USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
ბელგიაში საერთაშორისო ფესტივალი ,,ევროპალია-საქართველო" გაიხსნა
Date:  1251
ბელგიაში ოფიციალურად გაიხსნა კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩატარდება „ევროპალია - საქართველოს“ ეგიდით.
ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ბელგიის მეფე და დედოფალი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი,
ნატო-შო საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ვიქტორ დოლიძე, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს მხრიდან ფესტივალ „ევროპალია - საქართველოს“ მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა, ხოლო ბელგიის მხრიდან - ფესტივალ „ევროპალიას“ პროფესიონალთა გუნდი.
გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ეხილათ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR) წარმოდგენილი გამოფენა ,,ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ - რომელიც ევროპაში პირველად იმართება და აერთიანებს 25 მხატვრის 300-ამდე ექსპონატს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან. საზოგადოებამ ასევე მოისმინა ქართული ფოლკლორი და ტრადიციული მუსიკა ანსამბლ ,,ბასიანის” სოლო კონცერტზე.
ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.
ოთხი თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას. „ევროპალია - საქართველოს“ ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპის საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.
ფესტივალის ორი ცენტრალური, ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“.
პირველი გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ - ევროპაში პირველად იმართება და ის 4 ოქტომბერს გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR). გამოფენა 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს და მოიცავს 25 მხატვრის 300-ამდე ექსპონატს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან.
მეორე გამოფენა - ,,საქართველო - შეხვედრების ადგილი“ 27 ოქტომბერს გაიხსნება ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმში და აქ ოთხი თვის განმავლობაში გამოიფინება საქართველოს მუზეუმებში დაცული 200-ამდე ექსპონატი. გამოფენა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას ასახავს ნეოლითის ხანიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული და ვანის მუზეუმთა კოლექციები. საგულისხმოა, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა პირველად იმოგზაურებს ქუთაისის, ბათუმის, ონისა და დმანისის მუზეუმების კოლექციები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ოთხი უნიკალური ნიმუში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუზეუმებშია (ლუვრი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ბერლინის ეროვნული ბიბლიოთეკა, ტიროლის სახელმწიფო მუზეუმი) დაცული.
გამოფენაზე ვიხილავთ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული არქივის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციებსაც.
თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების - კარლო კაჭარავას, თეა ჯორჯაძის, ანდრო ვეკუას შემოქმედებით. ასევე, მოეწყობა ელენე ჩანტლაძისა და ანდრო ერაძის გამოფენები.
საფესტივალო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე მუსიკის კონცერტები.
ქართულ ტრადიციულ მუსიკას ევროპელ მსმენელს გააცნობენ საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები: „დიდგორი“, „ადილეი“, „ბასიანი“, „დები ჩამგელიანები“.
გორის ქალთა გუნდი, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები შეასრულებენ იოსებ კეჭაყმაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელის, ვახტანგ კახიძის, ზვიად ბოლქვაძის, გოგი ჩლაიძის, ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებებს და წარმოაჩენენ ქართულ პროფესიულ მუსიკალურ-საკომპოზიციო ხელოვნებას.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: ხატია ბუნიათიშვილი, სანდრო გეგეჭკორი, ცოტნე ზედგინიძე, ლიზა ბათიაშვილი, ვერიკო ჭუმბურიძე და მარიამ ბაწაშვილი.
ფესტივალზე ქართველი და ბელგიელი მუსიკოსები შეასრულებენ თანამედროვე ქართულ ელექტრონულ მუსიკას.
მკითხველი ექვსი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის შემოქმედებას ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე გაეცნობა. ასევე, წარმოდგენილი იქნება გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, შემოქმედებაც.
„ევროპალიაზე“ წარდგება: რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
ფესტივალზე გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივაც. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს - ქორეოგრაფიულ თუ მუსიკალურ, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს ნათია ჩიკვაიძის, ანუშკა ჩხეიძის, თამო ნასიძის და სხვა თანამედროვე ქართველი არტისტების მონაწილეობით.
შეგახსენებთ: „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია 2023 წლის 14 ივნისს გაიმართა ბრიუსელში. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაჰბიბი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, „ევროპალიის“ თავმჯდომარე ფილიპ ვლერიკი, კულტურის სამინისტროსა და „ევროპალიის“ წარმომადგენლები.
„ევროპალია - საქართველოზე“ საქართველოს წარსადგენი პროგრამა ფესტივალის სამუშაო ჯგუფმა შეადგინა და ფესტივალის მონაწილეები და ღონისძიებების გასამართავი სივრცეებიც სწორედ „ევროპალიის“ წარმომადგენლებმა შეარჩიეს. პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კულტურის სამინისტროც.
2023 წლის „ევროპალიის“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/programme.
world
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way