვას თეორიის რეპროდუქციითა და ტირაჟირებით.
ისტორიული განვითარების ტრაექტორიას რომ დავუბრუნდეთ: დესტალინიზაციის და 1956 წლის 9 მარტის აქციების შემდეგ ნაციონალიზმი ძლიერდება საქართველოში. რასაც ჩვენ ვთხოვთ რუსებს, აფხაზები იმას სთხოვენ ქართველებს. მაგალითად, 1978 წელს ჩვენ რომ ენის დასაცავად გამოვედით, აფხაზებიც გამოვიდნენ. თუ სწორად მახსოვს, მათ მოითხოვეს და მიიღეს ტელევიზია, თეატრი, უნივერსიტეტში აფხაზური სექტორი.
1989 წლამდე ჩვენ რომ გავუშინაურდით ქუჩებს, აფხაზებმა იმავე წლის 30 მარტს ლიხნში გამართეს 30 ათასიანი შეკრება, რომლითაც მოითხოვეს ლაკობასდროინდელი „სუვერენიტეტის აღდგენა“ და სსრკ-ში ცალკე მოკავშირე რესპუბლიკად შესვლა.
ლაკობას ეპიზოდი ძალიან საინტერესოა ისტორიოგრაფიული პერსპექტივიდან: როგორ ატრანსფორმირებს კოლექტიური მეხსიერება და გარემოებები ადამიანის ისტორიას. ლაკობას მკვლელობის შემდეგ გაიხსენეს აფხაზებმა რომ მათ ჰქონდათ „კორენიზაცია“, არ ჰქონდათ კოლექტივიზაცია, ქართველები არ ასხდნენ თავზე, ჰქონდათ „საბჭოთა რესპუბლიკის“ სტატუსი და ამ ყველაფერმა ლაკობა გახადა მსხვერპლი, წამებული, გმირი და ნაციონალისტი, იმისგან დამოუკიდებლად თუ ვინ იყო რეალურად ლაკობა.
ახლა ჩვენს მითებსაც რომ შევეხოთ: ჩვენი ნებისმიერი სისულელის თუ უსაქციელობისგან იოლი გამოსავალია ყველაფერი დავაბრალოთ რუსულ იმპერიალიზმს და უმწეო სახით ვთქვათ „აბა რა უნდა გვექნა“.
1989-90 წლების მდგომარეობით გორბაჩოვი სეპარატიზმს არც აფხაზეთში უჭერდა მხარს, არც ყარაბაღში და არც სხვაგან. მას ეშინოდა რომ სსრკ დაემხობოდა თავზე და ამის მაპროვოცირებელი შიდა კონფლიქტები იქნებოდა.
იმავე პერიოდში, სოხუმის უნივერსიტეტის ქართული სექცია ატყდა და გამოეყო სოხუმის უნივერსიტეტს, დაარსა თსუ-ის სოხუმის ფილიალი. გამოყოფაში აფხაზებს დავასწარით!
თუ არ იცით მე გეტყვით, რომ თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი თბილისში არ დაბადებულა, ის პეტერბურგიდან, მოსკოვიდან და სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებიდან ჩამოიტანეს თერგდალეულებმა. განათლებას პლიუს ეთნიკური დისკრიმინაცია, უდრის პროტესტს და ნაციონალიზმს. 1980-იან წლებში სოხუმიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს რომ უმტკიცებდნენ, შენ ქართველი ხარ და უბრალოდ არ იცი რომ ქართველი ხარო, ან შენ ადიღედან ხარ ჩამოსულიო, ის ხალხი რა ჭკუაზე დაბრუნდა სოხუმში, ვიცით? ეს შამბები და არძინბები სულ თბილისგამოვლილი ხალხია.
ეროვნულ მოძრაობაში საჯაროდ საუბრობდნენ, რომ ეს ჩამოსახლებული ხალხია და ისიც ითქმებოდა, რომ უნდა წავიდნენ.
მერე იყო და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ქართველებს უნდა აერჩიათ და ვერ აირჩიეს.
აქ სამოქალაქო ომით და პუტჩით ჩამოვშალეთ ქვეყანა. კიტოვანმა მეტი რომ არაფერი იცოდა, მოეწონა ხელში ავტომატის ტრიალი და შევიდა აფხაზეთში.
ყველა ეს შეცდომა ძალიან კარგად გამოიყენა აფხაზურმა ნაციონალიზმმა, რომელსაც 1991 წლიდან უკვე რუსეთიც აქტიურად ეხმარება.
მაგრამ რაც ამის შემდეგ ხდება, ეს სტალინ-ბერიასაც არასდროს უქნიათ აფხაზებისთვის. სრული ეთნიკური წმენდა, ქონების დატაცება და აპარტეიდის რეჟიმის ჩამოყალიბება გალის რაიონში. ეს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის სტანდარტითაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაულია, რომელსაც არანაირი გამართლება და შეწყნარება არ აქვს. დღეს აფხაზეთი ჩამოყალიბებულია ფაშისტურ წარმონაქმნად. იქ არის ეთნიკური წმენდის ჩატარებით გამოწვეული სიამაყე და ნოლი ემპათია გალელებისადმი. ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ისტორიულ დისკურსს გავცდე, მაგრამ შევეცდები ავხსნა რას გვეუბნება ისტორია ამ ურთიერთობათა მომავალზე.
ნაციონალიზმი, მეტადრე კავკასიაში, ძალიან ირაციონალური ფენომენია. პირადად მე ან თუნდაც თქვენ, რა უნდა შემოგვთავაზოს რუსეთმა რომ მის შემადგენლობაში მშვიდობიან შესვლას დავთანხმდეთ? სუვერენიტეტს ფასი არ აქვს.
აფხაზი ბევრად უფრო დარწმუნებულია ამ შეხედულებებში. მისი ნაციონალიზმი შოვინიზმამდე არის მისული და ეს კანონმდებლობაშიც აქვთ ასახული. ისტორიაში ვერ ვიხსენებ ასეთ გარემოებებში მშვიდობიანად გაერთიანებულ ხალხებს და მშვიდ თანაცხოვრებას.
ევროპაში ნაციონალიზმი ეკონომიკური გახდა. მაგალითად, კატალონიას დამოუკიდებლობა იმიტომ უნდოდა, რომ დანარჩენ ესპანეთზე მდიდარია და არ უნდა მისი კვება; გრენლანდიაში არიან ნაციონალისტები, მაგრამ დანიის დოტაციაზე არიან და არაფრით არ უნდათ დამოუკიდებლობა; პირიქით, დანიას ძალიან გაუხარდებოდა მათი დამოუკიდებლად გაშვება და ამით ხარჯების შემცირება. ის რომ ირლანდიის რესპუბლიკის ეკონომიკამ ბრიტანეთისას აჯობა, პოპულარობას უხვეჭს რესპუბლიკასთან გაერთიანების მომხრე ჩრდილო ირლანდიურ „შინ ფეინს“ და სულ უფრო ცოტას ახსოვს კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ომი.
ჩვენ ძალიან შორს ვართ აქედან. ჩვენზე ბევრად უკან არიან აფხაზები. რასაც ვისმენ და ვკითხულობ მათ საზოგადოებაში მიმდინარე დისკურსებს, ხშირად მეოცე საუკუნესთანაც ვერ ვაკავშირებ. ამას გულწრფელ შთაბეჭდილებას ვამბობ, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. ჩვენს სიცოცხლეში ვერც ჩვენ და ვერც ისინი ეკონომიკურ ნაციონალიზმზე ვერ გადავალთ.
პირველ ეტაპზე მაინც, საქართველოს სუვერენიტეტი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აფხაზები არ ცხოვრობენ და უდავოდ ქართველთა განსახლების არეალია - სამურზაყანო და კოდორის ხეობა. შემდეგ უნდა გაიხსნას თავისუფალი მიმოსვლა და დავაკვირდეთ, ვნახოთ, ვიყოფით, ვერთიანდებით, ვჩხუბობთ თუ რას ვშვებით.
ეს რუსეთის ჩამოქცევაზე უწინ არ მოხდება. ამიტომ, დიდება უკრაინას!
პ.ს. ვიცი, თემა სენსიტიური და საკამათოა, მაგრამ წივილ-კივილის თავი არ მაქვს. ნერვებგადალეწილი ან უტაქტო გამოხდომებით ხალხის დაბლოკვა მომიწევს. მეც აღარ მაქვს ნერვები.