„უახლოეს ხანში რუსეთი შეიძლება ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს - არაა გამორიცხული, რომ ქვეყნის სამხრეთ საზღვრებზე მადესტაბილიზებელი პროცესები დაიწყოს.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს - ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში დღევანდელი ოპოზიციის მარგინალიზების ალბათობა ძალიან იზრდება და რადგანაც ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის ნიშნები საქართველოში ჯერ-ჯერობით არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ვადა - რეკორდული საქართველოს უახლეს ისტორიაში - გაურკვეველი დროით გაგრძელდება.
მმართველი პარტიის გამარჯვება, გამოკითხვების თანახმად, გარდაუვალია. მართალია, ისეთი მაღალი მონაცმებით არა, როგორც წინა წლებში ხდებოდა, მაგრამ მაინც. „ქართული ოცნების“ ამოცანა ამჟამად ცოტა განსხვავებულია: დღეს მისი მიზანია ლეგიტიმურობის დადასტურება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნები „უკიდურესად დემოკრატიულად“ ჩატარდება. ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ ოპოზიცია ყველანაირ შედეგს, რომელიც მას არ აწყობს (რასაკვირველია, საკუთარი გამარჯვების გარდა), გაყალბებულად გამოაცხადებს. ამის შემდეგ, ქართველი ოპოზიციონერები, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, გადავა საპროტესტო აქციების ხმაურიან ეტაპზე და ხელისუფლებას კატასტროფულ (და ზოგჯერ დაუსაბუთებელ) ბრალდებებს წაუყენებს - თვით ეროვნული ინტერესების ღალატის ჩათვლით.
სავარაუდოდ, ოპოზიციის აქტიურობას - ამ შემთხვევაში ოპოზიციად ვგულისხმობთ ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისგან განაყოფ „ევროპულ საქართველოს“, მხარს ამერიკელი მოკავშირეები დაუჭერენ. ოკეანისიქიდან ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა იმდენად ხშირად გაისმოდა, რომ შთაბეჭდილება შეიქმნა - საპარლამენტო არჩევნების ყველანაირი შედეგი, ოპოზიციის გამარჯვების გარდა (რაც ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს), არალეგიტიმურად გამოცხადდება.
გაუგებარია, რით ვერ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ იმ ვაშინგტონელების გული, რომლებიც „თბილისის მიმართულებით“ არიან დაკავებულნი. კაცმა რომ თქვას, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „მეოცნებეები მოვიდნენ, იმის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რაიმე გადახვევა არ მომხდარა - იგივეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რასაც, სხვათა შორის, საქართველოს თვითონ დასავლეთი ურჩევდა, მაინცდამაინც არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით სავაჭრო-ეკონომიკურ და ნაწილობრივ, ჰუმანიტარულ კავშირებს. უფრო მეტიც - სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა ქვეყნის კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური ვექტორი და აღნიშნა, რომ კურსი არ შეიცვლება და სავალდებულოა შესასრულებლად.
მაგრამ მმართველი პარტიის ნდობის საკითხში „ყინული“ 12 წლის განმავლობაშიც კი ვერ „დადნა“ და რაც კიდევ უფრო უარესია მისთვის - ოკეანისიქით შედგენილ ბევრ ანგარიშებში და მოხსენებებში, განცხადებებსა და კომენტარებში „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „რუს ოლიგარქად“ არის შერაცხული, რაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის წინააღმდეგ გამოსვლას ნიშნავს. ამერიკელი პოლიტიკოსების გავლენიანი ჯგუფის ამგვარი მოქმედების ერთადერთი მიზეზი იმაში გამოიხატება, რომ მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის მიმართ რიტორიკა შეცვალა, მათ ლექსიკონში აღარ არის ის შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რომლებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ხშირად სარგებლობდა რუსეთთან მიმართებით. საბოლოო ჯამში აშშ-ის ელჩი საქართველოში „საეჭვოდ ხშირად“ ახსენებს ქვეყნის ხელისუფლებას არჩევნების სუფთად ჩატარების აუცილებლობას და აფრთხილებს, რომ მოსკოვი მზად არის გავლენა მოახდინოს როგორც საარჩევნო კამპანიაზე, ასევე არჩევნების შედეგებზე.
მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მოსკოვის მზადყოფნა სრულიადაც არ ჩანს: თუ იმავე ქართულ ოპოზიციას დავუჯერებთ, მათივე მონაცემების მიხედვით, ჯერ-ჯერობით ეს მზადყოფნა მხოლოდ რაღაც დაფინანსებისა თუ საკონსულტაციო დახმარების სახით არის გამოვლენილი, რომელსაც თურმე რუსეთი დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიას - „პატრიოტთა ალიანსს“ უწევს - მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის ინტერესებს გამოხატავს. ამასთან, „პატრიოტთა“ პრორუსული ორიენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და თვითონ ისინიც კატეგორიულად უარყოფენ რაიმე კავშირს კრემლთან. საქართველოში სიტუაცია ჯერ-ჯერობით ისეთია, რომ რუსეთის უმნიშვნელო მხარდაჭერაც კი პოლიტიკურ ფავორიტს უიმედო აუტსაიდერად გადააქცევს. იმ მოსკოველებს, რომლებიც „თბილისის მიმართულებით“ არიან დაკავებულნი, ეს მუდამ უნდა ახსოვდეთ - როგორც სცენარების, ასევე ანტისცენარების რეალიზების დროს“.
წყარო:https://www.ng.ru/
თარგმანი - სიმონ კილაძე