USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - როგორი იყო თამარის მეფის სამეფო კარი და მისი ეტიკეტი
дата:  431
რამდენიმე წელია ვაგროვებ წყაროებს თამარის სასახლეზე (,,ისანთა/ისნი"), სამეფო კარზე და მის ეტიკეტზე, რაც შეიძლება დაწვრილებითი სურათის მისაღებად, რაღაცებს ვამატებ სულ, ბოლო ვერსია ასეთია:
წყაროთა თანახმად, თამარის სამეფო სასახლე დიდშენია და კეთილმოწყობილი, სამეფო სიდიადის გარდა ამას წმინდა საჭიროებითი მხარეც აქვს, მრავალრიცხოვან მსახურებთან ერთად დიდებულებიც უმეტესად დროს თამარის კარზე ატარებენ.
სასახლეს ჭეშმარიტად მეფურ იერს სძენენ მრავლად დატანებული კოშკები (აჯა იბ ად-დუნჲა), თაღებით შეკრული მაღალი სვეტები და კარიბჭის სტოები.
სამეფო სასახლეს ძირს, ძალიან ახლოს, წყალი ჩაუდის, მდინარეზე გადმოკიდებითაა ნაგები, განსაკუთრებულ დიდებულებას ამ სასახლეს სძენენ დიდი და მშვენიერი ბაღები (,,მტილ-სამოთხენი“), ფილოპატი, ანუ იშვიათი ცხოველების ნაკრძალი, სადაც სხვათაშორის ალადინ სულთნისაგან მოძღვნილი სპილოს და შარვანშასაგან მოგვრილი ლომის ნახვაც შეიძლებოდა ბევრ სხვა ეგზოტიკურ ცხოველთან და ფრინველთან ერთად (შამქორის ომში დავლად ორმოცი ავაზაც დარჩათ).
სასახლეს ამშვენებდნენ აუზები (,,ავაზანნი“) და ფართო იპოდრომი (,,განხმული იპოდრომი“), რომელთაც ესდენ აქებენ მეფის მეხოტბენი და მემატიანენი.
აქვე უნდა ვახსენოთ მისი კარის ეკლესიაც, სადაც სჯულიერი ცხოვრება საბაწმინდის შავმთური ტიპიკონის რიგზე წარმოებს. მეფისა და დიდებულებისათვის აქ ხშირად თავად კათალიკოსი მღვდელმოქმედებს.
ალ ჰუსაინის მიხედვით საქართველოს (აბხაზის) მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, ,,რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა", ბოლოს აქ ერთი ,,ზარგანსახდელი" ინციდენტი მოხდა, იოანე კათალიკოსმა არ აზიარა საქართველოს ,,მწვალებელი", სომეხი მთავარსარდალი ზაქარია მხარგრძელი, შეურაცხყოფილმა ზაქარიამ კი მას ძალად გამოსტაცა სეფისკვერი, გაცოფებულმა კათალიკოსმა მთავარსარდალს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა: ძაღლიც კი არ იზამდა ამასო, ეს მძიმე ამბავია, უფრო მძიმე გაგრძელებებით...
მხურვალე ქრისტიანული სულის გარდა, წყაროთა მიხედვით თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა, რაც ასე ძალიან ჰგავს რაინდულ ტურნირებს. ,,კარგი მოყმის" - ამირ მირმანის სტუმრობისას მისმა ქვეშევრდომებმა დაიტრაბახეს, მისნაირი მობურთალი მთელს ირანსა და ერაყში არ მოიძებნებაო. თამარი რაინდული ასპარეზობების დიდი მოყვარული იყო, მალე მოეწყო დიდი ტურნირი ბურთაობაში, იქით ამირ მირმანი და მისი მოყმეები გაეწყვნენ, აქეთ სოსლან დავითი, ზაქარია და ივანე მხარგრძელები, ჰერეთის ერისთავი გრიგოლი, თამაშს თავად თამარი ესწრებოდა, ამიტომ ორივე მხარის თავმომწონე ჭაბუკები წელებზე ფეხს იდგამენ, ქართული წყაროების მტკიცებით, ამირ მირმანი დიდი გარჯილობის მიუხედავად მალე იძლია სოსლანის მობურთალებისაგან, რამაც ძლიერ დააჭმუნაო ძლევისმოყვარე ყმაწვილი, ამ და სხვა გამარჯვებებმა ქართველ მოასპარეზეებს ისე გაუთქვა სახელი, რომ თამარის მოყმეთა ქებამ სალადინის სამეფომდე ჩააღწია, როგორც ამას ეგვიპტურ ეპიკურ პოემა ,,ალ ჰიმმა"-დან ვიგებთ.
თამარის სასახლის აუზები მხოლოდ სამშვენისები არ არიან, იპოდრომზე ბურთაობის, ცხენოსნობისა და მშვილდოსნობის გარდა თამარის მოყმეები ერთმანეთს ცურვაშიც ეჯიბრებიან. ქართული სამხედრო აღზრდის იდეალები ესწორებიან არამხოლოდ დახელოვნებულ მხედარსა და მშვილდოსანს, არამედ კარგ მცურავსაც, თუ სამეფო ოჯახის პანეგირისტებს დავუჯერებთ მათ შორის პირველობას დავით სოსლანი ფლობდა.
თამარის კარისკაცები, დიდებული დარბაისელნი უმეტესად მხედარნი არიან და ბილწსიტყვაობისკენ ,,მხედრულად" მიდრეკილნი, ამიტომ მათ სასახლის ტერიტორიაზე სასტიკად აქვთ აკრძალული უშვერი მეტყველება, ისე როგორც ეს დავით ახლის (აღმაშენებლის) ლაშქარში იყო.
თამარის ბრწყინვალე კარი საკმარისად გავაშუქეთ, ახლა უშუალოდ მეფის აღსაწერად რამდენიმე სიტყვა.
თამარს ლურჯი თვალები აქვს - „გრემანია თუალითა“, ანუ აქვს „თუალნი ზღუებრ ლურჯი“. მეფე-ქალი ტანადია, თანაზომადი პროპორციებით, მართალია წელში გამოყვანილ პორფირს არ ატარებს, მაგრამ ეს მაინც თვალსაჩინოა. პირისახე თეთრი აქვს, ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული, რაშიც მისი რამდენიმე თვითმხილველიც დაგვემოწმება. პირველი შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა აქვს, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილია სილაღით, ამავე დროს, მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვევია. („ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე“).
ტანადი, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილია იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილით (იბნ ისფანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (მისივე თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის - ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინი არქვია. გვირგვინში ჩასმული ზმირის (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიან.
რაც შეეხება მეფის ტახტს, ძალიან მაღლაა აზევებული, ბიზანტიის იმპერატორებთან წაბაძვით, „კედელ-ყურენი“ ფიქლით არის შეძერწილი, შთამბეჭდავია მასში ელვარე სარდიონის, ხურუმზის, ბივრილიონისა და ლიგვირიონის „ურთიერთს შთათხზვა“, რის შედეგადაც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებითაა აციალებული.
სარდიონი და ბივრილიონი არის „თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრივ ელვარება“, ამგვარად, ღამეც კი მეფის ტახტი საოცარი ფერადებით იყო აციალებული, მისი თვითმხილველები ალბათ ამიტომ ამბობდნენ: „უგავს ელობა კრონოს ციერსა“.
სხვამხრივაც აქ ბევრ უცხო სანახავს გადააწყდებით, თამარის ტყვე ინდოელებსაც კი, ქართველები რომ ზანგებს ეძახდნენ, ეს შამქორის ომის ნადავლია (ნიჯადნი ინდონი), ჩახრუხაძემ სწორედ მათზე თქვა:
,,ვნახე ინდონი, ვითა რინდონი
რომე ჩნდეს ზანგნი ალაღებულად"
მეფე ობოლი ყმაწვილების დიდ ჯგუფზე ზრუნავს, თამარი ხშირად შენიშნავდა რომ იყო ,,მამა ობოლთა", იგი საგანგებოდ მეურვეობდა ბიზანტიური ორფანოტროფეიონების მსგავს დაწესებულებას, სადაც ობლებს არამხოლოდ არჩენდნენ, არამედ განსწავლიდნენ კიდეც, რაც მათი სოციალური გარანტია უნდა გამხდარიყო, ყველაფერ ამის გამო თამარი იწოდება ,,მშიერთა პურად და სიბრძნის სადგურად", ხანაც ,,სწავლის ებგურად" (გუშაგად), მეცნიერთა თავშესაფრად, სამწირო ხანაგად და ასე შემდეგ.
სამეუფეო სერზე მოწვეული თამარის ობლები ძლევისა გალობისა შემსხმელნი, გარს შემორტყმიან მეფის მაღალ ტახტს, ირგვლივ საუცხოო ღვინის კეთილსურნელება იკმევა.
ალ ჰუსაინი ჩამოთვლის ოქროს მაგიდებს, სინებს, თეფშებს და ფიალებს, რითაც აბხაზის მეფე სადილობდა, ვერცხლის გეჯებს, რითაც მისი ცხენები წყალს სვამდნენ, მეფის ხაზინას - სავსეს დიდძალი მარგალიტით, სარდიონით და მარჯნით, ,,როგორზეც ალაჰმა ილაპარაკა ყურანში და როგორსაც მორწმუნეებს შეპირდა სამოთხეში".
წარმტაცია სამეფო სუფრის ჭურჭელი, რომელიც ალისფერი ბადახშისგანაა დამზადებული (შავთელი) და მგზნებარედ აფრქვევს წითელ ციალებს, ზღაპრულად ეხამება მეფის ტახტის ფოსფორული ქვების ნაკვერჩხლისებურ კვესებს და მისი გვირგვინის ზურმუხტებიდან გადმოღვრილ მწვანე კიაფებს.
აქა-იქ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაგრამ მაინც ცხადად, შემდეგი სილუეტები იხლართებიან ერთმანეთში: მუშაითები - აკრობატები, თამარის კარზე მათ საპატიო ადგილი უჭირავთ და მეჯლისების აუცილებელი თანმხლები არიან.
მათ გვერდს უმშვენებენ მუტრიბნი თავიანთი ჩანგებით, აქვე არიან მგოსნები და მოშაირეები - სიტყვის ოსტატები როგორ მოაკლდებოდა ,,სწავლის გუშაგად“ წოდებული, დედის კვალზე თავადაც მწერალი თამარის სასახლეს.
და რაც შეეხება ხშირად დასმულ კითხვას, ვინ იყო შოთა და რა ევალებოდა მას თამარის კარზე.
ჩვენს მითომან საზოგადოებას დიდად არ აინტერესებს ისტორიული ჭეშმარიტება რუსთაველზე, ბრჭყვიალა მითები უფრო სახალისო სარწმუნებელია, მერამდენედ მხვდება ,,თეორია" მის იერუსალემში გადასახლებაზე
სინამდვილეში ,,შოთა მეჭურჭლეთუხუცესის" ბიოგრაფია არც ისეთი ბურუსითაა მოცული, თუკი არსებულ წყაროებს სწორად განვმარტავთ ბევრ რამეს სწორად დავინახავთ, ოთხ ნაწილად დავაჯგუფებ ამ ხელჩასაჭიდ მომენტებს
1. პირველყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტიგასაღები რომ შოთა გარკვეული აზრით ვაჭართუხუცესია, რადგანაც ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედის: ,,ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო", ეს კი სწორედ ,,ვეფხისტყაოსნის" სამყაროა, აქედანვე ქალაქურ-ვაჭრული თემის პოპულარობა და ბრწყინვალე ცოდნა ,,ვეფხისტყაოსანში".
ხელმწიფის კარის გარიგება განაჩინებს, რომ მეჭურჭლეთუხუცესმა უნდა განაგოს სამეფო კარის არქივიც, რომელიც ხაზინის ნაწილია. აქედან შესაძლოა ვიგულისხმოთ, რომ შოთა, როგორც ,,მეჭურჭლეთუხუცესი" განაგებდა სამეფო კარის არქივსაც, რომელსაც ქართველთა მეფეები საგანძურებთან ერთად ინახავდნენ.
რუსთაველი ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრია, მუსლიმური წყაროების მიხედვით, შოთას დროს ქართველთა მეფეების საგანძურები მოიცავდა მრავალგვარ პატიოსან ქვას და თვალს, ყველაფერ ამის შემდეგ გასაგებია ის პროფესიული ცოდნა, რასაც მეჭურჭლეთუხუცესი შოთა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ამჟღავნებს ,,ვეფხისტყაოსანში".
მეჭურჭლეთუხუცესს საგანგებო დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ზღვასთან და საზღვაო ვაჭრობასთანაც, შოთას დროს ქართული საზღვაო პორტების - ხუფათის, ფოთისა და ცხუმის ტვირთბრუნვა საკმაოდ მაღალი იყო, რაც იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც ფოთიდან კონსტანტინეპოლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა, იმპერატორმა ალექსი ანგელოსმა ამ გადაკარგული ხომალდების მოსაძებნად საგანგებო კომისია შექმნა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ფოთიდან მომავალი ეს ხომალდები უძვირფასესი ტვირთით იყო დატვირთული, ამავე პერიოდში იწყებენ შემოსვლას შავ ზღვაში გენუელებიც. შავი ზღვის ქართული ,,ძველნი, სავაჭრო ქალაქნი" - ნიკოფსი, ანაკოფი, ცხუმი, ფოთი, ხუფათი, ბათომი და სხვა სწორედ მეჭურჭლეთუხუცესის, მაშასადამე შოთას კომპეტენციის სფეროა.
ამგვარად, შოთას, როგორც მეჭურჭლეთუხუცესის სამყარო შედგება ზღვის, ძველი ქალაქების, სამეფო საგანძურების, სამეფო არქივის, სავაჭრო საქმისა და ვაჭრებისაგან.
შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო, საზღვაო, ურბანულ და ეკონომიკურ საკითხებში შოთასგან გამოვლენილი განსაცვიფრებელი ცოდნა არის არა უბრალოდ მაღალი და სამოყვარულო, არამედ პროფესიული ცოდნა.
2. 1180-ან წლებში მოიპარეს/მიითვისეს თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობა:
,,25 ივლისს (ლოცვა თამარისთვის). როცა კელიები დაიწვა და ბერები წავიდნენ აღმოსავლეთში (შესაწირავების მისაღებად) თამარმა მათ მისცა ოცი დუკატი და ორი ბროკარტი... მოგვიანებით, ნიკოლოზ გულაბერისძის ხელით გამოგზავნა ოცი ჰიპერბერაც, დაზიანებული წყალგაყვანილობის შესაკეთებლად, რათა გაეშენებინათ ბაღები და წისქვილები. თამარმა მერეც გაიღო შესაწირავი, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა მიითვისეს..."
ასეთი შემთხვევების გამო აუცილებელი გახდა რომ თამარს საზღვარგარეთ ქართველთა მონასტრებში დაეწყო ,,სარწმუნოთა თვისთა წარვლენა".
ფინანსური ოპერაციები შუა საუკუნეებში ერთმანეთისგან დაცილებულ დიდად დაცილებულ ადგილებში, ცხადია დიდად სარისკო იყო, სწორედ ამიტომ დაიკარგა თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობის ნაწილი 1180-ან წლებში.
მეჭურჭლეთუხუცესი შოთა იერუსალემის ჯვრის მონასტერში სწორედ ამ პერიოდში, ნიკოლოზ გულაბერისძის შემდეგ ჩადის, იერუსალემის დაცემის შემდეგ, და იწყებს ზრუნვას საზღვარგარეთის ამ ყველაზე დიდ ქართულ მონასტერზე.
მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფინანსურ საკითხებში თამარის ,,სარწმუნოთა" შორის უპირველესად, ამიტომ უშუალოდ მისი ჩასვლა იერუსალემში ხსენებული ათონური ინციდენტის შემდეგ კარგად გასაგებია.
3. იერუსალემის ჯვრის მონასტრის წინაშე დამსახურებისათვის მისი ერისკაცი შემწირველები იხსენებიან ოჯახთან, ძირითადად, შვილებთან ერთად.
ჯვრის მონასტრის დიდი მეცენატი შოთა აღაპში ცალად იხსენიება, უშვილძიროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი უკვე ღრმად მოხუცებული კაცი ჩანს ფრესკაზე.
შესაძლოა ამ გარემოების უკან ,,ერთის ერთგულების" ის რაინდული პრინციპი იდგეს, რაც ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორის მრწამსია და რომელსაც ამ ეპოქის რაინდულ საზოგადოებაში მიმდევრები არ აკლდა.
4. ისევ ,,ვეფხისტყაოსნის" საზღვაო სამყაროზე
ამ ეპოქის საქართველო ნაწილი იყო უზარმაზარი საზღვაო გზისა წმინდა მიწისკენ, რომელიც მუსლიმური ექსპანსიისგან ჩაკეტილი სახმელეთო გზების ალტერნატივა იყო, შოთას სწორედ ეს გზა უნდა გაევლო იერუსალემში ჩასასვლელად, ალ-მაკრიზის მიხედვით, ეს საზღვაო გზა იწყებოდა საქართველოს საზღვაო კარიბჭიდან - სავაჭრო ქალაქ ფოთიდან, ჩაუყვებოდა აღმ. შავიზღვისპირეთს თავის ,,ცოტასა, მარა ტურფასა" ქალაქებით, შემდეგ გაივლიდა მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროებთან, სადაც უმდიდრესი საზღვაო სავაჭრო ქალაქები მდებარეობდა, ვიდრე კონსტანტინეპოლამდე, საიდანაც დარდანელისა და ბოსფორის სრუტით გავიდოდა ხმელთაშუაზღვაში და ამჯერად მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროების არანაკლებ აყვავებულ სავაჭრო ქალაქებს ჩაუვლიდა, ბოლოს კი მიადგებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლს კიდევ უფრო აყვავებული და ხალხმრავალი ქალაქებით...
მოკლედ, ეს ძალიან გრძელი საზღვაო გზა მოიცავდა მე-12 საუკუნის ყველაზე დიდ საზღვაო სავაჭრო ქალაქებს, წარმოიდგინეთ რამდენი ფერით უნდა გამდიდრებულიყო შოთას პოეტური სამყარო ამ მოგზაურობისას, სანამ იერუსალემში ჩავიდოდა, იერუსალემი თავის მხრივ კი იყო შუა საუკუნეების ნამდვილი ინტერნაციონალური მეგაპოლისი, სადაც შოთას მთელი იმდროინდელი სამყაროს ერების უმეტესობა უნდა ენახა, მათ შორის ,,ზანგები", რამდენჯერმე ახსენებს, რაც არაა გასაკვირი, რადგან ერთის მხრივ ზანგ, ეთიოპიელ მეფეს - იემრეჰანას დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა მე-12 საუკუნის საქართველოსთან, მეორე მხრივ კი სალადინმა ქრისტეს საფლავის ტაძარში ცხოვრების უფლება მხოლოდ ზანგ და ქართველ ბერებს - აღდგომელებს მისცა. ქრისტიანული სამყაროს მთავარი საკურთხევლის- გოლგოთის ტაძარშიც ქართველი და ზანგი ბერები ერთად ცხოვრობდნენ, ყველაფერ ამან ქართული ეკლესია დაახლოვა ეთიოპურ ეკლესიასთან, რამაც ერთი ძალიან საინტერესო და თბილი გამოვლინება ჰპოვა ძველ ქართულ ხელნაწერებში - ზოგიერთი ქართული სახარება მორთულია ზანგების მინიატურებით. ეთიოპურ ხელნაწერებშიც ამავე დროს ჩნდება ცნობები მეგობარი ქრისტიანი ხალხის, კოერჯებს - ქართველების შესახებ.
მე-12 საუკუნის საქართველოს და შოთას პოეტური სამყაროს ფართო გეოგრაფიული თვალსაწიერი დიდწილად სწორედ ამ დიდი საზღვაო გზის შედეგია, რომელიც უზარმაზარსა და უმდიდრეს კულტურულ გამოცდილებას იძლეოდა.
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати