1554 წლის ერთი რელაცია სტამბოლიდან იტყობინება, რომ მესხთა წინააღმდეგ სულთან სულეიმანმა ფლოტით ყირიმიდან თათრები გაგზავნა, რომელსაც თავს მეგრელები დაესხნენ და სულთნის ფლოტმა მძიმე დანაკარგები განიცადა.
ხსენებული რელაციის მიხედვით,
ყირიმიდან სამხრეთ დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგ მიმავალ თურქულ არმადას მეგრელები დასხმიან თავს და მისთვის მძიმე დანაკარგები მიუყენებიათ.
ძნელია ითქვას, რა მოსაზრებით იყვნენ ამ დროს მოტივირებული მეგრელები, ერთიანი საქართველო უკვე დაშლილია, მაგრამ ლევან I დადიანი თავისი საზღვაო ძალებით ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს მეორე ქართველ ტომს - მესხებს, ვფიქრობ, სწორედ ამ სიკეთის გამო დაეხმარა შემდგომში ათაბაგი ბაგრატისგან გელათის სამრეკლოში დამწყვდეულ დადიანს გაქცევაში.
შთამბეჭდავია, რომ მეგრელები ოსმალურ ფლოტებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ ოსმალური ფლოტის ძლიერების აპოგეაში, დიდი სულთნების - მეჰმეთ დამპყრობლის (1470-ან წლებში) და სულეიმან დიდებულის (1550-ან წლებში) ზეობისას, როდესაც თურქული საზღვაო ძალები ჰოსპიტალიერთა და ვენეციელთა ფლოტებსაც არ უდებდა ტოლს.
ცხადია, აქ ლეპანტოსა და ნეგროპონტის მასშტაბის საზღვაო ბრძოლები არაა საგულისხმებელი, მაგრამ ის გარემოება, რომ სამეგრელო ახერხებს ორი უძლიერესი სულთნის - მეჰმეთ დამპყრობლის და სულეიმან დიდებულის არმადების დაზარალებას, ან ჩაძირვას, მიუთითებს სამეგრელოს დიდ საზღვაო კულტურაზე.
თანადროულ ევროპულ წყაროებში სამეგრელოს ეს საზღვაო ძლიერება გაზვიადებულია, იმ ზომაზე, რომ უნგრელები აღმოსავლეთ ევროპის თურქთაგან გათავისუფლებას სწორედ მეგრელი და კაზაკი მეზღვაურებისგან მოელიდნენ, რამდენად მაღალიც არ უნდა იყოს აქ გადაჭარბების ხარისხი, ფაქტია რომ სამეგრელომ თავისი საზღვაო შესაძლებლობებით და რეალური შედეგებით, შეძლო მისი შემზადება.
თქმა იმისა, რომ სამეგრელოს ყოველთვის ყავდა ფლოტი, იმდენადვე გაუმართლებელია, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ჩვენ არასოდეს გვყოლია ფლოტი, ანგარიშგასაწევი ფლოტი მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს ძლიერ მმართველთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოში ასეთები იყვნენ ლევან I და ლევან II დადიანები, ლევან I ფლობდა სამხედრო ფლოტილიას, ლევან II დადიანი კი მეგრული საბრძოლო ხომალდების - ოლაჭკანდერების ჭეშმარიტ ფლოტს, რომლის ადმირალობაც რატიათა გვარს ეკუთვნოდა, მაგრამ ლევანის შემდეგ აფხაზთა საზღვაო თავდასხმებისას სამეგრელომ ყველაფერთან ერთად თავისი საზღვაო ძალებიც დაკარგა, ისე რომ ზოგიერთი წყარო დაცინვით წერს, დადიანი ზღვათა ხელმწიფედ იწოდება და ერთი დანჯღრეული სათევზაო ნავის მეტი კი არაფერი აბადიაო.
და რაც შეეხება ჩვენს ოქროს ხანას, მე-12 საუკუნეში შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქართული ხომალდები კიევის და კონსტანტინეპოლის ხომალდებთან ერთად პატრულირებდნენ, შემდეგ ტრაპიზონის იმპერიის საზღვაო ძალებთან, ბოლოს კი კაზაკებთან ერთად.