USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
ბექა კობახიძე - ისტორია არ არის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც წლის ბოლოს შემოსავლისა და გასავლის ბალანსს გაძლევს
თარიღი:  3623
" ეს ვრცელი ტექსტი არაერთ ლექციაზე მითქვამს, მაგრამ წერილობითი სახით არასდროს ჩამომიყალიბებია.
ისტორიოგრაფია და ისტორიის მნიშვნელობა საქართველოში:
ისტორია არ არის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც წლის ბოლოს შემოსავლისა და გასავლის ბალანსს გაძლევს. ისტორიას დოტაცია სჭირდება და მისგან მიღებული ბენეფიტი არ განისაზღვრება თვლადი ინდიკატორებით, მაგალითად ლარებში.
თუმცა, ისტორია გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე. ეფემერული (ზედაპირული) ნაციონალიზმით და სუფრა-სადღეგრძელოებით გაზრდილი თვითშეფასება ორიენტაციას აკარგვინებს ჩვენს საზოგადოებას.
ჩვენი აწმყო არ არის სახარბიელო, მომავალიც საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება. ამიტომ, იმედის სასესხებლად მივდივართ 900 წლის უკან, დავით აღმაშებელთან და თამართან.
აქ შემოდის პოზიცია "ამერიკამ რა უნდა მასწავლოს, მისი ასაკის ხე მიდგას ეზოში".
ორიენტირება არის წარსულზე, წარსულის დაცვაზე, ტრადიციების დაცვაზე (რომელთა უმრავლესობა, სინამდვილეში, მეოცე საუკუნეში შეიქმნა).
როცა საზოგადოების მოზრდილი სეგმენტი ასე აზროვნებს, პოლიტიკოსებს აღარ უწევთ გესაუბრონ მომავალზე, თქვენი შვილების განათლებაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა თუ ერთიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე.
რა საჭიროა ეს რთული და ძნელად გადასაწყვეტი საკითხები, როცა შეგიძლია წარსულის დაცვით გახვიდე ფონს?!
ამიტომ გვაქვს "გარეჯი საქართველოა!" კამპანია წინასაარჩევნოდ, ამიტომ არის ვაჟას და ილიას ინსტრუმენტალიზაცია ჩვენი ყოველდღიურობა, ამიტომ შემოვიდა ტერმინი "უსამშობლოები" (წინამორბედი ტერმინებია "ხალხის მტერი" და "სუკის აგენტი").
ადამიანების საარჩევნო გადაწყვეტილებებში დიდ ადგილს იკავებს წარსული და არა მომავალი.
ეს ხალხი ქართველი ისტორიკოსების გაგიჟებულია. საბჭოთა დროს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერები ემსახურებოდნენ იდეოლოგიას, მარქსიზმ-ლენინიზმის გამყარებას, ქადაგებას. გმირი იყო პარტია, მუშა და გლეხი; ანტიგმირები იყვნენ ფეოდალები, კაპიტალისტები და დასავლეთი. იყო ეს ორი მოცემულობა - ქრისტესი და იუდასი.
1991 წლის შემდეგ ეს დიქოტომიური მოცემულობა არ შეცვლილა. უბრალოდ, პარტიის, მუშისა და გლეხის ადგილი დაიკავა ნაციონალიზმმა, ხოლო მოღალატეთა ადგილი ყველა დანარჩენმა, ვინც ნაციონალიზმში ვერ ჯდება.
90-იანებში დაწერილი ერთი დისერტაცია მახსენდება, რომელიც პირველი რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიებს ეხება. ტექსტის ლამის ნახევარი ილია ჭავჭავაძის ხოტბას ეძღვნება. თქვენ ახლა იკითხავთ ილია რესპუბლიკის დიპ კორპუსთან რა შუაშიაო? არც მარქსი და ლენინი ყოფილან შუაში ბევრ რამესთან, მაგრამ დისერტაციების მათი ფრაზებით დახუნძვლა აუცილებელი პროტოკოლი იყო. ასე ისწავლა ამ ხალხმა და ლენინი რომ გაქრა, მის ადგილზე ილია ჩასვა. ცხადია აქ ილიას ლენინს არ ვადარებ, ეს ხალხი რომ ვერ შეიცვალა იმას ვამბობ.
ამასობაში გლობალური ისტორიოგრაფია წინ წავიდა და იმაზე მეტი ღრმული გაჩნდა ჩვენსა და დასავლურ ისტორიოგრაფიას შორის, ვიდრე თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის არის.
რომ ვიცოდეთ, ჩვენ არ ვართ იმ წონის და შეძლების ქვეყანა, რომელიც თვითონ აწარმოებს ინოვაციას. ჩვენ შემოგვაქვს თანამედროვე ცოდნა: სამედიცინო დანადგარები, სამედიცინო ლიტერატურა, მობილური ტელეფონები, სარკინიგზო ელმავლები თუ სხვა. ეს რომ ასე არ იყოს, დღეს მედიცინაში კარაბადინისა და იადგარ დაუდის ამარა ვიქნებოდით (ისე, ესენიც შემოტანილია, აღმოსავლური სამყაროდან).
და რა შემოგვაქვს ისტორიოგრაფიაში? ბევრი ვერაფერი. ათი საქართველოს ისტორიკოსის გახსენება გამიჭირდება, ვინც თუნდაც ერთი დასავლეთ ევროპული ენა იცის.
ჩვენი ისტორიოგრაფია, დიდწილად, იზოლირებულია. არ შემოგვაქვს და არ გაგვაქვს ცოდნა.
აქედან გამომდინარეა თანამედროვე კვლევის მეთოდების უცოდინრობაცა და ხშირ შემთხვევაში მეზღაპრეობაც.
ერთი მაგალითი: ჩვენში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ დიდგორის ბრძოლაში ილ ღაზის 300 ათასი მებრძოლი ყავდა. ეს მოსაზრება (და არა მტკიცებითი ფორმა) ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა. მას შემდეგ გავიდა საუკუნე, დასავლურ მეცნიერებაში ბევრი რამ გამოიკვეთა, მაგრამ ჩვენ ისევ 300 ათასის გვჯერა.
ოსმალეთის იმპერიამ მეთექვსმეტე საუკუნეში მიაწია ძლიერების ზენიტს. ის სამ კონტინენტზე იყო გადაჭიმული. ამ დროს მათ მიერ მოგებული ყველაზე ძლიერი ბრძოლა არის მოჰაჩი, როდესაც უნგრეთი დაიპრყეს. ამ დროს სულეიმან ბრწყინვალეს ბრძოლაში დოკუმენტირებულად ყავდა დაახლოებით 55 ათასი მებრძოლი. ჩვენ კი გვჯერა, რომ ილ ღაზის დიდგორში 300 ათასი ყავდა, ხოლო იმავე მეთექვსმეტე საუკუნეში მუსტაფა ლალა ფაშამ კახეთის დასაპყრობად 80 ათასი კაცი წამოიყვანა - ბუდაპეშტზე 55 ათასი, კახეთზე 80 ათასი, რავარია?!:))
ეს არაადეკვატურობა შემდეგ ჩაედინება სასკოლო სახელმძღვანელოებში, ჩვენს გონებებში, სადღეგრძელოებში და ბოლოს მიდის საარჩევნო ყუთთან, სადაც "გარეჯი საქართველოა!" იმარჯვებს.
საქართველოს ისტორია საკმარისად მდიდარი, ხანგრძლივი და შთამბეჭდავია. მას არ სჭირდება გაბერვა და გაფერადება. ჩვენში ვერ ისწავლეს, რომ ისტორია არ არის არც მარქსისტული მეცნიერება და არც პატრიოტული მეცნიერება. ისტორია აზროვნებაა, თავისუფალი აზროვნება. ისტორიკოსის მოვალეობა არის არა "კალმით ჯარისკაცობა" და მტრებთან ბრძოლა, არამედ წარსულის ახსნა, რომლითაც აწმყოს და მომავლის აღქმა შეგვიძლია. არ შეიძლება ისტორიკოსი იყოს ვინმეს ან რამის მსახური.
ისტორიას ვადარებ ხოლმე მათემატიკურ ფორმულას. ფორმულა შეიძლება იყოს ძალიან გრძელი ან ძალიან მოკლე, მაგრამ ყველა ფორმულას ბოლოს დაესმის ტოლობის ნიშანი და რიცხვი, რაც ამ განტოლებიდან გამოვიდა.
საქართველოს ისტორია არის ძალიან გრძელი ფორმულა და ტოლობის ნიშნის მარჯვნივ იწერება ის, რაც დღეს ვართ.
არიან ერები ბევრად უფრო მოკლე "ფორმულით", მაგრამ ბევრად უფრო მაღალი შედეგით.
დღევანდელ დღეს ეს შედეგები გამოიხატება ერთ სულ მოსახლეზე გათვლილ ერთიან შიდა პროდუქტში. ანუ ადამიანის ჯიბეებში, მაცივრებსა და პერსპექტივაში. ამ მონაცემით ჩვენ ასეულის ბოლოში ვართ. ასზე მეტი ქვეყანაა, ვინც ჩვენზე უარესად ცხოვრობს, მაგრამ 90 ქვეყანა მაინც არის, რომლებიც ჩვენზე უკეთ არიან და მათგან რამის სწავლა შეგვიძლია.
რა არის აქ მთავარი? უნდა ვკონცენტრირდეთ მხოლოდ წარსულზე თუ ჩვენი შვილების ხვალინდელ განათლებაზეც ვიფიქროთ?
არიან ერები, რომლებმაც მსოფლიო ომები მოიგეს, მათ გარეშე მსოფლიო ისტორია არ იწერება, მაგრამ ბევრად თვითკრიტიკულად არიან განწყობილები, ვიდრე ჩვენ ვართ. თვითკრიტიკულ ადამიანს და ერს შეუძლია სხვისგან სწავლა, გამოსწორება, ხოლო ყეყეჩს ამის შანსი არ აქვს.
ისტორიიდან, მაგალითად, შეგვიძლია ვისწავლოთ სად გვაქვს ჩამორჩენა. 1918 წლის მდგომარეობით საქართველოში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა, დაახლოებით, 25% იყო, ხოლო ბრიტანეთში ერთი საუკუნით ადრე თითქმის 100%-მა იცოდა წერა-კითხვა.
ლონდონში მეტრო გაიხსნა 1863 წელს, ხოლო თბილისში 1966 წელს.
ძალიან დინამიურ, გლობალიზებულ და სწრაფად ცვლილებად მსოფლიოში საუკუნოვანი ჩამორჩენა არის კატასტროფა.
ახლა მეტროც გვაქვს (შემოტანილი), წერა-კითხვაც ვიცით, მაგრამ თანამედროვე სამყაროში სულ სხვა ინოვაციებზე საუბრობენ.
გვაქვს მდინარე, ზღვა, მთა, ლამაზი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. "ბორჯომს გავყიდით" ან "ევროკავშირში შევალთ" და კარგად ვიცხოვრებთ არ არის გამოსავალი. ოცდამეერთე საუკუნის ადამიანები, სწრაფი მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია სჭირდება საზოგადოებას. ჩვენ კი როინ მეტრეველი ავირჩიეთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და ბევრი მიმართულებით, საკადრო დონეზეც, ვაბრუნებთ საბჭოთა წარსულს.
არიან უდაბნოში აშენებული ქვეყნები (ისრაელი), რომლებიც ჩვენზე ბევრად უკეთ ცხოვრობენ. ამიტომ, ადამიანი ქმნის ქვეყანას და არა მისი ბუნება.
კიდევ ერთი საკითხი: რა იდეალებს გვისახავს ჩვენი ისტორია? დიდგორი, შამქორი, ბასიანი... სიტყვა გმირზე რამდენი ქართველი გახსენდებათ, ვინც მოხუცებული თავის სიკვდილით მოკვდა ლოგინში?
ბევრჯერ მითქვამს, ქართველ ისტორიკოსებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე სრულყოფილი მონოგრაფია არ დაუწერიათ, მაგრამ მის მკვლელობაზე 12 წიგნია დაწერილი.
საზღვარგარეთ რომ მოვხვდები, აუცილებლად შევივლი ხოლმე ეროვნულ მუზეუმებში. არა იმიტომ რომ ხმალი ან ვინმეს ფაჩუჩი ვნახო, არამედ იმიტომ რომ ეს მუზეუმები ნარატივს ყვებიან თუ როგორ ხედავს საკუთარ წარსულს ეს ქვეყანა.
ამერიკა არის ქვეყანა, რომელმაც ორი მსოფლიო ომი მოიგო, ყავს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯარი, დიდი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი (ტეხასი, კალიფორნია და ა.შ.) და აშკარად სხვებზე მეტი საფუძველი აქვს სამხედრო ისტორიით იამაყოს.
ამერიკის ისტორიის მუზეუმში მე ვერ ვნახე ვერც ერთი მინიშნება ამ სიამაყისა. სამაგიეროდ, ყველაზე დიდი ადგილი უკავიათ გამომგონებლებს: პირველი სტომატოლოგიური ბორმანქანების შემქმნელებს, მაცივრების რაღაც მოდელების შემქმნელებს და ა.შ. ცალკე დარბაზი უკავიათ ემიგრანტ გამომგონებლებს, ანუ პირველი თაობის ემიგრანტებს, ვინც ჩავიდა და რაღაც სასარგებლო გააკეთა.
ამასობაში, შევხვდი ქართველ სტუდენტებს ჰარვარდიდან და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან. ვუნდერკინდი ახალგაზრდები, რომლებსაც სრულად აფინანსებს ამერიკა. თითოეული მათგანის განათლება ნახევარი მილიონი დოლარი მაინც დაჯდება, მაგრამ ამერიკამ იცის რომ მისი ძალა არის მოზიდულ გონებრივ რესურსებში და ამაში ღირს ფულის დახარჯვა.
საქართველოდან ეს რესურსები გადიან და გადიან. პრინციპში, ყველაფერი კეთდება რომ გავიდნენ. ჩვენში მოდერნიზაციის და ტრანსფორმაციის მცდელობებს მტრულად ხვდებიან პრეისტორიული დინოზავრები.
ჩვენი გამრუდებული კოლექტიური მეხსიერების იოლ ინსტრუმენტალიზაციას ეწევა ჩვენი ხელისუფლებაც და რუსეთიც. ოკუპანტი სახელმწიფო ვერ დაგვიმტკიცებს რომ ის კარგია, მაგრამ თუ დაგვაჯერებს რომ სხვისგან არაფერი გვესწავლება, რომ დასავლეთი წარსულს გვართმევს და თურქეთი აჭარაში გვეცილება, მაშინ რუსეთის საფრთხე გაუფერულდება, ჩვენ ისევ მას მივეკედლებით, ვერასდროს გავივლით ტრანსფორმაციას და მოდერნიზაციას. დავრჩებით ისევ ჩამორჩენილ ქვეყნად.
ამასთან დასაპირისპირებლად იხარჯება დონორთა უშველებელი გრანტები, მილიონები და მილიონები, იბეჭდება ფლაერები, გადის რაღაც კლიპები, ეწყობა ვორქშოპები, ჩამოყალიბდა სტრატკომები. ფურცელზე, ყველა გრანტი "წარმატებით" განხორციელდა, დონორიცა და ბენეფიციარიც კმაყოფილია. მაგრამ ამასობაში ამ ჭაობში კიდევ უფრო ღრმად ვეფლობით.
კოლექტიურ მეხსიერებას ფლაერით და ვორქშოპით ვერ დაამარცხებ. ეს უთანასწორო და მარცხისთვის განწირული ბრძოლაა. ეს გრანტები გათვლილია მოკლევადიან შედეგებზე და რამდენიმე თვის ან ერთი წლის თავზე, პროექტის დახურვისას, შედეგი მიღწეული უნდა იყოს. ეს ასე არ მუშაობს და სამწუხაროა რომ ამაში ამდენი რესურსი იხარჯება.
ჩვენ გვჭირდება კოლექტიური მეხსიერების ტრანსფორმაცია, მისი ოცდამეერთე საუკუნესთან, თანამედროვე გამოწვევებთან, წარმატებულ ქვეყნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ამისთვის გვჭირდება კარგი სასკოლო სახელმძღვანელო, სკოლაში კარგი მასწავლებლები და უნივერსიტეტებში კარგი ლექტორები.
სახელმძღვანელო ერთი დაჯდომით არ იქმნება. ვერც მე შევქმნი მას. მე დავწერ იმას, რაც მიკვლევია და ვიცი, ხოლო დანარჩენზე სხვების კვლევებს უნდა დავეყრდნო. ყველა პერიოდზე უნდა დაიწეროს უმაღლესი დონის კვლევა რომ სახელმძღვანელოს ავტორმა ეს ყველაფერი წაიკითხოს და სახელმძღვანელოში ასახოს.
თუმცა ესეც არ არის საკმარისი. სახელმძღვანელო შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ პედაგოგი იყოს არაადეკვატური. ამასწინათ, ერთ-ერთ მუსლიმურ სოფელში შევედი ლექციის ჩასატარებლად. ისტორიის მასწავლებელი დაგვხვდა გაალმასებული ანტიმუსლიმი, ხოლო კლასი მასთან გაუცხოვებული.
კარგი სახელმძღვანელო და კარგი მასწავლებელი უნდა აწარმოოს საუნივერსიტეტო სივრცემ, მაგრამ ამის რესურსი მას არ აქვს. რიგ უნივერსიტეტებში ძველი დინოზავრები არიან კლანურად ჩაბუდებულები და აგრძელებენ საბჭოთა ქართული ნაციონალიზმის კვლავწარმოებას; რიგ შემთხვევებში ნიჭიერი სტუდენტები უარს ამბობენ ისტორიკოსობაზე, რადგან ეს სპეციალობა გაჭირვებასთან და უსახსრობასთან არის ასოცირებული; წარმატებული ისტორიკოსების მაგალითებად გვევლინებიან სახელისუფლებო ისტორიკოსები, რომლებიც ზოგი წულუკიანს ასხამს ხოტბას და ზოგი "გარეჯი საქართველოა!" კამპანიაში არიან ჩართულები.
რა არის გამოსავალი?
არაერთ პოლიტიკოსს ვესაუბრე, მათ შორის ოპოზიციიდან, და ისინი ოთხწლიან საარჩევნო ციკლზე არიან კონცენტრირებულები. დონორებს ერთწლიანი გრანტები აინტერესებთ.
კოლექტიურ მეხსიერებაში დიდი ტრანსფორმაციის დასაწყისს კი 10-15 წელი სჭირდება.
ჩვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შევქმენით თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. წელიწადში ვიღებთ სულ 5-10 სტუდენტს.ლექტორთა შორის არის ყველა, ვინც ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტია მსოფლიო მასშტაბით. ლექციების ნახევარი ინგლისურად არის, მეორე ნახევარი ქართულად. თითოეულ სტუდენტთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად, არამხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგაც.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამოცანაა რომ თითოეული ნაკადიდან გამოვადნოთ 1, 2 ან საუკეთესო შემთხვევაში 3 მომავალი პროფესორი. ეს 10-15 წლისთავზე მოგვცემს 20-30 ახალ, მოდერნიზებულ და თანამედროვე მსოფლიო დონის პროფესორს.
ესენი დააკომპლექტებენ უნივერსიტეტებს, დაწერენ წიგნებს, სახელმძღვანელოებს, გაზრდიან მომავალ სკოლის მასწავლებლებს. მათი რიცხვი სულ გაიზრდება და ბოლოს მივალთ კოლექტიური მეხსიერების ტრანსფორმაციამდე. ვიცი, ეს ძალიან გრძელი პროცესია, მაგრამ თუ არასდროს დავიწყეთ, ვერასდროს მივალთ დანიშნულების ადგილამდე. ყველა მოკლევადიანი გეგმა მარცხისთვის არის განწირული.
ჩვენში გრძელვადიანი დაგეგმვა არ უყვართ და ამიტომ არ გვაქვს განგრძობადობა. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ ამ გეგმის ბოლომდე მისაყვანად ვიცხოვროთ.
ერთი დაკვირვება: არსებობს საბიუჯეტო ორგანიზაცია "საერთაშორისო განათლების ცენტრი", რომლის მოვალეობაა ნიჭიერი ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება, რათა შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყანას მოახმარონ.
სამი წელია სამაგისტრო პროგრამა შევქმენით და არც ერთხელ არ დააფინანსეს ჩვენი სტუდენტი.
ამის საპირისპიროდ, არ გვქონია არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენს კურსდამთავრებულს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება განეზრახოს და დასავლური დაფინანსება არ მიეღოს.
ჩვენ გერები ვართ ამ ქვეყანაში და ვსაჭიროებთ კარგი ადამიანების დახმარებას.
ხდება ხოლმე, რომ ჩვენი კურსდამთავრებული მიიღებს დასავლური უნივერსიტეტიდან სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას, მაგრამ გვჭირდება საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა.
ასეთ დროს გვეხმარებიან მეგობრები და დაგვჭირდება თქვენი დახმარებაც. ჩვენ უკვე გვყავს საკმაოდ სახელოვანი დონორები და მეგობრები, მაგრამ, თუ სურვილი გექნებათ, დამატებით განვიხილავთ თანამშრომლობის შემოთავაზებებს."
მიყევით ბმულს - ბექა კაბახიძე
ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი (2015), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის