1101 წელს ჯვაროსნებმა გოდფრუა ბულონელის წინამძღოლობით ქრისტეს საფლავიდან და გოლგოთიდან განდევნეს ბერძენი, ქართველი, სირიელი და სომეხი ბერები, დავით აღმაშენებელი ამ დროს ჯერაც არ იყო ანგარიშგასაწევი ხელისუფალი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა სვიმონმა, 1101 წელს ამ ძალადობას უპასუხა ცეცხლის კურთხევის რიტუალის შეუსრულებლობით – ღმერთმა ცეცხლი არ მოავლინა, უფალი მრისხანებს, რადგანაც ჯვაროსნებმა წმინდა ქალაქი შებილწეს.
მათე ედესელის ცნობით, მთელი იერუსალიმი, ჯვაროსანთა ჩათვლით, შეაძრწუნა ამ საზარელმა ამბავმა: „როდესაც ფრანგებმა დაინახეს ეს ნიში, რომელიც მათ წინააღმდეგ მოწმობდა, მათ მოაშორეს ქალები ტაძართა სამსახურს და დააბრუნეს ყველა ერი თავის წილხვდომილში. მაშინ, ხუთმა მორწმუნე ერმა დაიწყო ლოცვა და ღმერთმაც შენდობა მოავლინა. უფლის საფლავის კანდელმა კვირას ცეცხლი მიიღო, რაც იქამდე არასოდეს მომხდარა, რადგანაც ეს შუქი ყოველთვის შაბათს ინთებოდა, დღის მეთერთმეტე საათზე“ (მათე, იქვე). მას შემდეგ, რაც აღმოსავლელი ქრისტიანები და მათ შორის ქართველები თავიანთ მონასტრებში დაბრუნდნენ, იერუსალემის პატრიარქმა, ჩანს, ცეცხლის კურთხევის რიტუალი შეასრულა, რაც ღვთიურ შენდობად იქნა მიჩნეული.
ისტორიის ირონიით, გოდფრუას საფლავი შემდგომში ქართველთა სამლოცველოში აღმოჩნდა, აქ ქართველ ბერებს ორმოცდაათამდე კანდელი ენთოთ, ევროპელი პილიგრიმები უპრობლემოდ ახერხებდნენ მისი საფლავის მოლოცვას.