USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - სამეგრელოს ადმირალ (ხომალდთუფროს) ქრისტეკოჩი რატიას შესახებ
дата:  863
1557 წელს ლევან პირველმა, დადიანმა სულთან სულეიმან დიდებულს სთხოვა ,,საბრძოლო ხომალდები მისი მეზობლების, იმერლების წინააღმდეგ, თუკი იგი მიიღებს ხომალდებს, მზად იქნება ხარკი გადაიხადოს". (იხ. ჟ. ფლანდრიელის ცნობა).
დადიანს ადრეც ,,აქუნდა ხვამალდნი", ამ ეტაპზე მას ფლოტის გაძლიერება სურდა იმერეთის მეფის წინააღმდეგ, რომელიც მის მოკვლას და ოდიშის გურიელთან ერთად გაყოფას აპირებდა.
ლევან პირველმა სამხედრო ხომალდები მიიღო, ლევან მეორე რატიათა გუჯარში წერს:
,,პაპა ჩუენი ლიონ დადიანი სტანბოლს წასულა, ქრისტეკოჩი სტამბოლს წაუტანია, და იქ პაპაჩემს გაუმარჯუებია და იმათი ძალით გამარჯვებული მოსულა, და ცხრა ხომალდი ბედნიერს ხვანთქარს წყალობად მოუცია... [ქრისტეკოჩისთვის] უბოძებია უფროსობაი ხომალდის".
როგორ უნდა გამოეყენებინა დადიანს საომარი ხომალდები იმერეთის წინააღმდეგ ?
1737-წლის იმერეთის რუკაზე მდინარე რიონთან გვხვდება ასეთი წარწერა:
,,ამ ციხის ზეით ხომალდი შემოვა, აქამდის ფოთიდან ზარბაზნიანი ნავი დიდი მოვა".
რიონი ქუთაისი-ფოთი-ბათუმი-ცხუმის ამ დიდ სანაოსნო მაგისტრალზე მაქსიმე ქუთათელი წერს:
,,ქუთაისის ქალაქიდამ ვაჭრები დადიან ნავებით იმ სამს ციხეში: ბათუმს, ფოთს და სოხუმს".
ამ მაგისტრალს იყენებდა გენუელთა კოლონია მეგაპოტემო, ანუ ანაკლია, საიდანაც გენუელები რიონით ქუთაისში ჩადიოდნენ სავაჭროდ.
ეს დიდი საზღვაო სანაოსნო მაგისტრალი ქართველთა და ევროპელთა შეხვედრის ადგილი იყო. აქვე იქმნებოდა შერეული, მეგრულ-ევროპული ოჯახები. იტალიელი ვაჭარი მიქელე მემბრე, რომელმაც 1540-1542 წლებში აქ ხომალდით გაიარა, წერს: „ამ ადგილას, ვიპოვე კაცი სციოდან, სახელად ზეინი, რომელიც დაქორწინებული იყო მეგრელ ქალბატონთან, მან თავის სახლში მიმიპატიჟა. ვიპოვე სხვაც, ვენეციელი, მეგრელთან დაქორწინებული, მისი სახელი იყო ბერნარდო მოლინერი, ორმოცდახუთი წლისა, რომელმაც მითხრა, რომ ვენეციაში მეწისქვილე იყო და რომ მეგრელიაში მას ჰყავდა სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი ქალი, დაქორწინებული ერთ მეგრელზე..."
ნიშანდობლივია საზეიმო ტონი, რომლითაც ლევან II დადიანი რატიათა გუჯარში ხომალდების მიღების შესახებ ყვება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამეგრელოს დამოუკიდებელი სამთავროს ჩამოყალიბების და საბოლოო გაფორმების საფუძველი და ერთგვარად ემბლემური მოვლენა იყო. ფლოტის ადმირალი ქრისტეკოჩი რატია სიმბოლურად განასახიერებდა სამთავროს ამ დიდ მიღწევას, რასაც მისი თანამედროვე და შემდგომი მთავრები დიდად აფასებდნენ. თავად ქრისტეკოჩი წაჩხურელი აზნაური იყო, სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სალოცავის – წაჩხურუს მთავარანგელოზის ყმა. მისი საგვარეულოს წევრები შემდგომშიც სანაოსნო საქმით იყვნენ დაკავებულები.
რატიებს დადიანთაგან მინდობილი ჰქონდათ არამხოლოდ ზღვისპირას შეჩერებული ხომალდების (ანაკლიაში) განბაჟება, არამედ სამდინარო ნავთმისადგომებზეც. ადმირალ ქრისტეკოჩი რატიას შთამომავალს - პაპუნა რატიას ლევან III დადიანმა უბოძა სამეგრელოს ნავსადგურებში შემოსული ხომალდების განბაჟების უფლებაც: ტყაყურს, მორკვილას, ანაკლიას... რამდენად დატვირთული იყო ეს ნავსადგურები კარგად ჩანს ევლია ჩელების ცნობიდან, რომ მხოლოდ ტრაპიზონის რეგიონიდან სამეგრელოსკენ რამდენიმე ათასი სავაჭრო ხომალდი მოეშურებოდა. ყველაფერი ეს ამართლებს დადიანის ,,ზღვათა ხელმწიფედ" მოხსენიებას ამ ეპოქის წყაროებში.
მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი იყო ბიჭვინთა, რომელიც საეკლესიო სენიორიას წარმოადგენდა და საზღვაო თუ სამდინარო გზებით უკავშირდებოდა დას. საქართველოს სხვადასხვა პუნქტებს, მაგ.
ხორგაში მდებარეობდა კათალიკოსის ერთ-ერთი სასახლე, ბიჭვინთიდან ზღვით წამოსულ მამამთავარს ამ სასახლემდე ხომალდით შეეძლო მისვლა.
ბიჭვინთის ნავსადგური ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო იყო, ხომალდების განბაჟება აქ დეკანოზიების, გათელიებისა და ანდრახიების გვარს ებარა (დეკანოზიები დეკანოზიშვილებს შეესაბამებიან, გათელიები ახლანდელი გადელიები არიან, გვარი ანდრახია კი, როგორც ვიცი უკვე აღარ გვხვდება სამეგრელოში).
ს. კაკაბაძის მიერ გამოცემული უნიკალური დოკუმენტი - აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი საშუალებას გვაძლევს დაწვრილებით გავიგოთ თუ რა სახის ტვირთი იბრუნებოდა სამეგრელოს ნავსადგურებში, როგორც ამ დოკუმენტიდან ვიგებთ, ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა, თითო ხომალდს თავისი ტვირთიდან ტაძრისთვის უნდა შეეწირა: 10 ღვინი, 10 მეში (?), 10 მახართელი მარილი, 10 მთელი თევზი, 1 ჩექმა, 1 მშვილდი, 1 თივთიკის თეთრი ქუნთი, 1 ხალიჩაი, 1 წონა მატყლი, 1 წონა სპილენძი, 1 წონა რკინაი.
რატიების სამხედრო ფლოტილია მონაწილეობდა ოსმალთა ექსპედიციაში ქუთაისის წინააღმდეგ. 1578 წელს სულთან მურადის ხომალდებთან ერთად ისინი იმერეთის წინააღმდეგ გაემართნენ. შარდენი წერს:
,,ამოიყვანა ხომალდები ფაზისზე, იმერეთის მეფემ (გიორგი მეორე, ბ.ჭ.) მათ დიდი ჩასაფრება მოუწყო, ადგილას, სადაც მდინარე ყველაზე მეტად ვიწროვდება, მურატის გალერები აქ დამარცხდნენ, ზოგი ჩაიძირა, ზოგი კი გაიქცა".
,,ქართლის ცხოვრებაში" ხომალდებზე არაფერია ნათქვამი:
,,კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სპანი იმერეთსა ზედა და დახუდენ მთასა ზედა ლიხისასა იმერნი, ომსა ამას დაესწრა ძე არჩილისა ერეკლე, მოსწყვიტნეს მრავალნი ოსმალნი და აოტნეს: ხოლო ერეკლეს ათერთმეტი ხრმალი და ორმოცი ისარი მოხუდა, გარნა ჯაჭვი და მუზარადი ვერ გაუტეხეს, არამედ მოსწყვიტნეს აზნაურნი მისთანანი და ლტოლვილნი ოსმალნი მცირედნიღა წარვიდენ: მერმე კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სეკდემბერსა შინა სპანი იმერეთს. ხოლო იმერთა მოსწყვიტნეს მასვე მთასა ზედა და ლტოვილთ ოსმალთა დახვდენ ქართველნი და მოსრნეს უმრავლესნი."
ლევან II დადიანის მმართველობისას სამეგრელოს ფლოტი წინანდელზე რამდენჯერმე უფრო მეტად გაიზარდა. ჩანს, ლევანი ხომალდმშენებლობასაც ისე მასიურად ეწეოდა, როგორც იარაღის წარმოებას. ევლია ჩელები 1647 წელს აღწერს კაზაკთა მოკავშირე, გონიოსკენ დაძრულ ორმოცდაათამდე მეგრულ ხომალდს. თ. ბერაძე ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ფიქრობს, რომ მთლიანობაში სამეგრელოს ფლოტი ამ დროს რამდენიმე ასეულ ხომალდს (საზღვაო საბრძოლო ნავს) მოიცავდა . ჩელების მიხედვით, ქართველ ტომებში გავრცელებული ოლაჭკანდერის ტიპის „საუცხოო“ ხომალდზე ასამდე კაცი თავსდებოდა. ვფიქრობ, „ზღვათა ხელმწიფე დადიანის » საზღვაო ძლიერების ერთ-ერთი საგულისხმო მიზეზი უნდა იყოს ის გარემოება, რომ მან ფრანგი ოსტატები დაიქირავა და ზარბაზნების ჩამოსხმაც დაიწყო. შესაბამისად, მას შეეძლო საკუთარი ხომალდები ზარბაზნებით შეეჭურვა და ამგვარად მისი ფლოტის ეფექტურობა გაეორმაგებინა, ამ მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების შემდეგ უფრო თანმიმდევრულად წარმოგვიჩნდება ვახუშტის ცნობა ლევანის შესახებ: „განმდიდრდა ფრიად, რამეთუ შემუსრნა ნავნი ზღჳსანი» .
გამოყენებული წყაროები:
1. ჟოსლინ ფლანდრიელი
2. მიქელე მემბრე (ა. მიქაბერიძის ინგლისურენოვანი თარგმანიდან)
3. შარდენი (მე-17 საუკუნის ფრანგული ტექსტიდან ვისარგებლე).
4. მაქსიმე ქუთათელი
5. ევლია ეფენდი
6. რატიათა გუჯარი, ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, საიდანაც ისარგებლა თ. ბერაძემ
7. აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი, ს. კაკაბაძის გამოცემა, ნიკოლოზ ჟღენტი დიდი მადლობა რომ ჩემი ყურადღება მიაქციე ამ მნიშვნელოვან ქართულ დოკუმენტს
8. იმერეთის 1737 წლის რუკა
9. ,,ახალი ქართლის ცხოვრება"
10. ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ვახუშტი ბატონიშვილი
დასავლეთ საქართველოს პორტებზე კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სხვა წერილსაც შემდეგი ბმულის მეშვეობით:
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати