USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ბექა ჭიჭინაძე - როგორი იყო თამარ მეფის სასახლე და როგორ გამოიყურებოდა თამარ მეფე გარეგნულად
თარიღი:  5304
რამდენიმე წელია ვაგროვებ წყაროებს თამარის სასახლეზე (,,ისანთა/ისნი"), რაც შეიძლება დაწვრილებითი სურათის დასახატად, პირველი შედეგები ასე გამოიყურება:
თამარის სამეფო სასახლე დიდშენია და კეთილმოწყობილი, სამეფო სიდიადის გარდა ამას წმინდა საჭიროებითი მხარეც აქვს, მრავალრიცხოვან მსახურებთან ერთად დიდებულებიც უმეტესად დროს თამარის კარზე ატარებენ.
სამეფო სასახლეს ჭეშმარიტად მეფურ იერს სძენენ მრავლად დატანებული კოშკები, თაღებით შეკრული სვეტები და კარიბჭის სტოები.
სასახლეს ძირს, ძალიან ახლოს, წყალი ჩაუდის. განსაკუთრებულ დიდებულებას თამარის სასახლეს სძენენ დიდი და მშვენიერი ბაღები (,,მტილ-სამოთხენი“), ფილოპატი, ანუ იშვიათი ცხოველების ნაკრძალი, სადაც სხვათაშორის ალადინ სულთნისაგან მოძღვნილი სპილოს და შარვანშასაგან მოგვრილი ლომის ნახვაც შეიძლებოდა ბევრ სხვა ეგზოტიკურ ცხოველთან და ფრინველთან ერთად.
სასახლეს ამშვენებდნენ აუზები (,,ავაზანნი“) და ფართო იპოდრომი (,,განხმული იპოდრომი“), რომელთაც ესდენ აქებენ მეფის მეხოტბენი და მემატიანენი.
აქვე უნდა ვახსენოთ მისი კარის ეკლესიაც, სადაც ლოცვები მოუკლებელად აღესრულება და სჯულიერი ცხოვრება საბაწმინდის შავმთური ტიპიკონის რიგზე წარმოებს. მეფისა და დიდებულებისათვის აქ ხშირად თავად კათალიკოსი მღვდელმოქმედებს.
მხურვალე ქრისტიანული სულის გარდა თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს მის იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა, რაც ასე ძალიან ჰგავს რაინდულ ტურნირებს. ,,კარგი მოყმის" - ამირ მირმანის სტუმრობისას მისმა ქვეშევრდომებმა დაიტრაბახეს, მისნაირი მობურთალი მთელს ირანსა და ერაყში არ მოიძებნებაო. თამარი რაინდული ასპარეზობების დიდი მოყვარული იყო, მალე მოეწყო დიდი ტურნირი ბურთაობაში, იქით ამირ მირმანი და მისი მოყმეები გაეწყვნენ, აქეთ სოსლან დავითი, ზაქარია და ივანე მხარგრძელები, ჰერეთის ერისთავი გრიგოლი, თამაშს თავად მშვენიერი თამარი ესწრებოდა, მეფობისა და რაინდობის სამკაული, ამიტომ ორივე მხარის თავმომწონე ჭაბუკები წელებზე ფეხს იდგამენ, ამირ მირმანი დიდი გარჯილობის მიუხედავად მალე იძლია სოსლანის მობურთალებისაგან, რამაც ძალიან დააჭმუნა ძლევისმოყვარე ყმაწვილი, ამ და სხვა გამარჯვებებმა ქართველ მოასპარეზეებს ისე გაუთქვა სახელი, რომ თამარის მოყმეთა ქებამ სალადინის სამეფომდე ჩააღწია, როგორც ამას ეგვიპტურ ეპიკურ პოემა ,,ალ ჰიმმა"-დან ვიგებთ.
თამარის სასახლის აუზები მხოლოდ სამშვენისები არ არიან, იპოდრომზე ბურთაობის, ცხენოსნობისა და მშვილდოსნობის გარდა თამარის მოყმეები ერთმანეთს ცურვაშიც ეჯიბრებიან. ქართული სამხედრო აღზრდის იდეალები ესწორებიან არამხოლოდ დახელოვნებულ მხედარსა და მშვილდოსანს, არამედ კარგ მცურავსაც, თუ სამეფო ოჯახის პანეგირისტებს დავუჯერებთ მათ შორის პირველობას დავით სოსლანი ფლობდა.
თამარის კარისკაცები, დიდებული დარბაისელნი უმეტესად მხედარნი არიან და ბილწსიტყვაობისკენ ბუნებრივად მიდრეკილნი, ამიტომ მათ სასტიკად აქვთ აკრძალული უშვერი მეტყველება, ისე როგორც ეს დავით ახლის ლაშქარში იყო.
თამარის ბრწყინვალე კარი საკმარისად გავაშუქეთ, ახლა უშუალოდ მეფის აღსაწერად მოვიმარჯვოთ ხოხბის ბუმბული და სინგურის მელანი.
თამარს ლურჯი თვალები აქვს - „გრემანია თუალითა“, ანუ აქვს „თუალნი ზღუებრ ლურჯი“. მეფე-ქალი ტანადია, თანაზომადი პროპორციებით, მართალია წელში გამოყვანილ პორფირს არ ატარებს, მაგრამ ეს მაინც თვალსაჩინოა. პირისახე თეთრი აქვს, ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული, რაშიც მისი რამდენიმე თვითმხილველიც დაგვემოწმება. პირველი შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა აქვს, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილია სილაღით, ამავე დროს, მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვევია. („ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე“). რამაც გიორგის მისი თანამოსაყდრედ დასმა და სამეფოდ მომზადება ჯერუჩინა.
ამდენად, ჩვენს წინაშეა ტანადი, მომხიბვლელი აგებულების, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილია იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილით ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (მისივე თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის - ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინი არქვია. გვირგვინში ჩასმული ზმირისა (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიან.
რაც შეეხება მეფის ტახტს, ძალიან მაღლაა აზევებული. მისი „კედელ-ყურენი“ ფიქლით არის შეძერწილი, შთამბეჭდავია მასში ელვარე სარდიონის ხურუმზის, ბივრილიონისა და ლიგვირიონის „ურთიერთს შთათხზვა“, რის შედეგადაც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებითაა აციალებული.
სარდიონი და ბივრილიონი არის „თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრივ ელვარება“, ამგვარად, ღამეც კი მეფის ტახტი საოცარი ფერადებით იყო აციალებული, მისი თვითმხილველები ამბობენ: „უგავს ელობა კრონოს ციერსა“.
ჩამოღამდა, სამეუფეო სერის გარშემო საუცხოო ღვინის კეთილსურნელება იკმევა. განსაცვიფრებელია სამეფო სუფრის ჭურჭელი, ის ალისფერი ბადახშისგანაა დამზადებული (შავთელი) და მგზნებარედ აფრქვევს წითელ ციალებს, რომელიც ზღაპრულად ეხამება მეფის ტახტის ფოსფორული ქვების ნაკვერჩხლისებურ კვესებს და მისი გვირგვინის ზურმუხტებიდან გადმოღვრილ მწვანე კიაფებს.
აქაიქ, ნაწყვეტნაწყვეტ მაგრამ მაინც ცხადად, შემდეგი სილუეტები იხლართებიან ერთმანეთში: მუშაითები - აკრობატები, თამარის კარზე მათ საპატიო ადგილი უჭირავთ და მეჯლისების აუცილებელი თანმხლები არიან.
მათ გვერდს უმშვენებენ მუტრიბნი თავიანთი ჩანგებით, აქვე არიან მგოსნები და მოშაირეები - სიტყვის ოსტატები როგორ მოაკლდებოდა ,,სწავლის გუშაგად“ წოდებული, თავად მწერალი თამარის სასახლეს.
სხვამხრივაც აქ ბევრ უცხო სანახავს გადააწყდებით, თამარის ტყვე ინდოელებსაც კი, ქართველები რომ ზანგებს ეძახდნენ, ეს შამქორის ომის ნადავლია. ჩახრუხაძემ მათზე თქვა:
,,ვნახე ინდონი, ვითა რინდონი
რომე ჩნდეს ზანგნი ალაღებულად"
საბარძიმე ღვინის მათრობელმა ნელსურნელებამ ხაზები გააბუნდოვანა და ფერები აღრია, და მაინც, კიდევ ერთხელ ვაპარებ თვალს თამარის ტახტისკენ, რომელსაც ირგვლივ შემორტყმიან მოჩითული აბრეშუმის მოხდენილ სკარამანგებში გამოწყობილი ახოვანი მოყმეები ზვიადი იერით, თვალებთან ჩამოფხატული წაწვეტებული ქუდით და გრძელი ნაწნავებით, გარს ერტყმიან თეთრყირმიზ, ლურჯთვალება თამარს, რომელიც ლურჯი პორფირით არის მოსილი, საყბეური ჩამოშლია და სრულად იხილვება მისი ანგელოზისებური, მოვარდისფრო ღაწვები. ალერსიანი ღიმილი დასთამაშებს ნათელ სახეზე და მის კალთაში ნებიერად წამოწოლილ ლომის ბოკვერს ეფერება, შარვანშასაგან მოძღვნილს.
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის